გულანი
საცდელი · 1.37.0
მეორე ეზრა 1 / 9თავი 1

მეორე ეზრა

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 9
მკითხველი

თავი 1

1:1–55

1. და ყო იოსია მეფემან ზატიკი უფლისაჲ იერუსალემს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისაჲ მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა,

2. და განაწესნა და დაადგინნა მღდელნი იგი სახლსა მას უფლისასა მსგავსად ყოვლისა მის რიცხჳსა დღეთაჲსა, და შთააცუა მათ კუართი იგი სამღდელოჲ.

3. და ჰრქუა ლევიტელთა მათ მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა შჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშჱნა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისმან. და ნუმცა იპოვების თქუენ თანა წიდოვნებაჲ და ბილწებაჲ.

4. და აწ ჰმსახურებდით სამსახურებელსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა, და შემოკრიბეთ და განჰმზადეთ ყოველი იგი ნათესავი ისრაელისაჲ და განაწესენით იგინი განწესებისა მისებრ მამათმთავართაჲსა და ტომთა თჳსთაჲსა, ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაელისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ.

5. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი იგი განწესებისაებრ თითოეულად მამათა თჳსთაჲსა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაელისათა.

6. და მსგავსად წინანდელისა მის წესისა შეწირეთ ზატიკი იგი, და განჰმზადეთ შესაწირავი იგი და ყავთ ზატიკი იგი მსგავსად ბრძანებისა მის უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა, ჴელითა მოსესითა.

7. და მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათ ათას და ჴბოები სამ ათას; ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისაჲსა ერსა მას და მღდელთა მათ და ლევიტელთა.

8. და მერმე მისცა ქელკიას და ზაქარიას, მღდელთ-მოძღუართა მათ და წინამძღუართა ერისათა და მღდელთა მათ ცხოვარი ორ ათას და ექუსას და ჴბოები ექუსას.

9. და იექონია და სამეა და ნათანაელ ძმაჲ და საბეა და ოდელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა მათ ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათას და ჴბოები ხუთას.

10. და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ დიდ-დიდითა დიდებითა და ყოლადვე შუენიერებითა განჰმზადეს ზატიკი იგი ბალარჯობათაჲ.

11. მსგავსად ტომთა თჳსთაჲსა და წესთა მათებრ და დასთა მათთაჲსა.

12. განწესებულად დგეს მღდელნი იგი წინაშე კრებულისა მის და შესწირვიდეს უფლისა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

13. და ესრჱთ ცისკარსა მას შემწუარი ცეცხლითა განჰმზადეს ზატიკი იგი, და სხუაჲ იგი შესაწირავი სულნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და შეწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა.

14. და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ და ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი, რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწუველსა, და ლევიტელნი იგი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი, მღდელნი, ძენი იგი აჰრონისნი.

15. და ძენი იგი ასაფისნი, შემასხმელნი და მგალობელნი, განემზადნეს თჳთ, ვითარცა განაწესა დავით მეფემან, ასაფი და ზაქარიაჲ და ელდინოს. და მეკარენი იგი თითოეულად კართა მათ იყვნეს განკრძალულ, თითოეულად წესთა მათებრ დღეთაჲსა, რამეთუ ძმათა მათთაცა ლევიტელთა განიმზადნეს თავნი თჳსნი.

16. და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისაჲ მის დღესა შინა და შეწირეს შესაწირავი იგი უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.

17. და ყვეს ძეთა ისრაელისათა, რომელნი იპოვნეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისაჲ და დღესასწაული იგი ბალარჯობათაჲ შჳდ დღჱ.

18. და არასადა ყოფილ იყო ესრჱთ ზატიკი შორის ისრაელსა, რამეთუ არავინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

19. არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაელისათა ყვეს ზატიკი ესევითარი, ვითარ-იგი ყო იოსია მეფემან და მღდელთა მათ და ლევიტელთა და ჰურიათა და ყოველმან ისრაელმან, რომელნი-იგი იყვნეს დამკჳდრებულ მას ჟამსა იერუსალემს შინა.

20. მეათრვამეტესა წელსა მეფობასა იოსიაჲსსა და იყო ზატიკი ესე.

21. და იყვნეს მართალ საქმენი იოსიაჲსნი წინაშე უფლისა თჳსისა. და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

22. და სხუანიცა მეფენი იყვნეს უწინარჱს მისა, რომელთათჳსცა წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და ურჩულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა, შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მისთა შორის ისრაელსა.

23. და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიაჲსთა მოვიდა ფარაო, მეფჱ მეგჳპტელთაჲ, ბრძოლად კარქამონდ, ევფრატით კერძო. და განვიდა ბრძოლად იოსია.

24. მიავლინა მისა მეფემან მან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

25. არა თუ შენდა მომავლინა უფალმან ღმერთმან, და ევფრატით კერძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ წინა-აღუდგები უფალსა.

26. და არა გარე-მიაქცინა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად მისა ჴელი შეყო. და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისაჲთა,

27. არამედ შეიკრიბა და ზედა მიუჴდა ფარაოს ველსა მას ედდასა. და მოუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიას.

28. და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ღუაწლისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

29. და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა. და აღიყვანეს იგი იერუსალემდ. და მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

30. და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიაჲს ზედა. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდებაჲ ესე იოსიაჲს ზედა. და დაჯდა იგი დედათა თანა და გოდებნ გოდებასა მას იერემიაჲსსა მოდღენდელად დღედმდე. და მისცეს ბრძანებაჲ მარადის ნათესავთა თჳსთა გოდებად შორის ისრაელსა.

31. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატი*ანთასა მეფეთა ისრაელისათა: და საქმენი, რომელ ქმნნა იოსია და სიმჴნენი იგი, რომლითა მჴნდა, და დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისაჲ, რომელ-იგი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა - ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაელისათანი და იუდაჲსნი.

32. და მეფე ყვეს ნათესავისა მისგან იექონია, ძე იოსიაჲსი. და მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიაჲს წილ. და იყო ოცდასამ წლის, რაჟამს დადგა იგი მეფედ.

33. და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალემსა ზედა სამ თუჱ. და აყენებდა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ, რაჲთამცა არავინ მეფობდა მათ ზედა.

34. და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვეცხლი და ერთი ოქროჲ.

35. და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოვაკიმ, ძმაჲ იგი იექონიაჲსი, და მეფობდა იოვაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალემსა.

36. და შეკრა იოვაკიმ დიდ-დიდნი იგი და მთავარნი სახლისა ისრაელისანი. და ზარა, ძმაჲ მისი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით.

37. და იყო ოცდახუთის წლის იოვაკიმ, რაჟამს მეფე ყვეს ჰურიასტანსა და იერუსალემსა ზედა; და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

38. დღეთა მისთა გამოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, და შეკრა იგი საკრველითა სპილენძისაჲთა და წარიყვანა იგი ბაბილონდ.

39. და სამსახურებელი სახლისა უფლისაჲ გამოიღო ნაბუქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა.

40. ესე ყოველი მისთჳს და უშჯულოებისა მისისა და სიბილწისა მისისათჳს დაწერილ არს წიგნსა დღეთა მეფეთასა.

41. და მეფობდა მის წილ იოვაკიმ, ძჱ მისი, და იყო ოცდაათრვამეტ წლის.

42. და მეფობდა სამ თუე და ათ დღჱ იერუსალემს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

43. და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილონდ ფასითურთ სახლისა მის უფლისა;

44. და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალემსა, და იყო სედეკია ოცდაათ წლის, და მეფობდა ათერთმეტ წელ.

45. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა. და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა, არცა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისაჲთა,

46. და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბუქოდონოსორს მეფესა სახელითა უფლისაჲთა, და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბუქოდონოსორს. და განიფიცხა გული თჳსი და ქედი და გარდაჰჴდა შჯულსა უფლისა, ღმრთისა ისრაელისასა.

47. და მთავართა მათ ერისათა და მღდელთა მრავალი უღმრთოებაჲ ყვეს და უშჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწებაჲ თჳსი უფროჲს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა ღმრთისა ისრაელისაჲ.

48. და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რაჲთამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ და ტაძარსა მას სიწმიდისა მისისასა.

49. და შეურაცხ-ყვნეს მოციქულნი იგი მისნი. და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, და იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა. და განრისხნა უფალი ზედა ნათესავსა მას უღმრთოებისა მათისათჳს, და მოავლინნა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.

50. და მათ მოსრნეს ჭაბუკნი იგი მათნი მახჳლითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოჲს ტაძარსა მას სიწმიდისასა. და არა ჰრიდა ყრმათა და ქალწულთა და მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა, არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა.

51. და ყოველი იგი სამსახურებელი უფლისაჲ, დიდი და კნინი, და ჭურჭერი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისაჲ, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაელისათაჲ აღიღეს და წარიღეს ბაბილონდ.

52. და ცეცხლითა მოწუეს ტაძარი იგი უფლისაჲ და დაჰჴსნნეს და აღაოჴრნეს ზღუდენი იერუსალემისანი და გოდლები მისი მოწუეს ცეცხლითა.

53. და იყო აღსრულებაჲ ყოვლისა დიდებისა მათისაჲ. და ნეშტნი იგი წინა წარიქცინეს და წარტყუენნეს ბაბილონს.

54. და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა, აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა:

55. ვიდრემდის სთნდეს უფალსა ქუეყანაჲ იგი და ცალიერად შაბათ ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რავდენ ჟამ იყო უდაბნოს, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათი წელი.

თავი 2

2:1–26

1. და მეფობასა კჳროსისსა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა, აღესრულა სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა, და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისაჲ, და უბრძანა კჳროს ყოველთა, რომელნი იყვნეს მეფობასა მისსა და მიწერა და თქუა:

2. ესრე იტყჳს კჳროს, მეფჱ სპარსთაჲ: გამომიცხადა მე მეუფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, უფალმან ჭეშმარიტად გამომიცხადა მე აღშჱნებად ტაძრისა მისისა იერუსალემისაჲ ჰურიასტანისასა. პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა, სამეოცდაათსა წელსა ტყუეობითგან, აღასრულა იუდამან და ბენიამენ. და ყოვლითურთ მეფობდა კჳროს შჳდ წელ.

3. აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათაჲ, და უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ, იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალემდ ჰურიათა მათ თანა და აღაშჱნონ ტაძარი იგი უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲ, რამეთუ ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალემს.

4. და ყოველნივე, რომელნი-იგი თითოეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყვნეს, შეეწინედ მათ ოქროჲთა და ვეცხლითა, ცხენებითა და ყოვლითა საცხოვარითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირედ ტაძარსა ღმრთისა იერუსალემსა.

5. და დადგედ მთავარნი იგი ნათესავთა და მამათმთავართაებრ ნათესავისაებრ იუდაჲსისა, ტომისაგან ბენიამენისი, და მღდელთაჲ და ლევიტელთაჲ და ყოველთაჲ, რომელთაჲ განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად და აღშჱნებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალემს.

6. და რომელნი გარემოჲს მათსა იყვნენ, შეეწინენ ოქროჲთა და ვეცხლითა და ცხენებითა და საცხოვარითა და აღუთქუედ უფალსა, რავდენი-რაჲ შთაუვრდეს გონებასა».

7. და მეფემან კჳროს მოღებად სცა სამსახურებელი იგი წმიდაჲ უფლისაჲ, რომელი-იგი წარეღო ნაბუქოდონოსორს მეფესა იერუსალემით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა.

8. მოღებად სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთ-მთავარსა თჳსსა, და მიუთუალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდაჲსსა.

9. და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა ჭურჭრისა მის უფლისაჲ: სამსახურებელი ოქროჲსაჲ ათას და სამსახურებელი ვეცხლისაჲ ათას, გუარდაკები ვეცხლისაჲ ოცდაცხრა,

10. და საფასეები ოქროჲსაჲ ოცდაათ და ვეცხლისაჲ ორ ათას ოთხას და ოც, ესე არს კამბივსეს, რომელ მეფობდა ათ წელ, რომლისაჲ რომელთამე თქჳან არტაშჱს მოკლიკი. და სხუაჲ ჭურჭერი ათას.

11. ხოლო ყოველი იგი ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი მოიღეს - ხუთ ათას ოთხას სამეოცდაცხრა. და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა. და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილონით და აღიღეს იერუსალემდ.

12. ჟამთა მეფობისა არტაშჱსთა, სპარსთა მეფისა, "ოცდაორსა არტაქსურქუ", მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳრებულ იყვნეს გარემოჲს ჰურიასტანსა და იერუსალემს: ბალასამე და მითრდატ და ბელიე, და ჰრათი და ბელტეთმე და სამაელიე მწერალი და სხუანიცა მრავალნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ზღჳსკიდესა: ქანანელნი და ტჳრელნი, ამონელნი და მოაბელნი და სამარიტელნი და სხუანი მრავალნი, ადგილისამპყრობელნი; მიწერეს წიგნი სახჱ ესრჱთ:

13. მეფესა არტაშჱს, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი - ჰრათიმე, რომელი თაყუანის-გცემს შენ, და სამელიე მწერალი - და ყოველნივე თანამზრახვალნი ჩუენნი, გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი:

14. აწმცა უწყებულ ხარ, უფალი ჩუენი და მეფჱ, ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს თქუენგან და მოვიდოდეს ჩუენდა, მისრულ არიან იერუსალემდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა, და აღაშჱნებენ მას და დაბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთაჲ ეგულების გამაგრებაჲ და ტაძრისაჲ მის ჰნებავს აღშჱნებაჲ.

15. აწ, უკუეთუ ქალაქი ესე აღაშჱნონ და ზღუდენი ამისნი აღასრულნენ, ხარკსა არავის უხარკებდენ, არამდ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ.

16. რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა, აწ კეთილ მიჩნდა ჩუენ, ვითარმცა იზრუნა ამის საქმისათჳს უფალმან ჩუენმან მეფემან, და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა.

17. და ჰპოო წერილი საჴსენებელთაჲ და სცნა, რამეთუ ქალაქი ესე განდგომილთაჲ არს და მეფენი ამისნი ჰურიანი განდგომილნი არიან და ცილ-ფიც მკჳდრნი იგი ამისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა.

18. აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშჱნოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, შენი ჴელმწიფებაჲ და გზაჲ ასურასტანით კერძო და ქანანით არა იყოს.

19. მას ჟამსა მიწერა არტაშჱს მეფემან ჰრათიმისა და ბელტემჱსა და სამეელისა მწერალისა და სხუათაცა ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სამარიაჲთ კერძო და ასურასტანით და ქანაანით, რომელთა-იგი მიწერეს მისა:

20. აღმოვიკითხე წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა,

21. და უბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა, და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა. და ქუეყანა ულ მოიღუაწე ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულ არიან მას ზედა,

22. და მეფენი, ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს იერუსალემს, უფლებდეს და ხარკსა მოჰჴდიდეს ასურეთით და ქანაანით კერძოთა.

23. აწ ეგერა მიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რაჲთა არა აღშჱნებდენ ქალაქსა მაგას.

24. და თქუენ გულს-იდგინეთ, რაჲთა არა უფროჲს აღემატოს უკეთურებაჲ მაგათი, და მჴდომად აღუდგენ და შრომაჲ შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა».

25. და მას ჟამსა აღმოიკითხეს წიგნი იგი მეფისა არტაშჱსი ჰრათიმე და სამეელ მწერალმან, და სხუანიცა მრავალნი მათ თანა. და აღვიდეს იერუსალემდ მწრაფლ ჰუნეებითა და ერითურთ და არა აუფლეს ჰურიათა მათ შჱნებად.

26. და დაეყენა შჱნებაჲ ტაძრისა უფლისაჲ იერუსალემს ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედებისა დარელ სპარსთა მეფისა.

თავი 3

3:1–24

1. და დარელ მეფემან ყო სიხარული დიდი, და მოუწოდა ყოველსა მთავრებსა თჳსსა და შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა და ქალდეველთასა,

2. და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა. ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე იყვნეს მთავრები იგი ასოცდაშჳდ.

3. და ჭამეს და სუეს და განძღეს და მხიარულ იქმნნეს. და რაჟამს ოხჭანი იყო, დარელ მეფჱ შევიდა სასუენებელად თჳსა და აღჴდა საგებელსა თჳსსა და დაიძინა.

4. მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს, სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:

5. მოვედით და თითოეულად ვთქუათ სიტყუაჲ ერთი. და რომელმან უბრძანეს და უძლიერჱს თქუას მოყუასთა თჳსთა უფროჲს, მისცეს მას დარელ მეფემან ნიჭი დიდი, "კჳროს ოცდაათ წელ და სხუაჲ წელი თორმეტ, კაისისი - ცხრა, მოგუთაჲ მათ - ერთ, დარიელისი - ორ წელ. ესენი არიან წელნი შჱნებისა მისგან სახლისანი."

6. და განადიდოს და სახელოვან ყოს იგი უფროჲს ყოველთასა: ძოწეული შთააცუას მას და ოქროჲსა სამსახურებელითა ჭამდეს და სუმიდეს და ზედა ოქრო-საგებელთა დაწვეს და დაიძინოს, და აღსუან იგი საჴედარსა ოქრო-აღჳრედსა და ხოირი ზეზისაჲ დაადგან და შარავანდი, შეაბან და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა მისსა,

7. და მეორესა საყდარსა დარელისსა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარელისა სახელ-ედვას.

8. და მაშინ თითოეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეჰბეჭდეს და დადვეს სასთუნლით კერძო დარელ მეფისა და თქუეს:

9. რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და რომლისაჲ იპოვოს სიტყუაჲ უბრძნჱს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი. "და ყო პური დიდი დარელ მეფემან პირველსა წელსა მეფობისა მისისასა."

10. და დაწერა პირველმან მან და თქუა: «ძლიერ არს და მძლე უფროჲს ყოვლისა ღჳნოჲ!»

11. და დაწერა მეორემან მან და თქუა: «მძლე არს და უძლიერჱს უფროჲს ყოვლისა შარავანდედი!»

12. და მესამემან დაწერა და თქუა: «მძლე არიან და უძლიერჱს უფროჲს ყოვლისა დედანი, და ყოველსა სძლიის ჭეშმარიტებამან!»

13. და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა.

14. და წარავლინნა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებსა და სპაჲპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა, და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხუევიედ მას ყოველნი, და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე.

15. და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა მათ და მათ განგჳმარტნენ სიტყუანი თჳსნი. და ვითარცა მოუწოდეს, და შეიყვანნეს წინაშე მეფეთაჲსა.

16. და ეტყოდეს მათ: ყოველივე გჳთხართ-ღა ჩუენ.

17. და იწყო სიტყუად პირველმან მან, რომელმან-იგი თქუა ძლიერებისათჳს ღჳნისაჲსა, და თქუა ესრჱთ:

18. ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნოჲ, რამეთუ ყოველთა კაცთა, რავდენთა სჳან, შესულიბნის გონებანი,

19. და მეფეთაჲ და გლახაკთაჲ ერთ ყვის გონებაჲ, ეგრეცა უფლისაჲ და მონისაჲ, მდიდრისაჲ და მკოდვისაჲ,

20. და ყოველთა გონებაჲ დრიკის და გარდააქციის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარებაჲ და სალმობაჲ.

21. და ყოველთაჲვე გონებაჲ აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა. და არა მოიჴსენნის მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა.

22. და რაჟამს დაითრვის, არა მოიჴსენნის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის.

23. და რაჟამს განჰქარდის, არა აჴსოვნ, რაჲ უქმნიედ.

24. ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნოჲ, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა.

თავი 4

4:1–63

1. და იწყო სიტყუად მეორემან, რომელმან თქუა ძლიერებისათჳს მეფეთაჲსა:

2. ჵ კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიანა კაცნი, და უპყრიეს ზღუაჲ და ჴმელი და ყოველივე, რაჲ არს მას შინა?

3. ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა. და თქუეს და ბრძანეს, და ადრე-ადრე ყვიან.

4. და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჰჴდის ბრძანებასა; და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან ადრე-ადრე და ქმნიან მანქანანი მათნი და ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან,

5. და მოკლნიან და მოიკლნიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჰჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართუედ მეფესა.

6. და არა ხოლო თუ ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართჳან მეფესა. და მერმე ხარკისმიმჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჰჴადიან ხარკი სამეუფოჲ.

7. და მეუფჱ მხოლოჲ განძლიერებული უფლებნ მას ზედა, და თუ უბრძანის მოკლვაჲ, მოკლიან, და თუ ცხორებად - აცხოვნიან,

8. და თუ აშენებად - აშჱნიან,

9. და თუ დარღუევად - დაარღჳიან, და თუ დანერგვად - დაჰნერგიან.

10. და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ.

11. და თუ მეფესა რაჲცა უნებნ, ქმნის: და განსუენებულად ზინ საინაჴესა და ჭამნ და სუამნ და იძინის. და სხუანი ყოველნი გარემოჲს ჴუმილვედ მას და ბრძანებასა მისსა ელიედ. და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ და ვერცა იკადრიან და გარდაჰჴდიან ბრძანებასა მეფისასა.

12. აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფჱ, რომლისა სიტყუაჲ ბრძანებისა თჳსისაჲ ესრჱთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქუა, და დადუმნა.

13. და მესამემან მან თქუა ძლიერებისათჳს დედათაჲსა და ჭეშმარიტებისათჳს - ესე არს ზორობაბელი - იწყო სიტყუად და თქუა:

14. ჵ კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფჱ, ანუ სხუანი მრავალნი კაცნი, და თუ ძლიერ არს ღჳნოჲ, ვინ არს, რომელსა უძლევიეს და უპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა, არა-მე დედანია?

15. რამეთუ დედანი არიან, რომელთა შვნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.

16. მათგან იშვნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვინაჲ იყოფვის ღჳნოჲ;

17. იგი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა, და მათ გამო შეიმკვებიან და იდიდებიან კაცნი; და ვერ ეგების თჳნიერ მათსა ყოფაჲ კაცთაჲ.

18. და თუ შეიკრიბიან ოქროჲ და ვეცხლი და ყოველი სიმრავლჱ და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი, მიიქციან მისა და აღუმტკმიედ პირი და შეჰხედვედ მას.

19. და ყოვლითა ნებითა მათითა ჰყუარობედ მას უფროჲს ოქროჲსა და უფროჲს ვეცხლისა და უფროჲს ყოვლისა საშუებლისა.

20. და დაუტევიან მამაჲ და დედაჲ თჳსი, რომელთა შვნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი, და მისდევდეს კუალსა ცოლისა თჳსისასა და ესრჱთ შეეყვნეს მას,

21. და ერთსულ იქმნნიან მის თანა. და არა მოიჴსენიან მამაჲ თჳსი და არცა დედაჲ თჳსი და არც სოფელი თჳსი.

22. და მისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებედ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყოველსავე, რასაცა იქმთ და ჰშურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.

23. და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, და თუ რაჲ შეიძინის, ანუ მოიავაზაკის ანუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა,

24. გინა მჴეცთა შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, და რაჟამს იპარის და მოიტაცის და ყოველსა ჭირსა განვლის, მიართჳს ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა.

25. რამეთუ უფროჲს უყუარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედაჲ თჳსი.

26. და მრავალნი შესულბეს გონებითა თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.

27. და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოწყდეს და მოწყჳდნეს, შესცთეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.

28. და აწცა არა გრწამს ჩემი? არცაღა დიდსა მაგას შარავანდედსა თავსა თჳსსა უფლიეს. და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.

29. და ვხედავ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა

30. და აღჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა და სცა ყურიმალსა მეფისასა.

31. და ამისთჳს გული არა განუწყრა მეფესა, არამედ პირი აემტკმო და შეჰხედვიდა მას და თუ იცინინ, იგიცა მის თანა იცინინ და თუ მწუხარე არნ, მეფჱ ექენებინ, ვიდრემდის განამხიარულის იგი.

32. და აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არიან დედანი, რომელნი ამას ყოველსა იქმან?

33. და მას ჟამსა მეფჱ იგი და დიდ-დიდნი, რომელნი მის თანა იყვნეს, იწყეს ხედვად კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა.

34. და იწყო სიტყუად ზორობაბელ ჭეშმარიტებისათჳს და თქუა: ჵ კაცნო, არა-მე ძლიერ არიანა დედანი? დიდ არს ქუეყანაჲ, მაღალ არიან ცანი, მალედ რბის მზისთუალი, რამეთუ აქუს მას სრბაჲ კამარის მსგავსსა მას კარავსა ცისასა, და მერმე მეყსეულად განფრინდის და მიიწიის ადგილსა თჳსსა ერთსა დღესა.

35. ანუ არა-მე დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნანდჳლვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროჲს ყოვლისა.

36. და ყოველი ქუეყანაჲ შეევედრების ჭეშმარიტებასა და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა და ყოველნი საქმენი იძრვიან და ძრწიან მის წინაშე, და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუვე არცა ერთ.

37. უწესო არს ღჳნოჲ, უწესო არს მეფჱ, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი და არცა არს მათ თანა ჭეშმარიტებაჲ და უწესობითა მათითა წარწყმდიან.

38. ხოლო ჭეშმარიტებაჲ დგას და ჰგიეს და ძლიერ არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ჴელმწიფებაჲ მისი უკუნითი უკუნისამდე.

39. და არა არს მის თანა თუალთხუმაჲ და არცა სადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უშჯულოებაჲ და უკეთურებაჲ. და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე, და არა იპოების საშჯელსა მისსა სიცრუვჱ.

40. რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არს ძლიერება მეფეთა და ჴელმწიფება და სიმდიდრე, და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისაჲ! და ესე თქუა და დადუმნა სიტყჳსაგან.

41. და ყოველმან კრებულმან მას ჟამსა ჴმითა დიდითა ღაღად-ყვეს და თქუეს: დიდ არს ჭეშმარიტებაჲ და მძლე არს და ძლიერ!

42. მას ჟამსა მეფემან მან ჰრქუა: ითხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ უფროჲს დაწერილისა მაგის, რამეთუ იპოვე ბრძენ უფროჲს ყოვლისა. და შემდგომსა საყდარსა ჩემსა დაშჯდე და ნათესავად ჩემდა სახელ-გედვას!

43. მაშინ ჰრქუა ზორობაბელ მეფესა მას: მოიჴსენე, აღთქუმაჲ იგი, რომელ აღუთქუ აღშჱნებისათჳს იერუსალემისა დღესა მას, რომელსა მოიღე შარავანდედობაჲ ეგე შენი,

44. და სთქუ, ვითარმედ: ყოველი ჭურჭერი და სამსახურებელი იერუსალემისაჲ მუნვე მივაქციო, რომელი-იგი განაშოვრა და გამოარჩია კჳროს, რაჟამს დასცა ბაბილონი; და აღუთქუა მან სამსახურებელი იგი უფლისაჲ კუალადგებად.

45. ეგრეცა შენ, მეფჱ, აღუთქუ აღშჱნებად ტაძრისა მის უფლისა, რომელ-იგი მოწუეს ედომელთა, რაჟამს უდაბნო ყვეს ჰურიასტანი ქალდეველთა.

46. და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო, მეფჱ, და ვითხოვ შენგან, რაჲთა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე. და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქუმაჲ იგი, რომელ აღუთქუ მეუფესა მას ზეცისასა და ყავ ეგრე სახედ, ვითარცა აღმოჴდა პირსა შენსა.

47. მას ჟამსა აღდგა დარელ მეფჱ და ამბორს-უყო ზორობაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებსა, რაჲთა წარგზავნონ იგი და რომელნი მის თანა იყვნეს, აღსლვად და აღშჱნებად იერუსალემი.

48. და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიაჲთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რაჲთა გარდამოიღონ ნაძჳსა ძელი ლიბანით იერუსალემდ და აღაშჱნონ ზორობაბელითურთ ქალაქი იგი.

49. და მიწერა ყოველთა მიმართ ჰურიათა, რომელნი-იგი განსრულ იყვნეს მეუფებასა მისსა, და განათავისუფლნა იგინი ხარკისაგან. და ჰრქუა ყოველთა მათ ძლიერთა და უფლებსა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა: «ნუმცა ვინ ხარკისათჳს მიადგების კართა მათთა.

50. და ყოველი ადგილი, რავდენიცა უპყრიეს, უხარკოდ, თავისუფალმცა არს. და ყოველთა იდუმელთა უკუნ-სცედ სოფლები და ადგილები, რომელ ეპყრა ჰურიათაჲ.

51. აღსაშჱნებელად ტაძრისა მისთჳს მისცედ სამეუფოჲთა წელიწადსა ოცი ტალანტი, ვიდრემდის აღაშჱნონ ტაძარი იგი.

52. და საკურთხეველისათჳს საკუერთხთაჲსა მისცედ ყოველთა დღეთა, ვითარცა წერილ არს შჯულსა, შჳდეული და ათეული დაუბრკოლებელად შეწირვად, და სხუაჲცა ათი ტალანტი წელიწადსა.

53. და ყოველნი, რომელნი აღვიდენ იერუსალემდ, აღაშჱნედ ქალაქი იგი. და არიანმცა თავისუფალ და უხარკო თჳთ და ნათესავნი მათნი და ყოველნი მღდელნი.

