გულანი
საცდელი · 1.11.2
30 მარტი 1 / 8უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა…

30 მარტი

თვენი

ღირსი იოანე კლემაქსი (+649) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 8 წთ

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა…

ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოცნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა…

კონდაკი

ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.

ღირსისა იოანე კლემაქსისა (649)

ღირსისა იოანე კლემაქსისა (649)

ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტისა და მარიამის (ხს. 26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენის წმიდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე)

წმიდა იოად წინასწარმეტყველი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა მეათე საუკუნეში ქრისტემდე. მის შესახებ მოთხრობილია III მეფეთა წიგნის მე-13 თავში. უფალმა წმიდა იოადი იუდეიდან ბეთილში გააგზავნა ისრაელის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა: „არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ“ (3 მფ. 13,9).

იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I)

მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I)

წმიდა მოციქული სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანი (I). მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ“ (1 კორ. 1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.

წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“ (საქმე 18, 24-28). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (1 კორ. 3,6). მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 15,5).

წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმიდისა ევბულასი (აპოლასი) - დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (დაახ. 303)

წმიდისა ევბულასი (აპოლასი) - დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (დაახ. 303)

წმიდა ევბულია (+303), დიდმოწამე პანტელეიმონის დედა, მშვიდობით მიიცვალა ვაჟის მოწამეობრივ აღსასრულამდე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა იოანე მდუმარისა (VI)

ღირსისა იოანე მდუმარისა (VI)

ღირსი იოანე მდუმარე (+558) ქალაქ კოლონიის ეპისკოპოსი იყო. ქალაქის მმართველისაგან შევიწროებულ მღვდელმთავარს კათედრა წაართვეს. ღირსი მამა წმიდა საბა განწმენდილის მონასტერში წავიდა, სადაც მდუმარებით, მარხვით და დაყუდებული ცხოვრებით მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ღირსი მამა მიიცვალა 104 წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662)

ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662)

წმიდა ზოსიმე სირაკუზელის (+დაახლ 662) მშობლებს დიდ ხანს არ ჰყავდათ შვილი. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და ვაჟი უბოძა მათ. შვიდი წლის ზოსიმე მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად და 40 წლის მანძილზე წინამძღვრობა მონასტერს. პაპმა თეოდორემ წმიდანს სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხა ხელი (641-649).

წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.