გულანი
საცდელი · 1.11.2
4 მარტი 1 / 5აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი…

4 მარტი

თვენი

წმიდა მამა გერასიმე იორდანელი (+475) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 17 წთ

აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი…

კონდაკი

აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაჲცა მხეცი დაგამორჩილა შენ ვიდრე სიკუდილადმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენ-თჳსცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.

ღირსისა გერასიმე იორდანელისა (475)

ღირსისა გერასიმე იორდანელისა (475)

ბრწყინვალე მამა ჩვენი გერასიმე იყო ლუკიის ქვეყნიდან. საღვთო საქმეს ბავშვობიდანვე შეუდგა, რადგან, სიყრმიდან ღვთისათვის იყო შეწირული და იზრდებოდა მონასტერში, სადაც სწავლობდა მონასტრის მოღვაწეებისაგან სამონაზვნო წესებს, რითაც იწვრთნებოდა და აღორძინდებოდა. ასე იზრდებოდა შრომასა და თავის წვრთნაში და მარხვითა და დიდი ღვაწლით ემსახურებოდა შემოქმედს და ესწრაფოდა მიეღო სათხოვარი ღვთისაგან და შეესრულებინა ნება მისი. ამიტომაც თავიდანვე აირჩია მეუდაბნოება, იკვებებოდა მხოლოდ ბალახეულით. უამრავი ბრძოლები გადაიტანა მან ეშმაკისაგან და მრავალი წლის შემდეგ მიიღო ღვთისაგან ძალა მათი დათრგუნვისა და მთლიანად მიუძღვნა თავი ღვთის სიყვარულს და იწყო მასში სიკეთემ ზრდა. ამის შემდგომ მოვიდა წმიდა ქალაქ იერუსალიმში სიწმიდეთა მოსალოცად, შემდეგ ჩავიდა იორდანეზე და იმყოფებოდა მკვდარი ზღვის უდაბნოებში და ცხოვრობდა მძოვართა მსგავსად.

აი ამ წმიდა გერასიმემ განანათლა იორდანის უდაბნონი და მთელ ქვეყანაზე განცხადდა მისი სახელი: იგი სათნოებებს ჰმატებდა ახალ სათნოებებს, ესწრაფოდა გულის სიწმიდესა და ღვთის სიყვარულის შეძენას. განისწავლა ღვთაებრივი სიბრძნით, გაულისსიტყვები განიწნიდა და შეიმოსა ღვთის ძალით. ამის შემდგომ მან დააარსა დიდი ლავრა, სადაც ბევრმა იწყო მოღვაწეობა სულის ცხონებისათვის. წმიდა მამის განგებით ახალი მონაზვნები მონასტერში იმყოფებოდნენ და სწავლობდნენ სამონასტრო ცხოვრებას, ხოლო ისინი, რომელთაც სულიერ ცხოვრებაში უკვე მიეღწიათ წარმატებისათვის, განმხოლოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი მამა გერასიმემ გამოქვაბულებში განაწესა და წესად დაუდგინა, რომ თითოეულს თავის სენაკში უნდა გაეტარებინა მთელი შვიდეულის ხუთი დღე, არაფერი არ უნდა მიეღოთ გარდა პურის, ველური ხილისა და სასმელი წყლისა, ხოლო შაბათს უნდა შეკრებილიყვნენ წმ. ეკლესიაში და ზიარებოდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ. მონასტერში მიიღებდნენ საზრდელს, წვენს, მცირეოდენ ღვინოს ღვთის სადიდებლად, ღამე კი კვირის ცისკრამდე ლოცვასა და ფსალმუნებაში უნდა გაეტარებინათ ფხიზლად.

სანთელს არავინ ანთებდა თავის სენაკში, ერიდებოდნენ წყლის გათბობასაც, ან წვნიანის შემზადებას. სახმარი არაფერი ჰქონდათ, იყვნენ მდაბალნი და მორიდებულნი ყოველ საქმეში, რითაც სძლევდნენ ხორციელ ვნებებს და დათრგუნვიდნენ ნაყროვანებას. არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი ვნებებიც, როგორიცაა შფოთი, გულისწყრომა და გაცხარება, - უცხო იყო მათთვის. ყოველ ჟამს განწმენდდნენ თავიანთ გულისსიტყვებსა და ცოდნას, რომელიც კი საღმრთო ცოდნას ეწინააღმდეგებოდა. სულით იყვნენ ანგელოზებთან და ცდილობდნენ, რომ ამქვეყნიური ცხოვრებიდან ბევრი მიეზიდათ ზეციური მსახურებისაკენ.