54. და უბრძანა დაწერად და მიცემად ყოველი საღუაწი და კუართები მღდელთაჲ მათ, რომელნი აღასრულებდეს მსახურებასა უფლისასა.

55. და ლევიტელთა მათ დაუწერა როჭიკი მი-მუნ-დღედმდე, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი იგი უფლისაჲ და იერუსალემი აღიშჱნოს.

56. და ყოველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა მას, მიწერა მიცემად მათა სამკჳდრებელი ქუეყანისაჲ მის და როჭიკი მათი.

57. და წარუძღუანა ყოველი იგი ჭურჭერი და სამსახურებელი ტაძრისაჲ მის, რომელი-იგი გამოიღო კჳროს ბაბილონით. და ყოველი, რაჲცა თქუა კჳროს და რაჲ-ყო, აღასრულა და მიუძღუანა ყოველი იგი სამსახურებელი უფლისაჲ იერუსალემდ.

58. და რაჟამს გარე გამოვიდა მეფისა მისგან ზორობაბელ, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად იერუსალემდ კერძო და აკურთხა უფალი, მეუფჱ ცისაჲ, და თქუა:

59. შენ მიერ არს სიბრძნჱ და შენ მიერ არს ძლიერებაჲ და შენდა შუენის დიდებაჲ, და მე მონაჲ შენი ვარ!

60. და გაკურთხევ შენ, რომელმან მომეც მე სიბრძნე, და გმადლობ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო!

61. და მოიღო წიგნები იგი და წარვიდა. და მოვიდა და შევიდა ბაბილონდ და უთხრა ძმათა თჳსთა.

62. და აკურთხევდეს ღმერთსა მამათა თჳსთასა, რამეთუ მოჰმადლა მათ ფართოებაჲ და განტევებაჲ მათთჳს,

63. რაჲთა მივიდენ და აღაშჱნონ იერუსალემი და ტაძარი იგი უფლისაჲ, რომელსა ეწოდა სახელი მისი მას ზედა. და ყვეს სიხარული დიდი ყოვლით მენოაგითურთ შჳდ დღჱ.

თავი 5

5:1–71

1. და შემდგომად ამის ყოვლისა გამოირჩინეს ნახპეტნი და წინამძღუარნი სახლთა ნათესავთანი აღსლვად იერუსალემდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლითა ჭურჭრითა და საგებელითურთ.

2. და დარელ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდის მივიდენ და მიიწინენ იერუსალემდ მშჳდობით. მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა,

3. და პარითა და როკვითა და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალემდ.

4. და ესე სახელები არს კაცთაჲ მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალემდ, მსგავსად სახელებისა მამათა მათთაჲსა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთაჲსა.

5. მღდელთა მათგანნი იყვნეს ძენი ფინეზისნი, ძისა აჰრონისნი: ისუ იოსედეკეანი და იოაკიმ, რომელ იყო ზორობაბელ სალათიელეანი, თესლისა მისგან დავითისა, ტომისაგან ფარეზისა, ნათესავისა მისგან იუდაჲსი,

6. რომელიცა იტყოდა წინაშე დარელ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა, თუესა მას ნისანსა, თუესა მას პირველსა.

7. და იყვნეს ესე ყოველნი ჰურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალემდ, რომელნი წარტყუენულ იყვნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილონელთაჲსა,

8. და აღვიდეს იერუსალემდ და დაემკჳდრნეს ჰურიასტანს, თითოეულად ქალაქსა თჳსსა; და იყვნეს წინამძღუარნი მათნი ზორობაბელ და ისუ იოსედეკეანი. და იყვნეს ნათესავისა მისგან მღდელთაჲსა: ნეემი, სარელ, ერესე, ანანია, მურთქჱ, ბეელასარ, ასფარაელ, ზოროველ, ჰოროიმ, გააზა.

9. და ესე არს რიცხჳ ნახპეტთა და ნათესავთაჲ და მთავართა მათთაჲ: ძენი ფარეზისნი ორ ათას სამეოცდა თორმეტ;

10. ძენი ფატისნი ოთხას სამეოცდათორმეტ; ძენი ასერისნი შჳდას სამეოც და ექუს;

11. ძენი ნეფთალემისნი მოაბელისანი და ძეთა ისუჲსთაჲ და ჰროაბისთაჲ ორ ათას რვაას ათორმეტ;

12. ძენი ელამისნი ორ ათას ორას ერგასის და ოთხ; ძენი ზატუნისნი ცხრაას ორმეოცდახუთ; ძენი ქორბაჲსნი შჳდას და ერგასის; ძენი ბადიაჲსნი ექუსას ორმეოცდარვა;

13. ძენი ბეგეაჲსნი ექუსას ოცდასამ; ძენი არგეაჲსნი სამ ათას სამას ოცდაორ;

14. ძენი ადონიკამისნი ექუსას სამეოცდაათჩჳდმეტ; ძენი ბოსორესნი ორ ათას ექუსას და ექუს; ძენი ადინაჲსნი ოთხას ერგასის და ოთხ;

15. ძენი ეზირ ეზეკიაჲსნი ოთხმეოცდაათორმეტ; ძენი ელანისნი და აზატჱსნი სამეოცდაშჳდ; ძენი აზარისნი ოთხას ოცდათორმეტ; ძენი გედალისნი ექუსას ოცდათორმეტ;

16. ძენი ანანიაჲსნი ას და ოც; ძენი არომისნი სამას ოცდასამ; ძენი არსიფურისნი ას და თოთხმეტ;

17. ძენი ბეტერეაჲსნი სამ ათას ოთხმეოცდაათოთხმეტ; ძენი ბეთლომიაჲსნი ას ოცდასამ;

18. ნატობობისგან ერგასის და ხუთ; ნატთაჲსგან ას ერგასის და რვა; გეთამონისგან ორმეოცდაორ;

19. კარიათიმისგან ოცდახუთ; ქაფირისგან და თერონისგან შჳდას ორმეოცდარვა;

20. ქადიაჲსგან და ამიდიაჲსგან ოთხას ოცდაორ; კეიმარისგან და კაბესისგან ექუსას ოცდაერთ;

21. მაკალონისგან ას ოცდაორ; ბეტოლიამისგან ერგასის და ორ; ძენი ნიფისისნი ას ერგასის და ექუს;

22. ძენი კალამოლაჲსნი და ორნიაჲსნი შჳდას ოცდახუთ; ძენი ერექეაჲსნი სამას ორმეოცდახუთ;

23. ძენი სანაჲსნი სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ.

24. და ძენი იგი მღდელთანი: ძენი ედდუტაჲსნი, ძისა იოსიაჲსნი, ცხრაას ოცდაათორმეტ; ძენი ემმერაჲსნი ათას ერგასის და ორ;

25. ძენი ფასურისნი ათას ორას ორმეოცდაშჳდ; ძენი ქარმისნი ათას და აჩჳდმეტ.

26. ხოლო ლევიტელთა ძენი: ისუისნი ერთ და კოდუელისნი და ბანეაჲსნი და სუდუაჲსნი სამეოცდაათოთხმეტ.

27. და რომელნი იყვნეს ნათესავისა მისგან მღდელთაჲსა მგალობელნი: ძენი ასაფისნი ას ორმეოცდარვა.

28. და მეკარენი იგი: ძენი სალომესნი, ძენი ატერარაჲსნი, ძენი ტოლმიაჲსნი, ძენი კუბიაჲსნი, ძენი ატეტაჲსნი, ძენი საბეაჲსნი - და ყოველნი ესე ას ოცდაცხრამეტ.

29. და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასიფაჲსნი, ძენი ტაბალაჲსნი, ძენი კერრაჲსნი, ძენი სუფიაჲსნი, ძენი ფალეაჲსნი, ძენი ლაბანისნი, ძენი აგებაჲსნი,

30. ძენი აკუდისნი, ძენი უტისნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სუბაჲმისნი, ძენი ამმანისნი, ძენი კათუვაჲსნი, ძენი გედდურისნი,

31. ძენი არუვაჲსნი, ძენი დესანისნი, ძენი ნობაჲსნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიაჲსნი, ძენი ფანეაჲსნი, ძენი ასსანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფაკისნი, ძენი ბასალთისნი,

32. ძენი დედანისნი, ძენი კუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარაჲსნი, ძენი თომიაჲსნი, ძენი ნასაისნი, ძენი ქატეფისნი.

33. ძენი მონათა მათ სოლომონისთანი: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელევისნი, ძენი ლოზონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვაჲსნი,

34. ძენი აგიაჲსნი, ძენი ფაქერისნი, ძენი საბიაჲსნი, ძენი საროთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუისნი, ძენი სუბაჲსნი, ძენი აფუფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ფარტისნი, ძენი ალანისნი,

35. ყოველნივე მონანი მღდელთანი მათ და მონანი სოლომონისნი სამას სამოცდაათორმეტ.

36. ესენი იყვნეს, რომელნი გამოსრულ იყვნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას: მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ.

37. და სხუათა ვერვინ შეუძლო აღრაცხად, ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყვნეს ისრაელისაგან: ძენი დალუკჱსნი, ძენი სატუბენაჲსნი, ძენი ნეკედონისნი - ექუსას ერგასის და ორ.

38. მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს: ძენი ნობდიაჲსნი, ძენი იაკობისნი, ძენი იუდაჲსნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთაჲ და სახელ-ედვა მათ სახელად.

39. და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა-რიცხჳსა, ადგილსა განაწილებულსა; და ვითარცა არა იპოვნეს იგინი რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიაახლნეს მღდელობასა.

40. და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცუას განცხადებულებაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

41. და იყო ყოველი ისრაელი ათორმეტ წლისაჲთგან მიმართ, გარნა მონათა და მჴევალთა, ოთხ ბევრ სამ ათას სამას სამეოც; მონანი და მჴევალნი მათნი შჳდ ათას სამას ოცდააჩჳდმეტ; მგალობელნი და მსახურნი ორას ორმეოცდახუთ.

