გულანი
საცდელი · 1.37.0
14 ოქტომბერი 1 / 7ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა…

14 ოქტომბერი

თვენი

მოწამეთა ნაზარის, გერვასის, პორტასის და კელსის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); ჟამნი („საღვთისმსახურო წიგნები“); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · მხოლოდ ტროპარ-კონდაკი და ცხოვრება · დღის განგება სრულად ჯერ არ არის დამატებული · დაახლ. 5 წთ

ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა…

კონდაკი

ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახსნიან, და ქრისტესა ღმერთსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი…

ტროპარი, ხმა 4

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

მყუდრო და უშფოთველი ცხოვრებაი შეიყვარე, და შეუდეგ…

ტროპარი წმიდისა პარასკევასი, ხმა 4

მყუდრო და უშფოთველი ცხოვრებაი შეიყვარე, და შეუდეგ სიძესა შენსა ქრისტესა, და გულსმოდგინედ მორბედი და ტკბილი იგი უღელი მისი სიყრმით შენითგან აღიღე, და ნიშითა ჯუარისათა საცნაურთა მტერთა მხნედ განეწყვე განკრძალვითა ღვაწლითა, მარხვითა და ლოცვითა, და ნაკადულითა ცრემლთათა ნაკუერცხალნი ვნებათანი დაშრიტენ, ღირსო ქებისაო, პარასკევა, და აწ ზეცისა სასძლოსა ბრძენთა ქალწულთა თანა მდგომარე წინაშე ქრისტესა, მას ევედრე ჩუენთვის, რომელნი პატივსვჰსცემთ ხსენებასა შენსა.

უბიწოებითა მით თვისითა ყოველთა ჭირთა შინა მყოფთა…

კონდაკი, ხმა 6

უბიწოებითა მით თვისითა ყოველთა ჭირთა შინა მყოფთა შემწესა, ღირსად უგალობდეთ პარასკევას ყოვლად პატიოსანსა, რამეთუ ამან ხორციელი ცხოვრებაი დაუტევა, და უხრწნელებაი საუკუნო მოიღო, ამისთვისცა დიდება ჰპოვა და მადლი საკვირველთმოქმედებისა ბრძანებითა ღვთისათა.

მოწამეთა: ნაზარისა, გერვასისა, პროტასისა და კელსისა (I)

მოწამეთა: ნაზარისა, გერვასისა, პროტასისა და კელსისა (I)

მიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში. წმიდა ნაზარი, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ძე, რომში დაიბადა და ეპისკოპოს ლინოსის ხელით ნათელიღო. უფლის რჩეულმა სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა და დევნილ ქრისტიანთა დახმარებისთვის გადაედო თავი. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მილანში ჩავიდა. საპყრობილეში ქრისტიანთა მონახულების დროს ნაზარი გაეცნო ტყუპ ძმებს - პროტასისა და გერვასის.

ტყუპი ძმები მედიოლანში (მილანში) დაიბადნენ, მდიდარი რომაელების - ვიტალისა და ვალერიას ოჯახში. მშობლების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება გლახაკებს განუყვეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. წარმართებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებლები და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. წმიდა ნაზარის ძალიან შეუყვარდა ისინი და შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. ამის გამო უსჯულოებმა ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.

წმიდა ნაზარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას და მრავალი კერპთმსახური მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ კიმელაში მან მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი და მისი სახით ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე შეიძინა. წარმართთა შორის ქრისტეს ქადაგებისთვის ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მარტვილებს პირი არ დააკარეს. შემდეგ უსჯულოებმა სცადეს, ზღვაში დაეხრჩოთ წმიდანები, მაგრამ ისინი ისე მიმოდიოდნენ ტალღებზე, როგორც ხმელზე. მეომრები, რომელთაც უფლის რჩეულთა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დავალებული, ისე განცვიფრდნენ, რომ თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმიდა მოწამეები გაათავისუფლეს.

სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში ჩავიდნენ და გერვასი და პროტასი მოინახულეს. როცა ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ბრძანა, ნაზარისა და კელსისთვის თავები მოეკვეთათ. მალე გერვასი და პროტასიც სიკვდილით დასაჯეს.

მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მეფის, თეოდოსის (408-450) ზეობისას ამბროსი მედიოლანელმა საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მარტვილთა სამარხებს, აღმოიყვანა მათი უხრწნელი ნაწილები და საზეიმოდ გადააბრძანა მედიოლანის ტაძარში (სხვა ცნობით, წმიდათა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 395 ან 396 წელს).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა პარასკევა სერბელისა (XI)

ღირსისა პარასკევა სერბელისა (XI)

ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეუძრა სახარების სიტყვებმა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსმოწამისა სილუანესი, ღაზელი ხუცისა (IV)

ღირსმოწამისა სილუანესი, ღაზელი ხუცისა (IV)

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.