გულანი
საცდელი · 1.37.0
ეპისტოლე იერემიასი 1 / 1თავი 1

ეპისტოლე იერემიასი

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 1
მკითხველი

თავი 1

1:1–72

1. ცოდვათათჳს, რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა, მისთჳს მიჰყავთ ბაბილონდ ტყუედ ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილონისა.

2. და რაჟამს შეხჳდეთ ბაბილონდ და დაჰყვნეთ მუნ მრავალ წელ და ჟამნი გრძელნი ვიდრე შჳდად ნათესავადმდე, და შემდგომად მისა გამოგიყვანნე თქუენ მიერ მშჳდობით.

3. ხოლო აწ ეგერა, იხილნეთ ბაბილონს შინა ღმერთნი ოქროჲსანი და ვეცხლისანი და ძელისანი, მჴართა ზედა აღებულნი, რომელნი აჩუენებდენ შიშსა შორის წარმართთა.

4. ეკრძალენით, ნუუკუე სადამე შეემსგავსნეთ უცხოთესლთა და გეშინოდის მათა, და ზარმან შეგიპყრნეს თქუენ მათთჳს, იხილოთ-ღა ერი წინა მათსა და უკუანა მათსა, და თაყუანის-სცემდენ მათ,

5. თქუთ უკუე გულითა თქუენითა: შენდა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ, უფალო!

6. რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს და მან მოიძინეს სულნი თქუენნი.

7. რამეთუ ენაჲ მათი გამოხუეწილ არს ხუროჲსაგან და იგი თავადნი შემოსილ არიან ოქროჲთა და ვეცხლითა; ნაცილად არიან და ვერ უძლავს სიტყუად.

8. და ვითარცა ქალწულსა მომკაულსა, მოიღიან ოქროჲ და მოაქმნიან გჳრგჳნად თავსა ზედა ღმერთთა მათთასა.

9. არნცა ოდეს, დაიყენნიან ქურუმთა მათ ღმერთთა მათთაგან ოქროჲ და ვეცხლი და თავსა თჳსსა შეიმსახურიან,

10. და მისციან მისგანი სასყიდელად როსპიკთა; და შეამკვნიან იგი, ვითარცა კაცი, სამოსლითა - ღმერთნი ოქროჲსანი და ღმერთნი ვეცხლისანი და ძელისანი.

11. ესენი ვერ განერნენ გესლისაგან და მჭამელისაგან, მოსილ არიან სამოსლითა ძოწეულითა,

12. და განჴოცნიან პირნი მათნი მტუერისაგან სახლისა, რომელ არნ ფრიად მათ ზედა.

13. და კუერთხი აქუნ, ვითარცა კაცსა, მსაჯულსა სოფლისასა, რომელმან შეცოდებული თავისა თჳსისაჲ არა მოკლის.

14. უპყრიეს მარჯუენითა ლახუარი და ტაპარაკი, ხოლო თავი თჳსი ბრძოლისაგან და ავაზაკთაგან ვერ განირინოს.

15. რომელნი საცნაურ არიან არა ღმრთად, ნუსადა გეშინინ მათა.

16. რამეთუ ვითარცა ჭურჭერი კეცისაჲ, რაჟამს შეიმუსრის და უჴმარ იქმნის, ეგრე არიან ღმერთნი მათნი, დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა. თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა, ფერჴთაგან შემავალთაჲსა.

17. და ვითარცა შეცოდებულისა ვისიმე მეფისა მიმართ მოჭურვილ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიცემადისანი, სახლნი მათნი განაძნელნიან ქურუმთა მათთა კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთაგან არა იტყუენნენ.

18. სანთლები აღანთიან უმრავლჱსი თავისა თჳსისა, რომელ არა ვისა შემძლებელ არიან ხილვად.

19. ხოლო არიან იგინი, ვითარცა მოსელნი სახლისანი, და გულთა მათთა ჰლოშნიედ ქუეწარმავალნი ქუეყანისანი და, ვითარ თქჳან, შეჭამნიან იგინი და სამოსელი მათი, და არა აგრძნიან,

20. და დაშავებაჲ პირისა მათისაჲ კუამლისაგან სახლისა.

21. გუამსა ზედა მათსა და თავთა ზედა მათთა ფრინვედ მღამიობნი, მერცხალნი და მფრინველნი, ეგრეცა მელნი .

22. რომელთაჲ გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

23. რამეთუ ოქროჲცა იგი, რომელ შეაც მათ საშუერად, არა თუ ვინ განჴოცოს გესლი მისი, ვერ ბრწყინვიდეს; არცაღა, რაჟამს შეიბერვოდის, გულისხმა-ეყო.

24. რამეთუ ყოვლითა სასყიდელითა მოსყიდულ არიან, რომელთა თანა არა არს სულ.

