გულანი
საცდელი · 1.11.1
13 ოქტომბერი 1 / 10წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი…

13 ოქტომბერი

თვენი

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 12 წთ

წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი…

ტროპარი

წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ…

ტროპარი

საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს…

კონდაკი

ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

ანტონი ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა

ანტონი ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო“, - და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.

სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, - წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.

სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.

XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.

1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოწამეთა: კარპოს თიატირელ ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა და დისა მისისა აღათონიკესი და მონისა…

მოწამეთა: კარპოს თიატირელ ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა და დისა მისისა აღათონიკესი და მონისა მისისა, აგათოდორესი (251)

წმიდა მოწამენი: კარპოსი, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ერთი ცნობით, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესთვის.

ოლქის მმართველმა, სადაც უფლის რჩეულები ცხოვრობდნენ, შეიტყო, რომ კარპოსი და პაპილა წარმართულ დღესასწაულებში არ მონაწილეობდნენ და ბრძანა, მისთვის მოეგვარათ კანონის დამრღვევები. მსაჯულის ბრძანებით წმიდანები გააშიშვლეს და ბორკილებასხმულებს შემოატარეს მთელი ქალაქი. შემდეგ ისინი ცხენებზე გამოაბეს და თიატირიდან (ლიდია) მომიჯნავე ქალაქ სარდში წაათრიეს. მარტვილებს ნებით თან გაჰყვა მათი მსახური - აღათოდორე, რომელიც ჯალათებმა ხარის ძარღვების ცემით მოკლეს. კარპოსი და პაპილა წამების შემდეგ მიზიის ქალაქ პერგამონში გაგზავნეს. აქ წმიდანები საშინლად აწამეს და ბოლოს გახურებულ ღუმელში შეყარეს. ქურაში მარტვილებთან ერთად შევიდა წმიდა აღათონიკეც, მაგრამ ღვთის ნებით, ყველანი უვნებლად გადარჩნენ - უეცრად ზეცით გარდმომხდარმა ძლიერმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. უღმერთოებმა სამივეს თავები მოჰკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ

მოწამისა ფლორენტისა (I-II)

მოწამისა ფლორენტისა (I-II)

წმიდა მოწამე ფლორენტი თესალონიკში ცხოვრობდა. იგი უშიშრად ამხელდა კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოებას და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა. ამისათვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც. ერთი ცნობით, ეს მოხდა I-II საუკუნეებში, სხვა ცნობით კი - III საუკუნის დასაწყისში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ

მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424)

მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424)

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონმა მრავალი სპარსი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის მას წამებით ამოხადეს სული V საუკუნეში. ნეტარი მარტვილი 31 მარტსაც იხსენიება მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსთან ერთად.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (838)

ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (838)

ღირსი ნიკიტა აღმსარებელი პაფლაგონიაში (მცირე აზია) დაიბადა. თავდაპირველად ბიზანტიის სამეფო კარზე წარჩინებული მდგომარეობა ეკავა, მაგრამ შემდეგ ბერად შედგა და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი თეოფილე (829-842) ავიდა, ღირსი ნიკიტა მწვალებლობის მხილებისათვის მონასტრიდან გააძევეს. უფლის რჩეული დაახლოებით 838 წელს გარდაიცვალა, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787)*

VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787)*

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო, რიგით მეშვიდე კრება ახალი მწვალებლობის, ე.წ. ხატთმებრძოლეობის (ხატთმბრძოლობის) წინააღმდეგ საბრძოლველად და მის აღმოსაფხვრელად შეიკრიბა ქ. ნიკეაში (საიდანაც დაიწყო 325 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორია) 787 წლის 24 სექტემბერს და ერთი თვე გაგრძელდა. კრების 8 სხდომიდან 7 გაიმართა ქ. ნიკიაში ტარასი კონსტანტინოპოლელის თავმჯდომარეობით, ხოლო ბოლო სხდომა - კონსტანტინოპოლში - იმპერატორთა (ირინე და კონსტანტინე) მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. სხვადასხვა წყაროს ჩვენებით, კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რიცხვი 330-დან 367-მდე მერყეობს).

