გულანი
საცდელი · 1.11.1
3 სექტემბერი 1 / 7მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან…

3 სექტემბერი

თვენი

მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (+302) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან…

კონდაკი

მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალექმნილმან სამწყსოა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდულმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.

მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისი, მიგდონისი…

მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისი, მიგდონისი, პეტრესი, ინდისისა, გორგონისი, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი და სხვათა (302)

მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მაშინ აღესრულნენ ქრისტესთვის, როცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე (284-305) გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად. ქრისტიანთა დევნის გამძაფრების საბაბად მტარვალებმა ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის დაწვა გამოიყენეს. უღმრთოებმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ენით აუწერელი სისასტიკით დაიწყეს მათთან ანგარიშსწორება. ამან ვერ შეაკრთო მართლმორწმუნეები: ისინი მტკიცედ აღიარებდნენ ქრისტეს და სიხარულით ეწირებოდნენ მსხვერპლად მაცხოვარს. ამ დროს ეწამნენ: წმიდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის გაბედული მხილებისათვის ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. იმავე ხანებში აღესრულნენ წარმართთა ხელით ყოფილი ქურუმი, წმიდა ქალწული დომნა და წმიდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ. ეპისკოპოსი ანთიმოზი სამწყსოს მოთხოვნით ნიკომიდიის მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, საიდანაც ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. დიაკონ თეოფილესთვის გამოტანებული ერთ-ერთი ეპისტოლე უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში და იმპერატორ მაქსიმიანეს გადასცეს. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და წამებით ამოხადეს სული, მაგრამ წმიდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი მაინც ვერ ათქმევინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ. როცა ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს, მან ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მარტვილის წინ დაეწყოთ, რაზეც წმიდანმა განაცხადა: „მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს. სასიკვდილო სასჯელს მხოლოდ სულმოკლეები უფრთხიან, ვისთვისაც წარმავალ ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია!“ მაშინ თვითმპყრობელის ბრძანებით ნეტარი მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს (+302).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველისა (467)

ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველისა (467)

ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან (ხს. 20 იანვარს) ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს. გარდაიცვალა 467 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წმიდისა თებე დიაკონისასი (I)

წმიდისა თებე დიაკონისასი (I)

წმიდა თებე კენქრეის ეკლესიის (კორინთოს ნავსადგურში) დიაკონისა იყო. პავლე მოციქული მას იხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16.1-2).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309)

მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309)

წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის, ამ დროს გოგონა ცხრა წლის იყო, მან ნიკომიდიის მმართველ ალექსანდრეს წინაშე ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველი ჯერ ალერსით ცდილობდა მის გადმობირებას, შემდეგ კი, გოგონას სიმტკიცით გააფთრებულმა, მისი წამება ბრძანა. ნეტარი სასტიკად გვემეს, ცეცხლზე დაკიდეს, გახურებულ ქურაში შეაგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად... მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა, ყველა ამ სატანჯველს უვნებლად გამოაღწია. ამ სასწაულმა ალექსანდრე უფლის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ყრმას და შენდობა და უფლის წინაშე მეოხება სთხოვა. წმიდა ბასილისამ სიხარულით ადიდა ღმერთი. მოუწოდეს ეპისკოპოსს, რომელმაც ალექსანდრე დამოძღვრა და კათაკმევლად დაადგინა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მმართველმა კეთილმსახურებაში გაატარა. წმიდა ბასილისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 309 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა არისტიონისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა

მღვდელმოწამისა არისტიონისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა

მღვდელმოწამე არისტიონი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიესაჯეს. ნეტარის მარტვილობის თარიღი უცნობია.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

იოანიკესი, სერბელი პატრიარქისა (1354)

იოანიკესი, სერბელი პატრიარქისა (1354)

წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი წარმოშობით ქალაქ პრიზრენიდან იყო. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი მეფე კარლოს სერბის მდივანი იყო, შემდეგ კი, 1339 წლიდან, - ეკლესიას განაგებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1346 წელს სრულიად სერბეთის მღვდელმთავართა კრებამ, რომელსაც ბულგარეთის პატრიარქიც ესწრებოდა, მეფე დუშანის სურვილით მთავარეპისკოპოსი იოანიკე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩია. წმიდა მამა 1349 წლის 3 სექტემბერს მიიცვალა. დაკრძალულია პეჩის სავანეში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.