მოციქულისა იაკობ ზებედესი - წმიდისა იოანე ღმრთისმეტყველის ძმისა (44)
მოციქულისა იაკობ ზებედესი - წმიდისა იოანე ღმრთისმეტყველის ძმისა (44)
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.
ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვისა (1867)
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვისა (1867)
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867) (ერობაში - დიმიტრი 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. წმიდანის მამას ალექსანდრე ერქვა, დედას - სოფია. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა; ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ესწრებოდა წირვა-ლოცვას. 1822 წელს 16 წლის დიმიტრი მამამ სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა მთავარ საინჟინრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ დაახლოებით ორი წელი იმსახურა სპეციალობით. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სანუკვარი ოცნება იყო, ღვთისმსახურებისთვის შეეწირა თავი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი გამოცდა ელოდა წინ. იმპერატორმა ნიკოლოზმა დიმიტრის განზრახვა რომ შეიტყო, თავის ძმას - მიხეილს დაავალა, გადაეფიქრებინა მისი საყვარელი აღზრდილისათვის სამსახურის დატოვება და ბერად აღკვეცა. 19 წლის დიმიტრი დიდი თავადის წინაშე წარსდგა, რომელმაც მეფის გვარდიაში სამსახური შესთავაზა, მაგრამ მომავალი წმიდანი მყარად იდგა თავის აზრზე. მაშინ დიმიტრი მისი სურვილის წინააღმდეგ დინაბურგის საინჟინრო რაზმში გადაიყვანეს. როცა იმპერატორის ძმამ იგი მოინახულა, დარწმუნდა მის ავადმყოფობაში და ნება დართო, გადამდგარიყო. დიმიტრი მაშინვე გაემგზავრა თავის მოძღვარ მამა ლეონიდესთან ალექსანდრო-სვირსკის მონასტერში. მამა ლეონიდე ამ მონასტრიდან პლოშჩანის უდაბნოში გადავიდა, სადაც დიმიტრიც გაჰყვა. ცოტა ხანში იგი ოპტინის უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, და მალე თავის მეგობარ ჩიხაჩოვთან ერთად ნოვოოზერსკის მონასტერში გაემგზავრა, სადაც დიდხანს აღარ დასცალდათ ყოფნა, რადგან იქაური მძიმე პირობების გამო ორივენი დასნეულდნენ და დიმიტრის ოჯახში დაბრუნება მოუწია.
როცა ცოტა მომჯობინდა, ვოლოგდის ეპისკოპოსის - სტეფანეს ლოცვა-კურთხევით წმიდანი სემიგოროდის უდაბნოში დასახლდა, შემდეგ კი გადავიდა დიონისევო-გლუშიცკის მონასტერში.
1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ იგი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წელს ივნისში ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
1833 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს. მამა ეგნატეს მოღვაწეობა ცნობილი გახდა პეტერბურგში, იგი გამოიძახეს დედაქალაქში და წმიდა სერგის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს უკვე არქიმანდრიტის ხარისხში.
1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის ბლაღოჩინად დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა. წმიდა სერგის უდაბნოს განმარტოებულ კელიაში მამა ეგნატე მღვიძარებაში, ლოცვასა და სინანულში ატარებდა ღამეებს.
1847 წელს მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი სამკურნალოდ გაემგზავრა ნიკოლაევო-ბაბაევოს მონასტერში.
მამა ეგნატეს ნაცნობთა წრე საკმაოდ ფართო იყო: ეპისკოპოსები, ბერები, უბრალო ერისკაცები რჩევისათვის მიმართავდნენ მას. იგი საზოგადოების ყველა ფენაში იყო ცნობილი. მიმოწერა ჰქონდა მაღალ არისტოკრატიასთან. დღეისათვის მისი 800 წერილია ცნობილი.
წლები გადიოდა. მამა ეგნატეს ფიზიკური ძალები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, 1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმიდა სინოდმა მას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა. მოკლე ხანში ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლს გაემგზავრა, რათა ეპარქიის მართვას შესდგომოდა. აქ მან 4 წელი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო თავისი სამწყსოსათვის. მძიმე ავადმყოფობის გამო 1861 წელს ეპისკოპოსმა ეგნატემ თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, მიეცათ მისთვის უფლება გადამდგარიყო ეპარქიის მართვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო.
