ხსენება 3/16 იანვარი
ხსენება 3/16 იანვარი
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, ვინ შემძლებელ…
ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი. მუხლი 8. ჴმაჲ 5. წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, ვინ შემძლებელ არს მითხრობად სათნოებათათჳს შენთა, და მერმეცა ქებად საკჳრველისა მის მოქალაქობისა შენისა და დიდებულისა მის ღუაწლისა შენისა, ვითარცა სამშობლო ქუეყანასა, ეგრეთცა უცხოობასა შინა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, აღმოცენდი რაჲ ძირთაგან პატიოსანთა აზნაურთა, მორჩ იქმენ კეთილ, საწადელ და სასურველ, და აღორძნდი ვითარცა ხჱ კეთილი, რამეთუ იყავ კაცი წმიდაჲ და განშორებული ყოვლისაგან ბოროტისა, და მრავალნი ნაყოფნი საწადელნი გამოიხუნე ჟამსა თჳსსა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, სიყრმითგან მიგცეს რაჲ სასწავლოდ, მცირედთა ჟამთა დაისწავლე ყოველი-ვე და გულისჴმის-ყოფით აღმოიკითხავნ და იწურთინდღე და ღამე, და იყო შენ ზედა მადლი ღმრთისაჲ. აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, სიჭაბუკითგან შეუდეგ შენ მსახურებასა ერისასა, ვითარცა შვილი ერთგული, და წარხვედ რაჲ პეტერბურგსა, განისწავლე საისტორიოსა და ფილოლოგიურსა მეცნიერებათა შინა, და ეუფლე რაჲ ენათა ბერძულსა და ლათინურსა, აღიწიე სიმაღლესა მას სამეცნიეროჲსა ხარისხისასა. აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, წარემატე რაჲ საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, სწავლაჲცა სრულყავ პეტერბურღსა, და მოიქეც რაჲ მამულადვე თჳსსა, მწყემსად და მასწავლელად დაგადგინეს თავადაზნაურთა სასწავლებელსა შინა, სადა იგი დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა და გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად. აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, უმეტეს და უაღრეს ყოვლისა მოიგე რაჲ სიწმიდჱ სულისა და ჴორცისაჲ, ვითარცა დიდმან იოსებ, მრავალნი კეთილნი იქმნეს შენ მიერ ქუეყანასა ჩუენსა ზედა, რამეთუ უძუელესთა მათ ხელნაწერთა და სიწმიდეთა მოძიებითა, და ძეგლთა და ეკლესიათა აღწერითა და გამოცემითა წარმოაჩინე სიდიადჱ ღუაწლისა შენისაჲ, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და…
- სხუაჲ დასდებელი, ჴმაჲ 2 ეჰა გჳრგჳნნო
ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა ყოვლისა საქართველოჲსასა; ერისკაცთა წინამძღოლსა და მადლითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა აღსავსესა - კაცსა ღმრთისასა ექვთიმესა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
ვითარი-მე ქებისა გალობითა უგალობდეთ დიდსა მოღუაწესა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა სიყუარულსა შინა ღმრთისა, და ერისასა, რომლისათჳსცა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღვიარებდეთ ღირსსა ექვთიმეს, ვითარცა ძუელთა მოღუაწეთა მობაძავსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა, ღირსად სანატრელო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა, ღირსად სანატრელო ექვთიმე, და გჳწესს ღუაწლისა შენისა შესხმად შჳლთა თჳსთა, რამეთუ ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად იღუწიდი აღსაორძინებლად ერისა შენისა და მამულისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ჴმაჲ 6).
ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა. (ჴმაჲ 6).
ყოვლადვე არასადა შეაპყარ, ყოვლად სანატრელო, თავი თჳსი…
შესვლად. წარდგომა დღისა საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა. 1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...) 2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-სა. 3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-სა. ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა, ესრეთ წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა.
