გულანი
საცდელი · 1.37.0
გოდება იერემიასი 1 / 5თავი 1

გოდება იერემიასი

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 5
მკითხველი

თავი 1

1:1–22

1. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი ესე, განმრავლებული ერითა? იქმნა ვითარცა ქურივი, განმრავლებული შორის თესლთა, მთავარი სოფლისაჲ იქმნა მოხარკჱ.

2. ტირილით ტიროდა ღამჱ და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა მისთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა; ყოველნი მეგობარნი მისნი ეცრუვნეს მას და ექმნნეს მას მტერ.

3. წარიტყუენა იუდაჲ სიგლახაკითა თჳსითა და სიმრავლითა ურვისა თჳსისაჲთა. დაჯდა შორის წარმართთა და არა პოვა განსუენებაჲ; ყოველნი მდევარნი მისნი ეწინეს მას შორის მაჭირვებელთა.

4. გზანი სიონისანი იგლოვენ, რამეთუ არა არიან მომავალნი დღესასწაულსა; ყოველნი ბჭენი მისნი გარყუნილ არიან; მღდელნი მისნი კუნესიან, ქალწულნი მისნი ტყუე არიან და იგი თავადი განმწარებულ არს.

5. იქმნნეს მაჭირვებელნი მისნი თავ და მტერნი მისნი იხარებენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლისათჳს უღმრთოებათა მისთაჲსა; ყრმანი მისნი წარვიდეს ტყუედ6 წინაშე პირსა მაჭირვებელთასა.

6. წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერებაჲ მისი; იქმნნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი, და არა ჰპოვებდეს საძოვარსა; და ვიდოდეს უძლურებით წინაშე პირსა მდევართასა.

7. მოიჴსენნა იერუსალემმან დღენი სიგლახაკისა თჳსისანი და განგდებისა მისისანი და ყოველთა გულისსათქუმელთა მისთაჲ, რავდენი იყო დღეთაგან პირველთა დაცემასა ერისა მისისასა ჴელითა მაჭირვებელთაჲთა, და არავინ იყო მწე მისა. იხილეს მტერთა მისთა და იცინოდეს ტყუეობასა ზედა მისსა.

8. ცოდვაჲ ცოდა იერუსალემმან, ამისთჳს სარყეველ იქმნა იგი; ყოველთა მაქებელთა მისთა შეურაცხ-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს გინებულებაჲ მისი; და იგი თავადი სულთ-ითქუმიდა და უკუნ-იქცა მართლ-უკუნ.

9. არაწმიდებაჲ მისი წინაშე ფერჴთა მისთა, არა მოიჴსენა დასასრული მისი; დაეცა საკჳრველად და არავინ არს ნუგეშინისმცემელ მისა. «იხილე, უფალო, სიმდაბლჱ ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი!»

10. ჴელი თჳსი მიყო მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულისსათქუმელთა მისთა, რამეთუ იხილნა წარმართნი, შესრულნი სიწმიდეთა მისთა, რომელთაჲ ამცენ არაშესლვად ეკლესიასა შენსა.

11. ყოველი ერი სულთქუმით ეძიებდა პურსა, გულისსათქუმელნი მისნი მიეცნეს საჭმლისათჳს, რაჲთამცა მოიქცინა სულნი. «გარდამოიხილე, უფალო, და იხილე, რამეთუ ვიქმენ შეურაცხ!»

12. თქუენ გეტყჳ ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, მოიხილეთ და იგულეთ, არს თუ სალმობაჲ სალმობისაებრ ჩემისა, რომელ შემემთხჳა მე; თქუა ჩემ ზედა უფალმან და დამამდაბლა მე დღესა მას რისხვისა და გულისწყრომისა მისისასა.

13. მაღლით თჳსით მოავლინა ცეცხლი ძუალთა ჩემთა და გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა; დამიდგა ბადჱ ფერჴთა ჩემთა და უკუნ-მაქცია მე მართლ-უკუნ, მიმცა მე განრყუნასა და მარადღჱ ურვასა.