მამები ხელსაქმესაც ასრულებდნენ: ისინი წმ. მამის მითითებით თავიანთ სენაკებში ჭილობებსა და გოდრებს წნავდნენ. ყოველი კვირის ბოლოს ღებულობდნენ პურს, ფინიკსა და წყალს კოკით და მიჰქონდათ თავიანთ სენაკებში ხორცის სანუგეშოდ. სხვა ქვეყნიური ნუგეში უცხო იყო მათთვის, სხვაფრივ ამ ქვეყნისათვის იყვნენ მომკვდარნი, ცოცხლობდნენ მხოლოდ ღვთისათვის.

სენაკებში არავის ჰქონდა რაიმე ქვეყნიური სახმარი, გარდა აუცილებელისა: ერთი კვართი, მოსასხალი და კუნკული. სარეცლად თითოეულს ჰქონდა ჭილობი, ხოლო სასთუმლად თიხის ძველი ჭურჭელი, რომელშიც ჭამდნენ კიდეც და ბალახსაც ალბობდნენ. წმიდა მამის დადგინებით სენაკების კარები ღია იყო ყოველთვის. თუ ვინმეს სენაკიდან რაიმეს წაღება უნდოდა, არავინ აყენებდა. ცხოვრობდნენ ერთგულებითა და ერთსულოვნებით. არავის მიაჩნდა რაიმე სახმარი მარტო თავისად, არამედ ყველაფერი საზიარო ჰქონდათ.

ერთ დღეს წმიდა მამასთან მოვიდნენ ზოგიერთი ძმები და სთხოვეს კურთხევა, რათა თავიანთ სენაკებში ესარგებლათ თბილი წყლით, მიეღოთ წვნიანი, აენთოთ სანთელი და ღამით ეკითხათ წიგნი. ბერმა მიუგო მათ: თუ გნებავთ თბილი წყალი, წვნიანი და სანთელზე კითხვა ღამით, მაშინ ჯობია რათა იყოთ ზოგად-ცხოვრებულთა მონასტერში, მე ვერ გაიძულებთ იცხოვროთ ჩემი ცხოვრებით. როცა იერიქოში მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ მამა გერასიმეს მონაზონნი ასეთ დიდი მოღვაწეობაში იყვნენ, დაიწყეს შაბათ-კვირას საჭმლის მიტანა მათთვის. ბერებმა ნახეს რა ერისკაცთა სიარული მონასტერში, შეწუხდნენ და მათგან მორიდებას შეეცადნენ, რადგან მონაზონისათვის არ არსებობს უმეტესი სათნოება, ვიდრე მუცლის მარხვა. სწორედ მისგან მოდის სიწმიდე და ითრგუნება საძაგელი გულისთქმანი და ქვეყნიური საქმენი. მოღვაწენი თავშეკავებას სწავლობდნენ წმიდა მამისაგან და ამბობდნენ, რომ მან სძლია გემოთმოყვარებას და სათნოებათა სისრულეს მიაღწია. იგი კვირიდან კვირობამდე მარხულობდა იორდანის უდაბნოში, დიდ მარხვაში ორმოცი დღეც კი დაუყვია უჭმელად, კვირა დღეს ეზიარებოდა და მით განძლიერდებოდა.