განმარტოებული ცხოვრების წლები მეუფე ეგნატემ ამ მიყრუებულ სავანეში გაატარა. აღადგინა თითქმის დაქცეული მონასტერი და ააშენა ახალი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
ეპისკოპოსი ეგნატე ნაყოფიერი სასულიერო მწერალიც იყო. მისი ავტორიტეტი ძალზე დიდია მართლმადიდებლურ სამყაროში.
1867 წლის 16 აპრილს სნეულებებით დაუძლურებულმა ეპისკოპოსმა უკანასკნელად სწირა, ამის შემდეგ საერთოდ აღარ გამოსულა კელიიდან, და ამავე წლის 30 აპრილს ლოცვაში მიიცვალა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმთავრისა დონატე ეპისკოპოსისა (დაახ. 387)
მღვდელმთავრისა დონატე ეპისკოპოსისა (დაახ. 387)
წმიდა დონატ ეპისკოპოსი (+დაახლ. 387) ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი. ქალაქთან ახლოს, სიროპში მოწამლული წყარო ამოდოდა. როცა ეპისკოპოსმა ამის შესახებ გაიგო, მრევლთან ერთად მივიდა და განაგდო წყაროში ჩაბუდებული საშინელი გველი. წმიდა ეპისკოპოსმა ილოცა, აკურთხა წყალი და უშიშრად დალია, ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ადიდა უფალი. წმიდა დონატმა სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა: ერთხელ თეოდოსი მეფის ასული დასნეულდა და ბოროტმა სულმა შეიპყრო. როცა წმიდა დონატი სასახლეში მივიდა, ეშმაკი განვიდა გვემულისაგან და სნეული განიკურნა. ერთ მევახშეს მეორედ უნდოდა მიეღო ვალი გარდაცვლილი მევალის ქვრივისაგან, წმიდა ეპისკოპოსმა მკვდარი აღადგინა, რათა დაემოწმებინა, რომ ვალი დაბრუნებული იყო.
წმიდა დონატი გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
პოვნა ნაწილთა მღვდელმოწამისა ბასილისა, ამასიელი ეპისკოპოსისა (IV)
პოვნა ნაწილთა მღვდელმოწამისა ბასილისა, ამასიელი ეპისკოპოსისა (IV)
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი (დაახლ. 322) და მართალი გლაფირა ქალწული (322). ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს; 306-307) სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხეთში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.
ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (322). წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან წაჰყვნენ დიაკვნები - პართენი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის შორიახლოს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული.
ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ელპიდიფორმა მეციხოვნეები მოისყიდა და პართენთან და ფესტიმთან ერთად ყოველ საღამოს ნახულობდა ეპისკოპოსს. სასამართლოს დღეს წმიდა ბასილიმ ჩვეულებრივ ილოცა და სამგზის ცრემლებით გაიმეორა ფსალმუნის სიტყვები: "აღ-თუ-ვიპყრენ ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე" (ფს. 138, 9-10). დიაკონები დაეჭვდნენ, შიში ხომ არ შეეპარაო ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა ბასილიმ ისინი დაამშვიდა.
სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. ელპიდიფორმა მოისყიდა დარაჯები და სთხოვა, ეპისკოპოსისთვის ლოცვა დაეცადათ. ლოცვის შემდეგ წმიდა ბასილიმ ჯალათს მიმართა: "მეგობარო, ჰქმენ, რაც გიბრძანეს" და მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.
ელპიდიფორეს სამგზის გამოეცხადა უფლის ანგელოსი და აუწყა: "ეპისკოპოსი ბასილი სინოპშია და გელოდებათ". ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმიდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმიდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და დაასაფლავეს მის მიერ აგებულ ტაძარში.
მოწამისა მაქსიმესი
მოწამისა მაქსიმესი
წმიდა მოწამე მაქსიმეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ქრისტეს აღმსარებლობისათვის ეწამა. მრავალგვარი ტანჯვის შემდეგ მას მუცელი გამოუფატრეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.