14. განიღჳძა უღმრთოებათა ზედა ჩემთა, ჴელითა თჳსითა შემმუსრა მე, დაამძიმა უღელი მისი ზედა ქედსა ჩემსა. მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მოსცა უფალმან სალმობაჲ ხელთა ჩემთა, რომელსა ვერ უძლებ დადგრომად.

15. მოსპნა ყოველნი ძლიერებანი ჩემნი უფალმან შორის ჩემსა და მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა განტეხად რჩეულთა ჩემთა; საწნეხლებრ დაწნიხა უფალმან ქალწული, ასული იუდაჲსი, ამას ზედა ვტირ მე.

16. თუალთა ჩემთა გარდამოადინეს წყალი, რამეთუ განმეშორნეს ჩემგან ნუგეშინისმცემელნი, რომელთამცა მოაქციეს სული ჩემი; იქმნნეს შვილნი ჩემნი განრყუნილ, რამეთუ განძლიერდა მტერი.

17. და აღიპყრნა სიონმან ჴელნი თჳსნი და არა არს, რომელმანმცა ნუგეშინის-სცა მას; ამცნო უფალმან იაკობსა, გარემო მისა მაჭირვებელნი მისნი; იქმნა იერუსალემი, ვითარცა დედაკაცი გამოჯდომილი, შორის მათსა.

18. მართალ არს უფალი, რამეთუ განვამწარე მე პირი მისი. აწ ისმინეთ ყოველმან ერმან და იხილეთ სალმობაჲ ჩემი, რამეთუ ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ.

19. ვხადოდე მიყუართა ჩემთა, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე; მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქით მოაკლდეს, რამეთუ ითხოვდეს ჭამადსა თავისა თჳსისასა, რაჲთამცა მოიქცინეს სულნი მათნი, და არა პოვეს.

20. იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; მუცელი ჩემი შეძრწუნდა და გული ჩემი გარდაიქცა ჩემ თანა, რამეთუ განმწარებით განმამწარე მე; გარეშე უშვილო მქმნა მე მახჳლმან, ვითარცა სიკუდილმან სახლსა შინა.

21. ისმინეთ აწ, რამეთუ ვკუნესი, არავინ არს ნუგეშინისმცემელ ჩემდა; ყოველთა მტერთა ჩემთა ესმა ძჳრი ჩემი და მოსცხრებოდა, რამეთუ შენ ჰყავ; მოავლინე ჩემ ზედა დღჱ, მოუწოდე ჟამსა და მექმნნეს იგინი ვაჲ მე, ვაჲ მე.

22. შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა; მოკუფხლენ იგინი, ვითარცა მომკუფხლე მე ყოველთათჳს ცოდვათა ჩემთა, რამეთუ განმრავლდეს სულთქუმანი ჩემნი და გული ჩემი ზრუნავს.

თავი 2

2:1–22

1. ვითარ დააბნელა რისხვითა თჳსითა უფალმან ასული სიონისაჲ! გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულებაჲ ისრაელისაჲ და არა მოიჴსენა კუარცხბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა მას მრისხანებისა მისისასა.

2. დათქა უფალმან უწყალოდ ყოველი შუენიერებაჲ იაკობისი, დააქცინა გულისწყრომითა თჳსითა სიმტკიცენი ასულისა იუდაჲსნი, ქუეყანად მიაწინა, შეაგინნა მეფენი მისნი და მთავარნი მისნი.

3. შემუსრა რისხვითა გულისწყრომისა თჳსისაჲთა ყოველი რქაჲ ისრაელისაჲ, გარე-მიაქცია პირისაგან მტერისაჲსა და აღაგზნა ცეცხლი შემწუველი შორის იაკობსა და შეჭამა ყოველი გარემო მისსა.

4. გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა ვითარცა მტერმან, განაძლიერა მარუენჱ თჳსი ვითარცა მჴდომმან, და მოსრა ყოველი გულისსათქუმელი ჩემი; საყოფელსა შინა ასულისა სიონისასა მიჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ თჳსი.

