წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887)
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887)
წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა.
1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.
ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.
დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.
დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს.
1837 წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.
1845 წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო, წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დიმიტრი ყიფიანს დარჩა სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი.
დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.
ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო: „მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტან გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..“ - წერდა დიმიტრი.
1886 წელს ტფილისის სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისათვის, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, ქართველი ერი ამბიონიდან დასწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: „...თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან...“ პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა.
ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრი ყიფიანს დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, - წერდა აკაკი წერეთელი.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.
მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303)
მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303)
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი (+303) დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში და სიყრმიდან ეკლესიაში მსახურობდა. თექვსმეტი წლის ყმაწვილი მედავითნედ აკურთხეს და თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა ამ სამსახურში. ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ერთგულებისა და გულმოდგინებისათვის ეპისკოპოსმა სისინმა მას დიაკვნად დაასხა ხელი, ოცდარვა წლის მსახურების შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ამ ხარისხში წმიდა არტემონი ოცდაცამეტი წლის მანძილზე ქადაგებდა ქრისტიანობას წარმართთა შორის. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა არტემონი უკვე მოხუცი იყო. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ყველა ქრისტიანს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის.
ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი, იგი წმიდა არტემონთან ერთად შეიპარა არტემიდას სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია, შემდეგ ეკლესიაში შეკრიბა სამწყსო და დაარიგა, რომ განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ წარმართთა მუქარისა.
ლაოდიკიაში ჩამოსულმა პატრიკიოსმა ხუთდღიანი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად, შემდეგ კი არტემიდასთვის მსხვერპლის შეწირვაც მოიწადინა. როცა მოახსენეს, რომ სამსხვერპლო დარბეული იყო, ეშმაკისგან გაბოროტებულმა ქრისტიანული ეკლესიის დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ ტაძარში მისვლამდე საშინელმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და სულთმობრძავი პირველსავე სახლში შეიყვანეს. „ქრისტიანებმა დამწყევლეს, მათი ღმერთი მსჯის“, - უთხრა მან მხლებლებს. კერპების მიმართ შეწირულმა ლოცვებმა ვერ უშველა სარდალს, მაშინ მან მალემსრბოლელი გაგზავნა ეპისკოპოს სისინთან და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მისი ოქროს ქანდაკების ჩამოსხმას დაჰპირდა. ეპისკოპოსმა უპასუხა: „ოქრო შენი შენ თანა იყვეს, უკუეთუ გინებს განკურნება, იწამე ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი“.
პატრიკიოსს სიკვდილის შეეშინდა და განაცხადა, რომ სწამდა ქრისტე. სისინ ეპისკოპოსის ლოცვით მხედართმთავარი განიკურნა, მაგრამ მისი სული მომხდარმა სასწაულმა ვერ შეცვალა - მას ეპისკოპოსისთვის ხელი არ უხლია, მაგრამ მიაშურა ქალაქ ესარიას, გზაში შემოხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ურემი. ეს იყო მღვდელი არტემონი. პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების ასე დამორჩილებას, წმიდა არტემონმა უპასუხა, რომ ყოველივე ამქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.
პატრიკიოსმა შეიტყო, რომ მოხუცი ის არტემონი იყო, რომელმაც არტემიდეს ტაძარი დაარბია და მისი შეპყრობა ბრძანა. წმიდანი უშიშრად გაჰყვა ჯარისკაცებს, ცხოველებს კი უბრძანა, სისინთან წასულიყვნენ.
ერთმა ირემმა ღვთისაგან მეტყველების უნარი მიიღო და ეპისკოპოსს აუწყა, თუ რა შეემთხვა წმიდა მოძღვარს. სისინმა დიაკვნის ხელით სეფისკვერი გაუგზავნა წმიდა არტემონს.