42. აქლემები ოთხას ოცდათხუთმეტ და ცხენები შჳდ ათას ორმეოცდაექუს და ჯორები ორას ორმეოცდახუთ და ვირები ხუთ ათას ხუთას ოცდახუთ.

43. და მამათმთავარნი, მსგავსად მამათმთავართა მათთაჲსა, მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელ იყო იერუსალემს, და აღუთქუეს აღთქუმაჲ, რაჲთა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა წესისაებრ თჳსისა.

44. და დასდებდეს საფასესა ტაძრისა მის შესაწევნელად საქმარისა მისთჳს: ოქროჲ ათას ქანქარ, და ვეცხლი სამ-ხუთ ათას ქანქარ, კუართები სამღდელო ას.

45. და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და ერი იგი იერუსალემს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაელი - დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა.

46. და აღდგეს მეშჳდესა მას თუესა ყოველნი იგი ძენი ისრაელისანი, თითოეული ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისაღმოსავალით კერძო.

47. და განეწყვნეს ისუ იოსედეკეანი და ძმანი მისნი და ყოველი იგი სიმრავლჱ მღდელთაჲ მათ, და ზორობაბელ სალათიელეანი და ძმანი მისნი, და განჰმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისაჲ,

48. რაჲთამცა შეწირეს მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისასა.

49. და შეკრბეს იგინი და განეშოვრნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღჰმართეს საკურთხეველი შესაწირავთაჲ ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყვნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად-ჟამად განთიად და მწუხრი.

50. და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისაჲ, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მარადღჱ, ვითარცა ბრძანებულ იყო.

51. და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკუერთხთა მათ ჟამად-ჟამად შაბათთა და თჳსთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს.

52. და რომელსა-იგი ერთვე აღუთქუმიდეს აღნათქუემსა ღმერთსა, თჳსთავისაგან მეშჳდისა თჳსაჲთ იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა, და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისაჲ არღარა აღშჱნებულ იყო.

53. და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა, და როჭიკი მათი ეგრეცა სიდონელთა და ტჳრელთა, რაჲთა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსაჲ. და მოიღეს ნავითა ნავთსადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაჲსწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

54. წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისასა იერუსალემდ, თუესა მას მეორესა, იწყეს შჱნებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელეანმან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა და ყოველნივე, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან იერუსალემდ.

55. და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისაჲ თჳსთავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალემდ,

56. და განაწესნეს ლევიტელნი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა: და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი, და კადმიელ, ძმაჲ მისი, და ძენი ისუჲსნი - ლემა და ბუს და ძენი იოვიდაჲსნი ელეადეანისანი ძმათა თჳსთა თანა, ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა.

57. და გალატოზთა მათ მაშჱნებელთა აღაშჱნეს სახლი იგი უფლისაჲ და განეწესნეს მღდელთ-მოძღუარნი იგი; და ეცუა მათ ბრჭლადმდისი იგი, ნოვაგითა და ნესტჳთურთ. და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა, აქუნდეს წინწილანი და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმაჲ ნოვაგთაჲ დავით, მეფემან ისრაელისამან.

58. და დიდითა ჴმითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა, რამეთუ ქველისსაქმჱ ღმრთისაჲ და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ისრაელსა ზედა.

59. დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს ღმერთსა, რომელმან აღჰმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ.

60. და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყვნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთაჲსა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარჱს ამის შჱნებისა, დიდითა ტირილითა

61. და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა.

62. რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისაჲსა; დაღათუ მრავალ იყვნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას, მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.

63. და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდაჲსთა და ბენიამენისთა. და მოვიდეს ხილვად და გულისხმისყოფად, ვითარმედ რაჲ-მე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ მის?

64. და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშჱნებენ ტაძარსა მას უფლისა, ღმრთისა ისრაელისასა.

65. და მიუჴდეს ზორობაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მამათ-მთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშჱნებდეთ ჩუენ ტაძარსა უფლისასა.

66. ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ " სამარიტელეანნი იგი, რომელ მოიყვანნეს მართაგან და ქალდეველთა და დაამკჳდრნეს გალილეაჲსა ადგილთა მათ ტომთა ისრაელისათა, ესენი იყვნეს მტერ ნათესავსა მას იუდაჲსსა და ბენიამენისსა. " ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვაჲ ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინაჲთგან წარგუტყუენნა ჩუენ სალმანასარ, მეფემან ასურასტანისამან, და მოგჳყვანნა და დაგუამკჳდრნა ჩუენ აქა.

67. და ჰრქუეს მათ ზორობაბელ და ისუ იოსედეკეანმან და სხუათა მათ მამათ-მთავართა ისრაელისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შჱნებად სახლი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ;

68. ჩუენ აღვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისაჲ, ვითარცა მიბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

69. რამეთუ ესე ნათესავნი იყვნეს, რომელნი ზიარ იყვნეს მტერთა მათ იუდაჲსთა, რომელნი-იგი აყენებდეს შჱნებად ჟამთა მათ კჳროს მეფისათა,

70. რამეთუ უბრძანა მათ შჱნებაჲ ტაძრისაჲ მის ცხორებასა თჳსსა.

71. და შემდგომად სიკუდილისა მისისა და-ღა-აყენეს ათორმეტ წელ ვიდრე მეორედ წლადმდე დარელისა.

თავი 6

6:1–33

1. და მეორესა წელსა დარელის მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალემს სახელითა უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲთა.

2. მას ჟამსა ზორობაბელ სალათიელეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყეს შჱნებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალემს წინაწარმეტყუელითურთ უფლისაჲთ და რომელნი-იგი შემწე იყვნეს მათა.

3. მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთაჲ და ფინიკელთაჲ, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი და ჰრქუეს მათ:

4. ვისითა ბრძანებითა აშჱნებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინ-მე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენებაჲ მაგისი და აღსრულებაჲ?

5. და იქმნა მადლი მოძიებისაჲ უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა და ჰურიასტანსა,

6. და არა დააყენნეს იგინი შჱნებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარელ მეფისა, და რაჲთა მოიღონ ბრძანებაჲ მისგან.

7. წიგნი, რომელ მიწერეს და მიუძღუანეს დარელ მეფესა: «სისინე, მთავარი ასურასტანელთაჲ და ფინიკელთაჲ, და სათარბუზანდ და, რომელნი არიან მათ თანა, ასურასტანელთა და ფინიკელთა კარანნი და მთავარნი

8. დარელ მეფესა გიკითხავთ. უწყებულმცა არს შენდა, უფალო ჩუენო, მეფჱ, რამეთუ მივედით და მივიწიენით ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა და შევედით ქალაქსა იერუსალემსა და ვპოენით მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან და მღდელთმოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალემს, და ვიხილეთ, რამეთუ აშჱნებდეს ტაძარსა უფლისასა, დიდ-დიდსა და საკჳრველსა, ქვათა გამოთლილთა, დიდ-დიდთა და ძელისა სათხეპელთა უპყრობდეს ზღუდეთა მისთა.

9. და იყო საქმჱ იგი დიდითა სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა მათთა, და დიდითა დიდებითა ენება მეყსეულად აღშჱნებაჲ მისი.

10. მას ჟამსა ვჰკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშჱნებთ სახლსა მაგას? ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მისი?

11. და ვჰკითხეთ მათ, რაჲთამცა გაუწყეთ შენ და გიჩუენენითმცა შენ კაცნი იგი წინამძღუარნი მათნი და და-მცა-ვწერენით სახელნი მათნი, რომელნი იყვნეს მთავარ საქმისა მის მათისა.

12. და მათ მოგჳგეს და გურქუეს ჩუენ: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.

13. და იყო აღშჱნებულ ტაძარი ესა უპირადეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაელისაჲთა.

14. ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა, ღმერთსა ისრაელისასა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისათა, რომელ-იგი იყო მეფჱ ქალდეველთაჲ.

15. მუხლი აკლია

16. პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისსა ბაბილონს, მოწერა მეფემან კჳროს და ბრძანა აღშჱნებაჲ ტაძრისაჲ მის.

17. და ყოველი ჭურჭერი და სამსახურებელი ტაძრისაჲ მის, ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან სახლისაგან უფლისა იერუსალემით და დადვა სახლსა კერპთა თჳსთასა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა ბაბილონელთაჲსა და მისცა ზორობაბელს და სამნასარს.

18. და უბრძანა მათ მოღებად და დადებად ჭურჭერისაჲ მის და სამსახურებელისაჲ მის ტაძარსა მას უფლისასა იერუსალემს. და ტაძრისაჲ მის ბრძანა აღშჱნებაჲ ადგილსა თჳსსა.

19. მას ჟამსა სამნასარ აღვიდა იერუსალემდ და დადვა საფუძველი ტაძრისაჲ მის. მიერ ჟამითგან ვიდრე აქამომდე ვაშჱნებთ და არღა აღსრულებულ არს.

20. და აწ, უფალო ჩუენო, დარელ მეფჱ, ძიება ყავ და იხილე სახლსა მატიანთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთაჲ დამარხულად მეფისა კჳროსისი,

21. და თუ იპოოს, ბრძანებითა კჳროს მეფისაჲთა და სიტყჳთა მისითა აღაშჱნონ ტაძარი უფლისაჲ იერუსალემს, და ზედა-მიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა, და გუაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს!»

22. მას ჟამსა დარელ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოთასა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს, და იპოვა ბტანს ბარიტენისსა, მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრჱთ:

23. «წელსა მას პირველსა, შარავანდედობასა კჳროსისსა, მეფემან კჳროს ბრძანა აღშჱნებად სახლი იგი უფლისაჲ იერუსალემს, სადა შესწირვიდენ საკუერთხთა მათ განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.