5. მექმნა მე უფალი, ვითარცა მტერი, დააქცია იერუსალემი და დაანთქა ყოველი ტაძრები მისი, განრყუნა ყოველი სიძლიერჱ მისი და განამრავლნა ასულნი იუდაჲსნი დაგლახაკებულნი და დავრდომილნი.

6. აღფხურა, ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი და განრყუნნა დღესასწაულნი თჳსნი; აუწყა უფალმან სიონსა დღესასწაულნი თჳსნი და შაბათნი და განარისხა მკსინვარებითა გულის-წყრომისა მისისაჲთა მეფჱ და მღდელი და მთავარი.

7. განიშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი და განაბნია სიწმიდჱ თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ; ჴმა-სცა ბრძოლის სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა გალობაჲ ლევიტელთაჲ დღესა შინა უქმელებისასა.

8. გულს-იდგინა უფალმან დამდაბლებაჲ ზღუდეთა ასულისა სიონისათაჲ, წარჰმატა საზომი და არა კუალად-აქცია ჴელი მისი დაცემისაგან, იგლოვდა ძლიერებაჲ და ზღუდენი ერთბამად მოუძლურდეს.

9. დაითქნეს ქუესკნელად ბჭენი მისნი, წარწყმდეს და შეიმუსრნეს მოქლონნი მისნი; მეფჱ მისი და მთავარნი მისნი - შორის წარმართთა; და არს არს შჯულ, და წინაწარმეტყუელთა მისთა არა იხილეს ჩუენებაჲ უფლისაგან.

10. დასხდეს ქუეყანასა და დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, გარდაისხეს მიწაჲ თავსა მათსა, მოირტყეს ძაძაჲ; შთაავლინნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა, ასულისა იერუსალემისანი.

11. მოაკლდა ცრემლი თუალთა ჩემთა, შეძრწუნდა მუცელი ჩემი, განიბნია ქუეყანასა ზედა დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, მკუკვებასა ყრმათა მწოვართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.

12. დედათა მათთა ეტყოდეს: «სადა არს იფქლი და ღჳნოჲ?» რაჟამს მოაკლდებოდა მათ, ვითარცა წყლულებასა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა სულთა მათთასა წიაღთა შინა დედათა მათთასა.

13. რაჲ გიწამო შენ, ანუ რაჲ გამსგავსო შენ, ასულო იერუსალემისაო? ვინ გიჴსნეს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო? რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, და ვინ განგკურნოს შენ?

14. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს ამაოებაჲ შენი და უგუნურებაჲ და განაცხადეს არა უშჯულოებაჲ შენი, რაჲთამცა მოიქცა ტყუე შენი, და იხილნეს შენ თანა იგავნი ამაოებისანი და განგაგდეს შენ.

15. შეიტყუელნეს ჴელნი მათნი ყოველთა თანა-წარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალემისასა: «უკუეთუ ესე არს ქალაქი იგი, რომლისათჳს თქჳან გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, სიხარული ყოვლისა ქუეყანისაჲ?»

16. *აღიღო შენ ზედა პირი მისი, ყოველნი მტერნი შენნი ისტუენდეს, დაიღრჭინნეს კბილნი მათნი და თქუეს: «შთავთქათ იგი, რამეთუ ესე არს დღჱ, რომელსა მოველოდეთ, და ვპოვეთ და ვიხილეთ იგი».

17. ქმნა უფალმან, რაჲცა უნდა, და აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რომელ ამცნო დღეთაგან საუკუნეთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და ახარა შენ ზედა მტერსა და აღამაღლა რქაჲ მაჭირვებელთა შენთაჲ.

18. ღაღადებდა გული მათი უფლისა მიმართ: ზღუდემან ასულისა სიონისამან გარდამოადინენ, ვითარცა ნაღუარევნი, ცრემლნი დღჱ და ღამჱ, ნუ სცემ განსუენებასა თავსა შენსა, ნუცა დასცხრებიედ გუგანი თუალთა შენთანი.

