გულანი
საცდელი · 1.11.1
12 აგვისტო 1 / 4ღირსმოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა და სვიმეონისა - გარეჯის მონასტერში ლეკთაგან…

12 აგვისტო

თვენი

წმიდათა ცხოვრება · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 7 წთ

ღირსმოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა და სვიმეონისა - გარეჯის მონასტერში ლეკთაგან…

ღირსმოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა და სვიმეონისა - გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილთა (1851)

ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.

დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.

1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. „იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერო-მონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყოი მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს...

შემდეგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა... ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“, - წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვეად და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.

სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოწამეთა: ფოტიოსისა, ანიკიტესი და მათთანა მრავალთა (305-306)

მოწამეთა: ფოტიოსისა, ანიკიტესი და მათთანა მრავალთა (305-306)

წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდიაში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა ანიკიტეს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა იმპერატორის კარზე. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: „თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!“ ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: „პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!“ მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: „ჩვენ ქრისტიანები ვართ!“ ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III)

მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III)

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა III საუკუნეში ქალაქ კომანში, ნეოკესარიის მახლობლად. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო - მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღვთო წერილში. თავისი ღირსებები რომ გამოევლინა, ნეტარი უეჭველად დიდ მიწიერ პატივს მოიხვეჭდა, მაგრამ მან უფლის სიყვარულისათვის სიგლახაკეში სიმდაბლით ცხოვრება ირჩია: ქალაქის მოედანზე ნახშირს ყიდდა და მუდამ გამურული დადიოდა, რის გამოც ბევრი ზიზღით უყურებდა, ბავშვები კი დასცინოდნენ. წმიდანს ქალაქში ყველა „ალექსანდრე მენახშირეს“ ეძახდა. როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, „კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა“ (I მეფეთა; 16; 7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ. ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა. შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომლებზედაც ნეტარი განსწავლული და ბრძენი მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისათვის ქრისტეს მცნებები.

იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას წმიდა მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და ცეცხლში შეაგდეს. მღვდელმოწამემ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზოგიერთი ცნობით, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს აღესრულა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა

მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა

წმიდა მოწამენი პამფილე და კაპიტონი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიბრიაში აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მტარვალებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.