გულანი
საცდელი · 1.11.1
13 ივლისი 1 / 8ზეცისა მხედრობათა მტავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე…

13 ივლისი

თვენი

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

ზეცისა მხედრობათა მტავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე…

ტროპარი

ზეცისა მხედრობათა მტავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა შენითა შეგვზღუდენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩუენ, დიდი მთავარო ზეცისა ძალთაო.

ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა…

კონდაკი

ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმიდაო, აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი შეიქნა XVIII საუკუნეში წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება კონსტანტინოპოლში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა სტეფანე საბაიტელისა (794)

ღირსისა სტეფანე საბაიტელისა (794)

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 4 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წმ. იულიანესი, კენომანიელი ეპისკოპოსისა (I)

წმ. იულიანესი, კენომანიელი ეპისკოპოსისა (I)

წმიდა იულიანე - კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ. 14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.

პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა - ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.

წმიდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.

მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.

ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა სერაპიონისა (II-III)

მოწამისა სერაპიონისა (II-III)

წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი.

მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმრთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულება ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს (+205).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა მარკიანესი (258)

მოწამისა მარკიანესი (258)

წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება*

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება*

ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს შვიდ წმიდა მსოფლიო კრებას. ეს კრებები გამოხატავენ სრულიად კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოებას, ნებასა და აზრს.

მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.

გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.

ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.