თავი 1
1:1–16
1. შეიყუარეთ სიმართლჱ მსაჯულთა ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერებით და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.
2. რამეთუ ეპოების მათ, რომელნი არა გამოსცდიან მას, და გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ.
3. რამეთუ დრკუთა გულისზრახვათა განაშოვრიან ღმრთისაგან, და გამო-რაჲ-იცადებინ ძალი, ამხილის უგუნურთა.
4. რამეთუ ბოროტისა მოქმედსა სულსა არა შევიდის სიბრძნჱ, და არცა დაიმკჳდრის ჴორცთა შინა, განკაფულთა ცოდვითა.
5. რამეთუ სული წმიდაჲ სწავლისაჲ ევლტის ზაკუვასა, და განეშორების გულისსიტყუათაგან უგულისხმოთა, და ემხილოს, მო-რაჲ-იწიოს მათ ზედა სიცრუვჱ.
6. რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისაჲ, და არა უბრალო ყვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთა მისთა მოწამე არს ღმერთი და გულისა მსტუვარ ჭეშმარიტ და ენისა მსმენელ.
7. რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი, და, რომელსა უპყრიეს ყოველი, ცნობაჲ იცის ჴმისაჲ.
8. ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ცრუსა, არავინ დაავიწყდეს, არცა თანა-წარჰჴდეს მას მამხილებელი საშჯელი.
9. რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთაჲსა განკითხვაჲ იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნეფსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უშჯულოებათა მისთა;
10. რამეთუ ყური მოშურნებისაჲ ისმენს ყოველსა, და იდუმალი დრტჳნვაჲ არა დაეფარების.
11. ეკძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა; რამეთუ თქუმული იდუმალი ცუდად არა წარვიდეს, და პირი, რომელი ტყუოდის, მოკლას სული.
12. ნუ ჰბაძავთ სიკუდილსა ცხორებასა შინა საცთურისა თქუენისასა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა:
13. რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არა დაჰბადა და არცა ჰნებავს წარწყმედაჲ ცხოველთაჲ.
14. რამეთუ დაჰბადა ყოფად ყოველთა და ცხოვრებად შესაქმჱ სოფლისაჲ, და არა არს მათ შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევაჲ ქუეყანასა ზედა
15. რამეთუ სიმართლჱ უკუდავ არს,
16. ხოლო უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოიხადეს იგი, მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დაადნვეს და ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.
თავი 2
2:1–24
1. რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართალ: «მცირე არს და მწუხარჱ ცხოვრებაჲ ჩუენი, და არა არს კურნებაჲ ჩუენი აღსასრულსა კაცისასა, და არასადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით.
2. რამეთუ თჳთჴელმწიფედ შევიქმნენით და ამისა შემდგომად ვიქმნენით ვითარცა არაყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა და სიტყუაჲ - ნაბერწყალ ძრვასა გულისა ჩუენისასა.
3. რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სული დაჰჴსნდეს და მოჰლპეს აერი.
4. და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად, და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი; და წარჴდეს ცხორებაჲ ჩუენი, ვითარცა კუალი ღრუბლისაჲ, და ვითარცა ნისლი განქარდეს, და წარ-რაჲ-იდევნის გამოტევებითა მზისთუალისაჲთა, და სიცხისაგან მისისა დამძიმდის.
5. რამეთუ, ვითარცა აჩრდილი, წარმავალი არს ცხორებაჲ ჩუენი, და არა არს და კუალად-მოქცევაჲ აღსრულებასა ჩუენსა, რამეთუ დაებეჭდა და არავინ მოიქცეს.
6. მოვედით და ვიხაროთ ყოფილთა ამათგან კეთილთა, და ვიმსახუროთ დაბადებული, ვითარცა სიჭაპუკესა.
7. ღჳნითა მრავალფერითა და ნელსაცხებლითა აღვივსნეთ, და ნუ თანა-წარგუვალნ ჩუენ ყუავილი ზაფხულისაჲ.
8. გჳრგჳნი დავიდგათ ვარდისა რტოთაჲ ვიდრე დაჭნობადმდე.
9. და ნუმცა ვინ ჩუენგანი დაკლებულ არს ჩუენისა ამისგან სიხარულისა; ყოველსა ადგილსა დაუტეოთ განცხრომაჲ ესე სიხარულისა ჩუენისაჲ, რამეთუ ესე არს ჩუენდა ხუედრებული ნაწილი იგი.
10. ვჰმძლავრობდეთ გლახაკსა და მართალსა, არა ვერიდნეთ ქურივსა და არცა მოხუცებულისაგან შევიკდიმოთ, მჴეცთა მრავლისა ჟამისათა.
11. იყავნ ჩუენდა ძალი შჯულად სიმართლისა, რამეთუ უძლურებასა უჴმარად ემხილების.
12. დავაპრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს და წინა-აღმიდგების საქმეთა ჩუენთა, და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა.
13. აღიარებს, ვითარმედ ცნობაჲ აქუს ღმრთისაჲ, და ძედ ღმრთისად თავსა თჳსსა იტყჳს.
14. და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.
15. მძიმე არს ჩუენდა ხილვაჲცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრებაჲ მისი, და ცვალებულ - ალაგნი მისნი.
16. საძაგელად შეურაცხიეთ მას, და განშოვრებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა, ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს.
17. ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ, და გამოვცადოთ, რაჲ-ძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.
18. უკუეთუ არს მართალი იგი ძჱ ღმრთისაჲ, შეეწიენ მას, და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთაჲსა.
19. გინებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რაჲთა ვცნათ სახიერებაჲ მისი და გამოვცადოთ თავსდებაჲ განბოროტებისა მისისაჲ.
20. სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვაჲ მისი სიტყუათაგან მისთა».
21. ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან.
22. და ვერ ცნეს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა და არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთაჲ.
23. რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატად თჳსა თჳსობისა შექმნა იგი.
24. და შურითა ეშმაკისაჲთა სიკუდილი სოფლად შემოჴდა, და განსცდიან მას, რომელნი არიან ნაწილისა მისისანი.
თავი 3
3:1–19
1. ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ.
2. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ, და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად
3. და ჩუენგან განსლვაჲ - შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.
4. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს.
5. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა.
6. ვითარცა ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვითარცა ყოვლად-ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი.
7. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვითარცა ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან.
8. დაჰშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.
9. რომელნი ესვენ მას, გულისხმა-ყონ ჭეშმარიტი, და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ - რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი - ღირსთა მისთა.
10. ხოლო უგუნურთა, ვითარცა ეგონა, მიიღონ, რომელთა უდებ-ყვეს სიმართლჱ და უფლისაგან განდგენ.
11. რომელმან სიბრძნჱ და სწავლულებაჲ შეურაცხ-ყოს, იგი უბადრუკი არს, და ცუდ არს სასოებაჲ მისი, და შრომანი - ურგებ, და უჴმარ - საქმენი მათნი.
12. ცოლნი მათნი - უგუნურ, და უკეთურ - შვილნი.
13. წყეულ იყავნ შობაჲ მათი. ხოლო ნეტარ არს ბერწი, ყოვლადშეუგინებელი, რომელმან არა იცნა საწოლი შეცოდებით, რამეთუ აქუნდეს ნაყოფი მოხედვასა სულთასა.
14. და საჭურისმან, რომელმან არა ქმნა ჴელითა უშჯულოებაჲ, და არცა გულსა მოიღო უფლისა თჳსისა ბოროტი, მოეცეს მას სარწმუნოებისა მადლი რჩეული, ნაწილი ტაძარსა ღმრთისასა უგულმოდგინჱ.
15. რამეთუ კეთილთა შრომათა სასყიდელი - კეთილ და ჩინებულ, და დაუცოდებელ - ძირი გონიერებისაჲ.
16. ხოლო შვილნი მომრუშეთანი უსრულ იყვნენ, და უშჯულოებისაგან საწოლისა თესლი განირყუნეს.
17. დაღათუ დღეგრძელ იყვნენ, არავე შეირაცხნენ, და უპატივო იყოს უკუანაჲსკნელი სიბერჱ მათი.
18. უკუეთუ მეყსეულად აღესრულნენ, არა აქუნდეს სასოებაჲ და არცა დღესა მას გამოცნობისასა - ნუგეშინისცემაჲ,
19. რამეთუ ნათესავისა ცრუჲსაჲ იყოს აღსასრული.
თავი 4
4:1–20
1. უმჯობჱს არს უშვილოებაჲ სათნოებით, რამეთუ უკუდავება არს ჴსენებაჲ მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არს და კაცთა მიერცა.
2. აწინდელსა ჟამსა - საბაძველ იგი და წარსრული - სასურველ, და საუკუნესა მას გჳრგჳნოსნებით წარჩინებულ იყოს, შეუცოდებელთა თანა ღუაწლსა მას სძლო.
3. მრავალნაშობი იგი სიმრავლჱ უღმრთოთაჲ - არად საჴმარ, და მრუშეთაგანმან ნაშობმან არა დაიბნეს სიღრმედ ძირნი, და არცა კრძალული სლვაჲ ფერჴთაჲ დაემტკიცოს.
4. დაღათუ რტოჲთა ჟამ ერთ აღმოსცენდენ, საბრკოლებელსავე ვალს, ქარისაგან შეირყიის, და სასტიკისაგან ქარისა ძირით აღიფხურის.
5. და მოემუსრნენ რტონი უსრულნი, და ნაყოფი მათი უჴმრად, და უჟამოდ საჭმლად არარად მარჯუჱ.
6. რამეთუ უშჯულოებისაგან ძილისა შვილნი შობილნი მოწამჱ არიან მამა-დედათა განკითხვასა მათსა.
7. მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა იყოს.
8. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ;
9. რამეთუ მჴცოვნებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის - ცხორებაჲ უბიწოჲ.
10. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა და გარდაიცვალა.
11. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისხმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუვამან აცთუნოს სული მისი.
12. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა, და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ.
13. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი;
14. რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი, ამისთჳს იწრაფა განსლვაჲ შორის უკეთურებისა.
15. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს, და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ - რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი - ღირსთა მისთა.
16. და საჯოს მართალმან, რომელი დაშურა, ცოცხალნი უღმრთონი და ჭაპუკი, რომელი აღესრულა ადრე, მრავალწლისანი ბერნი ცრუნი;
17. რამეთუ იხილონ აღსასრული ბრძნისაჲ და ვერ ცნან, რაჲ იზრახა მისთჳს და რაჲსათჳს შეიკრძალა იგი უფალმან.