24. და უბრძანა ესე საზომისა სახჱ აღშჱნებად: სიმაღლჱ მისი სამეოც წყრთა და სივრცჱ მისი სამეოც წყრთა, და მოსხმად სამჯერ ქვაჲ თლილი და ჯერი ერთი ძელთაგანი ახალთაჲ, და საჴმარი ყოველი ებრძანა მიცემად სამეუფოჲთ.

25. და ჭურჭერი სამსახურებელი სახლისა უფლისაჲ, ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონდ ტაძრისა მისგან უფლისა, რომელ იყო იერუსალემს, უბრძანა მიღებად კჳროს მეფემან სახიდ უფლისა, რომელი-იგი იყო იერუსალემს, რაჲთა დადვან მუნ, ვითარცა-იგი იყო პირველ».

26. და შე-ვეღა-სძინა მას ბრძანებასა დარელ მეფემან და ჰრქუა: «სისინი, მთავარი ასურთაჲ და ფინიკელთაჲ, და სათრაბუზან და სხუანი მოდგამნი თქუენნი, რომელ განწესებულ ხართ საქმეთა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა, ზორობაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათაჲ, და ნუცა მღდელთ-მოძღუართა მათ ჰურიათასა, რომელნი-იგი ერთვე აშჱნებენ სახლსა მას ადგილსა თჳსსა.

27. მე ვბრძანე, რაჲთა ყოლადვე სრულიად აღიშჱნოს; და ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალემდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა, ღმრთისა თჳსისაჲ.

28. და ხარკთაგან ასურეთით კერძოჲთ და ფინიკელთაჲ მცნებით მიბრძანებიეს, რაჲთა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბნ ზორობაბელ მთავარმან ზუარაკები და ვაცები და კრავები,

29. მისვე სახისაებრ, იფქლი და მარილი, ღჳნოჲ და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი-წლად; რავდენ ჟამცა მღდელთა იერუსალემს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი-დღედ დაუბრკოლებელად მისცედ,

30. რაჲთა შეწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მათისა და ლოცვა ყონ ცხორებისათჳს მეფისა».

31. და უბრძანა: «უკუეთუ ვინმე უდებ ყოს, ანუ გარდაჰჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივწერე, პატიჟეულიმცა ზღავს ყოველსა ამას თავით თჳსით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებენ.

32. რამეთუ სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისაჲ, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღუაწი სამეუფოჲ და ნათესავთაჲ, და მან იკადრა ჴელის განდგმად და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს, რომელ არს იერუსალემს.

33. მე, დარელ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამის ყოვლისა».

თავი 7

7:1–15

1. მაშინ სისინე, მთავარმან მან დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიაჲთ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მას ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანებაჲ დარელ მეფისაგან,

2. იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნნეს საქმის-მოდგამ მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართასა.

3. და განემარჯუებოდა საქმჱ იგი ტაძრისაჲ მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია.

4. და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲსა,

5. და ბრძანებისა მისებრ და ნებისა კჳროსისა და დარელისა წელსა მას მეექუსესა დარელ მეფისა. აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა მეოცესა, მესამისა ადარ თჳსასა, მეექუსესა წელსა შარავანდედებასა დარელისსა.

6. და ყვეს ძეთა მათ ისრაელისათა და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, " აღესრულა წმიდაჲ იგი ტაძარი თუესა მიჰრაკნისასა, ოცდახუთსა თჳსასა. და იყო შჱნებაჲ მისი ორმეოცდაექუს წელ: ოცდაათი წელი - კჳროსისი, კაისესი ცხრაჲ, არტაშჱსი ერთი წელი, მოგუთაჲ მათ ექუსი წელი, დარელითურთ ორმეოცდა ექუს წელ. " ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა შჯულისა მოსესთა.

7. და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისაჲ: ზუარაკები ას და ვაცები ორას და კრავები ოთხას,

8. და წელიწადეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელისათა ათორმეტ - რიცხჳსა მისებრ ტომთა-მთავართა მათ ისრაელისათა.

9. და განეწყვნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ, და ეცუა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა, ღმრთისა ისრაელისა, ვითარცა ბრძანებულ არს წიგნთა მოსესთა. და მეკარენი იგი თითოეულად კართა.

10. და ყვეს ძეთა მათ ისრაელისათა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისაჲ მეათხუთმეტესა დღესა თჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად,

11. რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი,

12. ყვეს ზატიკი იგი უფლისაჲ ყოველთა მათ ძეთა ისრაელისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, ძმათა თჳსთა და თჳთ მღდელთა მათ.

13. და ჭამეს ძეთა მათ ისრაელისათა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან მათისა, ყოველნივე რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთაჲსა და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი.

14. და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისაჲ შჳდ დღჱ, და იხარებდეს წინაშე უფლისა,

15. რამეთუ გარე-მოაქცია ღმერთმან ზრახვაჲ მეფისა მის ასურთაჲსაჲ მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა, ღმრთისა ისრაელისასა.

თავი 8

8:1–92

1. და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველი, შარავანდნი შეიბნა არტაშჱს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძჱ აზარიაჲსი, რომელი იყო იეზერიაჲსგან, რომელი ქელკიანესგან, რომელი სალემისგან,

2. რომელი ადუკისგან, რომელი იაქიტობისგან, რომელი იამართესგან." ესე არს არტაშჱს ჴელგრძელი, რომელი შეეწია და განადიდა ეზრა ყოველსა წესსა და საჴმარსა გამოსლვასა მას ჰურიათასა. " რომელი იოზეკისგან, რომელი მარეროთისგან, რომელი ზარეაჲსგან, რომელი სეუსჱსგან, რომელი ბუკკიესგან, რომელი იაბესჱსგან, რომელი ელიაზარისგან, რომელი აჰრონისგან, პირველისა მის მღდელისა.

3. ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯუე შჯულსა მას მოსესსა, მოცემულსა ღმრთისა მიერ ისრაელისა,

4. და მისცა მას მეფემან დიდებაჲ, და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.

5. და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაელისათაჲ და მღდელთა მათგანი და ლევიტელთაჲ და მსახურთა მათგანი, მეფსალმუნეთაჲ და მეკარეთა მათგანნი და მონათა მათგანნი მღდელთანი იერუსალემდ, წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშჱს მეფისასა, თუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისაჲ მის.

6. და გამოვიდეს ბაბილონით თჳსთავსა მას პირველისა მის თჳსასა, და თჳსთავსა მეხუთისა მის თჳსასა შევიდეს იერუსალემდ, ვითარცა-იგი განუმარჯუა მათ უფალმან.

7. რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარაჲ დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, და მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაელსა განკითხვათა და სიმართლეთა.

8. მოიწია წიგნი ბრძანებისაჲ მეფისა არტაშჱსი ეზრა მღდელისა, რომელ უთხრობდა შჯულსა უფლისასა. და მიწერა ესრე სახედ:

9. «მეფჱ არტაშჱს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულისასა გიკითხავ.

10. ყოვლითავე კაცთმოყუარებისა ნებითა აღმიწონიეს მე, და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ჰურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალემდ, და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალემდ.

11. და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ჰურიასტანდ და იერუსალემდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახვალთა ჩემთა,

12. რაჲთა მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე.

13. და შეწირედ შესაწირავი უფლისა, ღმრთისა ისრაელისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა, იერუსალემს; და ყოველივე ოქროჲ და ვეცხლი, რავდენიცა იპოვოს ქუეყანასა მას ბაბილონელთასა, უფლისა ღმრთისა შეწირედ მსხუერპლი იერუსალემს.

14. და მიიღეთ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთაჲსა: მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მიართუედ იერუსალემდ ოქროჲ და ვეცხლი, ზუარაკები და ვერძები და კრავები.

15. და სხუაჲ იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთაჲ შეწირედ უფლისა ღმრთისა იერუსალემს.

16. და ყოველივე, რაჲცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ: ოქროჲსა და ვეცხლისათჳს ხარკთაჲსა ნებისაებრ უფლისა, ღმრთისა შენისა, აღასრულე.

17. და სამღდელოჲ იგი ჭურჭერი და სამსახურებელი მიიღე იერუსალემდ და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა, ღმრთისა შენისა, იერუსალემს.

18. და სხუაჲ იგი ნამეტავი და ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმრისაგან ტაძრისაჲსა, და დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთაჲსა.

19. და მე, არტაშჱს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რავდენცა უნდეს მიღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულისა უფლისა, ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი,

20. მისვე სახისაებრ იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნოჲ და ზეთი.

21. და ყოველივე მსგავსად შჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რაჲთა არა იყოს შერისხვაჲ უფლისაჲ ზედა შარავანდედებასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

22. და მიბრძანებიეს თქუენ, მღდელთათჳს და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა და მეკარეთა და მონათა მღდელთაჲსა და მსახურთა სახლისა უფლისათა: ნუცა ხარკი, ნუცა სხუაჲ რაჲ ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მაგათგან მოღებად.

23. და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, დაადგინენ ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი შჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიაჲთ; და ყოველთა, რომელთა ესწაოს შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და რომელთა არა ესწაოს, ასწავე.

24. და ყოველნივე რომელნი გარდაჰჴდენ შჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და შჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფებაჲ პატიჟის ყოფად და გუემად, და თუ სიკუდილისა თანამდებ იყვნენ, მოკლვად, გინათუ საპატიჟებელ იყვნენ, პატიჟის ყოფად და ზღვაჲ მოჴდად».

25. და თქუა ეზრა, მწერალმან შჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი, ღმერთი მამათა ჩუენთაჲ, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა დიდებულ ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალემს.

26. და მე დიდებულ და პატიოსან მყო წინაშე შარავანდედისა მის, წინაშე ყოველთა თანამზრახვალთა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

27. მხიარულ ვიქმენ მე ფრიად შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა. და შეკრიბნა ყოველნი კაცნი იგი ისრაელისანი, რომელნი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალემდ.