25. უფერჴონი მჴართა ზედა მოიხუნიან და შეასწავიან თავისა მათისა გინებულებაჲ კაცთა.

26. ჰრცხუენინ მსახურთა მათ მათთა, და უკუეთუ და-სადამე-ეცნენ ქუეყანასა, ვერ უძლონ თავთ თჳსით ზე აღდგომად; არცა, მართლ თუ ვინმე დადგნეს იგინი, თავით მათით შეიძრნენ, არცა თუ სხენედ, აღდგომად უძლონ, არამედ, ვითარცა მკუდართა, შესაწირავი იგი მათი დაუგიან.

27. მსხუერპლი იგი მათი გამოსციან ქურუმთა მათთა თჳსა საჴმრად; ეგრეცა ცოლთა მათთა მისგანი დაიაპოხტიან, არა სციან გლახაკთა, არცა უძლურთა შესაწირავთა მათთაჲ.

28. დაშტანი და მშობიარჱ ჰრევედ მათ, გულისხმა-ყავთ ამათგან, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

29. ვინაჲ ითქუნენ იგინი ღმრთად, სადა დედათა დაუგიან ღმერთთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და ძელისათა?

30. და სახლთა შინა მათთა ქურუმნი სხდიან, კუართდაპებულნი, თავით-წუერით ყუენილნი, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ,

31. მოვიდიან და ღაღადებედ წინაშე ღმერთთა მათთა, ვითარცა რომელნი-იგი პურსა ზედა მკუდრისასა.

32. ხოლო სამოსელისა მათისაგანი მოიღიან ქურუმთა მათ და შეჰმოსიან ცოლთა მათთა და შვილთა მათთა.

33. არცაღა, ბოროტი თუ ვინ შეამთხჳოს, ანუ თუ კეთილი, ვერ შეუძლონ მიგებად; არცა მეფისა დადგინებად უძლავს, არცა მიღებად.

34. ეგრეთვე არცა სიმდიდრე, არცა ვეცხლი უძლონ მოცემად; აღთქუმით თუ ვინმე აღუთქუას მათ და არა მისცეს, ვერ მიჰჴადონ მას.

35. და სიკუდილისაგან კაცი ვერ განარინონ, ვერცა უსუსური მძლავრისაგან იჴსნენ.

36. მათ კაცი ბრმაჲ მხილვარედ ვერ ავლინონ.

37. ქურივი ვერ შეიწყალონ, არცა ობოლსა კეთილი უყონ.

38. მთისა ქვათა მიმსგავსებულ არიან ღმერთნი ძელისანი, ვეცხლითა მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი, ხოლო მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ.

39. ვითარ საგონებელ არს რქუმად მათა ღმრთად, რამეთუ იგინიცა ქალდეველნი აგინებედ-ვე მათ?

40. რომელთა რაჟამს იხილნიან იგინი, განლიგებულნი და სიტყუად ვერშემძლებელნი, რომელთამე მიართჳან ეზოჲ და ევედრებიედ ვითარცა შემძლებელთა ჴმობად,

41. და ვერ შეუძლიან მათ, გულისხმა-ყვიან და დაუტევნიან იგინი, რამეთუ გულისხმაჲ არა არს მათ თანა.

42. ხოლო დედათა საბლები მოიბიან და დასხდიან გზათა ზედა და უკუმევდიან ქატოსა, ხოლო რაჟამს მათგანთა ვიეთმე მიჰზიდიან თანაწარმავალთა გზისათა, და დაწვიან მის თანა, აყუედრებედ მოყუასსა თჳსსა, რამეთუ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცაღა საბელი მისი განწყდა.

43. ყოველივე, რაჲცა იქმნების მათგან, ნაცილ არს: ვითარ საგონებელ არიან იგინი ღმრთად, ანუ სახელის-დებად მათა ღმერთ?

44. ხუროთაგან და ოქროჲსმჭედელთაგან შექმნულ არიან: სხუაჲ არარაჲ იქმნის, გარნა რაჲცა ჰნებავნ ჴელოვანთა შესაქმედ მათა.

45. იგი შემოქმედნი მათნი ვერ იქმნნიან დღეგრძელ, ვითარ იყვნენ ქმნულნი იგი მათნი ღმერთ?

46. რამეთუ დაუტევეს სიცრუვჱ და ყუედრებაჲ, რომელნი-იგი ყოფად არიან.

47. რაჟამს მოიწიის მათ ზედა ბრძოლაჲ და ძჳრი, ზრახვედ ურთიერთას ქურუმნი, სადამცა დაიმალნეს იგინი მათ თანა.

48. ვითარ არა გულისხმისსაყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი, რომელთა ვერ განარინნენ იგინი არცა ბრძოლისაგან, არცა ბოროტისაგან.

