ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა…
ტროპარი
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა…
ტროპარი
ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა…
კონდაკი
სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრესთანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით გვიპოვნიეს სასურველი.
მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ…
კონდაკი
მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.
დუდიყვათსა და პაპათში (თურქეთი) 300 მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა ქრისტეს…
დუდიყვათსა და პაპათში (თურქეთი) 300 მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებულთა (XVII-XVIII)
ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.
ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს "შეაფარეს" თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსულმანებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ და საქართველოს სიყვარული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.
ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის (სამღვდელოთა) მთა უწოდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 2003 წლის 18 სექტემბრის წმიდა სინოდის სხდომამ აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა XVII-XVIII საუკუნეებში "პაპათისა" და "დუდიკვათას" გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისთვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნან წმიდანად და ეწოდოთ მათ სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვეთსა და პაპათში მოწყვეტილნი წმიდა ლაზი მოწამენი.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
ცხრა კვიზიკელ მოწ. თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასიოსისა და…
ცხრა კვიზიკელ მოწ. თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასიოსისა და ფილიმონისა (286-299)
წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.
კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.
324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337, ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდათა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში.
წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირ. მემნონ სასწაულთმოქმედისა; მოწ. დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305)
ღირ. მემნონ სასწაულთმოქმედისა; მოწ. დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305)
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი სიყრმიდანვე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. უდაბნოს ერთ-ერთ მონასტრის იღუმენად არჩევის შემდეგ წმიდანი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.
მოუკლებელი ლოცვისა და შრომის შედეგად ღირსმა მამამ მიიღო წინასწარჭვრეტის მადლი. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო გაჩნდა, განადგურდა კალია, რომელიც ნათესებს სპობდა, ჩაძირული გემის მგზავრები გადარჩნენ. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მის მიმართ აღვლენილი ლოცვებით იგივე სასწაულები მეორდებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.