კესარიაში პატრიკიოსი აიძულებდა წმიდა არტემონს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. სამსხვერპლოში უამრავი შხამიანი გველი ბუდობდა. ქურუმები მსხვერპლშეწირვის გარეშე არასოდეს აღებდნენ კარებს. წმიდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმიდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე ირწმუნა და წმიდა არტემონს მონათლვა სთხოვა.
მხედართმთავარს შეეშინდა, რომ წმიდა არტემონის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარი ქვაბი ადუღებული ფისით აავსეს წმიდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მიახლოებული ამხედრებული პატრიკისოი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არტემონის ლოცვით მიწიდან ამოხეთქა წყარომ, სადაც წმიდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა. მეორე დღეს ახალნათელღებულები მისი ხელიდან ეზიარნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.
კესარიის ეპისკოპოსმა წმიდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს. თავად მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით ასიაში წავიდა საქადაგებლად, გზად უფლის ანგელოზმა აღიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმიდანი და თავი მოჰკვეთეს (+303).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740)
მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740)
წმიდა მოწამე კრისკენტი მირონ-ლუკიელი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. ერთხელ, როცა ქალაქის მცხოვრებლები წარმართულ ტაძარში მიდიოდნენ, მან ქადაგება დაიწყო და წარმართებს მოუწოდა, მიეღოთ ქრისტიანობა. წმიდანი დაატუსაღეს და ქალაქის გამგებელს მიჰგვარეს. როდესაც კრისკენტის ვინაობა ჰკითხეს, მან მიუგო, რომ ქრისტიანია. გამგებელი იცნობდა წმიდანის მამას და ტყვექმნილს ურჩია, სხვის დასანახად შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის, გულით კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდა მოწამემ განაცხადა: „შეუძლებელია სხეულმა გააკეთოს ის, რაც სულს არ უნდა, რადგანაც მას სული მართავს და ამოძრავებს“.
წმიდა კრისკენტი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.
წმიდა ანდრია კრიტელი (+740, ხს. 4 ივლისს) წმიდა კრისკენტის იხსენიებს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476)
მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476)
წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) - ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანს ძალიან უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა.
ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს.
მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს - დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როცა ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს წმიდა მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი.
ამ ხანებში ალექსანდრიაში უდაბნოდან ჩამოვიდა ღირსი დანიელი. მან ოქტოდეკადის მონასტრის ბერებს მოუწოდა, წმიდა თომაიდას გვამი მონასტრის საძვალეში დაემარხათ. ზოგიერთი ბერი გაოცებული იყო და კითხულობდა, როგორ შეიძლებაო ქალის დამარხვა ბერებთან. ღირსმა დანიელმა თქვა, რომ „თომაიდა სიწმიდისთვის დაღუპული დედაა“. წმიდანის დამარხვის შემდეგ დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ბერი და უთხრა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. ღირსმა დანიელმა მას ურჩია, წმიდა თომაიდას საფლავთან ელოცა. ბერმა მოძღვრის რჩევა აღასრულა. ლოცვისას უნებურად ჩაძინებულს გამოეცხადა წმიდა მოწამე, რომელმაც უთხრა: „მამაო, მიიღე კურთხევა და წარვედ მშვიდობით“.
გამოღვიძებულმა ბერმა სიმშვიდე და სიხარული იგრძნო. ამის შემდეგ ის ხორციელ ვნებებს არ შეუწუხებია.
მოგვიანებით წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში გადაასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაჲ*
აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაჲ*
მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი ვრცლად მოთხრობილი აქვს იაკობ მღვდელს, რომელიც ცალკე თავად შემორჩენილია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ყველა რედაქციაში. ასევე, ამ ამბის შესახებ მოკლე ცნობები გვაქვს „ქრონიკა“–დ წოდებულ ნაწილში, "მირიანის წიგნში" და ე. წ. „შენაზარდ“ თავში – „აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ“. ეს უკანასკნელი თავი შემონახულია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს შატბერდულ რედაქციაში და „კლარჯულ მრავალთავში“, სადაც ის შესულია, როგორც საკითხავი „მარტჳილიისა (ანუ სულთმოფენობის) შემდგომად, დღესა ოთხშაბათსა“.
