ვითარცა მღუდელმთავარსა პატიოსანსა და აფხაზთა მიერ მოციქულად…
ტროპარი
ვითარცა მღუდელმთავარსა პატიოსანსა და აფხაზთა მიერ მოციქულად მეორედ წოდებულსა და სხუათა კუთხეთა განმანათლებელსა ქუეყანისა ჩუენისათა. უპოვარებისა მქონებელსა და მოწყალესა მოუღალავსა, განმანათლებელსა ეკლესიათა და მონასტერთა ჩუენთათა, გიცნობთ, ჵ ალექსანდრე და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მოგავლენთ მეოხად.
მღუდელმთავარსა საჩინოსა და მოციქულთა თანამოკარვესა ეკლესია მორწმუნეთა…
კონდაკი
მღუდელმთავარსა საჩინოსა და მოციქულთა თანამოკარვესა ეკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ ალექსადნრე, რომელი მოწყალებისა თანა ოქროპირობდი და ნათლითა სამბრწყინვალითა სამწყსოსა შენსა განანათლებდი რომელმან ოხითა შენითა მიერ დაიცევ სანატრელო დაუკლებლად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან წილხვდომი ღვთისმშობლისა, ვითარცა მოწყალემან.
შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან…
ტროპარი
შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ…
კონდაკი
სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.
სამ-გზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენენ…
ტროპარი
სამ-გზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.
წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (306)
წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (306)
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.
დანიშნულების მიღების შემდეგ თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა. როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევე შეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს, ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვის დარიგება უბრძანა: „მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო“, თავად კი მოწამეობრივი აღსასრულის მოლოდინში მარხვასა და ლოცვას მიეცა.
როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშს სცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობებს მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომართა მახვილებზე აგდებდა. ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის კურთხევითა და ლოცვით მან დაამარცხა უღმრთო გერმანელი, ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი (ხს. 27 ოქტომბერს), შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ამ ღვაწლზე ნესტორისთვის კურთხევის მიმცემი წმიდა დიმიტრის მოსაკლავად.
306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა.
ბეჭდითა და წმიდა დიმიტრის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმიდეებით ნეტარი ლუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს.
წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა. წმიდა დიმიტრის თაყვანისმცემლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განგებულებით ყოველთვის ავლენდა თავის ნებას - მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ხსენება კონსტანტინეპოლს მომხდარისას დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (740)
ხსენება კონსტანტინეპოლს მომხდარისას დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (740)
740 წელს კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის იმპერიის ბევრი ქალაქი შეძრა საშინელმა მიწისძვრამ. დედაქალაქში დაინგრა უამრავი შენობა, ჩამოინგრა თეოდოსის კედლის ნაწილი. ეს იყო ნიშანი მართლმადიდებლურ სიწმინდეთა მდევნელი, ხატმებრძოლი იმპერატორის, ლევ ისავრიელის მმართველობის დასასრულისა. იგი ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
ამ უბედურებისგან გადარჩენის აღსანიშნავად შეადგინეს ტროპარ-კონდაკი და საერთო საეკლესიო მოხსენიებებში შეიტანეს 740 წლის მიწისძვრის ხსენებაც.
ალექსანდრესი, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე 1907)*
ალექსანდრესი, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე 1907)*
წმინდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს.
ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედვლად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.
ალექსანდრე უმთავრეს საქმედ თავის ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას მიიჩნევდა, აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა აფხაზთათვის ილორში დაარსებულ სასწავლებლების წარმატებული მუშაობის ხელშესაწყობად. მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა. სამწყსოსა და მას შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე.
1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას.
ალექსანდრე ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: საქართველო ყოფნა-არყოფნის პირას იყო მისული - საქართველოში ქართული წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა, რის გამოც ისედაც უმძიმეს ყოფით პირობებში ჩაყენებულ ქართველ ერს ეკლესიისთვისაც ზურგი ჰქონდა შექცეული. ძველთაგანვე მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებად მიჩნეული ქართული ეკლესია-მონასტრები უდაბნოებად ქცეულიყო, სკოლებში ქართული ენა არ ისწავლებოდა, ეკონომიურად გაჭირვებულ მოსახლეობას თავიანთი შვილებისათვის სწავლა-განათლების მისაცემი სახსარი არ გააჩნდა, აუცილებელი იყო სულისათვის სასარგებლო და გონების გასანათებელი ქართულენოვანი წიგნების გამოცემათა გამრავლება, მუხლჩაუხრელი და შეუსვენებელი გარჯა ესაჭიროებოდა ქვეყანას ჩამკვდარი ეროვნული ცნობიერების აღსადგენად.
წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მან აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდანვე დაიწყო - სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა მცხეთის ჯვრის მონასტერი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. მისი განსაკუთრებული ღვაწლი და მზრუნველობა თითქმის უდაბნოდ ქცეული შიო-მღვიმის მონასტრისა და მისი შემოგარენისკენ იყო მიმართული. მან მთლიანად აღადგინა მონასტერი, ბერებისთვის ააგო სავანეები, შიომღვიმეში გაიყვანეს გზა, მდინარე მტკვარზე გამართა ბორანი, ძეგვში დააარსებინა რკინიზგის ბაქანი მატარებლის გასაჩერებლად, მონასტრის შემოგარებსა და მცხეთაში, მტკვრის გასწვრივ მონასტრისთვის შეიძინა ბაღები და ვენახები, აღადგინა ძველი სამონასტრო ტრადიციული მეურნეობა: მევენახეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა... მისი პირადი მაგალითი სხვა ეპისკოპოსებმა და მონასტრებმაც გადაიღეს და დაიწყეს მონასტრებთან ბაღ-ვენახთა მოშენება.
წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.
წმიდა ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.
წმიდა ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივ-ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.
მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, „საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად“ თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის (ხს. 20 ივლისს) დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
მოწამისა ლუპესი (306)
მოწამისა ლუპესი (306)
წმიდა მოწამე ლუპე, წმიდა დიმიტრი თესალონიკელის მსახური, მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს (+306 წლის შემდეგ). ცნობები მის შესახებ იხილეთ
23 აგვისტოს
საკითხავებში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა ათანასე მიდიკიელისა (814)
ღირსისა ათანასე მიდიკიელისა (814)
ღირსი ათანასე მიდიკიელი ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერული ცხოვრების სიყვარულით მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, მაგრამ მამამ ძალით დააბრუნა შინ. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდანმა უკვე მშობლის ნებართვით მიაშურა მიდიკიის მონასტერს ბითვინიაში და ბერად შედგა. წმიდანი ღირსი ნიკიტას (ხს. 3 აპრილს) თანამოსაგრე იყო; გარდაიცვალა დაახლოებით 814 წელს. მის საფლავზე ამოიზარდა კვიპაროსის ხე, რომელთანაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა დიმიტრი ბესარაბიელისა, ბულგარელისა (1685)
ღირსისა დიმიტრი ბესარაბიელისა, ბულგარელისა (1685)
ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი მოღვაწეობდა ბულგარეთში, ქალაქ რუშჩუკის მახლობლად მდებარე უდაბნოში. გარდაიცვალა დაახლოებით 1685 წელს. 1779 წლის 8 ივლისს მისი უხრწნელი ნაწილები ბუქარესტში გადააბრძანეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.