28. და ესე არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთაჲსა და განწილვისა მისებრ მამათა და ნათესავთა თჳსთაჲსა, რომელნი გამოვიდეს ეზრაჲს თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშჱს მეფისასა:

29. ძეთა მათგან ფინეზისთაჲ - გერსონ, ძეთა მათგან თამარისთაჲ - გამაელ; ძეთა მათგან დავითისთაჲ - ფარეზ;

30. ძეთა მათგან ფურუსისთაჲ - ზაქარია და რომელნი-იგი მის თანა წერილ იყვნეს, კაცნი ას ერგასის;

31. ძეთა მათგან ფათამოაბ - ელიაონია ზარეასთაჲ და მის თანა ორასი კაცი;

32. ძეთა მათგან ზათუჱსთაჲ - იეზონია იეთერიაჲსი და მის თანა კაცნი სამასნი; ძეთა მათგან ადინობესთაჲ - იონათან და მის თანა კაცნი სამას ერგასისნი;

33. ძეთა მათგან ელამისთაჲ - გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ;

34. ძეთა მათგან საფატისთაჲ - ზაქარია მიქაელეანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათნი;

35. ძეთა მათგან ოაბისთაჲ - აბდია ეზელიანი და მის თანა კაცნი ორას და თორმეტ;

36. ძეთა მათგან ბანესთაჲ - ასალიმოთ საფეანი და მის თანა კაცნი ას სამეოც;

37. ძეთა მათგან ბერისთაჲ - ზაქარია აბიბჱსი და მის თანა კაცნი ოცდარვა;

38. ძეთა მათგან ასტთისთაჲ - იოჰანე კატაისი და მის თანა კაცნი ას და ათ;

39. ძეთა მათგან ადომიკამისთაჲ და ესფატისთაჲ და ესე სახელები მათი არს: ელიფატ, გელუველ და სამეას და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ;

40. ძეთა მათგან ბენჱსთაჲ - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

41. და შეკრიბნა იგინი კიდესა მის მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა, და დაიდვეს მუნ სავანჱ სამ დღჱ ოდენ და ყვეს ახილვაჲ ყოველთა ძეთაჲ.

42. ძეთა მათგან მღდელთაჲ და ძეთა მათ ლევიტელთაჲ არავინ იპოვა მათ თანა,

43. და მივავლინე ელიაზარისა, და მოვიდეს ჩემდა სამეა და ორიბონ და ნათან, ენნატარ და ზაქარია და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და მოძღუარნი შჯულისანი,

44. და ვარქუ მათ, რაჲთამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა თანა მეფასეთაჲსა.

45. და ვამცენ მათ, რაჲთა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა და რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფასებისასა, რაჲთამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა.

46. და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყვნეს ძლიერ, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულსა უფლისასა: ძისა მოუოლისაჲ, რომელი-იგი ლევისგან და ისრაელისაგან, ასერევიან და ძენი მისნი და ძმანი ათორმეტ;

47. და ასებიან და აუნონ და ოსეტან და ძმაჲ ძეთა მათგან ქანუზისთაჲ, და ძენი მისნი ოც კაც;

48. და მონათა მათგან მღდელთაჲსა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელთა ლევიტელთაჲსა, რომელთაჲ დაიწერნეს სახელნი სახელოვანთაჲ მათ ოც.

49. და ვქადაგეთ მუნ მარხვაჲ და ვილოცევდით წინაშე უფლისა, ღმრთისა ჩუენისა,

50. და ვითხოვდით ადვილსა და განმარჯუებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რაჲ-იგი იყო ჩუენ თანა.

51. რამეთუ მძიმე გჳჩნდა თხოვაჲ მეფისა მისგან მკჳრცხებისა და მჴედრებისა, რაჲთამცა გზად მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინა-აღგჳდგეს;

52. რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრჱთ, ვითარმედ: ძლიერებაჲ უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას.

53. და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რაჲთამცა უფალმან დაგჳცვნა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა.

54. და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი და ესებიან და ესემიან და მათ თანა ძმათაგანი მათთაჲ ათ კაც.

55. და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქროჲ და ვეცხლი, და სამსახურებელი სამღდელოჲ, და ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ, რომელი-იგი მოგუანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახვალთა მისთა და მთავართა და ყოველმან კრებულმან მათმან.

56. აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსას ერგასისი ტალანტი და სამსახურებელი ვეცხლისაჲ ასი ტალანტი და ასი ტალანტი ოქროჲსაჲ; და სხუაჲ ჭურჭერი ოქროჲსაჲ ოც და ჭურჭერი სპილენძისაჲ, წმიდაჲ, რჩეული, ოქროჲს-ფერი თორმეტ

57. და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისაჲ არს ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ. ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, დაგჳცვნეს და მოგუაწინეს ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა მისისასა.

58. მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწინეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთაჲსა და ლევიტელთაჲსა და მფლობელთა მათ მთავართა ისრაელისათა, რომელნი არიან იერუსალემს,

59. რომელ მოიღეს მცველთა მათ ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი და ოქროჲ და ჭურჭერი სამსახურებელისაჲ, რაჲთა მიიღონ ტაძრად უფლისა, რომელ-იგი არს იერუსალემს.

60. და აღვდეგით და წარვედით თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თჳსა მის პირველისაჲ, და მოვედით და მოვიწიენით იერუსალემდ თუესა იგრიკისასა, დაცვულნი ამაღლებულითა მით და ძლიერითა მკლავითა ღმრთისაჲთა. და მიჴსნნა ჩუენ უფალმან, ღმერთმან ჩუენმან, ყოველთაგან მტერთა ჩუენთა, და მივიწიენით ცოცხლებით და მშჳდობით იერუსალემდ.

61. და რაჟამს განვისუენეთ სამ დღჱ ოდენ იერუსალემს, დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქროჲ სახლად უფლისა მღდელსა მას მარმუთი ჰურიათაგანსა

62. და რომელნი-იგი მის თანა იყვნეს ელიაზარ ფინეზეანი და იოსაბდოს ისუეანი და მთურ საბენეანი და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ; და იპოვა სასწორი რიცხჳსაჲ მის მას დღესა შინა.

63. და რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ჩუენ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილონელთაჲსა, შეწირეს მსხუერპლი უფლისა, ღმრთისა ისრაელისა: ზუარაკი ათორმეტ ყოვლისავეთჳს ისრაელისა, ვერძები ოთხმეოცდაათ და კრავები სამეოცდაათხუთმეტ, ვაცები მაცხოვარებისათჳს ათორმეტ - ესე ყოველი შესაწირავი შეწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა.

64. და მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისაჲ კარანთა მათ მეფისათა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურეთისა და ფინიკიისათა. და დიდითა პატივითა იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი იგი უფლისაჲ.

65. და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვიდეს ჩემ წინაშე ნახპეტნი იგი და მთავარნი ძეთა ისრაელისათანი და თქუეს:

66. ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაელისათაჲ, და მთავარნი მათნი და მღდელნი და ლევიტელნი აღერინეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იებოსელთა და მოაბელთა და ამორეველთა და მეგჳპტელთა და იდუმელთა;

67. რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა, იგინი და ძენი მათნი; და შეერია თესლი სიწმიდისა მათისაჲ უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა. და უშჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თითოეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულებისათჳს.

68. და იყო, რაჟამს მესმა მე სიტყუაჲ ესე, დავიპე სამოსელი ჩემი და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა, და ვჯედ მგლოვარედ, დიდად მწუხარედ.

69. და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა ესმა გოდებაჲ იგი ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს, ღმრთისა ისრაელისა. და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უშჯულოებათა მათთათჳს, რამეთუ ვჯედ ეგრეთ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნადმდე შესაწირავისა მის სამწუხროჲსა.

70. და აღვდეგ მე გლოვისა მისგან, და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, და დაღონებულ ვიყავ გლოვითა დიდითა. და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ და ვთქუ:

71. უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა,

72. რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროჲს თმათა თავისა ჩუენისათა და უშჯულოებანი ჩუენნი აღმაღლდეს უზეშთაეს ცათასა;

73. წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთაჲსა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე.

74. და ცოდვათა ჩუენთათჳს და მამათა ჩუენთაჲსა მივეცენით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი; და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცვნეს ჩუენ, მახჳლითა ჴრმლებისაჲთა წარგუტყუენნეს ჩუენ და აღაოჴრნეს ადგილნი იგი ჩუენნი, და ვიქმნენით სირცხჳლეულ მოდღენდელად დღედმდე და ჟამთა მათ.

75. და აწ რავდენ იქმნა წყალობაჲ შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა,

76. და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისასა

77. და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ ჩუენ შენ, უფალი, შემწე და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფისა მის სპარსთაჲსა; და პატიოსან გუყვენ ჩუენ და გჳღუაწენ ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა,

78. და დიდებულ ყო ტაძარი იგი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, და აღჰმართა და აღაშჱნა უდაბნოჲ იგი სიონი, და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანს შინა და იერუსალემს.

79. და აწ რაჲ-მე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჰჴედით შჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელ-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა, და სთქუ ესრე:

80. ქუეყანასა მას რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანაჲ იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და შეგინებითა მათითა აღავსეს იგი.

81. და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა;

82. ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა. და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანაჲ იგი უკუნისამდე ჟამთა.

83. და რაჲ-ესე წარგუჴდა ჩუენ ესე ყოველი იქმნა საქმეთათვის ჩუენთა ბოროტთა და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა.

84. არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი. და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჰჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავისა მის ქუეყანისასა.

85. და არა განჰრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი?

86. შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, და ჭეშმარიტ. და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, არამედ დავშთით ძირი და თესლი მოდღენდელად დღედმდე.

87. და აწ, აჰა ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უშჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინა პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უშჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტჱს თავთა ჩუენთა.

