გულანი
საცდელი · 1.11.2
9 თებერვალი 1 / 5ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ…

9 თებერვალი

თვენი

წმიდა მოწამე ნიკიფორე (+დაახლ. 257) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ…

კონდაკი

ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილისა ქედი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე გახორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა. სხვა

ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყვარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი…

კონდაკი

ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყვარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკთსა, და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლოედ ღმრთისა.

ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მეორე დღეს, 23 თებერვალს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის უპირატესობით, წირვა აღასრულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა.

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმიდეს.

2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში.

2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ძვირფასი ქვის ლუსკუმაში.

მოწამისა ნიკიფორესი (დაახ. 257)

მოწამისა ნიკიფორესი (დაახ. 257)

წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესთვის. ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, თავისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. ხუცესმა კი გული გაიქვავა და თვით სიკვდილის წინაც არ შეუნდო თავის ძმას. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცალა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ემუდარებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფევლის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად! ” როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაენთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელ ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელი ეპისკოპოსისა და პანკრატისა, ტავრომენიელი ეპისკოპოსისა (I)

მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელ ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელი ეპისკოპოსისა და პანკრატისა, ტავრომენიელი ეპისკოპოსისა (I)

მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი -ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.