საჯვარე ხე მოიკვეთა 326 წელს, 25 მარტს, პარასკევ დღეს. "მირიანის წიგნი"-ს თანახმად მეფემ ხუროები გაგზავნა საჯვარე ხის მოსაძებნად და მათაც იპოვნეს ერთი ხე, კლდეზე განცალკევებით მდგომი, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. მაგრამ მონადირეებისგან სმენოდათ იმ სასწაულებრივი ხის შესახებ, რომ როდესაც ისრით დაჭრილი ირემი მიირბენდა ბორცვის ქვეშ, სადაც ის ხე იდგა და მაშინათვე შეჭამდა მისგან ჩამოცვენილ მარცვლებს, სიკვდილს გადაურჩებოდა.
იაკობ მღვდელი განაგრძობს, რომ მოკვეთილი ხე მოჰქონდა ათ ათეულ ადამიანს, თავისი რტოებითა და ფოთლებითურთ. მთელი მცხეთის მოსახლეობა გამოვიდა მის სანახავად, რადგან ზაფხული სპირზე, როდესაც ყველა სხვა ხე ხმელი იყო, ის სრულიად ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და შესახედავად მშვენიერი იყო.
აღმართეს ხე (სვეტიცხოვლის) ეკლესიის სამხრეთ კართან და იდგა იქ ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში და არ შეცვლილა მისი სიმწვანე და არც ფოთოლი დასცვენია, თითქოს წყაროსთან მდგარი ყოფილიყოს, თავის ფესვებზე. მაისის თვის პირველ რიცხვში კი ამ ხისგან დაამზადეს ჯვრები, ხოლო შვიდ მაისს აღმართეს ეკლესიაში.
იმ ღამეს და შემდეგაც, მრავალმა მცხეთელმა იხილა, რომ ზეციდან ჩამოდიოდა ვარსკვლავით დაგვირგვინებული ცეცხლის ჯვარი, რომელიც ეკლესიას განთიადამდე ადგა თავს. გარიჟრაჟზე მისგან გამოდიოდა ორი ვარსკვლავი, ერთი მიდიოდა აღმოსავლეთით და ერთიც – დასავლეთით, ხოლო ის მთავარი ვარსკვლავი ისევე ადგა ბრწყინვალედ ეკლესიას და ნელ–ნელა გადაინაცვლებდა არაგვის მეორე მხარეს; დაადგებოდა ხოლმე კლდის ბორცვს, იმ წყაროს ახლოს, რომელიც მოგვიანებით წმინდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენეს. საბოლოოდ , ეს ვარსკვლავი იქიდან კვლავ ზეცად ამაღლდებოდა ხოლმე. ეს სასწაული მრავალჯერ იხილა ხალხმა.
მაშინ რომის იმპერიიდან ჩამოსულმა სამღვდელოებამ დაიწყო წმ. ნინოს გამოკითხვა, თუ რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს. წმინდანმა უპასუხა მათ და უთხრა მეფეს, რომ გაეგზავნა ხალხი მაღალ მთებზე აღმოსავლეთისკენ, კახეთის მთამდე, ასევე დასავლეთით, სადამდეც მისი სამეფოს საზღვარი უწევდა. ის ხალხი უნდა დაკვირვებოდა, თუ სად დაადგებოდა ბრწყინვალე ვარსკვლავიდან გამოყოფილი ორი სხვა ვარსკვლავი და სწორედ იმ ადგილებზე უნდა აღმართულიყო სასწაულებრივი ხისგან დამზადებული დანარჩენი ორი ჯვარი.