18. იხილონ და შეურაცხ-ყვნენ იგი, ხოლო უფალი ეცინოდის მათ; და იყვნენ ამისა შემდგომად დასაცემელ უპატივო და საგინებელ მკუდართა შორის საუკუნოდ;
19. რამეთუ განხეთქნეს უჴმონი ხერხვით და შეძრნეს იგინი საფუძველითგან დასასრულადმდე, მოოჴრდენ და იყვნენ იგინი სალმობასა შინა, და საჴსენებელი მათი წარწყმდეს.
20. და მოვიდენ განზრახვასა ცოდვათა მათთასა შიშით, და ამხილოს პირისპირ უშჯულოებამან მათმან.
თავი 5
5:1–23
1. მაშინ დადგეს მართალი დიდითა განცხადებულებითა წინაშე პირსა მაჭირებელისა მისისასა და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მისნი.
2. იხილონ და შეძრწუნდნენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულსა მას ცხორებასა მისსა.
3. და იტყოდიან გულთა თჳსთა სინანულითა და იწროებითა სულისაჲთა სულთ-ითქუმიდენ: «ესე არს იგი, რომელი ოდესმე გუაქუნდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა ჩუენ უგუნურთა
4. და ცხორებაჲ მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი - უპატიოდ.
5. ვითარ შეირაცხა ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის არს ნაწილი მისი?
6. შე-მე-ვსცეთითა გზისაგან ჭეშმარიტისა? და სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგჳბრწყინდა ჩუენ
7. უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისაჲთა, და ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, ხოლო გზაჲ უფლისაჲ არა ვცანთ.
8. რაჲ მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რაჲ შემეწია ჩუენ სიმდიდრჱ იგი სილაღისაჲ?
9. წარჴდა იგი ყოველი, ვითარცა აჩრდილი, და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.
10. და ვითარცა ნავი, ღელვასა ზღჳსასა რომელი წარვიდის, და კუალი არღარა იპოვის და არცა ალაგი სლვისა მისისაჲ ღელვათა ზედა;
11. გინა ვითარცა მფრინველი რაჲ განფრინდის ჰაერსა და არა იპოვის სახჱ სლვისაჲ, გუემითა ნაწევართა ფრთეთაჲთა იტანჯებინ და ქარსა სულმცირესა აპებნ ძლით, მძლაფრიად ძრავნ ფრთეთა და განვლის, და ამისა შემდგომად არა იპოვის სასწაული განსლვისა მისისაჲ.
12. ანუ ვითარცა ისარი, განტყორცებული განსა, განაპის აერი და მეყსეულად მუნვე შეირწყჳს, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვაჲ მისი;
13. ეგრეცა ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲმცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით».
14. რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთაჲ, ვითარცა მტუერი, ქარისაგან მოღებული, და ვითარცა ნეფხვაჲ მწულილი, არმურისაგან წარიდევნა, და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია, და ვითარცა ჴსენებაჲ მდგურისაჲ ერთ დღისაჲ, წარვიდა.
15. ხოლო მართალნი საუკუნოდმი ცხოვნდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს - მაღლისა მიერ.
16. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.
17. და მოიღოს ყოველისაჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა;
18. და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუთად საშჯელი შეუორგულებული,
19. მოიღოს თორნჱ უძლეველი - სიწმიდჱ,
20. და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.
21. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვითარცა კეთილი-სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს.
22. და კლდისაგან-საისრითა გულისწყრომითა სავსჱ დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად.
23. და წინა-აღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვითარცა არმურნი განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრისსაქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.
თავი 6
6:1–26
1. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისხმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა!
2. და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა!
3. რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ - მაღლისა მიერ,
4. რომელმან განიკითხნეს საქმენი თქუენნი და ზრახვანი გამოიძინეს.
5. რამეთუ მსახურნი იყვენით მისისა სამეუფოჲსანი და არა ჰშჯიდით მართლ, არცა დაიმარხეთ შჯული და არცა ნებისაებრ ღმრთისა ხჳდოდეთ.
6. შეძრწუნებით და მწრაფლ მოგადგეს თქუენ, რამეთუ საშჯელი უწყალოჲ მთავართა ზედა მოვიდეს.
7. რამეთუ უმრწემესი იგი შესანდობელ არნ წყალობად, ხოლო ძლიერნი იგი ძლიერად განიკითხნენ.
8. რამეთუ არა ერიდოს პირსა ყოველთაუფალი და არცა შეიკდიმოს დიდთათჳს: რამეთუ მცირჱ და დიდი მან შექმნა, ეგრეთვე წინაჲსწარ უზრუნავს ყოველთა;
9. ძლიერთა მათდა ძლიერი ეწიოს გამოძიებაჲ.
10. თქუენდა მიმართ არიან, მძლავრნო,სიტყუანი ჩემნი, რაჲთა ისწავოთ სიბრძნჱ და არა თანა-წარჰჴდეთ.
11. რომელთა ღირსად დაიცვან სიღირსჱ, ღირსად ღირს იყვნენ, რომელმან ისწავლნეს, მან პოვოს სიტყჳსგებაჲ.
12. გული გითქუემდინ თქუენ სიტყუათა ჩემთათჳს, გსუროდენ მათთჳს და განისწავლნეთ.
13. ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნჱ და ადვილად იხილვების მოყუარეთა მისთაგან;
14. მიიწიის მათდა, რომელთა გული უთქუამს მისთჳს წინაჲსწარ ცნობად.
15. და რომელმან აღიმსთოს მისა, არა დაშურეს, რამეთუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა.
16. რამეთუ გულსამოსლვაჲ მისთჳს გონიერებისაჲ არს სრულისაჲ და რომელი იღჳძებდეს მისა ადრე, უზრუნველ იქმნეს.
17. რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს, და ალაგთა მათთა ეოცების მათ მხიარულებად, და ყოველთა განზრახვათა შეემთხუევის მათ.
18. რამეთუ დასაბამი მისი სწავლულებისა გულისთქუმაჲ არს ჭეშმარიტი, და სწავლულებისა ზრუნვაჲ სიყუარული არს.
19. და სიყუარული არს დამარხვაჲ შჯულისა მისისაჲ, ხოლო კრძალვაჲ შჯულისაჲ - სიმტკიცჱ უხრწნელებისაჲ,
20. ხოლო უხრწნელებამან მახლობელ ყვის ღმრთისა:
21. რამეთუ გულის-თქუმამან სიბრძნისამან აღიყვანის სასუფეველსა.
22. უკუეთუ გნებავს საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ.
23. ხოლო რაჲ არს სიბრძნჱ და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი, და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა,
24. და არცა შურსა დადნობილსა თანა-უვიდოდე, რამეთუ ესევითარი არა ეზიარის სიბრძნესა.
25. ხოლო სიმრავლჱ ბრძენთაჲ - ცხორებაჲ სოფლისაჲ, და მეფჱ გონიერი - დაწყნარება ერისა.
26. რაჲთა განისწავლნეთ სიტყჳთა ჩემითა და სარგებელ გეყოს თქუენ.
თავი 7
7:1–30
1. რამეთუ მეცა კაცი ვარ მოკუდავი, სწორი ყოველთაჲ და ქუეყანით შექმნულისაჲ, ნაშობი პირველდაბადებულისაჲ.
2. მუცელსა დედისასა გამოვითალე ჴორცი და ათისა თთჳსა ჟამთა დავჰყინდი სისხლისაგან მამაკაცისა და გულისთქუმითა ძილისა მოსლვითა.
3. მე რაჲ ვიშევ, მოვიღე ზოგადი აერი და მსგავსსა ვნებასა კუალად გამოვვარდი ქუეყანად, პირველი ჴმაჲ, მსგავსი ყოველთაჲ, სწორი აღუტევე ტირილი.
4. სახუეველითა აღვიზარდე და ზრუნვითა.
5. რამეთუ არავის მეფეთაგანსა სხუაჲ აქუნდა შობისა დასაბამი.
6. ერთი არს ყოველთაჲ შემოსლვაჲ სოფლად და განსლვაჲცა სწორი.
7. ამისთჳს ვილოცე და სიბრძნჱ მომეცა მე, ვხადე და მოვიდა ჩემდა სული სიბრძნისაჲ.
8. უფროჲს აღვირჩიე იგი ჴელმწიფებისა და საყდართა და სიმდიდრჱ არად შევჰრაცხე სწორებად მისა;
9. და არცა ვამსგავსე იგი ანთრაკთა პატიოსანთა, რამეთუ ყოველი ოქროჲ წინაშე მისსა - ვითარცა მქჳშაჲ მცირედი და ვითარცა მიწაჲ, შერაცხილ არს ვეცხლი წინაშე მისსა.
10. უფროჲს სიცოცხლისა და ხატკეთილობისა შევიყუარე იგი, რაჲთა მაქუნდეს ნათლისა წილ, რამეთუ დაუძინებელ არს ამისგან ნათელი.
11. და მოვიდა ჩემდა ყოველი კეთილი მის თანა და ურიცხჳ სიმდიდრჱ ჴელთა შინა მისთა.
12. და განვიხარე ყოველთა ზედა, რამეთუ იგი შერაცხილ არს სიბრძნედ, უმეცარ ვიყავ მისა, ვითარმედ ქმნული არს იგი ამათი.
13. და უზაკუველად ვისწავე და უშურველად მივსცე სიმდიდრჱ მისი და არა დაუმალო,
14. რამეთუ უნაკლულოჲ საუნჯჱ არს კაცთა შორის; რომელთა იმსახურეს იგი, ღმრთისა მიმართ მიავლინეს სწავლაჲ, რამეთუ სწავლისაგან ნიჭისა განმტკიცნეს.
15. ხოლო მე მომეცინ ღმერთმან სიტყუად ნებისაებრ და განზრახვად ღირსად თქუმულთა მათ, რამეთუ იგი თავადი სიბრძნისა წინამძღუარი არს და ბრძენთა განმგებელ.
16. რამეთუ ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი, ყოველი გონიერებაჲ და საქმეთა მეცნიერებაჲ.