19. აღდეგ ღამჱ, იწურთიდ დასაბამსა ჴუმინვისა შენისასა; განჰფინე გული შენი, ვითარცა წყალი, წინაშე პირსა უფლისასა; აღიპყრენ ჴელნი შენნი სულთა ჩჩჳლთა შენთათჳს, რომელნი შეყმედილ არიან სიყმილითა დასაბამსა ყოველთა გამოსავალთასა.

20. იხილე, უფალო, და გარდამოიხილე: ვისთჳს მოჰკუფხლე ესრჱთ, უკუეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისაჲ? მოკუფხლა მზარაულმან, დაიკლნენ ყრმანი ძუძუჲსმწოვარნი, უკუეთუ მოკლან სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელი და წინაწარმეტყუელი?

21. დაიძინეს გამოსავალთა ზედა გზისათა ყრმათა და მოხუცებულთა, ქალწულნი ჩემნი და ჭაპუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ, მოჰსრენ იგინი დღესა რისხვისა შენისასა, განჰზარდენ იგინი და არა ჰრიდე.

22. მოუწოდე, ვითარცა დღესა უქმელებისასა, მაძიებელთა ჩემთა გარემოჲს, და არავინ იყო განრინებულ დღესა რისხვისა უფლისასა და დაშთომილ, განვზარდენ და განვამტკიცენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველი აღასრულა.

თავი 3

3:1–66

1. მე კაცი, რომელი ვხედევდ უპოვარებასა კუერთხითა რისხვისა მისისაჲთა,

2. შემიწყნარა და მიმიყვანა მე ბნელსა და არა ნათელსა,

3. რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია და ცვალა ჴელი მისი მარადღჱ.

4. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი და შემუსრნა ძუალნი ჩემნი;

5. აღზღუდა ჩემთჳს და გარე-შემიცვა მე, დააშრო თავი ჩემი;

6. დამსუა მე ბნელსა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.

7. ამიზღუდა მე და ვერ განვალ, დაამძიმა უღელი ქედსა ზედა ჩემსა;

8. და თუმცა ვჴმობდი და ვღაღადებდი, დააყენა ლოცვაჲ ჩემი;

9. დაყვნა გზანი ჩემნი მარმარინოჲთა და ალაგნი ჩემნი განრყუნნა დათუმან მზირმან.

10. დათუ მზირ მექმნა მე იგი, ვითარცა ლომი სამალველით მდევდა მე განშორებულსა;

11. მეწია მე, განმბძარა მე და განმრყუნა მე;

12. გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა და განმავსო მე, ვითარცა განი ისრითა.

13. განაწონა თირკუმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა თჳსთაჲ;

14. და ვიქმენ საკიცხელ ყოვლისა ერისა, განსაცხრომელ ვიყავ მათა მარადღჱ;

15. განმაძღო მე სიმწარითა და დამათრო მე ნავღლითა.

16. შთამფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი და მაჭამა მე ნაცარი;

17. განაგდო მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყა კეთილი.

18. და ვთქუ: ძლევაჲ ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.

19. მოვიჴსენე სიგლახაკითა ჩემითა და დევნულებითა ჩემითა სიმწარისა ჩემისაჲ და სინანულისა ჩემისაჲ;

20. ჴსენებით მოვიჴსენნე ესენი და განკფდეს სული ჩემი ჩემ თანა;

21. ესე დავიდევ გულსა ჩემსა და ამისთჳს ვესავ მას.

22. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან და არა მოვაკლდეთ, რამეთუ არა აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.

23. განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი განთიად, და განამრავლე სარწმუნოებაჲ შენი განთიად; მრავალ არიან სულთქუმანი ჩემნი და გულსა ჩემსა მოაკლდა.

24. ნაწილი ჩემი არს უფალი, თქუა სულმან ჩემმან, ამისთჳს დაუთმო მას.

25. სახიერ არს უფალი, რომელთა დაუთმონ მას, სულმან რომელმან მოიძიოს იგი.

26. კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებასა უფლისასა,

27. კეთილ არს კაცისა, რაჟამს აღიღოს უღელი მძიმჱ სიჭაბუკითგან თჳსით;

28. დაჯდეს მარტოდ და დადუმნეს, რამეთუ აღიღო უღელი მძიმე სიჭაბუკესა შინა თჳსსა;

29. მისცეს მიწასა პირი თჳსი უკუეთუ არს სასოება თმენის,

30. მიუპყრას მცემელსა ღაწჳ თჳსი და აღივსოს ყუედრებითა.

31. რამეთუ არა უკუნისამდე განიშოროს უფალმან,

32. რამეთუ რომელმან დაამდაბლა, მან შეიწყალოს მრავლითა წყალობითა თჳსითა;

33. რამეთუ არა თქუა და დაამდაბლნა ყოვლითა გულითა თჳსითა და არცა განიშორნა ძენი კაცთანი.

34. დაამდაბლნა ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველნი კრულნი ქუეყანისანი,

35. განდრეკად სამართალი კაცისაჲ წინაშე პირსა მაღლისასა,

36. დაშჯად კაცი შჯულსა შინა თჳსსა უფალმან არა თქუა.

37. ვინ ესრე თქუა, და იყო და უფალმან არა ამცნო?

38. პირისაგან უფლისაჲსა არა გამოჴდეს ძჳრი და კეთილი.

39. რად დრტჳნავს კაცი ცხოველი და მამაკაცი ცოდვათა თჳსთათჳს?

40. გამოიძია გზაჲ ჩუენი და გამოიკითხა, მოვიქცეთ უფლისა;

41. აღვიპყრნეთ გულნი ჩუენნი ჴელითა ჩუენითა და ვხედვიდეთ მაღალსა, რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა,

42. ჩუენ შეგცოდეთ და უღმრთო ვიქმნენით, და შენ არა გჳლხინე.

43. დაგუფარენ გულისწყრომით და გუდევნენ ჩუენ, მოგუსრენ ჩუენ და არა გურიდე.

44. განჰმარტე ღრუბელი მტკიცე შენ ზედა, რაჲთა არა შევიდეს შენდა ლოცვაჲ ჩუენი,

45. დაწუხებად თუალთა ჩემთა და განშორებად დამსხენ ჩუენ შორის ერსა.

46. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩემთა

47. შიში და სულებაი შემემთხუა ჩუენ, აღფხურაი და შემუსვრაი

48. გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩუენთა შემუსრვაი ჩემ ზედა ასულისა ერისა ჩემისა

49. თუალთა ჩემთა დაჰჭირვებიეს, და არა დვდუმნე, ვითარმცა არა განვიფთხვერ სრულიად.

50. გარდამოიხილენ უფალმან ზეცით და იხილოს

51. თუალი ჩემი გამოეძიებდეს სულსა ჩემსა შინა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა

52. ნადირობით მომნადირეს მე, ვითარცა სირი, მტერთა ჩემთა ცუდად,

53. მოაკუდინეს მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი, დამდვეს ჩემ ზედა ქვაჲ,

54. გარდაეცა წყალი თავსა ჩემსა და ვთქუ: «გან-მე-გდებულ ვარ».

55. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმით ქუესკნელისაჲთ;

56. ჴმაჲ ჩემი გესმა, ნუ დაიმძიმებ ყურთა შენთა ღაღადებასა ჩემსა,

57. მოყავ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, და მარქუ მე: «ნუ გეშინინ».

58. საჯენ, უფალო, საშჯელნი სულიერნი და იჴსენ ცხორებაჲ ჩემი;

59. იხილენ, უფალო, შერყევანი ჩემნი, განამართლე საშჯელი ჩემი;

60. იხილენ ყოველნი შურისგებანი მათნი და ყოველნი ზრახვანი მათნი ჩემ ზედა.

61. გესმა ყუედრებაჲ მათი, უფალო, და ყოველნი სიტყუანი მათნი ჩემთჳს,

62. ჴდომაჲ ბაგეთა მათთაჲ და ზრახვანი მათნი ჩემთჳს მარადღჱ.

63. დაჯდომასა და აღდგომასა მათსა მოჰხედე, რამეთუ ვიქმენ მე სასიტყუელ მათა.