ყოვლადვე არასადა შეაპყარ, ყოვლად სანატრელო, თავი თჳსი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილი მღჳძარებითა საღმრთოჲთა მოშურნედ იქეც მოსახელისა შენისა ექვთიმისა - საღმრთოთა წიგნთა განმავრცელებელისა, და ყოველსა დღეთა ცხორებისა შენისასა განჰლევდი მოძიებასა განბნეულთა ხელნაწერთა და წიგნთა ღმრთივსულიერთასა და დაშურებოდი მსახურებასა შინა ღმრთისა და ერისა შენისასა.
სიყუარული შენი სიმდაბლისა მიმართ და ცხორებისა სიმარტივჱ და სიწმიდჱ იხილა რაჲ ღმერთმან, მოგმადლა შენ ნიჭნი მრავალნი და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და მარადის ცხონდებოდენ მოწყალებითა და სიმდაბლითა, ეგრეთვე აწ დაამშჳდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და აღმავსე მღჳძარებითა საღმრთოჲთა.
დიდსა მას მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა, სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ, ყოველთა მოუწოდე რაჲ მსახურებად ღმრთისა და მამულისა, და გამოჩნდი რაჲ კანონად პატიოსანთა მეცნიერთა და მამულიშვილთა, საღმრთოჲ სიხარული მოჰფინე ყოველთა ქართველთა.
აღირჩიე რაჲ გზაჲ ვიწროჲ და საჭირველი, რომლისათჳსცა სიყრმითგანვე განიმზადებდი თავსა თჳსსა, ხედვიდი მუშაკთა სიმცირესა და სამკალთა სიმრავლესა, მრავალთა საქმეთა იტჳრთვიდი სადიდებელად ღმრთისა და არცაღა დასცხრებოდი მოკრებად აღხოცვად განწირულისა წინაპართა დანატოვარისა, ვითარცა სიწმიდეთა და ხატთა, ეგრეთვე სიგელ-გუჯართა და ხელნაწერთა.
განგვაცვიფრებს ჩუენ ყოვლად საკჳრველი ღუაწლი შენი, ღირსად სანატრელო, და უფროჲს გჳკჳრს მღჳძარებაჲ შენი და სიყუარული სამშობლო ქუეყანისაჲ, რამეთუ შური საღმრთოჲ მოიპოე, ნეტარო მოღუაწეო, და წინაშე ჴელისუფალთა შუამდგომლობდი ეკლესიათა და მონასტერთა.
საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, რაჟამს მიმოსვლასა შინა საქართველოჲსა, ნეტარო, მოიძიებდი წმიდათა წერილთა, საეკლესიოთა ჭურჭელთა და მრავალთა სიგელ გუჯრებთა და სიწმიდეთა, ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, და აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა.
წამის-ყოფამან საღმრთოჲსა ნებისამან რწმუნებულ გყო განძი საქართველოჲსა, და ჴელისუფალთა განბჭობითა უცხოსა ქუეყანასა წარგგზავნეს რაჲ დაცვად მისა, მადლითა მით საღმრთოჲთა აღამაღლენ გჳრგჳნი ქართლოსიანთა ერისაჲ, დაუმარხე რაჲ უვნებელად, და აჰა, ეკლესიამან ჩუენმან, ვითარცა მარგარიტი მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.
ვითარცა მზისა ნათელმან, ესრეთ განანათლნა გონებანი მოსავთა შენთა და მოყუარეთა, ყოვლად საგალობელმან დღესასწაულმან შენმან, ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, ღმერთშემოსილო ექვთიმე, სანატრელო, რაჲთა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა და განგუარინოს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.
კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, ამისთჳს დიდთა მოღუაწეთა და მართალთა თანა განეწესე და ღირსთა თანა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწცა მეოხ-გუეყავ მისა მიმართ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ბოროტისა.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაჲ ქრისტემან, წმიდაო, აღგავსო…
სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8
ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაჲ ქრისტემან, წმიდაო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოჲთა, და მადლი მოღუაწებისაჲ უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღჱ და ამპარტავნებაჲ გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.
გიგალობთ შენ, ღირსად სანატრელო ექვთიმე, და გევედრებით: ვითარცა ეკლესიისა ჩუენისა სამკაულსა და ქართველთა დიდსა მოღუაწესა, რაჲთა წარჰმართო სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა ქრისტეს მიერ ოხითა შენითა..
მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
შეგამკო ღმერთმან ნათლითა სწავლისაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, მჴნეო ექვთიმე, და აღავსო რაჲ სული შენი სიბრძნითა, უცხოებასა შინა მსახურე ერსა შენსა, და დაუმარხე წინაპართა საუნჯჱ ქართველთა.
მეჭურჭლეთუხუცესად ერისა ჩუენისა აღგიარებთ, H, ღმერთშემოსილო ექვთიმე…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეჭურჭლეთუხუცესად ერისა ჩუენისა აღგიარებთ, H, ღმერთშემოსილო ექვთიმე, და ვიშუებთ საჴსენებელსა შენსა, რომელმან განაბრწყინვე ჟამნი თჳსნი ძლიერად მოღუაწებითა, აწ ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეიწყალნეს სულნი ჩუენნი ოხითა შენითა.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
საუნჯენი ერისა შენისანი ჴელთაგან მტერთაჲსა განარინენ, და…
ტროპარი ექვთიმე ღმრთისკაცისაჲ:
საუნჯენი ერისა შენისანი ჴელთაგან მტერთაჲსა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაჲსა განარინენ, და…
ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა: ტროპარი ექვთიმე ღმრთისკაცისაჲ:
საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაჲსა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საწუთოსა შინა ურიცხვნი მწუხარებანი დაითმინე, ხოლო ქრისტჱს…
ტროპარი, ჴმაჲ 4
საწუთოსა შინა ურიცხვნი მწუხარებანი დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, ღუაწლითა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უძველესნი სიწმიდენი და საუნჯენი დაუმარხე, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.
ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო…
შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომაჲ, ჴმაჲ 1
ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, და გამოსჩნდი კანონად მოღუაწეთა და ბრწყინვალე მნათობად საქართველოჲსა, აწ გამოაბრწყინვე გულსა შინა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
2-გზის
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
იქების დღეს ქრისტჱსმოყუარეთა მიერ საქმენი შენნი საკჳრველნი…
შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომაჲ, ჴმაჲ 4
იქების დღეს ქრისტჱსმოყუარეთა მიერ საქმენი შენნი საკჳრველნი, დაიცევ რაჲ საუნჯჱ ჩუენი საკჳრველითა მით მოშურნეობითა, აწ ჩუენცა პატივს-გცემთ, სამ-გზის სანატრელო ექვთიმე, და გაქებთ, ახოვან-ქმნილნი ღუაწლითა შენითა. 2-გზის
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
სიყრმითგან განწმედილ-იქმენ შენ, H, მარად საჴსენებელო მოღუაწეო…
შემდგომად სადიდებელისა წარდგომაჲ, ჴმაჲ 8 სიბრძნჱ
სიყრმითგან განწმედილ-იქმენ შენ, H, მარად საჴსენებელო მოღუაწეო, და უცხოებასა შინა, ვითარცა ანგელოზი ცხოვნდებოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და ძუელთა მათ საუნჯეთა და სიწმიდეთა აღსპობისაგან დაცვითა, ერი შენი და ეკლესიაჲ განამდიდრე საკჳრველითა საუნჯითა, H, წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, და საღმრთოჲთა შურითა შენითა სათნოდ გამოსჩნდი სამებისა წმიდისა. 2-გზის
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…
აღსავალი, ანტიფონი 1, ჴმაჲ 4
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა
წარდგომაჲ, ჴმაჲ 7
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო…
მუხლი
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
ყოველი სული...
მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა…
სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17-23.
მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა.
ყოველსა ქუეყანასა განხდა რაჲ ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ…
შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.
ყოველსა ქუეყანასა განხდა რაჲ ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და დაუჭნობელი გჳრგჳნი მოიღე ღმრთისაგან, აწ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე მისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
(სექტემბრის 28-ს იძიე)
კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6
(სექტემბრის 28-ს იძიე)
წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი…
კანონი; მუხლი 8. ჴმაჲ 1 გალობაჲ 1, უგალობდითსა ძლისპირი
წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
შური გაქუნდა რაჲ, ყოვლად სანატრელო ექვთიმე, სწავლისაჲ, რომელი შეიყვარე სიყრმითგან, მოგეცა მადლი ღმრთისა მიერ, რაჲთა ფრიად გეღვაწა ერისათჳს შენისა.
