გულანი
საცდელი · 1.11.2
12 ივლისი 1 / 11უაღრეს არსებისა კაცთასაგანაბრწყინეთ შრომანი თქვენი და ქვეყანაი…

12 ივლისი

თვენი

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 21 წთ

უაღრეს არსებისა კაცთასაგანაბრწყინეთ შრომანი თქვენი და ქვეყანაი…

კონდაკი

უაღრეს არსებისა კაცთასაგანაბრწყინეთ შრომანი თქვენი და ქვეყანაი აღავსეთ კეთილმასურებისა წერილითა, და ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძვად თქვენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი, მამანო ათონელნი მნათობნო ყოვლისა სოფლისანო.

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ…

ტროპარი

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი. სხვა

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი…

ტროპარი

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და…

კონდაკი

უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

მსგავსად ვარსკულავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუენ მოწამეთა…

კონდაკი

მსგავსად ვარსკულავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუენ მოწამეთა პროკლეს და ილარიონის პატიოსანი ღუაწლნი განმანათლებელად ჩუენდა სასწაულთა ნათლითა; ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებსა მათსა და ვიტყვით: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენი.

ხორციელი სიმდიდრე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი მკვეთელობაი…

კონდაკი

ხორციელი სიმდიდრე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი მკვეთელობაი მოიგე განწმენდითა, მიქაელ და გამოსჩნდი სამებისა სამკვიდრებელ, რომლისაცა მხედველ იქმენ ცხადად, მას ევედრე, ნეტარო, დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა - იოანესი, ექვთიმეს მამისა და გაბრიელისა (X)

ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა - იოანესი, ექვთიმეს მამისა და გაბრიელისა (X)

ნეტარი მამა იოანე

(ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.

წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.

მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.

ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“

მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.

ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.

დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.

ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.

ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.

ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.

თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.

მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.

ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.

წმიდა გაბრიელ ქართველი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.

როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.

ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთიᐠუთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.

ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წმ. ფილიმონისა, ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე, 1911)

წმ. ფილიმონისა, ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე, 1911)

„ჩემს ხანგრძლივ, უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი“ - წმინდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

ფილიმონი ქორიძე 1835 წელს გურიაში, მღვდლის ოჯახში დაბადებულა. იგი იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ბანი ლა სკალაში, მას წარმატებით ჰქონდა ჩატარებული კონცერტები ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე.

1881 წლის 31 მაისს გაზეთ „დროებაში“ გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე აღნიშნავდა: „ამ წელს, წასულის აპრილის ხუთს, ბზობას მნახა მე ხელოვანმა, მომღერალმა და ნოტის მცოდნემ ფილიმონ ქორიძემ, რომელიც დამპირდა ქართული გალობის ნოტზედ გადაღებას“.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფილიმონ ქორიძის ბიოგრაფიის ის უმთავრესი ეტაპი, რომლსაც მან მთელი შემდგომი ცხოვრება მიუძღვნა და რომელიც, მისი თქმით, „საშვილიშვილო საქმე იყო. მე ამას ვგრძნობდი და, რა თქმა უნდა, ვღელავდი“.

ფილიმონი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული საგალობლებისა და სიმღერების გადარჩენისა და ნოტებზე გადატანის საქმეს, რომ საოპერო კარიერაზე უარი თქვა:

„საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, ტაშს მიკრავდნენ, წერდნენ - სახელოვანი კაცი ხარო. შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია. დღეს ხელით მატარებენ, მადიდებენ. მოვკვდები - ჩემი ხსენებაც გაქრება, ჩემი კვალიც არ დარჩება ჩემს ქვეყანას, შთამომავლობას ვერაფერს დავუტოვებ. ჩემი დღევანდელი მუშაობა კი საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ქვეყნისათვის სასარგებლო და საჭირო. ჩემი ნამუშევარი ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს“.

მთელი მისი შემდგომი ცხოვრება იყო საოცარი ისტორია ქართული საგალობლების ხუთხაზიან ნოტებზე გადატანისა და სამუდამოდ შენარჩუნებისა, უპოვარებასა და სიდუხჭირეში როიალის აწყობით თავის რჩენისა, სოფელ-სოფელ უნიკალური საგალობლებისა და სიმღერების ძიებაში ურემზე დაკეცილი ფისჰარმონიით ხეტიალისა, „ქორიძის ხოროს“ დაარსებისა, გადარჩენილი და ნოტებზე ჩაწერილი საგალობლების გამოცემისთვის ზრუნვისა, რადგან:

„ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არც ერთ ტომს არც ერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტის შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები“.