64. მიაგე მისაგებელი მათი, უფალო, მახჱ გულისა მათისაჲ საქმეთა ჴელთა მათთაებრ,

65. მიაგე მათ შეწევნაჲ გულისა ჩემისაჲ, იყავნ მათა შრომა,

66. დევნენ იგინი რისხვითა შენითა, უფალო, და მოსრენ იგინი ცასა ქუეშე.

თავი 4

4:1–22

1. ვითარ მრუმე იქმნა ოქროჲ, გარდაიქცა ვეცხლი კეთილი? განიბნინეს ქვანი წმიდანი დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

2. ძენი სიონისანი, აღმაღლებულნი უფროჲს ოქროჲსა, ვითარ შეირაცხნეს ჭურჭრად კეცისა, ქმნულად ჴელითა მეკეცისაჲთა.

3. და ვეშაპთაცა განიძარცუნეს ძუძუნი და აწოვებდეს ლეკუთა მათთა; ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელ იქმნნეს, ვითარცა სირნი უდაბნოსა შინა.

4. განექუა ენაჲ სასასა მათსა წყურილითა; ნინველნი ითხოვდეს პურსა და არავინ იყო განმყოფელ მათა.

5. რომელნი ჭამდეს საჭმელსა ფუფუნებისასა, განირყუნნეს იგინი გამოსავალთა ზედა; განპოხილნი მეწამულსა ზედა წაერინეს სკორესა.

6. და განდიდნა უშჯულოებაჲ ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროჲს სოდომეთისა, რომელ დაიქცა დაქცევითა საუკუნოჲთა, და არავინ იზმნნა მას შინა ჴელნი.

7. განწმიდნეს მლოცველნი მისნი უფროჲს თოვლისა, განსპეტაკნეს უფროჲს სძისა, და განწითნა უფროჲს ქვისა საფირონისა ფერი მათი.

8. დაშავნა უფროჲს ნაჴშირისა ფერი მათი, უცნაურ იქმნნეს გამოსავალთა ზედა მათთა; და აღექუა ტყავი მათი ძუალთა ზედა მათთა, განჴმეს და დაიმუსრნეს ვითარცა შეშანი.

9. კეთილ იყვნეს წყლულებანი მახჳლისანი ვიდრე წყლულებასა სიყმილისასა; ვზრუნავ დაგუმერილთა ზედა ნაშობთაგან ხეთა მაღნარისათა.

10. ჴელითა დედათა მოწყალეთაჲთა შეიგბნეს ყრმანი მათნი, იქმნნეს იგინი საჭმლად მათა შემუსრვასა ასულისა ერისა ჩემისაჲსა.

11. აღასრულა უფალმან გულისწყრომაჲ თჳსი, მიჰფინა რისხვაჲ თჳსი, აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა და შეჭამნა საფუძველნი მისნი.

12. არა ჰრწმენა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა მკჳდრთა სოფლისათა, რამეთუ შევიდა მტერი და მაჭირვებელი ბჭეთა იერუსალემისათა.

13. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა და უშჯულოებათაგან მღდელთა მისთაჲსა, რომელნი დასთხევდეს სისხლსა მართალსა.

14. დაეცნეს ჭაბუკნი მისნი გამოსავალთა მისთა, შეიბღალნეს სისხლითა, უძლურებითა მათითა შეიჭამნეს სამოსლითურთ მათით.

15. განეშორენით არაწმიდათაგან. არაწმიდად - მრქუეს ჩუენ - განეშორენით არაწმიდათაგან, განეშორენით და ნუ შეეხებით მათ, რამეთუ განარისხეს. ჰრქუათ წარმართთა შორის: არღარა შესძინოთ მწირობად წინაშე პირსა უფლისასა.

16. თუალთა ჩუენთა მოაკლდა შეწევნისაგან ჩუენისა, ცუდად სტუანვისაგან ჩუენისა, რამეთუ ვხედევდით ნათესავსა ვერ განმარინებელსა.

17. პირი უფლისაჲ ნაწილ მათა, არღარა შესძინოს მოხილვად მათა, რამეთუ არა თუალ-ახუნეს მღდელთა, არცა შეიწყალნეს მოხუცებულნი.