აღირჩიე რაჲ სრბაჲ იწროსა მას გზასა, ღმრთივგანბრძნობილო ექვთიმე, შეუძრველად იღუწიდი, და იქმენ ბრწყინვალჱ მნათობ საქართველოჲსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შუენიერსა მას აღხედ კიბესა მაღალსა, ნეტარო, ცად აღმყვანებელსა სიმდაბლესა და აღიწიე ზესთა მოქალაქობასა, კეთილო მუშაკო ერისა შენისაო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
გალობაჲ 3, განძლიერდასა ძლისპირი
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
გამოჩნდი რაჲ ვითარცა კეთილი მუშაკი, სანატრელო, მასწავლელად დაგადგინეს სასწავლებელსა შინა, და მსგავსად ბრძენისა მის მიწისმოქმედისა, განჰმზადებდი გონებასა მოწაფეთა შენთასა შეწყნარებად ჭეშმარიტებისა წმიდისა თესლისა.
ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაჲ სიბრძნითა, სხუათაცა გადასცემდი, და აღსძარცჳდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა. აწ ჩუენცა მოგვანიჭე მადლი და გულისჴმისყოფაჲ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაუცხრომელად იღუწიდი რაჲ აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, ნეტარო, მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ ჩუენცა გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა განმარინნეს ურწმუნოებისა და უმეცრებისაგან.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
კეთილად მოღუაწესა გპოვებთ შენ, კაცო ღმრთისაო ექვთიმე…
წარდგომაჲ
კეთილად მოღუაწესა გპოვებთ შენ, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და წმიდაო ხატო სიმართლისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე სიბრძნჱ, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა.
მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ…
გალობაჲ 4, უფალო მესმასა ძლისპირი
მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
აღეტყინე რაჲ მოღუაწებისა სურვილითა, სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი იყავ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, დაცვისათჳს ეკლესიისა და განსამტკიცებლად ერისა შენისა.
საღმრთო განგებულებითა ეძიებდი რაჲ ჴელთნაწერთა კრებულთა და ყოველთა სიძველეთა, განბნეულსა ყოველსა ქუეყანასა ზედა, ყოველნი ვერცხლისმოყუარენი და ანგარნი აღავსე სირცხვილითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრიად აღეგზე რაჲ დაცვისათჳს წინაპართა მემკჳდრეობისაჲ, მოღუაწეთა ქებულთა შორის, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, და რჩეულად გამოსჩნდი და ჰბრწყინავ საკჳრველად.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა…
გალობაჲ 5, ღამითგანსა ძლისპირი
სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
განარინეს რაჲ საუნჯჱ ერისა ჩუენისაჲ ღმრთისმბრძოლსა მთავრობასა, გყვეს შენ მცველ მისა, ვითარცა უპატიოსნესი მოღუაწჱ, და მეუღლითურთ დაუტევე სამშობლოჲ შენი სიყუარულითა მისითა, და განძსა მას წარყევ უცხოსა ქუეყანასა.
საკჳრველითა მით მოშურნეობითა მრავალსა წელსა იცავდი რაჲ საუნჯესა მას და განარინებდი საფრჴესა, ვერცავინ გაცთუნა შენ მრავლითა საფასითა, და იწროებასა შინა კუალად ეძიებდი ქართულთა სიწმიდეთა და შეისყიდდი მეცადინეობითა მით დიდითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაღათუ ჴელთა გაქუნდა ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი დიდისა საფასისაჲ, აღესრულა ერთგული თანამეცხედრჱ შენი შეჭირვებასა შინა დიდსა და შეერთო წიაღსა მას სამარადისოსა, კაცობრივისა მწუხარებისა ღმრთისა სასოებითა დამრთგუნველი, კუალად იღუწიდი დაცვისათჳს და განმრავლებისთჳს საუნჯისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა…
გალობაჲ 6, ღაღადყავსა ძლისპირი
დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.
