გულანი
საცდელი · 1.11.1
8 თებერვალი 1 / 5მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და…

8 თებერვალი

თვენი

წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 11 წთ

მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და…

ტროპარი

მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა…

კონდაკი

სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319)

დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319)

წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმიდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს.შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა . მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ანთავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ წარმოთქვა „ამინ!“ და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წინასწარმეტყველისა ზაქარია მანგლისმხილველისა (დაახ. 520 წ. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველისა ზაქარია მანგლისმხილველისა (დაახ. 520 წ. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტი მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მღვდელთმთავრისა საბა I-სა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1269)

მღვდელთმთავრისა საბა I-სა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1269)

წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა ერობაში – როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: როსტოსლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმსიტყვაობას, სიცილსა და გართობას.

ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს ხარბად უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედარმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს უბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, მაგრამ მათ ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა. მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობლად და გლახაკთათვის, მაგრამ მის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც თავის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად-იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შედგნენ: მამას სიმეონი დაერქვა, დედას კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენისა და ძმებისთვის სავანე დაებრუნებინა. წმიდა საბას გულმოწყალებასა და სიუხვეს გრძნობდნენ ქსეროპოტამისა და ფილოთეოსის ბერებიც.

ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღდვლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა ნეტარი მამა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს. ნიკეიდან ათონზე ჩასულმა მამამ უკანასკნელად მოიარა წმიდა მთის სავანეები, მოილოცა ყველა ტაძარი და გამოემშვიდობა ნეტარ მეუდაბნოე მამებსაც. მას ძალიან უჭირდა აქაურობის დატოვება, ისე იყო გულდამძიმებული, რომ ძლივს მოადგამდა ფეხს. სასოწარკვეთილ მამას ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რად მწუხარებ, როცა მე გეგულვები მეოხად წინაშე უფლისა ყოველთასა, მეუფისა და ძისა ჩემისა?!” მადლიერმა წმიდანმა ამ ხილვის მოსაგონებლად თესალონიკში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი დიდი ხატი შეუკვეთა.

სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურღიის დროს, საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა. მისი ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.

ერთხელ უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი - რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა, განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.

სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მილეშევოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნივში დარჩენილ საბას კუბოს ნაწილებთანაც.

დიდია წმიდა მღვდელმთავრის, საბა სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.