გულანი
საცდელი · 1.11.1
11 აგვისტო 1 / 3სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ…

11 აგვისტო

თვენი

წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი (+304) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ…

კონდაკი

სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ, მღაღადებელი ესრეთ, ვითარცა ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცენ მახვილსა წარკვეთად აღმსარებელმან სრბისა შენისამან.

მოწამისა ევპოლოს მთავარდიაკონისა (304)

მოწამისა ევპოლოს მთავარდიაკონისა (304)

წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როცა წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი, სხეულდასერილი, საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანების სისხლის ღვრაში ამხილა. მსაჯულმა ბრძანა, ჯერ ყურები დაეჭრათ ქრისტეს ტარიგისათვის, შემდეგ კი - თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“ სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი…

მოწამისა სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296)

წმიდა მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით - თავისი თანამმართველის, მაქსიმიანე ჰერკულესისთვის) მიეთხოვებინა წმიდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ურჩია, ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ წმინდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლეტიანეს ამცნო ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გააფთრებულმა ხელისუფალმა სასტიკი ჯალათი, მაკედონიუსი გაგზავნა უფლის მხევალთან. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგნებით დაუნდობლად გვემა, შემდეგ კი, მახვილით განგმირა იგი. სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).

წმიდა კლავდიოსი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლეტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიანეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობით შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდიოსის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელიღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი და რომის მახლობლად, ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში დაწვეს წმინდანები და ფერფლი ზღვას გაატანეს.

ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.