17. რამეთუ მან მომცა მე ყოფილთაჲ მათ ცნობაჲ უტყუველი, ცნობად შესაქმჱ სოფლისაჲ და შეწევნანი წესთანი,
18. დასაბამი და დასასრული და განზოგებაჲ ჟამთაჲ, სახეთა ცვალებანი და ქცეულებაჲ ჟამთაჲ,
19. წელიწადისა სრბაჲ და ვარსკულავთა დგომაჲ,
20. და ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომაჲ მჴეცთაჲ, სულთა სიმძაფრჱ და გულისზრახვანი კაცთანი, თითო-სახენი ნერგთანი და ძალნი ძირთანი.
21. და რავდენი-რაჲ არს დაფარული და გამოჩინებული, ვცან მე, რამეთუ ყოველთა-ხურომან მასწავა მე სიბრძნჱ.
22. რამეთუ არს მას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისაჲ, მრავალ-კერძო მწულილ და ვინაჲ-კერძო კეთილად იძრვის, წარჩინებულ და შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე, მალე, დაუყენებელ, ქველისმოქმედ და კაცთმოყუარე,
23. მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ და ყოვლადძლიერ და ყოვლისამსტუარ, და ყოველთა მიერ დაეტევის სულთა მეცნიერთა, წმიდათა, მწულილთა.
24. რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამისა უმალჱს არს სიბრძნჱ, მისწუდების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით.
25. რამეთუ ორთქლი არს იგი ღმრთისა ძლიერებისაჲ და ნაწრედი ყოვლისამპყრობელისაჲ, დიდებისა ჭეშმარიტებისაჲ; ამისთჳსცა არარაჲ შეირევის.
26. რამეთუ გამობრწყინვებული არს ნათლისა ამის სამარადისოჲსა და სარკჱ უბიწოჲ ღმრთისა შეწევნისაჲ და ხატი სახიერებისა მისისაჲ.
27. ერთი არს და ყოველივე ძალ-უც, და ჰგიეს მას შინა და ყოველსა განაახლებს, და ნათესავითი-ნათესავად სულთა ღირსთა მიეცემის, მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.
28. არარაჲ ეგრჱთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელ სიბრძნესა შეყოფილ არიან.
29. რამეთუ არს იგი უშუენიერჱს მზისა და უფროჲს ყოველთა ვარსკულავთა დგომასა; ნათელსა შეტყუებულად იპოვოს უწინარჱს:
30. რამეთუ ამას ემსახურების ღამჱ, ხოლო სიბრძნესა ვერ ჰმსძლავრობს ბოროტი.
თავი 8
8:1–21
1. და მისწუდების კიდითი-კიდედმდე ვრცელად და განაგებს ყოველსა სიტკბოებით.
2. ესე შევიყუარე და ვეძიებდი სიჭაპუკით ჩემითგან და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა, და ვეტრფიალე სიკეთესა მისსა.
3. აზნაურებამან ადიდის მის თანა ცხოვრებული, რომელი ღმრთისა მიმართ ილოცავნ, და ყოველთა-მფლობელმანცა შეიყუაროს იგი;
4. რამეთუ საიდუმლოჲ არს იგი ღმრთის მეცნიერებისაჲ და მომპოვნებელი საქმეთა მისთაჲ.
5. უკუეთუ სიმდიდრჱ გულისსათქუმელ არს მოგებად ცხოვრებასა ამას, რაჲ-მე არს სიბრძნისა უმდიდრჱს, რომელი ყოველსა იქმს?
6. უკუეთუ სიბრძნჱ იქმს, ვინ არს უფროჲს ყოფილთაგანი მისა უჴელოვნეს?
7. და უკუეთუ ვისმე სიმართლჱ უყუარს, შრომანი მისნი არიან სათნოებანი, რამეთუ სიწმიდესა და გონიერებასა ასწავებს და სიმართლესა და სიმჴნესა, რომელი უსაჴმარეს არარაჲ არს ცხოვრებასა ამას შინა კაცთათჳს.
8. უკუეთუ ვისმე გამოცდილებაჲ სწადის, იცის დასაბამისაჲ და მერმე იგი შეამსგავსის, იცის ქცეულებაჲ სიტყუათაჲ და განჴსნაჲ იგავთაჲ, სასწაულნი და ნიშნი წინაჲსწარ იცნის, განსლვაჲ ჟამთა და წელიწადთაჲ.
9. აღვირჩიე უკუე ესე აწ მოყვანებად და თანაყოფად ჩემდა, ვიცი, რამეთუ მექმნეს მე თანამზრახვალ კეთილისა და ნუგეშინის-მცემელ ზრუნვათაგან და მწუხარებათა.
10. მაქუნდეს მის მიერ დიდებაჲ ერსა შორის და პატივი მოხუცებულთა თანა მე ჭაპუკსა.
11. და მახჳლ ვიპოვო მე საშჯელსა შინა და წინაშე პირსა ძლიერთასა საკჳრველ ვიყო.
12. და დუმილსა ჩემსა მელოდიან და სიტყუასა მერჩდენ, და ვიტყოდი რაჲ მრავალსა, ჴელი დაიდვან პირსა მათსა.
13. მაქუნდეს მის მიერ უკუდავებაჲ, და საჴსენებელი საუკუნოჲ შემდგომთა ჩემთა დაუტეო.
14. განვიკითხნე ერნი და თესლები დამემორჩილოს;
15. და ეშინოდის ჩემდა, ესმეს რაჲ მძლავრთა შეძრწუნებულთა, სიმრავლესა შორის ვჩნდე სახიერ და ბრძოლასა შინა - მჴნჱ.
16. და შე-რაჲ-ვიდე სახიდ ჩემდა, განვისუენო მას ზედა, რამეთუ არარაჲ აქუს სიმწარჱ თანაქცევასა მისსა, და არცა სალმობაჲ მის თანა ცხოვრებასა, არამედ შუებაჲ და სიხარული.
17. ესე განვიზრახე თავსა ჩემსა და ვიზრუნე გულსა ჩემსა, რამეთუ უკუდავება არს ნათესავობაჲ სიბრძნისაჲ,
18. და მეგობრებასა მისსა - სიხარული კეთილი, და შრომასა მისსა - სიმდიდრჱ უნაკლულოჲ, და თანაწურთასა ზრუნვისა მისისასა - გონიერებაჲ, და რჩეულ-კეთილობის ზიარობასა სიტყჳსა მისისასა მოვიდოდე, ვეძიებდ მას, რაჲთა მოვიყვანო იგი თავისა ჩემისა.
19. ყრმაჲ ვიყავ ნანარი და სული მხუედა კეთილი;
20. უფროჲსღა იგი კეთილი იყო და მოვიდა გუამსა შეგინებულსა.
21. ხოლო მე გულისხმა-ვყავ, ვითარმედ არა სხჳთ რაჲთმე შევიკრძალო იგი, უკუეთუ უფალმან მომცეს იგი, - და ესე გონიერისაჲ არს სრულისაჲ ცნობად ესე, ვისი არს მადლი იგი, - შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას, და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა:
თავი 9
9:1–18
1. ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შეჰქმენ ყოველი სიტყჳთა შენითა
2. და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რაჲთა უფლობდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა,
3. და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, და სიწრფოებითა გულისაჲთა საშჯელსა შჯიდეს.
4. მომეც მე, უფალო, საყდართა წინაშემდგომი სიბრძნჱ, და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა,
5. რამეთუ მე მონაჲ შენი და ძჱ მჴევლისა შენისაჲ, კაცი უძლური და მცირედისა ჟამისაჲ და ნაკლულევანი გულისხმისყოფითა საშჯელისა და შჯულისათჳს.
6. დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთაჲსა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.
7. შენ გამომიძიე მე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა შენთა;
8. და სთქუ შენებად ტაძარი მთასა წმიდასა შენსა და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა - საკურთხეველი, მსგავსად კარვისა წმიდისა, რომელი პირველვე განჰმზადე დასაბამითგან.
9. და შენ თანა სიბრძნჱ, რომელმან იცნის საქმენი შენნი, და მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცის, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რაჲ სიწრფოება არს მცნებათა შენთაჲ.
10. გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდრისაგან დიდებისა შენისა მოავლინე იგი, რაჲთა ჩემ თანა იყოს და შურებოდის, და ვცნა, რა-იგი არს სათნო წინაშე შენსა.
11. რამეთუ იცის მან ყოველი და გულისხმა-ჰყოფს და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვეს მე დიდებითა თჳსითა.
12. და იყვნენ შეწყნარებულ საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.
13. ვინ-მე კაცთაგანმან ცნას ზრახვაჲ ღმრთისაჲ? ანუ ვის გულსამოუჴდეს, რაჲ-იგი ჰნებავს უფალსა?
14. რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი - მოშიშ და საცთომელ - განზრახვანი ჩუენნი,
15. რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონებაჲ მრავალ-მზრუნველი.
16. და ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა ძნიად ვჰპოებთ, ხოლო ცათაშინაჲ ვინ გამოიკულიოს?
17. და ზრახვაჲ შენი ვინ-მე გულისხმა-ყოს, უკუეთუმცა შენ არა მოეც სიბრძნჱ და მოავლინე სული წმიდაჲ შენი მაღლით?
18. და ეგრჱთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებათა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა ცხონდეს.
თავი 10
10:1–21
1. მანვე პირველ-დაბადებული იგი მამაჲ სოფლისაჲ, მარტოჲ დაბადებული, დაიცვა და განარინა იგი შეცოდებისაგან თჳსისა.
2. და მოსცა მას ძალი პყრობად ყოველთა.
3. ხოლო განდგა იგი მისგან უსამართლოდ რისხვითა მისითა, ძმათმკლველთა თანა წარწყმდა გულისწყრომითა.
4. რომლისათჳს და რღუნისაგან ქუეყანაჲ კუალად იჴსნა სიბრძნემან, შეურაცხითა ძელითა მართალი განარინა.
5. მანვე ერთობით ზრახვისა უკეთურებითა შეკრებულთა ნათესავთაჲსა იცნა მართალი იგი და დაუმარხა უბიწოდ ღმერთსა და შვილთა ზედა მოწყალებით და ძლიერებით დაიცვა იგი.
6. მანვე მართალი იგი წარწყმედულთაგან უღმრთოთა იჴსნა, ოტებული სამეუფოჲსა ცეცხლისა, გარდამომავალისა ხუთქალაქისათა,
7. რომელი აწცა საწამებელად უკეთურებისა მკუმოლვარჱ ჰგიეს ოჴერი, ნაყოფად მოიხუნა ნერგნი ურწმუნოჲსა სულისაჲ და საჴსენებელად დგას ძეგლად მარილისა.