დიდსა შეჭირვებასა შინა ვერა შეარყია ანგარებამან სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, მობაძავო დიდთა და თავდადებულთა მოღუაწეთაო, და მარტოობითა ცხოვნდებოდი და სნეულებასა შინა დაითმენდი მწარეთა სალმობათა.
ვერ მოაუძლურა იწროებამან საღმრთოჲ მოშურნეობაჲ შენი, ყოვლადქებულო ექვთიმე, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ გცვიდა კრძალულად, სანატრელო, და დიდებული განძი იგი ერისა ჩუენისაჲ უკუნ აქციე სამშობლო ქუეყანასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრიად მხცოვანი მოიწიე რაჲ საყვარელსა შენსა სამშობლოსა, მსწრაფლ ქუე დაეხუე ქუეყანასა ზედა და ამბორს უყავ რაჲ სასოებითა, ფრიად შეგიყვარა ქართველმან ერმმან და იქეც მისთჳს ხატად და სახედ პატიოსნებისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
სიწმიდისა მუშაკად მიურულებელად გამოსჩნდი, და შრომანი შენნი…
კონდაკი
სიწმიდისა მუშაკად მიურულებელად გამოსჩნდი, და შრომანი შენნი და ღუაწლნი დაუცადებელნი შეწირულ იქმნეს წინაშე წმიდისა სამებისა, ამისთჳსცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, ბრძენო მეჭურჭლეთუხუცესი საქართველოჲსაო.
მოღუაწებამან შენმან მამულსა შინა, გინა უცხოებასა, დაგადგინა…
იკოსი
მოღუაწებამან შენმან მამულსა შინა, გინა უცხოებასა, დაგადგინა შენ სასანთლესა მაღალსა, რაჲთა ჰნათობდე საქმეთა შენთა ელვარებითა ყოველთა ცისკიდეთა, რაჲსთჳსცა იხარებს ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და ჴსენებასა შენსა გვიწესს შჳლთა თჳსთა, რომელი მართალთა თანა უგალობ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა.
ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია…
გალობაჲ 7, კურთხეულარსა ძლისპირი
ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
აღავსე რაჲ განძსაცავი სრულიად საქართველოჲსა არა ხოლო თუ უძუელესთა ხატთა მიერ და სამკაულთა, არამედ სიგელ-გუჯართა და წიგნთა მიერ საეკლესიოთა და საეროთა, აწ ახარებენ გულთა ჩუენთა და აღგვძრავენ მადლობად და ქებად შენდა.
მასწავლელად დაგადგინეს რაჲ უმაღლესსა მას სასწავლებელსა, აღგიყვანეს მაღალსა ხარისხსა ზედა მეცნიერისასა, გარნა ჴელისუფალთა შეგრისხეს, წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, და ნაცვლად მადლიერებისა პყრობილ-გყვეს სახლსა მას შენსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მრავალჭირნახული ეგე და ყოვლისა პატივისაგან განვრდომილი მიიცვალე რაჲ წინაშე ღმრთისა, მხიარულებით სულებმან მართალთამან შეიწყნარეს სული შენი, რომელთა შორის იშვებ, ღმერთშემოსილო, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა…
გალობაჲ 8, აკურთხევდითსა ძლისპირი
შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვერა დაჰფარა რაჲ ჟამთა დინებამან მოღუაწებაჲ შენი, ღირსო ექვთიმე, ეკლესიამან ჩუენმან წმიდანად დაგადგინა და ღმრთისკაცი გიწოდა რაჲ დიდსა მას მეჭურჭლეთუხუცესსა ერისა ჩუენისასა, საჴსენებელად საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესა ყოველთა შჳლთა თჳსთა.
