გულანი
საცდელი · 1.11.1
18 ოქტომბერი 1 / 6მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა…

18 ოქტომბერი

თვენი

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა…

ტროპარი

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილ-მსახურებისასა, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა…

კონდაკი

ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილ-მსახურებისასა, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყვამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.

მოციქულთა საქმეთა მომთხრობელსა და ქრისტეს სახარებისა ბრწყინვალედ…

ტროპარი

მოციქულთა საქმეთა მომთხრობელსა და ქრისტეს სახარებისა ბრწყინვალედ აღმწერელსა ლუკას ყოვლადსაგალობელსა ვერ აღსაწერელსა ქრისტეს ეკლესიისა მიმართ, გალობითა სამღდელოთა წმიდასა მოციქულსა ვაქებდეთ, ვითარცა უძლურებისა კაცთასა მკურნალსა, ბუნებისა სნეულებათა და წყლულებათა განმამრთელებელსა, და მვედრებელსა დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.

წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი (I)

წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი (I)

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.

ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.

სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).

ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამისა მარინი ბერისა (IV)

მოწამისა მარინი ბერისა (IV)

წმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა იულიანე მეუდაბნოისა (IV)

ღირსისა იულიანე მეუდაბნოისა (IV)

ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა. ერთხელ, ლოცვის დროს ღირს მამას ჩაესმა ხმა, რომელმაც იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) აღსასრულის მოახლოება ამცნო. მალე წინასწარმეტყველება ახდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.