მოკლედ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც კრების მოწვევამდე განვითარდა ქრისტიანულ სამყაროში: ისტორიკოს კედრენის მოწმობით, ხატთმებრძოლეობის ერესიარხად ვინმე ებრაელი, სახელით სარანტაჰიქი არის დასახელებული, რომელმაც ჩააგონა არაბთა მეფე იზიდას, გაენადგურებინა ხატები, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ნაშთი. ეს ახალი ერეტიკული მოძღვრება მალე ბიზანტიის იმპერიაშიც გავრცელდა ლეონ ისავრიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატთაყვანისმცემლობას: მან მოსპო ხატები და საკულტო სკულპტურული გამოსახულებანი. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი მის ბრძანებას წინააღმდეგობას გაუწევდა.

იოანე დამასკელს ხატების დასაცავად დაწერილი თხზულებისათვის მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, ხოლო ქრისტიანობის დოგმების დამცველი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე კათედრიდან ჩამოაგდეს და კათედრაზე იმპერატორის იდეების დამცველი ანასტასი აიყვანეს. საქმეს არ უშველა არც გრიგოლ პაპის მიერ რომში შეკრებილმა კრებამ და მის მიერ იმპერატორისადმი გაგზავნილმა ეპისტოლემ და არც პაპის ანათემამ, არც იმპერატორისათვის იტალიაში ხელისუფლების ჩამორთმევამ (რა თქმა უნდა, მხოლოდ პაპის ფორმალური დადგენილებით). ხატების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო შორს წავიდა ლეონის მემკვიდრე - კონსტანტინე, კოპრონიმად წოდებული. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება და 300-ზე მეტ ეპისკოპოსს ძალდატანებით ხელი მოაწერინა დადგენილებაზე ხატების გაუქმების შესახებ. ვინც წინააღმდეგ წავიდა, სასტიკად აწამეს.

კრებამ განკვეთა და ანათემა გამოუცხადა გერმანე კონსტანტინოპოლელს, გიორგი კვიპრელს და იოანე დამასკელს - ხატთა თაყვანისცემის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებს. არაფერი შეცვლილა ლეონ მეოთხის ხანმოკლე მეფობის დროსაც. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა მისმა მეუღლემ ირინემ და შვილმა კონსტანტინემ გადაწყვიტეს, ეს მტკივნეული საკითხი მსოფლიო კრებაზე განხილულიყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პავლემ უარი თქვა კათედრაზე, როგორც ცოდვილმა, რადგან მან ხელი მოაწერა კონსტანტინე კოპრონიმის დადგენილებას ხატების მოსპობის შესახებ. პავლე მონასტერში დაბრუნდა. მის ნაცვლად ხელდასხმული ტარასი შეუდგა იმპერატორთა დავალების შესრულებას - მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის თადარიგს. ხატთმებრძოლებმა, რომლებიც დიდი ხანია კონსტანტინოპოლში ბატონობდნენ, დაიწყეს ხალხის ამხედრება კრების მოწვევის საწინააღმდეგოდ და ერთ ხანს საწადელსაც მიაღწიეს - კრების საკითხი დროებით გადაიდო, ხოლო ბოლოს მოიწვიეს არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში.

კრებამ ჰუმანურობა გამოიჩინა და ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი კოპრონიმის დადგენილებაზე, მაგრამ აღიარა შეცდომა, ყველას ეპატია. ბევრი მათგანი, ვისაც სამღვდელო ხარისხები მიღებული ჰქონდათ ხატთმებრძოლთა მიერ, დატოვებულნი იქნენ თავიანთ ხარისხში, თუ მათ სხვა დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. კრებამ აღადგინა ხატთაყვანისცემა და განკვეთა მწვალებელნი - კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქები: ანასტასი, კონსტანტინე და ნიკიტა. კრებამ, გარდა დოგმატური საკითხების მოწესრიგებისა, დაადგინა 22 დისციპლინარული კანონი, რომლებიც შესულია ძირითად კანონიკურ კოდექსში.

მოწ. ქრისასი (1795; ბულგ.)

მოწ. ქრისასი (1795; ბულგ.)

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.

ქრისტეს ტარიგმა 1795 წელს შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.