8. რამეთუ სიბრძნესა რაჲ თანა-წარჰჴდეს, არა თუ ხოლო ესე ევნო, რამეთუ ვერ ცნეს კეთილი, უგუნურებისაჲცა საჴსენებელი დაუტევეს სოფელსა ამას, რაჲთა რომელსა შინა შესცთეს, დავიწყებადცა ვერ უძლონ.
9. ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა,
10. მანვე მეოტი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ და გულისხმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ და განამრავლნა შრომანი მისნი.
11. რომელნი-იგი ანგაჰრობით ჰმსძლავრობდეს მას, თანა-დაუდგა და განამდიდრა იგი,
12. და დაიცვა იგი მტერთაგან, და რომელნი უმზირდეს მას, შეიკრძალა იგი მათგან და ღუაწლი ძლიერი დაუწინდა მას, რაჲთა ცნას, რამეთუ ყოვლისა უძლიერჱს არს სიბრძნჱ.
13. მანვე განსყიდული მართალი არა დაუტევა, არამედ ცოდვისაგან იჴსნა იგი;
14. და მის თანა შთავიდა ჯურღმულსა და კრულებათა შინა არა უტევა იგი, ვიდრემდე მოართუა მას პატივი მეფობისაჲ და ჴელმწიფებაჲ მათ ზედა, რომელნი ჰმსთავრობდეს მას, და მტყუვრად გამოაჩინნა, რომელთა-იგი ბრალი დასდვეს მას და მოსცა მას დიდებაჲ საუკუნოჲ.
15. მანვე ერი წმიდაჲ იჴსნა თესლისაგან მაჭირებელისა.
16. შევიდა სულსა მსახურისა უფლისასა და წინა-აღუდგა მეფეთა მრავალთა ნიშებითა და სასწაულებითა.
17. და მოსცა წმიდათა სასყიდელი შრომისა მათისაჲ და უძღოდა მათ გზასა საკჳრველსა, და ეყო მათ საფარველ დღისი და ნათელ ვარსკულავთა - ღამჱ.
18. და წიაღ-მოიყვანნა იგინი ზღუასა მას მეწამულსა და მოიყვანნა იგინი წყალთაგან მრავალთა.
19. ხოლო მტერნი იგი მათნი დაანთქნა, და სიღრმისაგან უფსკრულისა გამოსთხინა იგინი.
20. ამისთჳს მართალთა გამოტყუენეს უღმრთონი და აქებდეს, უფალო, სახელსა შენსა წმიდასა, და უფროჲსღა მბრძოლსა ჴელსა შენსა აქებდეს ერთობით;
21. რამეთუ სიბრძნემან აღახუნა პირნი ყრმათანი დასხნა მეტყუელად.
თავი 11
11:1–26
1. და წარმართა საქმჱ მათი ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა.
2. და განვლეს უდაბნოჲ უშჱნი, და უვალთა ადგილთა აღჰმართეს კარვები.
3. წინა-აღუდგეს მბრძოლთა და მტერთა ერეოდეს.
4. სწყუროდა და გხადოდეს შენ, და მოეც მათ კლდისაგან მწარისა წყალი და კურნებაჲ წყურიელისაჲ - ლოდისაგან ფიცხლისა.
5. რომლითაცა იტანჯნეს მტერნი მათნი, მითვე უპოვარებასა შინა კეთილი ეყოფვოდა მათ.
6. და წყაროჲსა წილ, მარადის მდინარისა, სისხლითა მძლაფრითა შეძრწუნდეს.
7. მამხილებელად ჩჩჳლთა მოწყუედისა ბრძანებისათჳს დამოეც მათ უხუად წყალი თჳნიერ სასოებისა.
8. უჩუენე ამისთჳს წყურილითა მაშინ, ვითარ-იგი მტერნი სტანჯენ.
9. ოდეს-იგი გამოიცადეს და წყალობითაღა ისწავებოდეს, გულისხმა-ყვეს, ვითარ-იგი რისხვით ისაჯებოდეს და იტანჯებოდეს უღმრთონი.
10. რომელთამე, ვითარცა მამაჲ, ასწავებდ და გამოსცდიდ, ხოლო მათ, ვითარცა სასტიკი მეუფჱ, დასჯიდ და განიკითხვედ.
11. და შორიელნი და მახლობელნი ეგრე გოდებდეს:
12. რამეთუ მრჩობლმან შეიპყრნა იგი მწუხარებამან და სულთქუმამან მოჴსენებისა მის წარსრულთამან.
13. რამეთუ ოდეს ესმა თჳსთაგან ტანჯვათა ქველისყოფასა მათსა, აგრძნობდეს უფლისასა.
14. რამეთუ რომელ-იგი ბოროტი მაშინ დაეცა მათ ზედა, განწირეს და ჰბასრობდეს და უკუანაჲსკნელ მოწევნაჲ საქმეთაჲ მათ უკჳრდა, არა მსგავსად მართალთა მათ სწყუროდა.
15. ზრახვათა მათთჳს უგულისხმოთა სიცრუვისა მათისათა, რომელსა შესცთეს და ჰმსახურებდეს პირუტყუთა, ქუეწარმავალთა და მფრინველთა შეურაცხთა, მოუვლინა მათ სიმრავლჱ პირუტყუთა მჴეცთაჲ შურისმგებელად,
16. რაჲთა ცნან, რამეთუ რომლითა ვინცა-ვინ ცოდის, მითაცა ისაჯებინ.
17. რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლადძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,
18. გინა ახლადდაბადებული და გულისწყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,
19. რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.
20. და თჳნიერ ამათსა ერთითა მობერვითა სულისაჲთა შემძლებელ იყო დაცემად, და საშჯელისაგან იდევნნეს, და განიბნინეს სულისაგან ძლიერებისა შენისა; არამედ ყოველი ზომით და რიცხჳთ და საწყაულით განაწესე.
21. რამეთუ დიდად ძლიერებაჲ შენი შენ თანა არს მარადის, და სიმტკიცესა მკლავისა შენისასა ვინ წინა-აღუდგეს?
22. რამეთუ ვითარცა წამი სასწორისაჲ, არის ყოველი სოფელი შენ წინაშე, უფალო, და ვითარცა ნაწუეთი ცუარისა ცისკრისაჲ, რომელი გარდამოვალნ ქუეყანად.
23. ხოლო სწყალობ ყოველთა, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც, და უგულებელს-ჰყოფ ცოდვათა კაცთასა სინანულისათჳს.
24. რამეთუ გიყუარს ყოველი, რომელი არს, და არარაჲ გძაგს, რომელი შეჰქმენ, რამეთუ არარაჲ საძულველი ჰქმენ.
25. ვითარმცა უკუე დაადგრეს, შენ თუმცა არა გინდა? და ანუ თუ არაწოდებული შენ მიერ ვითარმცა დაიმარხა?
26. ჰრიდებ ყოველსა, რამეთუ შენი არს ყოველი, უფალო სულთმოყუარეო.
თავი 12
12:1–27
1. რამეთუ უჴრწნელი სული არს ყოველსა შინა.
2. ამისთჳსცა შეცოდებულთა მცირედ-მცირედ ამხილებ, და რომელთა შინა ცოდვენ, მოაჴსენებ და სწავლი, რაჲთა განთავისუფლდენ ბოროტისაგან და ჰრწმენეს შენდამი, უფალო.
3. რამეთუ პირველთა მათ მკჳდრთა წმიდისა ქუეყანისა შენისათა, რომელნი მოიძულენ
4. საძაგელთა საქმეთათჳს და საქმეთა გრძნებისათა და კერპობათა არაწმიდებისათა,
5. შვილთა მოსრვისა უწყალოებისათჳს და ნაწლევთ-მჭამელობითისა სუმისათვის კაცობრივთა ხორცთა და სისხლისა მტკნარისასა შორის საიდუმლოთა საღმრთოთა შენთა,
6. და თავჴედთა მკლველთა სულთა შეუწევნელთასა - ჰზრახე წარწყმედაჲ მათი ჴელითა მამათა ჩუენთაჲთა,
7. რაჲთა ღირსი მკჳდრობაჲ მოიღოს ღმრთისა მონათაჲ, რომელი შენ წინაშე უპატიოსნჱს არს ყოვლისა ქუეყანისა.
8. არამედ ამათცა, რამეთუ კაცნივე იყვნეს, ერიდე, და წარავლინენ წინამორბედნი შენნი ბზიკნი, რაჲთა იგინი მცირედ-მცირედ მოსრნენ.
9. არა შეუძლებელ იყო განწყობით უღმრთოთაჲ მართალთა ჴელთა მიცემად, გინა სიტყჳთა უწყალოჲთა ერთსა შინა წამსა შემუსრვად,
10. არამედ ჰშჯიდ და ჟამად-ჟამად ჰსცემდ ადგილსა სინანულისასა, არა უმეცარ იყავ, ვითარმედ ბოროტ არს მყოფებაჲ მათი და დანერგულ უკეთურებაჲ მათი, და რამეთუ არა იცვალნენ გულისზრახვანი მათნი.
11. რამეთუ თესლი იყო დაწყეული დასაბამითგან, და არცა გეშინოდა ვისა, რომელსა ცოდვიდეს და მისთჳს შენ შენდობასა ჰსცემდ.
12. ვინ-მე გრქუას შენ, ვითარმედ: «რაჲ-ესე ჰყავ შენ»? ანუ ვინ-მე წინა-აღუდგეს საშჯელსა შენსა? ანუ ვინ გაბრალოს შენ ნათესავთა წარწყმედისათჳს, რომელი შენ ჰყავ? ანუ ვინ საშჯელად წარმოგიდგეს შენ შურისმეძიებელი ცრუთა კაცთათჳს?
13. არცაღა არს სხუაჲ ღმერთი, რომელსამცა ზრუნვაჲ რაჲმე ედვა ყოველთათჳს, რაჲთა აჩუენო, ვითარმედ არა ნაცილად დასაჯენ.
14. არცა მეფემან, არცა სხუამან მძლავრმან თუალთ-მიდგმად უძლოს შენდა, რომელთათჳს სტანჯენ იგინი.