მეფე სწორედ ასეც მოიქცა. იყო პარასკევი დღე და შაბათი თენდებოდა და მოხდა იგივე სასწაული, რაც მანამდე ხდებოდა. მეორე დღეს მოვიდა დასავლეთით გაგზავნილი ხალხი, რომლებიც ქვაბთა–თავის მთაზე იდგნენ და უთხრეს მეფეს, რომ ის ვარსკვლავი დაადგა თხოთის მთებს და ჩავიდა კასპის ერგვისში, გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა გაუჩინარდა. ასევე, მოვიდნენ აღმოსავლეთით გაგზავნილები და თქვეს, რომ მცხეთის ეკლესიიდან გამომავალი ვარსკვლავი კუხეთის (შატბერდული რედაქციით – კახეთის) დაბა ბოდს დაადგა თავს.
მაშინ წმ. ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ორი ჯვარი და ერთი აღემართათ თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა მეფეს თავისი ძალა უჩვენა. მეორე ჯვარი კი მიეცათ სალომე უჯარმელისთვის (უჟარმელი), რათა მას იგი უჯარმაში (უჟარმ,ში) აღემართა . რაც შეეხება დაბა ბოდისს, იგი არ უნდა შეცილებოდა სამეფო ქალაქს (ე. ი. უჯარმას), და წმინდა განმანათლებელი მას თავად მოინახულებდა.
მართლაც, გააკეთეს ისე, როგორც წმ. ნინომ ბრძანა, ხოლო მცხეთის პატიოსანი ჯვარი აიღეს და მიიტანეს არაგვს გაღმა, ბორცვის ქვეშ, წყაროსთან, სადაც ღამე ათიეს და ილოცეს. წმ. ნინო თავისი ცრემლით განაზავებდა იმ წყაროს და ხდებოდა კურნებები და დიდ–დიდი სასწაულები.
მეორე დილით, ყველანი ავიდნენ იმ კლდეზე, დაადო წმ. ნინომ ხელი ერთ ქვას და უთხრა იაკობ მღვდელს: „მოდი, შენ შეგფერის, დასწერე ჯვარი ამ ქვას“. იაკობმა ასეც გააკეთა და იმ ადგილას აღმართეს ის დიდებული ჯვარი. მოიდრიკა მუხლი მეფემ, მთავრებმა და მთელმა ხალხმა და თაყვანი სცეს ძლევით შემოსილ ჯვარს.
ამის შემდეგ, მთავარი ქალები არ შორდებოდნენ წმინდა (სვეტიცხოვლის) ეკლესიას და ნათლის სვეტს (სვეტიცხოველს) და მაცხოვნებელ ჯვარს, რადგან მოწმე იყვნენ იმ უამრავი სასწაულისა და ენით აღუწერელი კურნებებისა, რასაც ისინი ახდენდნენ.
ამის შემდეგ დატოვა წმ. ნინომ მცხეთა და წავიდა მთიულებისთვის სახარების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად. ხოლო მცხეთაში დატოვა აბიათარი, ყოფილი იუდეველი მღვდელი, რომელსაც მეორე პავლეს უწოდებდნენ, რადგან არ ცხრებოდა დღედაღამე ქრისტეს ქადაგებითა და მისი დიდებით, სანამ ებრაელებმა მცხეთიდან გაქცევა არ დაიწყეს. ხოლო იმ ებრაელთა სალოცავთან (ბაგინი) დაკავშირებით, მეფეს აიძულებდა, რომ კი არ დაენგრიათ, არამედ კიდევ უფრო გაემშვენებინათ იგი, რადგან ახალი მადლის გამოჩენამდე, იქ იყო ღვთის სახლი. უჯერებდა მეფე აბიათარს სიცოცხლის ბოლომდე და იქ ელიოზის შთამომავლები იყვნენ იუდეველთა მღვდლებად.
წმ. მენელსაცხებლე დედათა - მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და…
წმ. მენელსაცხებლე დედათა - მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა
აღდგომიდან მე-2 კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
ჯვარცმულმა იესომ ღვარძლიან და გულგრილ სახეთა შორის ღვთისმოსავ დედათა ცრემლიანი თვალები დაინახა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები... პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.
