გულანი
საცდელი · 1.11.2
6 ნოემბერი 1 / 5მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ…

6 ნოემბერი

თვენი

პავლე აღმსარებელის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 3 წთ

მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ…

ტროპარი

მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ ეკლესიამან და მღდელთა შორის მოშურნედ ილიასებრ და შენთანა ღაღადებს აბელცა უფლისა მიმართ, და სისხლი მართლისა ზაქარიასი, მამაო ღირსო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა…

კონდაკი

გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და კათოლიკე ეკლესიაი განაბრწყინვე, რომლისა ძლით იწამეცა სულისა თვისისა განმცემელმან, პავლე, ვინაიცა ზაქარიას და აბელის სისხლისაებრ ღაღადებს სისხლი შენი უფლისა მიმართ.

წმ. პავლე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (350)

წმ. პავლე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (350)

წმინდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.

ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.

იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III)

მოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III)

წმინდა მოწამენი: ტეკუსა, ალექსანდრა, პოლაქტია, კლავდია, ევფროსინე, ათანასია და მატრონა 303 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ გალატიის ქალაქ ანკვირიაში. მათ შესახებ იხილეთ 18 მაისის საკითხავში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ

ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (დაახლ. 800-820)

ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (დაახლ. 800-820)

ღირსი ლუკა ტავრომენიელი სიცილიის ქალაქ ტავრომენიიდან იყო. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლები, საცოლე და უდაბნოს მიაშურა, სადაც მრავალი წელი დაჰყო მარხვითა და ლოცვით. ნეტარი ეტნის მთაზე მოსაგრეობდა, სადაც სიცოცხლის მიწურულს ზეგარდამო გამოცხადებით მონასტერი დააარსა. სხვა სავანეთა წეს-განგებების გასაცნობად უფლის რჩეულმა მრავალი ქალაქი შემოიარა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ კორინთოში მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX ს-ის დასაწყისი).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.