თურმე სიცოცხლის ბოლო წლებში წუხდა: „მეშინია, მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო“, საგალობელების გამოცემას იტალიაში გეგმავდა, მაგრამ 1911 წლის ზაფხულში ბახმაროში ცხენით მგზავრობისას დაშავდა, სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა.

ფილიმონი ოზურგეთში დაკრძალეს, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში მისი საფლავი დაკარგული იყო. 1990 წელს საფლავის სავარაუდო ადგილას ბიუსტი დაიდგა.

ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადატანილი 5532 საგალობლის ხელნაწერები მისმა მოწაფემ, ქართული საეკლესიო გალობის დიდმა მოამაგემ, წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა (კერესელიძე) გადაარჩინა და შემოუნახა შთამომავლობას...

2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის ფილიმონ ქორიძე წმინდანად შერაცხა, ეწოდა წმინდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული და მისი ხსენების დღედ 25 ივლისი დადგინდა...

შეგვეწიოს წმინდა ფილიმონ მგალობელი და ერისათვის თავდადებული წმინდანის მეოხებით, მის მსგავსად, „გულისა მხურვალებითა და ტრფიალებითა საუფლოითა“ გვემსახუროს ერისა და ეკლესიისათვის.

მოამზადა თამარ ასათიანმა

მოწამეთა პროკლესი და ილარიოსი (II)

მოწამეთა პროკლესი და ილარიოსი (II)

წმიდა მოწამენი პროკლე და ილარიო ანკვირიის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.

უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. მტარვალებმა აიძულეს მოწამე, რომ კალიპტისკენ მიმავალი მმართველის ეტლის კვალდაკვალ ერბინა. არაქათგამოცლილი და დაუძლურებული პროკლე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მანაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება - ოთხთვალა გაჩერდა და ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მყოფი კარისკაციც გაქვავებულივით იჯდა მანამ, სანამ მოწამის მოთხოვნით საკუთარი ხელით არ დაწერა მართლმადიდებლური მრწამსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მმართველმა გზის გაგრძელება.

დამარცხებულმა წარმართმა პროკლეზე საშინლად იძია შური: ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ იგი, ბოძზე მიეკრათ და ისრებით განეგმირათ.

სიკვდილით დასჯის ადგილისკენ გაგზავნილი პროკლეს გზად თავის ძმისწული, ილარიო შეხვდა. აცრემლებული ჭაბუკი სიყვარულით მოეხვია ბიძას და თვითონაც თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მეომრებმა დაატუსაღეს ნეტარი.

მმართველის ბრძანებისამებრ წმინდა პროკლე ბოძზე გაკრული აღესრულა, ისრებით დაწყლულებული და სხეულდაფარული, სიცოცხლის ბოლომდე წმინდანი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა შეენდო მისი მკვლელებისთვის.

წმიდა პროკლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ილარიოც სასტიკად აწამეს, ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ათრიეს ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი პროკლე 12 ივლისს მიიცვალა, ილარიო კი - სამი დღის შემდეგ. ქრისტიანებმა ერთ საფლავში დაფლეს უფლის სათნომყოფელნი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა მიქაელ მალეინისა (962)

ღირსისა მიქაელ მალეინისა (962)

ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში - მანუელი) მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაბადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწების გაოკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად. მშობლები მეტად შეურაცხყო შვილის ამ საქციელმა, ძალით წაიყვანეს იგი შინ, მაგრამ ბერობის დატევებაზე ვერ დაითანხმეს. ჭაბუკი მოსაგრე კვლავ დაუბრუნდა მონასტერს, სადაც მეტრაპეზედ დანიშნეს. ღირსი მამა თავად ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა ჭურჭელს, დაუზარლად აღასრულებდა სხვა ამგვარ საქმეებს... მთელ დღეებს კვართის ამარა, ფეხშიშველი ატარებდა, ღამღამობით, ზამთარშიც კი, ფიცრებზე ეძინა... როცა ორი წლის შემდეგ მამამ მიქაელი იხილა, მეტად გაიხარა და ასე მიმართა: „გაფრთხილდი, შვილო, ნურასოდეს განუდგები უფალს, რომელიც მშობლებზე და ამსოფელზე მეტად შეიყვარე!“ მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა, დედა მონაზვნად აღიკვეცა და კეთილმსახურებაში შეჰვედრა სული უფალს. მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილი ნეტარმა გლახაკებსა და განთავისუფლებულ მონა-მხევლებს დაურიგა, ნაწილი კი - მონასტერს შესწირა.