88. და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსაარებითურთ და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა, წინაშე ტაძარსა მას უფლისასა. შეკრბეს მისა ყოველნივე, რომელნი იყვნეს იერუსალემს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდებაჲ დიდი იყო სიმრავლისა მის ერისაჲ.

89. და განაწესა იექონია ძეთა მათგან ისრაელისათა, და თქუა: ეზრა, ვცოდეთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და ვისხენით ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა, და აწ არიან დღეს უშჯულოებანი ჩუენ შორის.

90. და აწ მოვედით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენგან ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან, შვილითურთ მათით, ვითარცა ბრძანებს შჯულსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა.

91. აღდეგ მეყსეულად და აღასრულე, რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი, და ჩუენ შენ თანა ვართ. რაჲცა ჰბრძანო, და ვყოთ!

92. და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი იგი ტომთა მათ მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაელი ყოფად მსგავსად ამის სახისა, და ფუცეს.

თავი 9

9:1–55

1. და აღდგა ეზრა ეზოჲსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოჰანესსა და ელისაბეანისსა.

2. და მუნ დაადგრა, პური არა ჭამა და წყალი არა სუა, და გოდებდა ზედა უშჯულოებათა მათ და დიდთა მათ ცოდვათა სიმრავლესა.

3. და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ჰურიასტანსა და იერუსალემსა. და ყოველნი იგი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, მოვიდეს, და მოკრბეს იერუსალემდ.

4. და შემდგომად ორისა და სამისა დღისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ, განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-ყვეს მონაგები მათი და იგი უცხოქმნულნი გარე-განჴადნეს სიმრავლესა მას ერისა მის ნატყუენავისასა.

5. და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყვნეს ნათესავისა მისგან იუდაჲსნი და ბენიამენისნი, ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალემდ, თუესა მას მეცხრესა, მეოცესა დღესა მის თჳსასა.

6. და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლჱ სივრცესა მას ეზოჲსა მის სახლისა უფლისაჲსა, და განყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხლისა მისგან ზამთრისაჲსა.

7. და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა-იგი სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთა მათგან უცხოთესლთაჲსა და შესძინეთ უშჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაელსა.

8. და აწ მიეცით აღსაარებაჲ უფალსა, ღმერთსა მამათა ჩუენთასა,

9. და ყავთ ნებაჲ მისი, და განეყენენით ყოველთა წარმართთაგან ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთაჲსა, რომელნი-იგი ისხენით.

10. და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლჱ ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრჱთ ვყოთ, ვითარცა-ეგე სთქუ.

11. არამედ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა. და საქმჱ ესე არა თუ ერთ დღჱ არს, ანუ ორ დღჱ, რამეთუ დიდად ფრიად შევსცოდეთ ჩუენ ამით საქმითა.

12. აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ამას და ყოვლისავე რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი, მივიდენ და მოჰჴადონ მას ჟამი.

13. და თითოეულად ადგილსა დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვაჲ უფლისაჲ დიდ-დიდთა მათ უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.

14. იონათან აზაელეანი და ეზეკია თოკეანი თავს-იდვეს ყოფად ამისა, მოსოლამიოს და ლევი და საბატეოს, რომელნი-იგი ერთსიტყუა იყვნეს მათ თანა.

15. და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი უბრძანეს, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან.

16. და გამოირჩინა ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი, მსგავსად სახელისა მათისა. და დასხდეს თჳსთავსა მას, თუესა მას მეათესა, რაჲთა აღასრულონ საქმჱ იგი.

17. და მოკრიბნეს და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე თუედმდე პირველად.

18. და იპოვნეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყვნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთანი და იყვნეს შერეულ უღმრთოთა:

19. ძეთა მათგან ისუჲსთა იოსედეკეანისაჲ და ძმისა მისისა მათელაჲსა - და ელიაზარ და იორბოს და იოვადა,

20. და იწყეს განშორებად ცოლთა მათ თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თითოეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს უმეცრებისათა;

21. და ძეთა მათგან ემორისთაჲ - ანანია და ბადდიოს და მანნეს და სამმეას და იერიელ და აზარია;

22. და ძეთა მათგან ფასურისთაჲ - ელიანა და მასსიას, ისმაელ და ნათაენელ, უკეთლედოს და სალთოს;

23. და ძეთა მათგან ლევიტელთაჲ - იაზაპტოს და სემის და კონიოს, ესე არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა, და იონას;

24. მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანნი - ელიასიბოს და ბაქოროს;

25. მეკარეთა მათგანნი - სალომიოს და ტოლბანეს;

26. და ისრაელისაგანნი ძეთა მათგან ფუროსისთაჲ - და იერამოს და იედდიოს და მელქიას და მალეს და ელიაზაროს და საბიას და ბანეას;

27. და ძეთა მათგან ელიაკიმისთაჲ - მატთანიას, ზაქარიას, იეზორიელიელს, იობადიოს და იერიმოთს და იედიოს;

28. და ძეთა მათგან ზათუმისთაჲ - ელიადას და ელისიმოს, ოთონიოს, არიმოთს და საბათოს და ზარდე;

29. და ძეთა მათგან ბებაისთაჲ - იოანნეს და ანანიას და იოზაბოს და ევმაოზს;

30. და ძეთა მათგან ემანისთაჲ - ევლამოს, მამუმოს, იედეოს, იასობოს, იასაელოს და იარემოთს;

31. და ძეთა მათგან ადდისთაჲ - ნათოს და მოოსიას, ლაკუნოს, ნაიდას და ტათიას და სესთეს და ბალუნოს და მანასეს;

32. და ძეთა მათგან ანანიაჲსთაჲ - ელიონას და ასეას და მელქიას და საბეოს და სიმონოს და ქოსამეოს;

33. და ძეთა მათგან ასომატისთაჲ - ანნესოს და მატათიას და ბანეოს და ელიფატალს და მანასეს და სემეის;

34. და ძეთა მათგან ბალამისთაჲ - ერემიას, მომდისის, მაეროს და იუელს, მამბდეს და პერდიას და ანოს, რაბასიონს და ანასიბოს და მამნეტანემოს, ელიასის და სჳმეის და სელემიაჲს და ნათანიას; და ძეთა მათგან ეზორაჲსთაჲ - ესის, ეზრიელ, აზილ, სამატონს და ზამბრის, იოსებს;

35. და ძეთა მათგან ნაუმისთაჲ - ზაზიკიას, ზაბადიას, ედესიოელს, ბენესიას

36. - ესე ყოველნი იყვნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან; დაგანიშორნეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.*

37. და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და ისრაელმან იერუსალემს, დაბნებსა მას, თთჳსათავსა მას, თთუესა მას მეშჳდესა, და ძეთა მათ ისრაელისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელთა თჳსთა.

38. და შეკრბა ყოველი იგი სიმრავლჱ ერთბამად ფართოსა ადგილსა, მზის-აღმოსავალით კერძო, წინაშე ბჭესა მას ტაძრისასა,

39. და ჰრქუეს ეზრას, მღდელთმოძღუარსა და მთხრობელსა შჯულისასა, რაჲთა მიიღოს შჯული იგი მოსესი, მოცემული უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲ.

40. და შუა წარმოიღო ეზრა შჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მათ მღდელთა, და ისმინეს შჯული იგი უფლისაჲ თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა,

41. და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა ტაძრისასა, ფართოსა მას, ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, და ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე შჯულსა მას უფლისა ღმრთისასა.

42. და დადგა ეზრა, მღდელი და მთხრობელი შჯულისა უფლისაჲ, ზედა ძელისა ბემონსა, რომელსა-იგი განემზადა.

43. დადგეს მახლობელად მისა: მარჯუენით კერძო - მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალსამოს,

44. და მარცხენით კერძო - ფალფეოს და მისაელ, მელქიას, ლოვთასუბუს, ნაბორიას, ზაქარიას.

45. და მოიღო ჴელითა ეზრა წიგნი იგი შჯულისაჲ, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა, და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისა.

46. და რაჟამს განყვნნა წიგნნი იგი შჯულისანი, ზე აღდგა ყოველი იგი სიმრავლე, და აკურთხა ეზრა უფალი, ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ და ყოვლისამპყრობელი.

47. და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: «ამენ». და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზეცად და დავარდეს ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა თჳსსა, და თაყუანის-სცემდეს უფალსა ღმერთსა.

48. და ისუ და ავნნოს და სარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, სავბეას, მაანნას და კალჳტას, აზარიას და იოზაბდოს და ანანიას, ფილათას - ესე იყვნეს ლევიტელთა იგი, რომელნი ასწავებდეს ერსა მას შჯულსა უფლისასა და გულისჴმა-უყოფდეს მათ და აუვარებდეს შჯულითა უფლისა ღმრთისაჲთა.

49. და ჰრქუა ატტარატელრას ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულსა უფლისასა, და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმრავლესა მას, ჰრქუა მათ წინაშე ყოვლისა:

50. დღჱ ესე არს დღჱ სიწმიდისა უფლისაჲ და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენითა შჯულისა მის უფლისაჲთა.

51. წარვედით, ჭამეთ სიპოხჱ და სუთ სიტკბოებაჲ და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა-იგი არარაჲ აქუნდეს,

52. რამეთუ წმიდა არს დღჱ ესე უფლისაჲ, და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ გუყვნა ჩუენ.

53. და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს ყოველსა სიმრავლესა მას და ჰრქუეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.

54. და ჰრქუეს სიმრავლესა მას: რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ; და ეცინ მათ, რომელთა-იგი არა აქუნდეს. და იყვნეს ყოველნი მხიარულ მას დღესა ფრიად.

55. რამეთუ აღვივსენით და გულისჴმა-ვყვენით სიტყუანი უფლისა, ღმრთისა ჩუენისანი, შჯულისა უფლისა ღმრთისანი, რომელსა თქუენ შეჰკერბით და ჩუენ გუასწავეთ.