გულანი
საცდელი · 1.11.1
4 იანვარი 1 / 4კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა: იაკობისა - ძმისა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებელთა…

4 იანვარი

თვენი

წმიდათა ცხოვრება · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა: იაკობისა - ძმისა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებელთა…

კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა: იაკობისა - ძმისა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებელთა, კლეოპასი, სვიმეონისა (ნათესავისა უფლისა), ბარნაბასი, იოსიასი (იოსტოსისა), თადეოზისა, ანანიასი, სტეფანე პირველმოწამე მთავარდიაკონისა, ფილიპესი, პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა 7-თა დიაკონთაგანთა, ტიმოთესი, ტიტესი, ფილიმონისა, ონისიმესი, ეპაფრასისა, არქიპოსი, შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, კრისპესი, ეპენეტისა, ანდრონიკესი, სტაქოსისა, ამპლისა, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელისა, არისტობულესი, იროდიონისა, აგაბოსი, რუფესი, ასინკრიტესი, ფლეგონტისა, ერმისა, პატროვისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, ლუკასი, იასონისა, სოსიპატრესი, ოლიმპიოსისა, ტერტიოსისა, ერასტისა, კვარტისა, ევოდისი, ონისიფორესი, კლიმენტისა, სოსთენისა, აპოლოსისა, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კარპესი, კოდრატესი, მარკოზისა, ზინასი, არისტარქოსი, პუდისა, ტროფიმესი, მარკოზისა (ბარნაბას ძმისწულისა), არტემისა, აკვილასი, ფორტუნატესი და აქაიკისა, დიონისე არეოპაგელისა და სვიმონ ნიგერისა (I-II)

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.

4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (25 აპრილს), ლუკა მახარებელი (18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (2 აპრილს), ბარნაბა (11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (30 ოქტომბერს), თადეოზი (21 აგვისტოს), ანანია (1 ოქტომბერს), მთავარდიაკონი სტეფანე (27 დეკემბერს), ფილიპე 7 დიაკონთაგან (11 ოქტომბერს), პროხორე 7 დიაკონთაგან (28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგან (28 ივლისს და 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგან (28 ივნისს), ტიმოთე (22 იანვარს), ტიტე (25 აგვისტოს), ფილიმონი (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), ონისიმე (15 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (30 ივლისს), კრისპი და ეპენტი (30 ივლისი), ანდრონიკე (17მაისს და 30 ივნისს), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (31 ოქტომბერს), არისტობულე (31 ოქტომბერს და 16 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (8 აპრილს და 10 ნოემბერს), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (8 აპრილს), ერმი (5 ნოემბერს და 31 მაისს), პატროვი (5 ნოემბერს), ერმი (8 აპრილს), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (5 ნოემბერს), ლუკა (10 სექტემბერს), იასონი (28 აპრილს), სოსიპატრე (28 აპრილს და 10 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (10 ნოემბერს), ტერტიუსი (30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (10 ნოემბერს), ევოდი (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ონისიფორე (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), კლიმენტი (25 ნოემბერს), სოსთენი (8 დეკემბერს), აპოლო (10 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (8 დეკემბერს), კარპოსი (26 მაისს), კოდრატე (21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (27 სექტემბერს), არისტარქოსი (15 აპრილს და 27 სექტემრერს), პუდი, ტროფიმე (15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (30 ოქტომბერს), აკვილა (14 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (4 იანვარს).

70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI)

ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI)

ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.

თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.

წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით, მტრედი უზიდავდა საზრდოს.

ერთხელ ღირსი შიო მღვიმელი ნახა ამ მხარეში სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს) და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ღირსმოწამისა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV)

ღირსმოწამისა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV)

ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ევსტათი I, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286)

ევსტათი I, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286)

ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა იგი. მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.

მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.