გულანი
საცდელი · 1.11.2
1 დეკემბერი 1 / 4განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა…

1 დეკემბერი

თვენი

წინასწარმეტყველი ნაუმის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა…

კონდაკი

განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედვიდა, ვითარცა აწინდელსა ყოფადსა მას; ამისთვის პატივს გცემთ შენ, წინასწარმეტყუელო, ნეტარო ნაუმ დიდებულო.

წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი.

წინასწარმეტყველი ნაუმი ახალი აღთქმის მოვლენებსაც წინასწარ ჭვრეტდა: „მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას“ (ნაუმ. 1,15).

უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. იგი ორმოცდახუთი წლის ასაკში მიიცვალა და თავის სამშობლოში დაკრძალეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792)

მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792)

მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია.

ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვად გასცემდა მოწყალებას.

ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმიდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის ჰმადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ (797-803) თავისი ძისთვის - მომავალი თანამმართველის, კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის (780-797) საცოლის ძიება დაიწყო და მთელს იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისაგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს, იქ გაჩერებულიყვნენ. წმიდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ-სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა, მოუხმეს მათ და ერთ-ერთი - მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. სიკეთითა და სიმდაბლით აღმატებული მარიამი დედოფალი გახდა, კონსტანტინე პორფიროგენეტმა კი ფილარეტი გულუხვად დაასაჩუქრა. ასე დაუბრუნდა უფლის რჩეულს დიდებაცა და პატივიც.

წმიდანმა მსახურს სამი ყუთი დაამზადებინა - ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისთვის. პირველი ყუთიდან იგი სრულიად უქონლებს აძლევდა მოწყალებას, მეორედან - გაღატაკებულებს, მესამედან კი - მათ, ვინც პირფერობით ცდილობდა ფულის გამოძალვას.

ასე გალია ნეტარმა ფილარეტმა ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი. მას უფლისაგან წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა, თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა, დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+792). წმიდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს. მართალი ფილარეტის სიწმიდე და ღვთივრჩეულობა მისი სიკვდილის შემდეგ აღსრულებულმა სასწაულებმაც ცხადყო.

ნეტარი ფილარეტის მიცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ, თეოზვამ, ბევრი იღვაწა პაფლაგონიაში უცხოტომელთა შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების ასაღორძინებლად.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამისა ანანია სპარსისა

მოწამისა ანანია სპარსისა

ამ წმინდანის ცხოვრების ზუსტი დრო, სამწუხაროდ, უცნობია. წმინდა ანანია (მინა) სპარსეთის ქალაქ არბელაში იშვა და ქრისტიანთა დევნის ჟამს თანამოძმეებითურთ ჯერ შეიპყრეს, შემდეგ კი - სასტიკად აწამეს, გარდაცვალების წინ კი აღმოხდა:

- ვხედავ ზეცად აღმავალ კიბეს და მასზე - ნათლით მოსილ ჭაბუკთ, რომელნიც მამცნობენ:

- მოვედ ჩვენდა, რომ წარუვალი სიხარულისა და სინათლის სამყოფელს გაზიაროთ!

ეს თქვა ანანიამ და პატიოსანი სული უფალს შეჰვედრა.