მოღუაწეთა ქებულთა შორის, ღირსო ექვთიმე, რჩეულად გამოსჩნდი და ბრწყინავ რაჲ საკჳრველად, აწ ჩუენთჳსცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მარადის ხვიდოდი რაჲ გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თჳსი, და გვიჩვენე რაჲ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, სახჱ გვექმენ პატიოსნებისა და სიმდაბლისაჲ, ბრძენო ექვთიმე, და აწ მეოხ ხარ ჩუენთჳს წინაშე ღმრთისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბუნებაჲ კაცთაჲ პირველ ცოდვისაგან განხრწნილი განახლდა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან უშევ კაცთა მაცხოვარი ყოველთაჲ და ღაღადებენ: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.
მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა…
გალობაჲ 9, ადიდებდითსა ძლისპირი
მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ოფლითა და შრომითა მოიგე სათნოებაჲ და ღმრთივშვენიერად შეიწყნარე რაჲ მსახურებაჲ ერისა შენისაჲ, ყოვლადსაგალობელო, მოქალაქობასა მას ზეცისა უჴორცოთასა აღხვედ შენ კიბითა მით მოღუაწებისაჲთა.
მაშურალად დიდად ერისათჳს შენისა მოგიგეთ რაჲ მორწმუნეთა, ჴმამაღლად გადიდებთ და მოვისწრაფით მიმთხვევად სამარხოსა შენსა, რამეთუ იქმნა იგი უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა რაჲ სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და მოგანიჭა მადლი შეწევნისაჲ, ღირსად სანატრელო ექვთიმე, აწ წარჰმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ მისთა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მაქებელნი შენნი, ღმერთშემოსილო…
განმანათლებელი
ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მაქებელნი შენნი, ღმერთშემოსილო ექვთიმე, რამეთუ მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ჴსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებითა და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.
(იგივე) აწდა
დიდებაჲ...
(იგივე) აწდა...
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
იყავ რაჲ მასწავლელი და წინამძღვარი ქართველთაჲ, ექვთიმე…
აქებდითსა ზედა დასდებელი, მუხლი 8
იყავ რაჲ მასწავლელი და წინამძღვარი ქართველთაჲ, ექვთიმე საკჳრველო, იღუწიდი, რაჲთა აღორძინდენ სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და ეძიებდი და ბეჭდვიდი რაჲ წიგნთა და ხელთნაწერთა, მრავალთა განსწავლიდი და აღძრვიდი მსახურებად ერისა და დიდებად ღმრთისა, მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან უდებებისა და საცთურისაგან ბოროტისა.
ჟამსა მას დევნულებათასა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დაცვისათჳს ენისა, მამულისა და სარწმუნოებისა, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და გჳჴსნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან.
უცხოებასა შინა ჯვარს-აცუ რაჲ თავი შენი მოღვაწებითა, ღმრთივსანატრელო, ნაკლულებასა და იწროებასა შინა ცხოვნდებოდი მეუღლითა შენითა და არცაღა დააკლებდი საუნჯესა მას ჩუენსა, მამულისა სალმობათა მკურნალო, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, აწ ჩუენცა აღგვძარ ბაძვად შენდა, რაითა შევიმოსოთ სიყუარული ღმრთისა, მამულისა და მოყუასისაი, და ახოვანებაი სულისაი.
მარადის ევლტოდი რაჲ ვერცხლისმოყვარეობას მას ბოროტსა და დიდებასა კაცთა მიერსა, ვერვე დაფარნა სათნოებანი შენნი ადგილთა ცვალებამან, რამეთუ ჭირნი მრავალნი დაითმინე, და საუნჯენი ერისა ჩუენისანი ჴელთაგან მცბიერთაჲსა მრავალგზის განარინე უცხოსა ქუეყანასა, ხოლო მოიღე რაჲ სასყიდელი მოღუაწებისაჲ ღმრთისაგან, ნუ დასცხრები აწ ჩუენთვის მეოხებად წინაშე მისა, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ მოწევნადთა ძჳრთაგან, და ღირს-გვყოს დამკჳდრებად შენ თანა.
ყოველთა სათნოებათა სავანედ ღმრთივშვენიერად გამოსჩნდი, ბრძენო ექვთიმე, და წიგნთა საღმრთოთა და ხატთა და ურიცხუთა სიწმიდეთა მოძიებითა ფრიად განამრავლე რაჲ საუნჯჱ ქართველთაჲ, აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, და გევედრებით: მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა განგვიმრავლოს მოღუაწენი, მსგავსნი შენნი, აღსაორძინებლად ერისა ჩუენისა.