49. რამეთუ მონაგებნი ძელისანი ოქროჲთ მოსილნი და ვეცხლით მოსილნი არიან და ცნან ამისა შემდგომად ყოველთა წარმართთა, რამეთუ ნაცილ არიან.

50. ხოლო მეფეთა მიმართ განცხადებულ იყოს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი და რაჲთურთით ღმრთისა საქმჱ არა არს მათ შორის.

51. ვისა უკუე არა გულისხმისსაყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ?

52. რამეთუ მეფჱ სოფლისაჲ ვერ დაადგინონ და ვერცა წჳმაჲ მოსცენ კაცთა.

53. საშჯელით ვერ განსაჯონ ერთიცა, არცა ვინ იჴსნენ ვნებული; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი შორის ცისა და ქუეყანისა.

54. ხოლო რაჟამს ცეცხლი დაეცის სახლსა, ღმერთთა ძელისათა, ანუ ვეცხლითმოსილთასა, ანუ ოქროჲთმოსილთასა, ქურუმნი იგი მათნი ივლტიედ და განერნიან, ხოლო იგინი დაიწუნიან საშოვალ, ვითარცა მოსელნი.

55. მეფეთა და მბრძოლთა ვერ წინა-დაუდგენ, ვითარ შესაწყნარებელ არს, ანუ საგონებელ, ვითარმედ ღმერთ არიან იგინი?

56. არცა მპარავთაგან, არცა ავაზაკთაგან განერნიან ღმერთნი ძელისანი, ვეცხლით მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი,

57. რომელ მრავალთა განსძარცჳან ოქროჲ და ვეცხლი და სამოსელი, რომელ ჰმოსიედ მათ, და წარიღიან, და ვერ შეეწინიან თავთა თჳსთა.

58. უმჯობჱს არს მეუფჱ, რომელმან გამოაჩინოს თჳსი სიმჴნჱ, ანუ ჭურჭერი სახლსა შინა საჴმარი, რომელი იმსახუროს მომგებელმან, ვიდრე არა ნაცილთა მათ ღმერთთა; რამეთუ კარიცა სახლსა შინა, რომელი სცავნ, რავდენ-იგი არნ მას შინა, ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი, და სუეტიცა ძელისაჲ ტაძარსა შინა სამეუფოსა, ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი.

59. რამეთუ მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი მბრწყინვალე არიან და მოივლინნიან იგინი საჴმრად და მორჩილ არიან.

60. ეგრეცა ელვაჲ მბრწყინვალე სახილველ არს, ხოლო იგივე სული ყოველსავე ადგილსა განეფინების.

61. და ღრუბელთა, რაჟამს უბრძანის ღმერთმან მისლვად ყოველსა ზედა სოფელსა, აღასრულიან ბრძანებაჲ იგი.

62. ეგრეცა ცეცხლი გარდამოივლინის ზეგარდმო დაწუვად მთათა და ბორცუთა და მაღნართა, და ყვის ბრძანებული. ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა ერთისათა მიმსგავსებულ არიან,

63. რომლითა არცა სათქუმელ, არცა საგონებელ არიან იგინი ღმრთად; და ვერ შემძლებელ არიან იგინი შჯად საშჯელისა, არცა კეთილის-ყოფად კაცთა.

64. გულისხმა-ყავთ, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა,

65. რამეთუ ვერ წყეონ მეფჱ და ვერცა აკურთხონ

66. და სასწაული შორის წარმართთა ცით ვერ აჩუენონ, არცა, ვითარცა მზჱ, ბრწყინვიდენ, არცა ნათობდენ, ვითარცა მთოვარჱ.

67. მჴეცნი უმჯობჱს არიან მათსა, რომელნი შემძლებელ არიან განრინებად საყოფელსა შინა სარგებელად თავისა თჳსისა.

68. რომლითავე სახითა ვერ გამოგჳჩნდებიან ჩუენ, ვითარმედ არიან იგინი ღმერთ, ამისთჳს ნუ გეშინინ მათა.

69. რამეთუ ვითარცა სახილესა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაჰმარხის, ეგრეცა ღმერთნი იგი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოვანნი და ოქროვანნი.

70. ეგრევე სახედ არიედ, რომელ ზღუდესა მტილისასა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველნი მფრინველნი დაადგრებიედ, ეგრეთვე მკუდარსა, ბნელსა შინა დაგდებულსა, მიმსგავსებულ არიედ ღმერთნი იგი მათნი ძელისანი, ოქროვანნი და ვეცხლოვანნი.

71. ძოწეულისაგან და მარმარინოჲსა, რომელ მათ ზედა დალპების, გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ; და იგინიცა უკუანაჲსკნელ შეიჭამნენ და იყვნენ საყუედრელად სოფელსა შინა.

72. უმჯობეს არს უკუე კაცი მართალი, რომელსა არა ესხნენ კერპნი, რამეთუ იყოს იგი შორს ყუედრებისაგან.