მღვდელმოწამისა იპატიოსისა, ღანგრის ეპისკოპოსისა (დაახ. 326)
მღვდელმოწამისა იპატიოსისა, ღანგრის ეპისკოპოსისა (დაახ. 326)
წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326) პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი.
326 წელს, როცა წმიდა იპატი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები.
მღვდელმოწამე იპატის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა აპოლონ ეგვიპტელისა (IV)
ღირსისა აპოლონ ეგვიპტელისა (IV)
ღირსი აპოლონი (IV) 15 წლის ასაკში განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით ჰერმოპოლთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით 500-მდე ბერი შეიკრიბა. წმიდა აპოლონი მკაცრი მმარხველი იყო. ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს მხოლოდ კვირაობით ღებულობდა, სხვა დროს ბალახეულით იკვებებოდა.
ღირსი აპოლონის მაგალითს მიბაძეს სხვა ბერებმაც. წმიდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამეთა: აბდიასი, სპარსელი ეპისკოპოსისა და ბენიამენ დიაკონისა (418-424)
მღვდელმოწამეთა: აბდიასი, სპარსელი ეპისკოპოსისა და ბენიამენ დიაკონისა (418-424)
მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი (+418-424) წმიდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. მაზდეანური ტაძრის დანგრევისათვის მღვდელმთავარს სპარსეთის მეფემ, იეზდიგერდ I-მა (401-402) ტაძრის აღდგენა დაავალა. წმიდა აბდიამ უარყო შემოთავაზებული წინადადება, რასაც ქრისტიანული ეკლესიის დარბევა და ქრისტიანთა დევნა მოჰყვა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმიდა აბდიას თავი მოკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამინი.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა იპატიოსისა, რუთინელი იღუმენისა (დაახ. 446)
ღირსისა იპატიოსისა, რუთინელი იღუმენისა (დაახ. 446)
ღირსი იპატი რუთინელი (+446) დაიბადა ფრიგიასი (მცირე აზია) ადვოკატის ოჯახში და კარგი განათლება მიიღო. ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა. გაბრაზებულმა იპატიმ სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა, შემდეგ კი პრესვიტერთან დასახლდა, რომელიც ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე ღვთის რჩეული ერთერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი ღვინო და პური მიიღო და ცოდვისაგან განიწმიდა. მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატი ორ ბერთან ერთად ქალკედონიის ახლოს, რუთინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღსდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. 40 წლის ასაკში ღირსი იპატი სავანის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი განაგებდა საძმოს. მკაცრი ცხოვრებისა და მოყვასის სიყვარულის გამო ღირსი იპატი უფლისაგან სასწაულმოწმედებისა და კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით მონასტერში პური მრავლდებოდა, ეშმაკეულებს გონება უბრუნდებოდათ, ავადმყოფები იკურბებოდნენ. ღირსი იპატი მიიცვალა დაახლოებით 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.