მიქაელმა მოძღვარს სავანის მახლობლად, კლდის ერთ გამოქვაბულში დაყუდებით ცხოვრებაზე გამოსთხოვა კურთხევა: კვირაში ხუთ დღეს იქ ატარებდა განმარტოებით, შაბათ-კვირას კი ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და საზიარებლად მონასტერს უბრუნდებოდა. ოთხი წლის შემდეგ ღირსი მამა თავის კეთილმსახურ ნათესავთან, აღაპისთან ერთად შიდა უდაბნოში დამკვიდრდა. შემდგომ მოსაგრეებმა გადაწყვიტეს, განმარტოებით ეღვაწათ, მდუმარებაში. მიქაელმა მშრალ ტბად წოდებულ უდაბურ ადგილას პატარა ქოხი მოიწყო და იქ დაეყუდა. მალე წმიდანთან მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველებმა დაიწყეს მისვლა. თავდაპირველად ნეტარი ყველას უარით ისტუმრებდა, მაგრამ შემდეგ მომსვლელთა გულმოდგინება რომ იხილა, თითო-თითოდ დაიწყო მათი მიღება და სულიერ ცხოვრებაში დამოძღვრა. როცა ძმების რიცხვმა ორმოცდაათს გადააჭარბა, მიქაელმა მათთვის ლავრა დააარსა მკაცრი წესდებით, ღირს აღაპის მოუხმო, სავანეზე ზრუნვა მას მიანდო, თვითონ კი რამდენიმე ბერთან ერთად, უფრო შორეულ ადგილებს მიმართა და ახალი მონასტერი დააფუძნა. მალე ნეტარი მამის ღვაწლით მთელი კიმინის მთა დაიფარა ბერმონაზონთა საცხოვრისებით, სადაც დაუდუმებლად აღევლინებოდა ლოცვა-ვედრება.

წმიდანის ბაგეებიდან არასოდეს თქმულა სხვისი შეურაცხმყოფელი, ბოროტი სიტყვა. ანგელოზის თანამოსახელე, ანგელოზივით ცხოვრობდა, მკაცრი თავშეკავების მაგალითს იძლეოდა- მკაცრად მარხულობდა, ხორცს მხოლოდ მძიმე სნეულებისას, საღვთო დღესასწაულებზე, ან დიდებული სტუმრების მასპინძლობის დროს აძლევდა განსვენების ნებას. ბერობის პირველ წლებში იგი დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, შემდეგ - ხუთ დღეში ერთხელ, ბოლოს კი, თორმეტ დღეში ერთხელ; იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულით; როცა ჯანს არ უჩიოდა, სკამზე მჯდომს ეძინა, სნეულებისას კი - მაგარ საწოლზე. ნეტარს ძლიერ უყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით - საუფლო და ღვთისმშობლისა, ამ დღეებში ღამისთევის ლოცვებზე სიხარულით ატაცებული გალობდა ხოლმე. წმიდა მიქაელი ღირსი ათანასეს (ხს. 5 ივლისს) მოძღვარი იყო.

წმინდანმა 962 წელს შეჰვედრა სული უფალს. მის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა გოლინდუხასი, ნათლისღებით მარიამისა (591)

მოწამისა გოლინდუხასი, ნათლისღებით მარიამისა (591)

წმიდა გოლინდუხა, ნათლისღებით - მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როცა ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი. მალე, ღვთის ნებით, შეუსრულდა კიდეც გულწრფელი სურვილი: ძილში ანგელოზმა ჯოჯოხეთის სატანჯველებიც მოახილვინა და სამოთხეც აჩვენა. ყოვლადსახიერმა უფალმა კვლავ ანგელოზის მეშვეობით მიუთითა მართლმორწმუნე ხუცესზე, რომელმაც მომავალ წმიდანს ნათელსცა და მარიამი უწოდა.

ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქურუმი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმიდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც თვრამეტი წელი დაჰყო სატუსაღოში.

ხოსროს მემკვიდრის, ორმისდასის ზეობისას სპარსეთში ჩავიდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ელჩი - არისტობულე. როცა მან შეიტყო, რომ საპყრობილეში მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა ქრისტიანი ქალი - მარიამი, მეფის ნებართვით რამდენჯერმე მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როცა არისტობულე სამშობლოში გაემგზავრა, ორმისდასმა წმიდანი დილეგიდან ამოაყვანინა და სასტიკად აწამა. შემდეგ მარიამი გარყვნილებს მიუგდეს შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ღმერთმა ბილწთა და უსჯულოთა თვალთაგან დაფარა იგი. ბოლოს მეფემ ბრძანება გასცა, თავი მოეკვეთათ ნეტარი დედისთვის, მაგრამ უფლის განგებულებით წმიდანი ჯალათთათვისაც უჩინარი შეიქნა და ქრისტიანთა თავშესაფარში აღმოჩნდა.

როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიუსის დახმარებით ხოსრო II ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმიდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს (+591).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.