18. მონადირნეს ყრმანი ჩუენნი, რაჲთა არა შევიდოდიან უბნებსა ჩუენსა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს; მოგუეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, მოიწია უოხჭნოებაჲ ჩუენი.

19. მალე არიან მდევარნი ჩუენნი უფროჲს ორბთა ცისათა; მთათა ზედა განითხინეს, უდაბნოსა ზედა გჳმზირდეს ჩუენ.

20. სულ პირისა ჩუენისა ქრისტჱ უფალი, შეიპყრა იგი განჴრწნილებათა შინა მათთა, რომლისაჲ ვთქუთ: «საგრილსა ქუეშე მისსა ვცხონდებოდთი შორის წარმართთა».

21. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმიაჲსო, რომელ დამკჳდრებულ ხარ ქუეყანასა უზისს; რამეთუ შენ ზედაცა მოიწიოს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა და დაითრო და წარმოსთხიო.

22. მოაკლდა უშჯულოებაჲ შენი, ასულო სიონისაო, არღარა შესძინოს წარტყუენვად. მერმე აღხილვა ვყო უშჯულოებათა შენთა, ასულო სიონისაო, განცხადნა უღმრთოებანი შენნი.

თავი 5

5:1–22

1. მოიჴსენე, უფალო, რაჲ-ესე გუეყო ჩუენ, გარდამოიხილე და იგულე ყუედრებაჲ ჩუენი.

2. ჰხუედა სხუათა სამკვიდრებელი ჩუენი, სახლები ჩუენი - უცხოთა.

3. ობოლ ვიქმნენით, ვითარცა ვის არა უვინ მამაჲ, დედანი ჩუენნი იქმნნეს ვითარცა ქურივნი.

4. წყალი ჩუენი ფასით ვსუთ, რომელ პირველთა დღეთა ჩუენთა იყო, შეშაჲ ჩუენი სასყიდლით მოვიღეთ.

5. ზურგითა ჩუენითა დევნულ ვიქმნენით, და დავშუერით და ვერ განვისუენეთ.

6. ეგჳპტემან მისცა ჴელი ასურს განსაძღებელად მათა.

7. მამათა ჩუენთა ცოდეს და არღარა არიან. და ჩუენ უშჯულოებანი მათნი დაგჳკრბეს.

8. მონანი გუეუფლნეს ჩუენ, არავინ არს მჴსნელ ჴელისაგან მათისა.

9. თავთა ჩუენთათჳს მოვიღოთ პური ჩუენი პირისაგან მახჳლისა ჴელისაჲსა.

10. ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დაგჳშავნა, შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა.

11. დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი - ქალაქთა შინა იუდაჲსთა.

12. მთავარნი ჴელითა მათითა დამოეკიდნეს, პირი მოხუცებულთაჲ არა ადიდეს.

13. რჩეულნი ფქვილითა ფქვეს, და ჭაბუკნი ძელსა ზედა ჯუარს-ეცუნეს.

14. მომდედებულნი ბჭეთაგან დაესრულნეს, და რჩეულნი გალობისა მათისაგან დასცხრეს.

15. და დაირღუა სიხარული გულისა ჩუენისაჲ, გარდაიქცა გლოვად ძნობაჲ ჩუენი.

16. და გარდამოვარდა გჳრგჳნი თავისაგან ჩუენისა; ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ვცოდეთ!

17. ამისთჳს იქმნა ჭუვნიერ გული ჩუენი, ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი.

18. მთასა ზედა სიონსა, რამეთუ განირყუნა, და მელნი ვიდოდეს მას შინა.

19. ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ხარ, და საყდარი შენი - თესლითი თესლადმდე.

20. რაჲსათჳს სრულიად დაგჳვიწყებ ჩუენ, დაგჳტევებ ჩუენ განსაგრძობელად დღეთა?

21. მოგუაქციენ ჩუენ შენდა, უფალო, და მოვიქცეთ; და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა პირველნი.

22. რამეთუ განთხევით განმიშორენ ჩუენ, და განჰრისხენ ჩუენ ზედა ფრიად.