გულანი
საცდელი · 1.11.2
4 სექტემბერი 1 / 12ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა…

4 სექტემბერი

თვენი

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (III) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 20 წთ

ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა…

კონდაკი

ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.

მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა…

ტროპარი

მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ…

კონდაკი

სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყელთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით…

კონდაკი

გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ღირსისა სვიმეონისა, გარეჯის წინამძღვრისა, წინასწარმხედველისა და საკვირველთმოქმედისა (1773)

ღირსისა სვიმეონისა, გარეჯის წინამძღვრისა, წინასწარმხედველისა და საკვირველთმოქმედისა (1773)

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და, ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა (ხს. 24 აგვისტოს) გაიგო, სხვების დახმარებით მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და, წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰოჲ, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმინდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენს გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გმოყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და 1773 წლის 4(17) სექტემბერს ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა - უფალს მიაბარა წმიდა სული. დასაფლავებულია გარეჯში.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მღდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მისთანა სამთა ყრმათა - ურბანისა, პრილიდიანესი…

მღდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მისთანა სამთა ყრმათა - ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონისი და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251)

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ. ერთხელ უღმრთო იმპერატორმა - ერთი ცნობით - დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით - ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს - ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, „მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან“. მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, „აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა“ და სასახლეში გაბრუნდა.

მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: „ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე“.

იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, „შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა“ ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, „რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!“ ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: „შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა“.

წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, „მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი - იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა“. მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, „თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი“. მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ - ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას - ათი, ნაბოლარას კი - შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთის მხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე.)

წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთის მხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე.)

წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად“, გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.

მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად.

მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი... აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით“. მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა“, სასწაულთ-ქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა - აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა.

წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში... მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა.

ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.

უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა...

რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა - ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ“. მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.

ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ“. კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა - აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები - მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი - მოძრავი ტაძრის მსახურებად.

სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობის-თვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ერმიონიასი, მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახ. 117)

მოწამისა ერმიონიასი, მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახ. 117)

წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს (ხს. 11 ოქტომბერს) ასული იყო.

სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.

ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. მას სიმტკიცე შეჰმატა საყდარზე მჯდომარე მაცხოვრის გამოცხადებამ. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.

იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. უსჯულო თვითმპყრობელის განკარგულებით მარტვილი ჯერ დაუნდობლად გვემეს, შემდეგ ლურსმნები ჩააჭედეს ფეხისგულებში, ბოლოს კი მდუღარე ფისით, კალითა და გოგირდით სავსე ქვაბში ჩააგდეს. წმიდა ერმიონია ყველაფრისათვის მადლობას სწირავდა უფალს, ღმერთმაც წყალობის თვალით გადმოხედა და ქრისტეს მხევალი უვნებელი დარჩა. ეს სასწაული საკმარისი არ აღმოჩნდა უღმრთო ხელისუფლის გონს მოსაყვანად: ამჯერად მან წმიდანის გახურებულ ტაფაზე წამება ბრძანა. აქაც საკვირველება აღესრულა: ერმიონია ისე იდგა ტაფაზე, როგორც მწვანე მოლზე და გალობით განადიდებდა ღმერთს.

ქრისტეს მხევალი ჰერკულესის კერპისთვის მსხვერპლის შესაწრად წაიყვანეს. წარმართულ ტაძარში რომ შევიდნენ, ერმიონიას ლოცვის პასუხად საშინელი გრუხუნი გაისმა, ცრუღმერთის ყველა ქანდაკი დაიმსხვრა.

განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV)

მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV)

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311)

მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311)

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს: ჯერ რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ აბანოში გამოკეტეს. მარტვილები რომ არ გაქცეულიყვნენ, კარებს სამეფო ბეჭედი დაადეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მხედრებმა კვლავ შეიპყრეს წმიდანები და ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ქრისტეს ტარიგებმა ჯერ დრო ითხოვეს ლოცვისთვის, შემდეგ კი სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს. უსჯულოებმა მათი ცხედრები დაჩეხეს და დაწვეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წმ. იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)

წმ. იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს - მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680)

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680)

სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში, ხამოვნიკზე მდებარე შეუწველი მაყვალის სახელობის ეკლესიაში იმყოფება. ღვთისმშობელს ხშირად უწოდებენ შეუწველ მაყვალს და მას ცეცხლოვანი ნათლით განათებულს გამოსახავენ. ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა. მაყვალი ანთია და არ იწვის, ქალწული შობს და ქალწულადვე რჩება. ეს ხატი რვაქიმიანი ვარსკვლავის სახითაა გამოსახული, რომელიც ორი წვერწამახვილებული ოთხკუთხედისგან შედგება, მათგან ერთი წითელი ფერისაა, რომელიც მოგვაგონებს იმ ცეცხლს, – მოსეს მიერ ხილული მაყვალი რომ მოიცვა და რომელშიც ის ალით გარშემორტყმული, დაუწველი დარჩა. რვაკუთხედის შუაგულში, როგორც მაყვალში, ყრმა ღმერთთან ერთად ყოვლადწმინდა ქალწულია გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის კუთხეებში კი – ადამიანი, ლომი, ზვარაკი და არწივი, როგორც ხილული ნიშნები ოთხი მახარებლის მონათხრობის თავისებურებებზე – ღვთაებრივი და უსხეულო ცეცხლის ცხოვრებისა და სწავლების შესახებ, ყოვლადწმინდა ქალწულმა თავის წიაღში დაუწველად რომ მიიღო.

წმინდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმეტყველის მოსეს გამო, რომელიც ღირსი გახდა შეუწველ მაყვალში ძე ღვთისას მიერ ადამიანთა მოდგმის სამომავლო ხსნა განეჭვრიტა, ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბერსაა დადგენილი.

მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ სახელწოდების ორი ხატია დაცული. ერთი მათგანი, რომლის სიმაღლე – არშინი და 12 გოჯი, ხოლო სიგანე არშინი და 7 გოჯია, ძველი, მაღალოსტატური ხატწერული სტილითაა შესრულებული. ამ ხატის წარმოშობის შესახებ გადმოცემა არსებობს: მეფე თეოდორე ალექსის ძის მერემეთუხუცესი დიმიტრი კოლოშინი მეტად მდიდარი კაცი, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს –

შეუწველ მაყვალს

, რომელიც მეფის სასახლის სამლოცველოში იყო მოთავსებული და ყოველთვის, როცა სასახლეში მიდიოდა ან გამოდიოდა იქიდან, მის წინაშე მხურვლედ ლოცულობდა. ერთხელ მეფე უმიზეზოდ განურისხდა და თავიც ვერაფრით იმართლა. მან შეუწველი მაყვალის წინაშე კიდევ უფრო გულმხურვალე ლოცვა აღავლინა და ზეციურ დედოფალს შემწეობა სთხოვა, მისი ლოცვა შეისმინა ყოვლადწმინდამ. ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა მეფეს და კოლოშინის უდანაშაულობა ამცნო. საქმის გამოძიების შემდეგ მეფემ ეს ირწმუნა და მას ძველი თანამდებობა დაუბრუნა. შუამდგომელისათვის მადლობის ნიშნად კოლოშინმა მეფისგან შეუწველი მაყვალის ხატი გამოითხოვა და მის სახელზე მარკოზ მახარებლის ეკვდერში ეკლესია დააარსა. ეს ტაძარი დღემდე არსებობს.

ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბრის გარდა აღდგომიდან მე–6 კვირასაც აღესრულება. იმიტომ, რომ ამ კვირაში წმინდა ხატი ლიტანიით გადააბრძანეს კოლოშინის მიერ აგებულ ტაძარში და მისი კურთხევაც აღსრულდა.

შეუწველი მაყვალის ეკლესიის მრევლი ირწმუნება, რომ მათთან ხანძარი თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა ეს ადგილი – ეკლესია და სამრევლო მთლიანად ხის ნაგებობებითაა გაშენებული. მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ ხატის განსაკუთრებული ხელნაწერი კანონი არსებობს. კანონის დასაწყისში არს წარწერა: ,

,ეს მსახურება სინას წმინდა მთაზე იგალობება, როცა ჭექა–ქუხილი საშიში ხდება.’’

მეორე ხატი ამავე ეკლესიაში – ბერძნული ხატწერითაა შესრულებული, სიმაღლეც და სიგანეც 7–7 გოჯი აქვს. ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყრმა–ღმერთით ხელშია გამოსახული, ხოლო მის წინაშე მუხლმოდრეკით მლოცველი ადამიანი მოჩანს. ეს ხატი ტაძარს 1835 წელს მოსკოველი მეშჩანი ქალის, ქალწულ ალ.ნ. კუნიცინის ანდერძისამებრ შესწირეს. ხატის წინაშე მლოცველთა რაოდენობა განსაკუთრებით 1837 წელს გაიზარდა.

შეუწველი მაყვალი – ქ. სლავინსკში

ხარკოვის ეპარქიის ქ. სლავიანსკშიც იმყოფება შეუწველი მაყვალის სასწაულთმოქმედი ხატი. 1822 წელს, როცა ქალაქი ხშირი ხანძრების გამო დიდი განსაცდელის წინაშე იდგა და ხალხი შიშის ძრწოლას მოეცვა, ის განსაკუთრებული გამოცხადების შედეგად ერთმა ღვთისმოსავმა მოხუცმა ქალმა ბელნიცკიმ დაწერა, რომელსაც ამის შესახებ სიზმრად ეუწყა. იმავე დღეს, როცა ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და აკურთხეს, იპოვეს პიროვნება, ვინც ცეცხლს ხელოვნურად აჩაღებდა და ხანძრებიც შეწყდა. შეშლილი დედაკაცი მავრა, რომელიც ქალაქის გადაწვას ცდილობდა, მეთვაყურეობის ქვეშ აიყვანეს, მასზე დიდი ხანია ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ ვერ რწმუნდებოდნენ, რომ ამდენს გაბედავდა, ბოლოს იგი თვითონვე გამოტყდა. მოსახლეობამ ამ საშინელი უბედურებისგან ხსნის სამადლობელად ხატს კიოტი შესწირა, ხოლო ვერცხლის მოოქროვილი პერანგი ვაჭარმა მისიშევმა გაიღო. კიოტზე არის წარწერა:

,,1822 წელს ქალაქის ხანძრისგან ხსნის მოსახსენალად.’’

მოამზადა თეონა ნოზაძემ