15. რამეთუ მართალ ხარ და სიმართლით განაგებ მას, რომელი არა ღირს ტანჯვად და დაშჯად უცხოჲ იგი შენისაგან ძლიერებისა.
16. რამეთუ ძლიერებაჲ შენი - სიმართლისა დასაბამ, და ყოველთა ზედა უფლებაჲ შენი ყოველთა რიდებას გცემს შენ.
17. რამეთუ ძალსა აჩუენებენ, რომელი ვერ სარწმუნო არს ძალსა ზედა სრულებისასა, და მათ შორის, რომელთა იციან, სასტიკად ამხილებ.
18. ხოლო შენ უფლებ ძლიერებით და სახიერებით განიკითხავ, და მრავლითა შენდობითა განგჳგებ ჩუენ საცხორებელსა ჩუენსა, რამეთუ შენ თანა არს შეძლებაჲ, ოდეს ინებო.
19. რამეთუ შენ ასწავე ერსა შენსა ესევითართაგან საქმეთა, რამეთუ ჯერ-არს მართლისა, რაჲთა კაცთმოყუარე იყოს, და სასოკეთილ ყვენ ძენი შენნი, რამეთუ ჰსცემდ ცოდვათათჳს სინანულსა.
20. უკუეთუ მტერთა მონათა შენთასა და თანამდებთა სიკუდილისათა ესევითარითა სტანჯვედ კრძალვითა და ვედრებით, მოჰსცემდ ჟამსა მარჯუესა, რაჲთა განერნენ ბოროტისაგან.
21. რავდენ უფროჲს სამართლითა განიკითხნე ძენი შენნი, რომელთა მამათა ფიცისათჳს და აღთქუმისა მოჰსცენ კეთილთა აღნათქუემნი?
22. ჩუენ გუასწავლიდ, ხოლო მტერთა ჩუენთა ბევრ წილ სტანჯევდ, რაჲთა სახიერებასა შენსა ვზრუნვიდეთ განკითხვით, გან-რაჲ-ვიკითხნეთ, და მოველოდით წყალობასა.
23. რომლისათჳს უგუნურებით ცხოვრებულნი იგი ცრუნი თჳსთა განსაგებელთა სტანჯევდ:
24. რამეთუ საცთურისა მათ გზათა უშორესად შესცთეს, ღმრთად ჰგონებდეს მათცა, რომელნი-იგი საცხოვართა შორის არიან მტერთანი შეურაცხნი, და ჩჩჳლთა უგუნურთა შეიტყუვნეს.
25. ამისთჳს, ვითარცა ყრმათა შეურაცხთა, საშჯელი სიმღერით მიუვლინე მათ.
26. ხოლო იგინი, რომელნი სიმღერით შერისხვასა მას ვერ განერნეს, ღირსი ღმრთისა საშჯელი გამოიცადონ.
27. რომელთა-იგი ზედა მათ ევნებოდა და განრისხნებოდეს, ამისთჳს, რომელთა-იგი ჰგონებდეს ღმრთად, მათ შინა იტანჯებოდეს, იხილეს, რომელსა-იგი პირველ უვარებდეს ცნობად ღმერთსა, იცნეს ჭეშმარიტი, ამისთჳს რამეთუ აღსასრული დასჯისაჲ მათ ზედა მოიწია.
თავი 13
13:1–19
1. რამეთუ ამაო არიან ყოველნი კაცნი, რომელთა თანა არა არს ღმრთისა სიბრძნჱ და ხილულთაგან კეთილთა ვერ უძლეს ცნობად არსი იგი, არცაღა, რამეთუ ქმნულთა მათ არა ჰხედვიდეს, იხილეს ხუროჲ იგი.
2. არამედ ცეცხლი, გინა ქარი, ანუ მწრაფლი აერი, ანუ მწყობრებაჲ ვარსკულავთაჲ, ანუ სიმძაფრჱ წყლისაჲ, ანუ მნათობთა ცისათა, საწუნელთა სოფლისათა, ღმრთად ჰგონებდეს.
3. რომელნი-იგი სიკეთესა მათსა განსცხრებოდეს და ღმერთ ეგონნეს, ცნედ, რავდენ უფროჲს ღმერთი მათი უმჯობჱს არს, რამეთუ კეთილისა საქმითა მთავარმან დაჰბადნა იგინი.
4. უკუეთუ ძალსა ზედა და ქმნულებასა განჰკრთეს, ცნედ მათგან, ვითარ-იგი რომელმან შექმნნა, უფროჲს გულისხმისსაყოფელ არს.
5. რამეთუ სიმდიდრისაგან სიკეთისა დაბადებულთაჲთა შემსგავსებულად შექმნულთა მოქმედი იგი მათი იხილვების.
6. არამედ ეგრევე ამათ ზედა არს ბრალი მცირედი, და რამეთუ ესენი, ვინ უწყის, ცთებოდეს და ღმერთსა ეძიებდეს და უნდა პოვნად:
7. რამეთუ ქმნულთა შინა მისთა იქცევიან და ეძიებენ, და ჰრწამს პირისა ხილვითა, ვითარმედ კეთილ არს ხილული ესე.
8. და არცა ესენი კუალად შენდობისა ღირს არიან,
9. ვინაჲთგან ესოდენ შეუძლეს ცნობად, რაჲთა უძლონ შემსგავსებად საუკუნოჲ ესე, ამათი იგი უფალი ვითარ არა უდარჱს პოვეს?
10. უბადრუკთა, რომელთაჲ სასოებაჲ მათი მკუდართა თანა არს, და რომელთა ჰრქუეს ღმერთ ქმნულსა ჴელთა კაცთასა, ოქროჲ და ვეცხლი, ხუროებისა სწავლაჲ და მიმსგავსებაჲ საცხოვართაჲ, და ქვასა უჴმარსა, ჴელითქმნულსა დასაბამისასა.
11. და უკუეთუ ვინმე ტყის-მკაფელმან კეთილად მეორძი ნერგი განხერხა და მოთალა სწავლულად ნაქურცენი მისი, და ჴელოვნებით შექმნა იგი შუენიერად საჴმარად ჭურჭრად, სამსახურებელად ცხოვრებისა,
12. ხოლო ნეშტი იგი საქმრისაჲ მის - მოსამზადებელად საშუებელისა, შეჭამა და განძღა;
13. ხოლო მეტი იგი მისი მათგანი - არარაჲ საჴმარ, ძელი, დრკუ და რტოჲთა შეტენილი, მოიღო და გამოჭრა იგი მოღუაწებითა უქმებისა მისისაჲთა, და მეცნიერებითა მოცალებისაჲთა გამოსახა იგი,
14. ანუ რასმე ცხოველსა შეურაცხსა მიამსგავსა იგი და მოწერა იგი წარნაქითა და ძოწითა მეწამულ ქმნა ფერი მისი, და ყოველი ნაბრძჳრი მისი მას შინა მოგოზა თიჴითა,
15. და უქმნა მას ღირსი საყოფელი, კედელსა თანა დადგა იგი და დაემტკიცა იგი რკინითა.
16. რაჲთა არ დაეცეს იგი, წინაჲსწარ უზრუნა მას, უწყის, რამეთუ ვერ ძალ-უც თავსა თჳსსა შეწევნად, რამეთუ არს იგი ხატი და უჴმს მას შეწევნაჲ.
17. და მონაგებთა მისთათჳს და ქუეყანისა და შვილთა მისთათჳს ილოცავს, და არა ჰრცხუენის, რამეთუ უსულოსა ეტყჳს,
18. და სიცოცხლისათჳს უძლურსა ჰხადის, და ცხოვრებისათჳს მკუდარსა ევედრების, და გზისა სლვისათჳს - მას, რომელსა ფერჴისა წარდგმადცა ვერ ძალ-უც.
19. და რეწვისათჳს და საქმისა და ჴელთა განმარჯუებისა მედგრისაგან ჴელთა სიმჴნესა ითხოვს.
თავი 14
14:1–31
1. კუალად სიმდიდრისათჳს წარსრულისა და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრჱსსა ძელსა უღაღადებს.
2. რამეთუ იგი გულისთქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროებამანვე, სიბრძნისამან ქმნა.
3. ხოლო შენი, მამაო, წინაჲსწარ განზრახვაჲ იღუწის მას, რამეთუ მოეც ზღუასა ზედა გზაჲ და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი აჩუენენ.
4. რამეთუ ძალ-გიც ყოვლით კერძოვე ცხორებად, რაჲთა დაღათუ თჳნიერ ვინმე ხუროებისა შევიდეს.
5. რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმჱ; ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სულნი, და განვლნიან ღელვანი და ძელითა განვიდიან.
6. რამეთუ დასაბამსაცა წარწყმედასა მას ამპარტავანთასა სასოებაჲ სოფლისაჲ ძელსა შეევედრა და დაუტევა საუკუნესა მას თესლი ნათესაობისაჲ, რომელი ჴელითა შენითა ცხონდა და განერა.
7. რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა სიმართლჱ.
8. ხოლო ჴელითქმნული იგი - წყეული, და მოქმედი მისი, რამეთუ რომელმან იგი ქმნა და მოკუდავსა მას ღმრთად სახელ-სდვა,
9. რამეთუ სწორად საძულელ არიან ღმრთისა, რომელმან უღმრთოებაჲ ყო და უღმრთოებაჲ მისი;
10. რამეთუ ქმნული იგი მოქმედისა თანა იტანჯოს.
11. ამისთჳს კერპთა შორის წარმართთაჲსა მოხედვაჲ იყოს, რამეთუ დაბადებულთა შინა საძაგელ იქმნა, და საცთურ - სულთათჳს კაცთაჲსა და საბრჴჱ - ფერჴთა უგუნურთა.
12. რამეთუ დასაბამი განდგომისაჲ - მოგებაჲ კერპთაჲ, და პოვნაჲ მათი - განხრწნაჲ ცხორებისაჲ.
13. და არცა იყო სადა დასაბამითგან და არცა იყოს.
14. რამეთუ უცნებაჲ კაცთაჲ შემოჴდა სოფლად, მის გამოცა მწრაფლი აღსასრული მათ ზედა მოივლინა.
15. რამეთუ უჟამოსა გლოვასა ზედა გოდებდა მამაჲ ადრე მიღებისათჳს შვილისა, ხატი შეექმნა, ოდესმე მკუდარსა კაცსა აწ, ვითარცა ღმერთსა, პატივ-სცემს, და მისცა მის ქუეშე მყოფთა მათ საიდუმლოჲ და მსახურებაჲ.