ქუეყანასა ჩუენსა განითქვა მადლთა შენთა სიმრავლჱ და ცხად-ჰყოფს ბრწყინვალებაჲ დიდისა საუნჯისაჲ, რომელი იგი ახარებს გულსა ჩუენსა და აღგვძრავს ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა. აწ ჩუენცა მოგჳჴსენენ წინაშე მისსა, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, რაჲთა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და დაგვიფაროს ყოველთაგან მაჭირვებელთა ვნებათა და ეშმაკთა მახეთაგან.
აჰა, აწ იხარებს ღირსად ერი ქართველთაჲ შენთჳს, H, ექვთიმე, კაცო ღმრთისაო, და ჩუენცა სარწმუნოებით გიგალობთ და გევედრებით: გაქუს რაჲ შუა-მდგომელობაჲ ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე მამობრივითა კადნიერებითა შენითა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და კუალად შემოჰკრიბოს მამულსა ჩუენსა ყოველსა სოფელსა შინა განბნეული ერი ჩუენ ქართველთაჲ.
უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვისმენდეთ საკჳრველთა ამათ საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, მოგუმადლა რაჲ ესევითარი მზრუნველი და მოღუაწჱ, და ურვათა შინა მყოფნი გევედრებით ოხასა ჩუენთჳს წინაშე მისსა, ჴსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და ერისა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს მძლავრებათაგან და საცთურისა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა მარადის უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
არა ჯერ-იყო, ღირსო ექვთიმე, დუმილით თანა-წარსვლაჲ ღუწლისა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არა ჯერ-იყო, ღირსო ექვთიმე, დუმილით თანა-წარსვლაჲ ღუწლისა შენისა ჴსენებისა, რამეთუ შენ მიერ საკჳრველად დაცული ხატნი და სიწმიდენი და საუნჯენი მრავალსასყიდლისანი დავანებულ არს განძთსაცავსა შინა ჩუენსა და საქმეთა შენთა ქადაგებს ყოველთა სასმენელად, რაჲსთჳსცა აწ ჩუენცა ვიქადით და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა შეგვჭურნეს ჩუენ ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა და გუაცხოვნოს ჩუენ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა.
ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი, შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.
დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა
ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6. წარდგომაი, ჴმაჲ 7.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო…
მუხლი.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
ძმანო, ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ…
სამოციქულო გალატელთა (თ. 5, 22 - თ. 6, 2)
ძმანო, ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა…
ალილუია, ჴმაჲ 6.
ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი
მუხლი.
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ყოველივე მომეცა მე…
სახარებაჲ მათესი (თავი 11, მუხლი 27-30)
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.
საჴსენებელად საუკუნოდ
განიცადე
საჴსენებელად საუკუნოდ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა (თაყაიშვილისა, 1953)
წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა (თაყაიშვილისა, 1953)
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.
შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.
ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა. საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, - იგონებს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის...“
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვაებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია 1902 წ. მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების არქიტექტურული ძეგლები. 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ეკლესია-მონასტრები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ეკლესია-მონასტრების შესწავლა. ექსპედიციაში მასთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ალექსანდრე კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციას. მათ შეისწავლეს ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა.
1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. გაუძლო ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის გარკვეული ნაწილი ეყიდათ. ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი უფასოდ შეენახა), გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, როცა შეიძლებოდა გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ. ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.
1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“.
დრო მიდიოდა... წლები თავისას აკეთებდა... ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გულგაუტეხლად აგრძელებდა თავის საქმიანობას - იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.
„საკითხავნი ყმაწვილთათვის“, ტ. 6, თბილისი, 2002 წ.
წინასწარმეტყველისა მალაქიასი (400 წ. ქრ. წინ)
წინასწარმეტყველისა მალაქიასი (400 წ. ქრ. წინ)
წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6) მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა გორდისა (IV)
მოწამისა გორდისა (IV)
წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.