წმ. მარტინე აღმსარებელისა, რომის პაპისა (655)
წმ. მარტინე აღმსარებელისა, რომის პაპისა (655)
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.
ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.
ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.
654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი - თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.
ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“.
სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.
იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.
680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: ანტონი, იოანე და ევსტათი ლიტველთა (1347)
მოწამეთა: ანტონი, იოანე და ევსტათი ლიტველთა (1347)
წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე, ევსტათი (+1347) აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის ასულ მარიამზე (+1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა. მისმა ორმა ძმამ, ნეჟილომ და კუმეცმა ნათელიღეს მარიამის მოძღვრისგან და მიიღეს სახელები: ანტონი და იოანე. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც კი აშენდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ.
მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმიდანებმა აღიარეს ქრისტიანობა. ოლეგერდმა მათ უბრძანა, ხორცი ეჭამათ (მაშინ მარხვა იყო), მაგრამ ძმებმა უარი განაცხადეს. წმიდანები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მთელი წელიწადი იტანჯებოდნენ. იოანეს შეეშინდა და განაცხადა, რომ შეასრულებდა მთავრის ყველა ბრძანებას. გახარებულმა ოლეგერდმა ორივე ძმა გაანთავისუფლა. ანტონი ქრისტეს ერთგული დარჩა და როცა მარხვაში ხორცის ჭამაზე კვლავ უარი განაცხადა, ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტეს უარმყოფელი ძმა თავისუფალი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს არა მარტო ქრისტიანებმა, არამედ წარმართებმაც. მონანული იოანე ნესტორთან მივიდა და სთხოვა, ეშუამდგომლა ძმასთან, რომ ეპატიებინა მისთვის შეცოდება. ერთხელ წმიდა იოანემ ოლგერდს განუცხადა, რომ ეკლესიას დაუბრუნდა. მთავარმა მას აგრძნობინა, რომ ეს მისი პირადი საქმე იყო, შეეძლო ქრისტიანი ყოფილიყო, მაგრამ სხვის თვალში წარმართივით უნდა ეცხოვრა. საპასუხოდ წმიდა იოანემ მთელი სასახლის კარის წინაშე აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მოწამეები სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.
ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. 1347 წლის 14 აპრილს წმიდა ანტონი ხეზე ჩამოახრჩვეს.
ქურუმების იმედი არ გამართლდა: ხალხი კვლავ იკრიბებოდა იმ ციხის კედლებთან, სადაც წმიდა იოანე იმყოფებოდა. 1347 წლის 24 აპრილს წმიდა იოანეც იმავე ხეზე ჩამოკიდეს. ორივე წმიდანის ნეშტი ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ეკლესიის ეზოში.
მალე ქრისტესთვის აღესრულა წმიდა ძმების ნათესავი კრუმლეცი, ნათლისღების შემდეგ - ევსტათი. ის მთავრის არმიაში მსახურობდა და გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით, მამაცობით, გონიერებითა და სიკეთით. ოლგერდს იგი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ წმიდა ევსტათიმ საზეიმო სუფრაზე ხორცი არ მიიღო და განაცხადა, რომ ქრისტიანია და შობის მარხვაში ხორცს არ ჭამს. წმიდა აღმსარებელს რკინის ჯოხებით დაუწყეს ცემა, მაგრამ ჭაბუკს კრინტიც არ დაუძრავს. ოლგერდმა ბრძანა, ყინვაში გაეყვანათ წმიდა ევსტათი და ცივი წყალი გადაესხათ. ამ სასჯელმაც ვერ გატეხა ქრისტიანის სული. გამძვინვარებული მთავრის ბრძანებით ევსტათის წვივები დაუმსხვრიეს, თმები კანიანად ააგლიჯეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ქრისტეს მოწამე მხნედ ითმენდა ტანჯვას. თვით ჯალათები გააოგნა იმ ღვთაებრივმა ძალამ, რომელიც მას აძლიერებდა. წამების შემდეგ წმიდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა იოანე და ანტონი.
ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმიდანის გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისაგან. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ტაძარი. სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა ანტონის, იოანეს და ევსტათის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1364 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფილოთეოზმა ღირს სერგი რადონეჟელს (+1392; ხს. 25 სექტემბერს) გაუგზავნა ჯვარი წმიდა მოწამეთა ნაწილებით. ეკლესიამ სამივე წმიდანის ხსენების დღედ 14 აპრილი განაჩინა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა არდალიონისა (305-311)
მოწამისა არდალიონისა (305-311)
წმიდა მოწამე არდალიონი (+დაახლ. 305-311) - აღესრულა ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ის მსახიობი იყო.
ერთხელ წმიდა არდალიონი ცირკში ქრისტიანის როლს თამაშობდა. ავტორის ჩანაფიქრით, მსახიობს ჯერ უარი უნდა განეცხადებინა მსხვერპლშეწირვაზე, შემდეგ კი დათანხმებულიყო ქრისტეს უარყოფაზე. მოქმედების მსვლელობისას წმიდა არდალიონი ხეზე ჩამოკიდეს და წამება დაუწყეს. ის ისე ბუნებრივად განასახიერებდა ტანჯულს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული განადიდებდა მის ხელოვნებას. მოულოდნელად წმიდანმა ხალხს გაჩუმება სთხოვა და განაცხადა, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტიანია და არ განუდგება ქრისტეს. ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა სპარსელთა და აზატი საჭურისისა (დაახ. 341)
მოწამეთა სპარსელთა და აზატი საჭურისისა (დაახ. 341)
წმიდა მოწამე აზატი IV საუკუნეში აღესრულა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. მასთან ერთად აწამეს სხვა 1000 ქრისტიანი სპარსელი.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.