16. და მერმე ჟამად-ჟამად დამტკიცნა უღმრთოებაჲ იგი და ჩუეულებაჲ ესრჱთი, ვითარცა შჯული, დაიდვა, და მძლავრთა ბრძანებითა იმსახურებოდეს კერპნი.
17. რომელთა პირისპირ ვერ უძლეს პატივისცემად კაცთა შორისყოფითა, შორისა იგი პირი გამოსახეს: და ქმნეს გამოჩინებული ხატი მეფისაჲ, რაჲთა, ვითარცა მუნ მყოფთა, შორიელსა მას ექენებოდიან წრაფითა მით.
18. ბრძანებად შჯულისა ვითარცა უმეცართა ამისა შემდგომად ხუროჲსა პატივისმოყუარებამან მოიყვანნა.
19. რომელსამე, ვინ უწყის, მთავრისაჲ მის უნდა სათნო-ყოფაჲ და იარებოდა ხუროებით მსგავსებასა უმჯობჱსად;
20. რაჲთა სიმრავლჱ იგი მოიზიდოს უკეთჱსითა მით საქმისაჲთა, უწინარჱს მცირედისა ჟამისა პატივ-ცემული კაცი სამსახურებელად შეერაცხა.
21. და ესე იქმნა სოფლისა ამის საცთურ, რამეთუ გინა ბოროტსა რასმე, გინა მძლავრობასა ჰმონებდენ კაცნი, უზიარებელი სახელი ქვათა და ძელთა დასდვეს.
22. მერმე კუალად ვერ კმა-ეყო საცთური ესე ღმრთისა თანა და მისა მიმართ უმეცრებისაჲ, არამედ დიდსა შინა ცხონდებოდეს უმეცრებისა ბრძოლასა, და ესოდენსა ბოროტსა მშჳდობა ჰრქჳან.
23. ანუ შვილთა კლვასა კერპთათჳს, ანუ ფარულსა საიდუმლოსა, ანუ სიცბილსა ცვალებულთა შჯულთა კრება-ჰყოფდეს.
24. არცა ცხოვრებასა, არცა ქორწილსა წმიდასა იმარხვენ, მერმე მოყუასი მოყუასსა ანუ შობასა მოჰკლავს, ანუ მრუშებით ელმის.
25. ყოველი აღრეულად აქუს: სისხლი, კაცის-კლვაჲ, პარვაჲ და ზაკუვაჲ, ჴრწნილებაჲ და უჴრწნელებაჲ, ცრუ ფიცებაჲ, შფოთი,
26. კეთილთა არა მოჴსენებაჲ, სულთა შეგინებაჲ, შესაქმისა ცვალებაჲ, ქორწილთა უწესოებაჲ, მრუშებაჲ და სიბილწჱ.
27. რამეთუ უსახელოთა კერპთა მსახურებაჲ ყოვლისა ბოროტისა დასაბამი, ბრალი და დასასრული არს:
28. ანუ იხარებედ რაჲ, ცბიედ, ანუ წინაწარმეტყუელებედ ნაცილსა, ანუ ცხონდებიედ სიცრუვით, ანუ ცილსა ფუცვენ ზედაჲსზედა.
29. რამეთუ უსულოთა ესვენ კერპთა, ბოროტად ფუცვენ და ვნებასა არა მოელიედ.
30. ხოლო ორთავე მათ ერთბამად მოუჴდეს სამართალი: რამეთუ ბოროტად იზრახეს ღმრთისათჳს, ჰხედვიდეს რაჲ კერპთა, და ნაცილად ფუცვიდეს ზაკუვით და შეურაცხ-ყვეს სიღირსისა იგი მადლი.
31. რამეთუ არა რომელთა მიმართ ფუცვიდეს მათი ძალი, არამედ რომელნი ცოდვიდეს, საშჯელი მოუვალს მარადის ცრუთა მათ საშჯელისა გარდასლვისათჳს.
თავი 15
15:1–19
1. ხოლო შენ, უფალო ჩუენო, ტკბილ ხარ და ჭეშმარიტ, სულგრძელ და წყალობით განაგებ ყოველსა.
2. დაღათუ ვცოდოთ, შენნივე ვართ და ვიცით ძალი შენი; ხოლო არა ვცოდოთ, ვიცით, რამეთუ შენდა შერაცხილ ვართ.
3. რამეთუ ცნობაჲ შენი ყოლად სიმართლჱ არს და უწყებაჲ შენი ძირი არს უკუდავებისაჲ.
4. რამეთუ არცა მაცთუნნა ჩუენ კაცთა ბოროტისა მანქანებისა მოპოვნებამან და არცა აჩრდილის-მწერალთა შრომამან უნაყოფომან, ძეგლმან ღებულმან, ფერითა ცვალებულმან.
5. რომელთაჲ პირი უგუნურთაჲ გულისთქუმად მოვიდის, გუსურის მკუდართა ხატი ხილვად უსულოჲ.
6. ბოროტთა ტრფიალნო, ღირსნო ეგევითარისა სასოებისანო, და რომელნი იქმთ და გსურის და რომელთა ჰმსახურებთ.
7. რამეთუ მეკეცემან ჩჩჳლი შეზილის მიწაჲ, რუდუნებნ და შექმნის ჭურჭერი სამსახურებელად ჩუენდა თითო-სახჱ, არამედ მისგანვე თიჴისა შექმნა წმიდათა სამსახურებელი ჭურჭერი, და კუალად წინააღმდგომი ყოველი ეგრევე მსგავსად; ამათი სხუაჲ რაჲმე არს ჴუმევაჲ, და მსაჯულ არს თიჴისმოქმედი.
8. და ბოროტსა რუდუნებს, ღმერთი ამაოჲ მისვე თიჴისაგან შეიქმნა, რამეთუ მცირედ უწინარჱს მიწისაგან იშვა, და მცირისა ჟამისა შემდგომად წარვალს, ვინაჲცა მოიღო, და სულისაჲ იგი მიეჴადოს თანანადები.
9. არამედ არს მისი ზრუნვაჲ, არა თუ რაჲთა დაშურეს, და არცა რამეთუ მოკლჱ-დასასრული ცხოვრებაჲ აქუს, არამედ გული შეუპყრიეს ოქროჲსმჭედელთა და ვეცხლისმოქმედთა, ჰბაძავს და დიდებად შეურაცხიეს, რამეთუ უნდოსა იქმს.
10. ნაცარ არს გული მისი და მიწისა უუჴმარჱს - სასოებაჲ მისი და თიჴისა უფროჲს უპატივო - ცხოვრებაჲ მისი.
11. რამეთუ ვერ იცნა შემოქმედი თჳსი და რომელმან შთაჰბერა მას სული შემწჱ და მოჰსცა მას სული ცხოვრებისაჲ.
12. არამედ შეჰრაცხა სამღერელად ცხოვრებაჲ ჩუენი და სოფელი ესე - სავაჭრო შესაძინელ, რამეთუ ჯერ-არს ბოროტისაგან ვინაჲთვე მორეწვაჲ.
13. რამეთუ ამან უფროს ყოველთასა იცის, რამეთუ ცოდავს, ნივთისაგან მიწოვნისა ადვილად შესამუსრველი ჭურჭერი და გამოქანდაკებულსა იქმს.
14. ესე ყოველნი უუგუნურჱს და უუბადრუკჱს უფროჲს სულისა ყრმისა ჩჩჳლისა, მტერნი ერისა შენისანი ჰმსძლავრობდეს მას.
15. რამეთუ ყოველნი კერპნი წარმართთანი შეერაცხნეს ღმრთად, რომელთა არცა თუალნი საჴმარ ხედვად და არცა ცხჳრნი უკუნ-საღებელად აერისა და არცა ყურნი სმენად და არცა თითნი ჴელთანი საქმედ, და ფერჴნი მათნი უქმ სლვისათჳს.
16. რამეთუ კაცმან შექმნა იგი, და რომელსა სული ვასხებული აქუს მას, დაჰბადნა იგინი, რამეთუ არავინ მისა მსგავს შეუძლოს კაცმან შესაქმედ ღმერთი.
17. რამეთუ მოკუდავი არს და მკუდარი შექმნა ჴელითა უშჯულოჲთა, რამეთუ უმჯობჱს არს იგი სამსახურებელთა მათ მისთა, რამეთუ ესე ოდესმე ცოცხალ იყო, ხოლო იგი არასადა.
18. და საცხოვართაცა საძაგელთა ჰმსახურებენ, რამეთუ უგუნურებასა შეტყუებული სხუათა არს უუძლურჱს.
19. და არცა ეგოდენ სასურველ, ვითარცა-იგი პირი საცხოვართაჲ, უკეთჱს არს, რამეთუ განერა ღმრთისაცა ქებასა და კურთხევასაცა მისსა.
თავი 16
16:1–29
1. ამისთჳსცა მსგავსად იტანჯნეს, ვითარცა ღირდეს, სიმრავლეთა მფრინველთა იგუემნეს.
2. რომელ ტანჯვისა წილ კეთილი უყავ ერსა შენსა, გულისსათქუმელად ნებისა უცხოჲ გემოჲ საზრდელი განუმზადე - მწყერმარხილი
3. რაჲთა მათ გული-უთქუმიდეს საზრდელისა მისთჳს, რომელი-იგი უჩუენა მათ მოსრული, და უსაქმარჱსსა მას ნებასა გარე-მოიქცენ; ხოლო ესენი ნაკლულევან იყვნეს მცირედსა, რაჲთა უცხოჲსა გემოჲსა ჭამონ.
4. რამეთუ ჯერ-იყო მათდა განურინებელი ნაკლულევანებაჲ მოწევნად მათ ზედა, რომელნი-იგი ჰმსძლავრობდეს მათ, ამათ რაჲთა უჩუენოს ხოლო, ვითარ-იგი მტერნი მათნი იტანჯებოდეს.
5. და რაჟამს-იგი მოუჴდა მათ ბოროტი მჴეცთა გულისყწრომაჲ, კბენითა გულარძნილთა გუელთაჲთა განირყუნებოდეს, არავე სრულიად დაადგრა რისხვაჲ იგი.
6. სწავლისა მისთჳს მცირედ ჟამ შეძრწუნდეს, და თანაშემწედ აქუნდა იგი ცხოვრებისა, მოსაჴსენებელად მცნებისა შჯულისა შენისა.