მაცხოვრის სიტყვამ ღვარძლი და ბოროტება აღძრა იერუსალიმის მღვდელმთავართა სულებში. სიძულვილი ქრისტეს მოწაფეებსა და მიმდევრებსაც გადასწვდა - მაცხოვრის შეპყრობის შემდეგ მათი დევნაც დაიწყო. „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად" (მარკოზი 13, 8), - ჯერ კიდევ შეპყრობამდე ეუბნებოდა მათ იესო. აბობოქრებული სიძულვილის ხილვამ შეაძრწუნა მოციქულნი, შიშმა დათრგუნა მათი სულიერი სიმტკიცე და გახელებულ ბრბოში გამოჩენას დამალვა არჩიეს.
მაცხოვარი მარტო დარჩა უკიდურესი განსაცდელის ჟამს. „აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიბნევა; მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან" (იოანე 16, 32). ადამიანთა მიერ მიტოვებული იდგა იგი კაიაფას, ჰეროდესა და პილატეს წინაშე, მარტო იყო, როცა სცემდნენ და ამცირებდნენ, როცა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე. არავინ იყო მის გვერდით. დაბრმავებულმა ბრბომ უფალს ავაზაკი არჩია და შეძახილით: „ჯვარს აცვი ეგე" - განაჩენი გამოუტანა მესიას.
ქალებმა ბოლომდე უერთგულეს მაცხოვარს. როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს და მხოლოს მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.
დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის და ებრაული ჩვეულებისამებრ ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისათვის. და აი, როდესაც შაბათი მიიწურა, შვიდეულის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, წავიდნენ იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. ღვთისმოსავ დედებს მარიან მაგდალინელი მიუძღვოდა წინ. ქალები არად დაგიდევდნენ საფრთხეს, მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებული იყო, საფლავი კი - ცარიელი. სასწაული უკვე აღსრულებულიყო.
ცარიელი სამარხის ხილვამ შეაკრთო დედანი. იფიქრეს, რომ იესოს სხეული ვიღაცამ გადამალა. მარიამ მაგდალინელი სიბრილით გაბრუნდა იერუსალიმში და ქრისტეს მოწაფეებს შეატყობინა ეს ამბავი. „აღიღეს უფალი საფლავისაგან და არა უწყი, სად დადვეს იგი" (იოანე 29, 4), - შესჩივლა მან მოციქულებს. პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა სამარხთან, ხოლო მათი წასვლის შემდეგ მარტო შევიდა შიგნით. და იხილა „ორნი ანგელოსნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფეხთით, სადა იდვა გუამი უფლისა იესოსი" (იოანე 29, 12). „დედაკაცო, რაისა სტირ? - ჰკითხეს მათ. „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი" (იოანე 29, 13) - მიუგო მარიამმა. უეცრად იგრძნო, რომ მის უკან ვიღაც იდგა და შემობრუნდა. პირველად მან ვერ იცნო ქრისტე, მებაღე ეგონა და შეევედრა: „უფალო, უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოანე 19, 15). „მარიამ", - მიმართა მას იესომ. მაგდალინელისთვის ყველაფერი ცხადი გახდა. „მოძღვარო..." - ამოიკვნესა მან და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ფერხთით დაემხო.
ასე გამოეცხადა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი პირველად მარიამ მაგდალინელს. მარიამისგანვე შეიტყვეს მოციქულებმა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი. იმ დღეს აენთო იერუსალიმში ქრისტიანული სარწმუნოების სუსტი ალი, გაუძლო ულმობელ დევნას, გაძლიერდა და გაბრწყინდა, მოედო მთელ მსოფლიოს და ყოველი წლის გაზაფხულზე მილიონობით ადამიანი სიხარულით აღსავსე იმეორებს სიტყვებს, რომლებიც პირველად პირველად წმიდა მოციქულთა სწორმა მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!"
ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით.