ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ…
ტროპარი
ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა, რამეთუ სიხარულით იხარებს ყოველი და განახლდების და ერთბამად იხარებენ ცანი და ქუეყანაი, აქებდით მას, ტომნო წარმართთანო; იოაკიმ განსცხრებოდე და ანა დღესასწაულობდ და ღაღადებდ: ბერწი შობს ღმრთსმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.
ქალწული დღეს ღმრთისმშობელი მარიამი, სასძლო შეუგინებელი ზეცათა…
კონდაკი
ქალწული დღეს ღმრთისმშობელი მარიამი, სასძლო შეუგინებელი ზეცათა სიძისა იშვების უნაყოფოსგან ღმრთისა განზრახვითა, ეტლი სიტყვისა კეთილად განიმზადების, რამეთუ ამას ეწოდა საღმრთო ბჭე და დედა ცხორებისა ჭეშმარიტისა.
ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა…
კონდაკი
ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა გამოცდილსა, შემოკრებულნი დღეს ხმამაღლად შევასხმიდეთ სოზონტის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვრველებითა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ქრისტესა ჩუენ ყოველთათვის.
მოწამისა სოზონისა (304)
მოწამისა სოზონისა (304)
წმიდა მოზამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა.
ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე და განაცხადა, კერპს ხელი მე მოვკვეთეო: „მსურდა თქვენი ღმერთის უძლურებაში დავრწმუნებულიყავი, და მართლაც, მას ჩემთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნეტავ, მთლად დამამსხვრევინა იგი, რომ ხალხმა საკუთარი ქმნილების თაყვანისცემა შეწყვიტოს“. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304). იმპერატორის ბრძანებით მსახურებმა მოწამის ცხედრის დასაწვავად დიდი კოცონი დაანთეს, მაგრამ უეცარმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს მოწამის ცხედარი და პატივით მიაბარეს მიწას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ
მოციქულთა 70-თაგანთა ევოდისა (66) და ონისიფორესი (67)
მოციქულთა 70-თაგანთა ევოდისა (66) და ონისიფორესი (67)
წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.
წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (2 ტიმ. 1.16-18). წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა ევფსიქი კესარია-კაპადუკიელისა (117-138)
მოწამისა ევფსიქი კესარია-კაპადუკიელისა (117-138)
წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. უფლის რჩეულს ჭრილობებიდან რძე და სისხლი ერთად სდიოდა. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ლუკასი (975-ის შემდეგ)
ღირსისა ლუკასი (975-ის შემდეგ)
ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.