გულანი
საცდელი · 1.11.1
7 თებერვალი 1 / 6საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგანბრძნობილო…

7 თებერვალი

თვენი

ღირსი პართენიოსის, ლამფსაკიელი ეპისკოპოსის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 19 წთ

საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგანბრძნობილო…

კონდაკი

საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგანბრძნობილო სანატრელო პართენი, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოველთა მორწმუნეთა კაცთა ვნებათა განსწმედ, და სულთა უკეთურთა იოტებ; ამისთვის გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მესაიდუმლესა ღმრთისა მადლისასა.

წმიდისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815)

წმიდისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815)

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე - წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი - (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა იოანე და გიორგი აღმსარებელთა (2014)

ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა იოანე და გიორგი აღმსარებელთა (2014)

არქიმანდრიტი იოანე

(ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლებიდან სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი.)

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღვდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

ბავშვობიდანვე შრომას მიჩვეულმა მამა იოანემ მალე მოაწყო სამონასტრო მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა-დარიგებისათვის მისულ ხალხს მშვენიერი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. ხალხის დასანახად თვითონაც მხიარულობდა, ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ჰქონდა ტკბილეული მათთვის, ბავშვები იმდენად შეთამამებული იყვნენ მასთან, რომ იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს მამა იოანეს მიერ მრევლის დალოცვისა და წმიდა აიაზმის სხურების შემდეგ ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ბავშვების ასეთი საქციელით უხერხულობაში ჩავარდნილ მშობლებს მამა იოანემ მხიარულად უთხრა: დღესასწაულია და ასეა საჭიროო. ბავშვებთან ასეთი უშუალო ურთიერთობის მქონე მამა იოანემ საოცარი პატივით მიიღო იმ დროს მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი სრულიად ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაური. მამა იოანეს მაშინდელი აუხსნელი მოქმედება - სიხარულის დაუფარავი ცრემლები და სტუდენტისადმი გამოჩენილი უჩვეულო მოკრძალება გვაფიქრებს, რომ მან ლოცვა-კურთხევისთვის მისულ სტუდენტში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის აღორძინებაც განსჭვრიტა.

მამა იოანე ძალიან მკაცრად მარხულობდა, მთელი დღე შრომობდა, ეძინა მხოლოდ ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა, მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ როდის ისვენებდა მამა იოანე და საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა. მონასტერში გარდა მლოცველებისა ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლების წაყრუებით გათამამებული ავაზაკები და პარავდნენ და ართმევდნენ ბერებს გაჭირვებით მოპოვებულ სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვს. თუმცა მონასტერს მფარველებიც ჰყავდა მთავრობაში ფარული ქრისტიანების სახით, რომელთა დახმარებით მამა იოანე მაისურაძის და მამა გიორგი მხეიძის მონასტერში ცხოვრება გაფორმებული იყო, როგორც ძეგლის დარაჯებისა და ბერები მცირეოდენ ხელფასსაც ღებულობდნენ.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადსხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ (ამით მამები თავიანთ სასწაულთქმედების ნიჭს მალავდნენ) ავადმყოფები იკურნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი

(მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, წმიდა ილია მართალთან მსახურობდა პირად მდივნად, ხშირად ხვდებოდა წმ. ილიას მოძღვარს წმ. ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა) და ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღვდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა. უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულს კი უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობით მოწამლულმა საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს ისევ შეკრიჭეს წვერები. (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს).

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობის გამო მონასტერში შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრის მოვლით და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. მამა გიორგი საოცრად გულმოწყალე იყო, მისი უსაზღვრო ხელგაშლილობით ზოგჯერ თითქმის უსურსათოდ იყვნენ დარჩენილები, იგი იმედიანად ეტყოდა ხოლმე მამა იოანეს ღმერთი მოგვცემსო.

მაღალი, გამხდარი და მუდამ წელში გამართული მამა გიორგი გარეგნულად უფრო მკაცრი ჩანდა, ნაკლებად საუბრობდა მონასტერში მოსულ ხალხთან და ვერც ბავშვები ბედავდნენ მამა იოანეს მსგავსად ეთამაშათ მასთან და ყოველთვის ცდილობდნენ ლოცვების ზეპირად სწავლითა და წესიერი ქცევით დაეხარებინათ წმიდა მამა.

მამა გიორგი იშვიათად გადიოდა მონასტრიდან, მაგრამ მაინც უწევდა თბილისში ჩასვლა, სადაც მას უამრავი მრევლი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ მთავრობაში მომსახურე პატრიოტულად განწყობილი ფარული ქრისტიანები.

მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა, გამჟღავნების შემთხვევაში კი იყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. ერთხელ მან სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა ამა და ამ ეკლესიაში გნათლავდნენ, მეც იქ ვიყავიო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა, როცა ეს კაცი ორი თვის იყო. მამა გიორგიმ წინასწარ სულით იგრძნო, როცა მის ძმისშვილს მასთან ორმოცდარვა წლის უნახავი დები მიჰყავდა და მიუხედავად დიდმარხვის ბოლო კვირისა, თევზი გაუმზადა დებს ტრაპეზად.

მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მამა გიორგის ძმისშვილი, რომელიც ტვინის ანთებით იყო სასიკვდილოდ განწირული. მონასტერში მიიყვანეს ყრუ-მუნჯი ბავშვი, რომელსაც სმენა დაუბრუნა მამების ლოცვამ, მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილნი და განკურნებულები მიჰყავდათ შინ.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ სულიერი შვილები. მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია ბეთანიის მონასტრის წყალი განგკურნავსო და მართლაც მონასტერში ერთი კვირის ცხოვრების შემდეგ სრულიად განიკურნებულა. მამა გიორგი-იოანეს რვა კილომეტრის მანძილზე გაუცილებია ქალიშვილი.

მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოველადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.

წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

2014 წლის 20 თებერვალს (ახალი სტილით) ღირსი იოანე და გიორგი აღმსარებელთა ნაწილების აღმოყვანება მოხდა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ღირსისა პართენიოსისა, ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV)

ღირსისა პართენიოსისა, ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV)

ღირსი პართენიოსი, ლამფსაკიელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი მან კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმიდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს. ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში – 18 წლის ასაკიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს. როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა ფილიპემ მას განათლება მიაღებინა და ხუცესად აკურთხა. 325 წელს კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამფსაკიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან. ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმიდა პართენიოსმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო. მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო. ლამფსაკიაში დაბრუნებულმა პართენიოსმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ.

ერთ საკერპოში წმიდანმა იპოვა წმიდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ. გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმიდა პართენიოსმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.

მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი – ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენიოსი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ. ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან.

ღირსი პართენიოსი მშვიდობით მიიცვალა და დაკრძალეს ლამფსაკიის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახ. 946)

ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახ. 946)

ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტარიაში დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები იყვნენ. წმიდანი ბევრს შრომობდა, მიწას ამუშავებდა, ცხვრებს მწყემსავდა. იგი უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. ხშირად გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც მრავალი საყვედურების დათმენა უწევდა მშობლებისაგან. ერთხელ, იმ თესლების უმეტესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა.

სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა.

მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.

იოანეს მთაზე შვიდი წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი, ბულგარელთა შემოსევამ აიძულა შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა. აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმიდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი (სოტერიე). აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, კელიაში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა!“ შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

1003 ნიკომიდიელ მოწამეთა (303)

1003 ნიკომიდიელ მოწამეთა (303)

წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის (ხს. 20 იანვარს) მსახურები იყვნენ.

ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი - 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.