7. რომელ-იგი მოიქცის, არა ხილულისა მისგან ცხონდებოდა, არამედ შენ მიერ, ყოველთაგან მაცხოვრისა.
8. და ამით ჯერითაცა აცნობევე მტერთა ჩუენთა, ვითარმედ შენ ხარ მჴსნელი ყოვლისაგან ბოროტისა:
9. რამეთუ მათ მკალთაჲ და მწერთაჲ მოჰსრვიდა კბენაჲ, და ვერ იპოვა კურნებაჲ სულთა მათთაჲ, რამეთუ ღირდეს-ვე ეგევითართა ტანჯვად.
10. ხოლო ძეთა შენთა არცა დევთა გესლოვანთანი ერეოდეს კბილნი, რამეთუ წყალობაჲ შენი თანა იყო და ულხინებდა მათ.
11. რამეთუ მოსაჴსენებელად სიტყუათა შენთა ეწერტებოდა, და მეყსეულად გან-ხოლო-იკურნებოდეს, რაჲთა არა სიღრმესა შეცჳვენ დავიწყებისასა და განშოვრებულ იყვნენ შენისაგან ქველისსაქმისა.
12. რამეთუ არცა მწუანეთაგან, არცა სალბუნი ჰკურნებდა მათ, არამედ სიტყუაჲ შენი, უფალო, რომელი ყოველთა მკურნალი არს.
13. რამეთუ შენ ცხოვრებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს: და შთაიყვანებ ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და აღმოიყვანი.
14. რამეთუ კაცი მოკუდების უკეთურებითა თჳსითა, და გამოვიდის სული, და არა კუალად-იქცის, და არცა მოიქცეს სული რომელი წარვიდის.
15. რამეთუ ჴელისა შენისაგან სივლტოლად ვერ ჴელ-ეწიფების:
16. რამეთუ უვარ-გყოფენ შენ უღმრთონი, ძლიერებითა მკლავისა შენისაითა იგუემნეს, და უცხოჲთა წჳმითა და რღუნითა იდევნნეს განურინებელითა, და ცეცხლითა განლეულნი იტანჯებოდეს.
17. რამეთუ განსაკჳრვებელი იგი ყოველთაჲ - დამშრეტელსა შინა წყალსა უფროჲსად განძლიერდებოდა ცეცხლი, რამეთუ შემწე არს სოფელი მართალთა.
18. ოდესმე დამშჳდნებოდა ალი იგი, რაჲთა არ შეწუნეს უღმრთოთა ზედა მომავალნი მჴეცნი, და რაჲთა იგინი ცხადად ჰხედვიდენ, ვითარმედ ღმრთისა საშჯელითა იდევნებიან.
19. და ოდესმე წყალსა თანა უფროჲს ცეცხლისა ძალისა შესწუავნ, რაჲთა სიცრუვისა ქუეყანისა ნაყოფი განრყუნეს.
20. რომელთა წილ ანგელოზთა საზრდელი აჭამე ერსა შენსა, და მზაჲ პური ზეცით მოეც მათ უშრომელად, რომელსა ყოველი გემოჲსა ძალი აქუნდა და ყოვლისა მიმართ ნაწევრისა გემოჲსა.
21. რამეთუ ძალი შენი სიტკბოებასა შვილთა შენთასა აჩუენებდა, და მოწევნულსა მას გულისთქუმასა მათსა ჰმსახურებდა, არა დაცვის უნდა, ეგრეცა გემო ექმნებოდა.
22. თოვლი და მყინვარი დაუთმობდა ცეცხლსა და არა დადნებოდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მტერთა ნაყოფსა განჰრყუნიდა ცეცხლი იგი, რომელ აღატყდებოდა, სეტყუასა თანა და წჳმათა შინა ელვიდეს.
23. ესე კუალად რაჲთა იზარდებოდიან მართალნი და თჳსი იგი ძალი დაავიწყდეს.
24. რამეთუ ყოველი დაბადებული შენ, შემოქმედსა, გმსახურებენ, და მისწუდების სატანჯველად ცრუთა და დასცხრების ქველის-ყოფად შენთა მოსავთათჳს.
25. ამისთჳსცა ყოლად კერძო მიიცვალებოდა და ყოლად სახელსა შენსა ნიჭსა ჰმსახურებდა მვედრებელთა შენთაებრ ნებისა,
26. რაჲთა ისწავონ ძეთა შენთა, რომელნი შეიყუარენ, უფალო, რამეთუ არა ყოფანი ნაყოფთანი ზრდიან კაცსა, არამედ სიტყუაჲ შენი, რომელთა შენდამი ჰრწამს, მათ დაიცავს.
27. რომელ-იგი ცეცხლითა ვერ განჴურდებოდა, მცირითა მზისთუალითა დადნებოდა.
28. რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ოდეს ჯერ-არს მზისა მოწევნაჲ სამადლობელად შენდა და აღმოსავალად ნათლისა შემთხუევად შენდა.
29. ხოლო უმადლოჲსა სასოებაჲ, ვითარცა ზამთრისა თრთჳლნი, დადნეს, და დიოდეს ვითარცა წყალი უჴმარი.
თავი 17
17:1–20
1. რამეთუ დიდ არიან განკითხვანი შენნი და ძნიად მისათხრობელ, ამისთჳს უსწავლელნი სულნი შესცთეს.
2. რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ ჰმძლავრონ ერსა წმიდასა უშჯულოთა მათ, კრულნი ბნელითა და გრძელითა შეპყრობილ იყვნეს ღამითა, და შეყენებულ იყვნეს სახლებსა, ვლტოლვილნი საუკუნოჲსაგან, წინაჲსწარ ცნობისა დაცემულნი ისხნეს.
3. და დავიწყებასა ჰგონებდეს დაფარულთათჳს ცოდვათა უჩინოჲთა დავიწყებისა დაფარვითა და განიბნინეს დასულებულნი ბოროტად და ჰამბავითა შეძრწუნებულ იყვნეს.
4. და არცაღა, რომელსა შეეპყრნეს იგინი წყუდიადსა, უშიშად ჰსცვიდა, ოხრანი დაეცემოდეს მათ და გარე-მოიცვა, და საუცრებანი განუღიმებელნი მწუხარითა პირებითა გამოუჩნდებოდა მათ.
5. და ცეცხლისა მძლაფრისაჲ არცა ერთი შემძლებელ იყო განლევად, და არცა ცეცხლისდებანი იგი განაბრწყინებდეს, მოტყინარენი დაუთმობდეს წყუდიადსა მას ღამისასა.
6. და ეჩუენებოდა მათ გარნა თჳთ იგი ცეცხლი, შიშითა სავსჱ, და განოცებულნი ვერხილულისა მისგან პირისა შეერაცხა იგი უძჳრჱს ხილულისა მის.
7. ხოლო გრძნებისაჲ იგი სიმღერისა ჴელოვნებაჲ დაცემულ იყო ქუეყანად, და გონებისა იგი სილაღისა მამხილებელი საგინებელად იყო.
8. რომელნი-იგი უთქუმიდეს რისხვასა და შეძრწუნებასა წარქცევად სულსა სნეულისასა, საკიცხელითა შიშითა დასნეულდეს.
9. და შეურაცხიცა ნიში აშინებდა მათ, მფრინველთა თანაწარსლვითა და ქუეწარმავალთა სტუენითა მოისრვოდეს ძრწოლით, და ვერ-ვინაჲ-განსარინებელსა მას აერსა თუალთა მიდგმად უვარებდეს.
10. რამეთუ შიში თჳსი არს უკეთურებისაჲ, თჳსითა მოწამებითა დაისაჯების, მარადის მოიპოვებნ ბოროტსა და შეიწრებულ არნ იგი იჭჳთა თჳსითა.
11. არა არს შიში განცემითა და გულის-სიტყუათა შეწევნითა.
12. რამეთუ შინაგან არს მოუძლურებისა იგი მოლოდებაჲ და უმრავლესსა განიზრახავნ უმეცრებასა ამის ტანჯვისა მიზეზითა.
13. ხოლო იგინი განუხრწნელითა მით, რომელ იყო ღამჱ, და წარუვალითა მით, რომელ ჯოჯოხეთისა სიღრმისაგან მოუჴდა, მითვე ძილითა ეგჳპტელთა მათ ეძინა,
14. და ნიშებისა მის საუცრებითა იდევნებოდეს, ხოლო სულისა იგი სასოებაჲ დაჰჴსნდებოდა, რამეთუ მეყსეული და მოულოდებელი შიში დაეცა მათ ზედა.
15. და ესრჱთ, ვინცა იყო მუნ, დაეცემოდა, მოცვულ იყო თჳნიერ ჯაჭჳსა რკინისაჲსა და საპყრობილესა შეწყდომილ.
16. დაღათუ ქუეყანისმოქმედი ვინ იყო, გინა მწყემსი, გინა უდაბნოსმუშაკი - რუდუნებასა შე-ვე-ეპყრა, განუჴსნელითა მით ჭირითა დაიპყრა, რამეთუ ერთითა ჯაჭჳთა ბნელისაჲთა შეკრულ იყვნეს იგინი.
17. გინა ქარი ანქრევდა, გინა შემოსილითა ფრფითა კაკაჩებაჲ მფრინველთაჲ და ოხრისა სახიობაჲ, გინა დინებაჲ წყალთაჲ, რომელი ვალნ სასტიკად,
18. გინა ბგერაჲ განმაკრთობელი და დაზულევაჲ კლდეთაჲ, გინა ხლდომაჲ საცხოვართაჲ უხილავი, გინა ყჳრილი და მძჳნვარეთა მჴეცთა ჴმაჲ და კუალადმოქცეულნი ღელოვანთაგან მთათა ოხრანი დაჰჴსნიდა მათ შიშითა.
19. რამეთუ ყოველი სოფელი ცეცხლისა ნათლისა ბრწყინვიდა, და დაუბრკოლებელთა შეპყრობილ იყო საქმეთა მათ ზედა;
20. ხოლო გარდართხმულ იყო მძიმჱ იგი ღამჱ, ხატი იყო იგი მერმისაჲ მის ბნელისაჲ, რომლითა დაპყრობად არიან იგინი.
თავი 18
18:1–25
1. ხოლო წმიდათა შენთაჲ დიდი იყო ნათელი, რომელთაჲ ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხატსა არა ჰხედვიდეს, რამეთუ მათცა ევნებოდავე და ჰნატრიდეს,
2. ვითარმედ არა ავნებენ, წინაჲსწარღა იგი ევედრებოდა, ჰმადლობდეს ღმერთსა, და თანაწარსლვისათჳს სიხარულით ევედრებოდეს.
