გულანი
საცდელი · 1.11.1
21 აგვისტო 1 / 5ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან…

21 აგვისტო

თვენი

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან…

კონდაკი

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან, მოციქულო თადეოზ, სასწაულითა შენითა მარადის განათლებულმან, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

ღირსისა თადეოზ სტეფანწმიდელისა (VI)

ღირსისა თადეოზ სტეფანწმიდელისა (VI)

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი - ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

წმ. სარმეანესი, ქართლის კათალიკოსისა (779)

წმ. სარმეანესი, ქართლის კათალიკოსისა (779)

წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში სარმეანმა „გამოუძიებლივ“ აზიარა მასთან ძღვნით მისული უცნობები, რომლებიც თურმე იაკობიტთა მწვალებლობის მიმდევრები ყოფილან. „იმ ღამესვე ძილში ზეგარდამოეხილა სარმეანს ესრეთ წინდაუხედაობა და უღირსებით შეურაცხებულ ხარისხისა მისისა“, გამოღვიძებულმა კათოლიკოსმა შეკრიბა ეპისკოპოსები, აუწყა მომხდარი, მათ წინაშე დაწვა იაკობიტთა მორთმეული ძღვენი და „ცრემლით სტიროდა ცთომასა თვისსა“. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მალე აუწყა წმიდა სარმეანს მისი ასეთი შეცოდების შენდობა, მცხეთიდანაც მოვიდა ეპისკოპოსთა წერილი: „დიდსა მამათავარსა მეუფესა ჩვენსა სარმეანეს, გიხაროდენ! შვილნი შენნი და სიწმიდისა შენისა მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამეთუ მოწყალე ჰყვეს დიდებულისა მაგას წმიდისა შიოს მეოხებითა და გამოგვიჩნდა უღირსთა მონათა მისთა, რიცხვით ხუთთა და თვითოეულსა გვიბრძანა, ვითარმედ „მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათალიკოზსა ბრალნი მისნი და აწ შეუორგულებულად მიიყვანეთ მწყემსი თქუენი“. აწ გვიბრძანენ სიწმიდემან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველთ მოქმედსა მამასა შიოს“.

ასეთი ღვთის შიშით, სიმდაბლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შემკული მღვდელმთავარი სიბრძნით განაგებდა თავის სამწყსოს: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ეკლესიის სწავლების სიწმიდის დაცვითა და ცოდვათა ტყვეობისაგან გამოხსნით თანდათან მზადდებოდა ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლების კონკრეტული ღონისძიებები.

ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოციქულისა თადეოზისა, 70-თაგანისა (დაახ. 44)

მოციქულისა თადეოზისა, 70-თაგანისა (დაახ. 44)

წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა. უფალმა იგი იმ სამოცდაათს შორის გამოარჩია, რომლებიც „წარავლინნა... ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად“ (ლკ. 10,1). იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.

გადმოცემით, როცა წმიდანი პირველად შესულა ავგაროზის ოთახში, მისი სახიდან გამომკრთალი არაამქვეყნიური ნათლით გაოცებული მთავარი წინ მიგებებია და მიწამდე უცია თაყვანი. კარისკაცებს კი, რომელთათვისაც ეს ბრწყინვალება დაუნახავი დარჩა, ვერ გაუგიათ, რატომ მიაგო მათმა ხელისუფალმა ასეთი პატივი ღატაკ მწირს. თადეოზის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან (მათ შესახებ ავგაროზი წერდა სირიის მეფე ნერსეს). ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმიდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი - მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ვასასი და სამთა შვილთა მისთა, მოწამეთა: თეოგენესი, აღაპისა და პისტისა (305-311)

მოწამისა ვასასი და სამთა შვილთა მისთა, მოწამეთა: თეოგენესი, აღაპისა და პისტისა (305-311)

წმიდა მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან - თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს მეუღლემ ნეტარი ვასა შვილებთან ერთად მმართველთან დაასმინა. მაცხოვრის მსასოებლებმა მუქარის მიუხედავად უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაშინ დედის თვალწინ ვაჟების წამება დაიწყეს: უფროსი, თეოგნე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს. ყრმა აღაპი თავიდან მკერდამდე გაატყავეს. ბოლოს ნაბოლარას - პისტს მისდგნენ. დედა ამხნევებდა მათ და ქრისტესთვის სატანჯველების უდრტვინველად დათმენისკენ მოუწოდებდა. ბოლოს ყმაწვილებს თავები მოჰკვეთეს (ერთი გადმოცემით, ძმებმა მაკედონიის ქალაქ ედესაში აწამეს, სხვა ცნობით - თესალიის ლარისში). წმიდა ვასა საპყრობილეში გამოამწყვდიეს და აშიმშილეს, მაგრამ ანგელოზი ზეციური საკვებით ზრდიდა ნეტარს. შემდეგ მას მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. ჯალათები ცდილობდნენ, ჯერ ცეცხლში დაეწვათ, შემდეგ - წყალში დაეხრჩოთ ქრისტეს ტარიგი, მხეცებსაც მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული დედა უვნებელი რჩებოდა. როცა უსჯულოებმა ვასა საპყრობილეში შეიყვანეს, მან ზევსის ქანდაკი ნამსხვრევებად აქცია. მაშინ წმიდანი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ მოულოდნელად ნავი მოცურდა და სამმა ნათელმოსილმა ჭაბუკმა ქრისტეს მხევალი ზედ აიყვანა (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელი ფიქრობდა, რომ ეს ჭაბუკები ამსოფლიდან ვასაზე ადრე გასული მისი ძეები იყვნენ). რვა დღის შემდეგ ნეტარი დედა ნავიდან კუნძულ ალონზე ჩავიდა, კვიზიკის მახლობლად - პონტისპირეთში ან მარმარილოს ზღვაში. ადგილობრივმა მმართველმა მისგან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, არგნებით გვემა უფლის რჩეული, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

ცნობილია, რომ დაახლოებით 450 წელს ქალკედონში უკვე არსებობდა წმიდა მოწამე ვასას სახელობის ტაძარი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.