გულანი
საცდელი · 1.11.1
5 მარტი 1 / 8ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმინდითა…

5 მარტი

თვენი

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმინდითა…

კონდაკი

ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმინდითა და მათ თანავე მზრაველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.

მოწამისა კონონ ისავრიელისა (I)

მოწამისა კონონ ისავრიელისა (I)

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიასთან ახლოს მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.

მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.

ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ონისესი (I)

მოწამისა ონისესი (I)

წმიდა მოწამე ონისიმე (I) ცხოვრობდა პალესტინაში. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა კონონ მებაღისა (III)

მოწამისა კონონ მებაღისა (III)

წმიდა მოწამე კონონი (III) გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში, კეთილი, მდაბალი და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი სამსჭვალებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და აწამეს. წმიდანი გამუდმებით ლოცულობდა და ასე მიაბარა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ევლოგი პალესტინელისა

მოწამისა ევლოგი პალესტინელისა

წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ევლამპისა

მოწამისა ევლამპისა

წმიდა მოწამე ევლაპი პალესტინაში ცხოვრობდა. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა მარკოზისა (V)

ღირსისა მარკოზისა (V)

ღირსი მარკოზ მმარხველი (V) ეგვიპტის ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმ. მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ისიხიოსისა (დაახ. 790)

ღირსისა ისიხიოსისა (დაახ. 790)

ღირსი ისიხიოს მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიოსმა დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხიოსთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხიოსი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიოსმა იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.

გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხიოსს ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიოსმა სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.

ისიხისის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 790 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.