გულანი
საცდელი · 1.11.2
17 ოქტომბერი 1 / 9მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა…

17 ოქტომბერი

თვენი

ღირსმოწამე ანდრია კრიტელის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 9 წთ

მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა…

ტროპარი

მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარითა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო ანდრია, მარადის სახსენებელო.

დღესასწაულობს დღეს სამეუფო ქალაქი დღესასწაულსა ყოვლადბრწყინვალესა, ნათლით…

კონდაკი

დღესასწაულობს დღეს სამეუფო ქალაქი დღესასწაულსა ყოვლადბრწყინვალესა, ნათლით შემოსილსა სახსენებელსა შენსა, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი იხარებენ, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა დიდისანი მრავალვნებულისა გუამისა შენისათვის, ანდრია მოწამეო, მართლმადიდებლობისა სასანთლეო.

სიმხნისა მოსახელესა ღმრთისმსახურსა და საიდუმლოთა მეტყუელსა მადლობით…

კონდაკი

სიმხნისა მოსახელესა ღმრთისმსახურსა და საიდუმლოთა მეტყუელსა მადლობით და ქებით გიღაღადებთ შენდა მიმართ სურვიელნი, ღმრთივსანატრელო ანდრია, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთაგან, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მარადის სახსენებელო მამაო.

წმ. მამისა ჩვენისა იოსებ კათოლიკოსისა, საკვირველთმოქმედისა (1770)

წმ. მამისა ჩვენისა იოსებ კათოლიკოსისა, საკვირველთმოქმედისა (1770)

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“. მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, „კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი“.

1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“. წმიდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელის ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს „არცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი“. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.

წმიდა გაბრიელ მცირე (ხს. 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან „ერთგზის იხილა“ და „ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.

1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წინასწარმეტყველისა ოსესი (820წ. ქრ. შ-მდე)

წინასწარმეტყველისა ოსესი (820წ. ქრ. შ-მდე)

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე; 2,20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე; 6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე; 13,14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსმოწამისა ანდრია კრიტელისა (767)

ღირსმოწამისა ანდრია კრიტელისა (767)

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა უვერცხლოთა თანაძმათა: კოზმან და დამიანე არაბიელთა და მოყვასთა მათთა მოწამეთა: ლეონტისა…

მოწამეთა უვერცხლოთა თანაძმათა: კოზმან და დამიანე არაბიელთა და მოყვასთა მათთა მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპისა (287 ან 330)

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (წმიდა კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვაოთ მათი თანამოსახელე წმიდანებისაგან, რომლებიც 1 ივლისს და 1 ნოემბერს იხსენიებიან).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, კიტიელ ეპისკოპოსისა (890)…

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, კიტიელ ეპისკოპოსისა (890) და დადება ნაწილთა მისთა კონსტანტინეპოლს (898)

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწ. კოზმანისა, რომელი ქართლს ეწამა

მოწ. კოზმანისა, რომელი ქართლს ეწამა

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდმივად უსჯულოთა აგრესიის ქვეშ იყო და საქართველოს ეკლესია-მონასტრების დაცვასა და მართლმადიდებლური სიწმინდის შენარჩუნებას ეწირებოდა უამრავი საერო და სასულიერო პირის სიცოცხლე. ეს იმდენად ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ეკლესია მათგან მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლითა და მნიშვნელობით გამორჩეულთათვის ადგენდა მოსახსენებელ დღეებს.

სამწუხაროდ, დროთა ავბედობამ ამ გამორჩეულ მოწამეთა ცხოვრება და ღვაწლიც კი წაგვიშალა ისტორიიდან. დღეს მათი გაცნობისა და მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება არის საეკლესიო კალენდრებში შემონახულ ხსენების დღეებში ეკლესიის მიერ მათთან დამყარებული ლოცვითი კავშირი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.