გულანი
საცდელი · 1.11.2
7 ნოემბერი 1 / 7მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი…

7 ნოემბერი

თვენი

ღირსი ლაზარე გალისიელის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი…

ტროპარი

მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ…

კონდაკი

ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრიასტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიხიოსისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამანტისა, ბარაქიოსისა, კალინიკესი, თეოგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა…

მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიხიოსისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამანტისა, ბარაქიოსისა, კალინიკესი, თეოგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერიუსისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდოხესი, ოსტრიხიოსისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკიოსისა, ანიკიტესი, თემელიოსისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III)

წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა.

თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და, ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და მხნედ აღიარეს ქრისტე. მაშინ მტარვალმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.

სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა ლაზარე გალისიელისა, სასწაულთმოქმედისა (1053)

ღირსისა ლაზარე გალისიელისა, სასწაულთმოქმედისა (1053)

ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.

იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.

წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.

ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს (იხ. ამ დღის საკითხავი).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამისა თეოდოტესი (303)

მოწამისა თეოდოტესი (303)

წმიდა მოწამე თეოდოტე 303 ან 304 წელს, დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. მის შესახებ იხილეთ 18 მაისის და 7 ივნისის საკითხავებში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი (363)

მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი (363)

წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.

მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი

მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი

წმიდა თესალონიკია წარმართი ქურუმის ასული იყო. როცა უსჯულო მამამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანი იყო, დაუნდობლად სცემა იგი, შემდეგ კი, ერთი ცნობით, სახლიდან გააგდო, სხვა წყაროს თანახმად კი - საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა ავქტი და ტავრიონი შეეცადნენ, გამოსარჩლებოდნენ ნეტარს და მისი გამხეცებული მამა გონს მოეყვანათ, ქურუმმა კი დაასმინა და შეაპყრობინა ისინი. წმიდანებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე მტარვალთა წინაშე, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ნეტარი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს თესალონიკიამაც. მისი წმიდა ცხედარი ავქტისა და ტავრიონის ნაწილებთან ერთად პატივით დაკრძალეს მაკედონიის ქალაქ ამფიპოლში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.