3. და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისამოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.
4. რამეთუ ღირდეს-ვე იგინი მოკლებისა მის ნათლისა, და რაჲთა შეყენებულ იყვნენ ბნელსა, რომელთა-იგი პყრობილად ეპყრნეს ძენი შენნი, რომელთა მიერ მოცემად იყო შჯული უხრწნელი და ნათელი სოფელსა მოწევნად.
5. ხოლო მათ ეზრახა წმიდათა მათ ჩჩჳლნი მოწყუედად, ხოლო ერთისა, რომელ განაგდეს შვილი, განერა; მამხილებელად მათა მათისა მისთჳს სიმრავლისუყუარულებისა შვილთაჲსა ერთბამად წარწყმიდენ იგინი სიმრავლესა შინა წყალთასა.
6. იგი ღამჱ წინაჲსწარ ეუწყა მამათა ჩუენთა, რაჲთა გულითად იცოდიან, რომელთაჲ ფიცი ჰრწმენა და გული იტყოდის.
7. შეიწირა ერისაგან შენისა ცხოვრებაჲ მართალთაჲ, მტერთა წარწყმედაჲ;
8. ხოლო ვითარცა-იგი სტანჯენ მტერნი, ესრევე ჩუენ გჳწოდე და გუადიდენ.
9. რამეთუ ფარულად შესწირვიდეს წმიდანი შვილნი სახიერთანი, და სიწმიდისა იგი შჯული ერთობით დაიდვეს, ეგრევე მსგავსადცა კეთილთაჲ მათ და პატიჟი მიღებად წმიდათა, მიერითგანვე უწინარჱს მამასა უგალობდეს ქებით.
10. ხოლო თანა-უოხრიდა შეუთქუმელად მტერთა იგი ღაღადებაჲ, და საწყალობელი მიმოოხრიდა ჴმაჲ გოდებისაჲ მის ყრმათა მათთჳს.
11. მსგავსი საშჯელი იყო, რამეთუ მონაჲ უფლისა თანა იტანჯებოდა და გლეხსა და მეფესა იგივე ვნებაჲ ევნებოდა.
12. ერთბამად ყოველნი ერთითა სახელითა სიკუდილისაჲთა ურიცხუნი წინაშე მათსა ისხნეს მკუდარნი; ვერცაღა დაფლვად შემძლებელ იყვნეს ცოცხალნი ერთსა შინა წამსა, რამეთუ უპატიოსნჱსი ნაშობი მათი განრყუნილ იყო.
13. ყოველსავე ურწმუნო იყვნეს გრძნებითა მათითა, და მოსრვასა მას პირმშოთასა აღიარეს, ვითარმედ: ერი ღმრთისაჲ არს ესე.
14. რამეთუ ყუდროჲთა დუმილითა მოცვულ იყო ყოველი, და ღამისა სახჱ იგი მსწრაფლ განიზოგებოდა.
15. ყოლად ძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა, თუალუხუავი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მოიწია ქუეყანად,
16. მახჳლი მალჱ და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდენდა, დადგა და აღესრულა ყოველი სიკუდილითა: და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად.
17. მაშინ მეყსეულად უცნებაჲ ჩუენებათაჲ ბოროტი შეაძრწუნებდა მათ, და შიშნი მოიწინეს მათ ზედა მოუგონებელნი.
18. და სხუაჲ სხუასა ადგილსა დაცემულ იყო, ზოგი მომკუდარი, და რომლისათჳს ბრალისა მოკუდებოდა, უჩუენებდა.
19. რამეთუ ჩუენებანი აღაშფოთებდეს მათ და ამას წინაჲსწარ აუწყებდი, რაჲთა არა უმეცარ იყვნენ, რომლისათჳს-იგი ბოროტად ევნების და წარწყმდებიან.
20. შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,
21. რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა - ლოცვისა და საკუმეველისა - ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულისწყრომასა, დასასრული დადვა და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.
22. და ჰსძლო ერსა, და არა ძალითა ჴორციელითა და არცა საჭურველისა შეწევნითა, არამედ სიტყჳთა მომსრველი იგი დაიმორჩილა, ფიცნი მამათანი და აღთქუმანი მოაჴსენნა.
23. ზჳნი მეყსეულად იდვა ერთიერთსა ზედა მკუდარი, შოვრის დადგა და დააყენა ზედამოსლვაჲ იგი და განყო ცოცხალთა შორის გზაჲ.
24. რამეთუ ფერჴთა შესასხმელისა სამოსელსა იყო ყოველი სოფელი, და მამათა დიდებანი - ოთხკარგთა მათ ანთრაკთა გამოქანდაკებულ, და დიდებაჲ შენი - შარავანდსა თავისა მისისასა.
25. ესე დაიჯერა მომსრველმან მან და ამათ შეიშინეს, რამეთუ იყო რისხვისა მის გამოცდაჲ ხოლო კმა.
თავი 19
19:1–22
1. ხოლო უღმრთოთა მათ სრულიად უწყალოჲ გულისწყრომაჲ ეწია მათ, რამეთუ იცოდა მათი პირველვე მერმეჲცა იგი,
2. ვითარმედ მათ მოაქციონ კუალად და ზედა-მიუჴდენ, და მწრაფლ წარგზავნნენ იგინი და შეინანონ და დევნა უყონ მათ.
3. რამეთუ გლოვაჲ იგი გულსაღა მათსა იყო, და ჰგოდებდეს საფლავთა მკუდართასა, და მერმე სხუაჲ განიზრახეს გულისსიტყუაჲ უგუნური, და რომელნი-იგი ვედრებით განასხნეს ამათ, კუალად, ვითარცა მეოტთა, სდევდეს.
4. რამეთუ მიჰჴდიდა მათ ღირსად აღსასრული იგი უნებელი, და რომელი-იგი პირველ შემთხუეულ იყო მათდა, დაავიწყდა, რაჲთა, რომელი-იგი და-ღა-კლებულ იყო გუემისაგანი, ღირსი აღასრულონ ტანჯვაჲ,
5. და ერმან შენმან დიდებული გზასასლვაჲ გამოიცადოს, ხოლო მათ უცხოჲ სიკუდილი პოონ.
6. რამეთუ ყოველი დაბადებული ერთითა სახითა ყოფად კუალად ზემოჲთვე გამოისახვებოდა და ჰმსახურებდა შენსა ბრძანებასა, რაჲთა მონანი შენნი დაიცვნენ უვნებელნი მისგან.
7. რომელი-იგი ბანაკსა მას აგრილობდა ღრუბელი, და პირველ რომელსა-იგი აქუნდა წყალი ზღუასა მას, ჴმელად გამოჩინებული ქუეყანად ხილვითა, და მეწამულისაგან ზღჳსა - გზაჲ დაუბრკოლებელი, და მდელოვნად ველად - ღელვათაგან სასტიკად;
8. რომელსა ყოველი ნათესავი განვიდა დაფარვითა ჴელისა შენისაჲთა, და ჰხედვიდეს საკჳრველებსა ნიშებსა.
9. რამეთუ ვითარცა ცხენნი ძოვდეს, და ვითარცა კრავნი, ხლდებოდეს, და გაქებდეს შენ, უფალო, რომელმან იჴსნენ იგინი;
10. რამეთუ ეჴსენა-ღა იგი მწირობისა მათისა, ვითარ-იგი შობადთა წილ საცხოვართა გამოჰსცა ქუეყანამან ბზიკი, და წყლისა თევზთა წილ გამოჰსცა სიმძაფრჱ მყურისაჲ მდინარემან მან.
11. და უკუანაჲსკნელ იხილეს ახალი საქმჱ მფრინველთაჲ, ოდეს-იგი გულისთქუმასა შეცჳვეს, და ითხოვეს საზრდელი საშუებლისაჲ;
12. რამეთუ ნუგეშინისსაცემელად ზღუასა გამოეცა მწყერმარჴილი.
13. ხოლო ცოდვილთა მათ ტანჯვანი მოეცნეს არა თჳნიერ ყოფილთა მათ სასწაულთა სასტიკთა, ესე სამართლად ევნებოდა მათ თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ ბოროტი უცხოთა სიძულილი მოიპოვეს.
14. რომელნიმე უმეცართა მოსრულთა არა შეიწყნარებდეს, და ესენი ქველისმოქმედთა უცხოთა დაიმონებდეს.
15. და არა იგი ხოლო, არამედ სხუაჲცა რაჲმე მოხედვაჲ იყო მათა, რამეთუ ძლით შეიპყრნეს უცხონი იგი;
16. ხოლო ესენი დღესასწაულობით შეიწყნარებდეს, რომელნი-იგი მათსავე მართალთასა მიუღებდეს და ძნელითა შრომითა ბოროტსა უყოფდეს.
17. ხოლო იტანჯნეს იგინი უხილავებითა, და ვითარცა იგინი, რომელნი მართლისა მის კართა, ოდეს-იგი უზომოსა შეცჳვეს ბნელსა, კაცად-კაცადი თჳსისა სახლისა კართა ეძიებდეს.
18. რამეთუ მათთჳს წესნი იგი იცვალებოდეს, ვითარცა საფსალმუნესა თქუმულნი იგი მუჴლისა მის სახელსა უქცეველად ყოველი ჰგებნ ოხრასა, რომელსა შემსგავსებად ყოფილთა მათ პირისა ჭეშმარიტად.
19. რამეთუ ჴმელისანი წყლისად გარდაიქცეოდეს და მცორვალნი გამოვიდოდეს ქუეყანად.
20. ცეცხლი სძლევდა წყალსა თჳსისაგან ძალისა და წყალსა დამშრეტელი იგი ძალი დავიწყებულ იყო;
21. და კუალად ალი იგი, რომელი აღატყდებოდა ადვილადშესაწუველთა საცხოვართა, არა განჰრყუნიდა ჴორცთა, რომელნიმე მოიქცეოდეს და არცა დაადნობდა მყინვრის სახესა ადვილად დასადნობელსა თესლსა, ზეცისა საზრდელსა.
22. რამეთუ ყოვლითავე განადიდე, უფალო, ერი შენი და ადიდე და არა უგულებელს-ჰყავ, ყოველსა ჟამსა და ადგილსა თანა-ეყავ მათ, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.