ამბა კვირიაკოს მძოვარმა თქვა მასზე: როცა ჭაბუკი ვიყავი და მინდოდა მონაზვნობა უდაბნოში, მივედი წმ. ექვთიმე დიდის ლავრაში და მისი წმიდა ხელით შევიმოსე მონაზვნური სქემით და მიმავლინა მამა გერასიმესთან, რომელმაც არ ისურვა, რომ ლავრაში ყოფილიყო ყრმა, ამიტომ მიმიღო ზოგად-ცხოვრებულთა მონასტერში და მიბრძანა რათა მამებს მოვმსახურებოდი. მამათა მსახურებაში გავატარე ხუთი წელი. მეხუთე წლის დასასულს, იანვრის ცხრამეტს, მეხუთე ჟამზე, როცა შაბათი თენდებოდა, მღვიძარედ ვიჯექი და მამებისათვის მხალს ვარჩევდი; ჩემთან მოვიდა მამა გერასიმე და მითხრა: კვირიაკოს, ადექი მალე, ჩაიცვი შენი სამოსი და სანდალნი, და მე გამომყევი. მე მაშინვე მას გავყევი, როცა იერიქოს მივადექით, ბერს ვკითხე: მამაო პატიოსანო, რა არის ჩვენი ასეთი აჩქარების მიზეზი? მითხრა: წმიდა ექვთიმემ შეისვენა. დიდად გამიკვირდა და ვუთხარი: როგორ შეიტყვე ეს? ბერმა მომიგო: - ღამით, მესამე ჟამზე, როცა ლოც?ლი, საიდანაც გადმოვიდა ელვისებური ნათელი, როგორც ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ცამდე ანათებდა. როცა ვერ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ეს ხილვა, ვთხოვე უფალს, რომ გამოეცხადებინა ჩემთვის. და მომესმა ზეციური ხმა: ეს არის ზეცად აღმავალი სული წმ. ექვთიმესი. და ამ ნათლის სვეტმა იწყო ასვლა დედამიწიდან ზეცას მრავალთა გალობის თანხლებით. ამით შევიტყვე, რომ შეისვენა დიდმა ექვთიმემ - მართლაც, მივედით და თაყუანი ვეცით წმიდანის გვამს, დავმარხეთ და უკან დავბრუნდით და ღმერთს ვადიდებდით.

წმ. გერასიმეს ჰქონია წმ. ანტონი დიდის მსგავსი მადლი, რომელმაც იხილა წმ. ამონის სული ზეცას აღმავალი. ასევე წმ. გერასიმემ სულიერი თვალით ნახა წმ. ექვთიმეს სული ზეცისაკენ ამაღლებული. ჭეშმარიტად სული წმიდის სადგურსა და ღვთის სიტყვის ტაძარს წარმოადგენდა იგი. უფალი უცხადებდა მას შორეულსა და ახლობელს, ღვთის ძალით მწყსიდა იგი თავის ძმებს და თესდა მათში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რითაც განსწავლა და განანათლა ისინი. ამან იგი გახადა ღვთის რჩეული და ასევე მშვიდობით შეავედრა უფალს თავისი სული და განისვენა.

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

უდაბნოში მოღვაწე მამებს ჰყავდათ ერთი ვირი, რომლითაც იორდანიდან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა იორდანეს დაშორებული იყო ერთი მილით. მამები ჩააბარებდნენ ხოლმე ლომს ვირს, რათა ებალახებინა მდინარის პირას. ერთ დღეს როცა ვირი ძოვდა ჩვეულებრივ, ლომი ცოტა ხანს განეშორა მას. ამ დროს ვიღაც მეაქლემე მოდიოდა გზაზე, ნახა ვირი და გაიყოლა თან. ლომი, რომელმაც ვეღარ იპოვა ვირი, დამწუხრებული დაბრუნდა ბერთან, რომელმაც იფიქრა, რომ სახედარი თვითონ ლომმა შეჭამა. ბერის წინ მდგარ ლომს დამნაშავესავით თავი მოეხარა ხმას არ იღებდა. ბერმა წყრომით ჰკითხა: სად არის ვირი? როცა ლომი დუმდა, ბერმა უთხრა: იმისთვის რომ შეჭამე იგი, ღვთის სახელით გეუბნები ვირის მაგივრად მოემსახურები მამებს და ყველაფერს გააკეთებ, რასაც სახედარი აკეთებდა. იმ დღიდან გადაჰკიდებდნენ ხოლმე ლომს ხურჯინს, რომელშიც ოთხი კოკა თავსდებოდა და ასე ეზიდებოდა ლომი ბერებისათვის წყალს.

ერთ დღეს ვიღაც კაცი მოვიდა ბერთან და როცა ნახა თუ როგორ მორჩილად ეზიდებოდა ლომი წყალს, გაკვირვებამ მოიცვა. მამებმა მოუთხრეს მისი ამბავი. კაცს შეებრალა ლომი და ვირის საფასურად ბერს მისცა სამი დრაჰკანი და პირუტყვი მძიმე საქმისაგან გაათავისუფლებინა. რამოდენიმე ხნის შემდგომ მეაქლემე, რომელმაც ადრე წაიყვანა ვირი, ქარავანით მიდიოდა იერუსალიმს და თან ჰყავდა ის ვირიც. როცა იორდანეს გამოსცდა, წააწყდა ლომს, რომლის შიშითაც მიატოვა აქლემები და სახედარი და გაიქცა. ლომმა იცნო ვირი, მის საბელს ჩაავლო კბილები, როგორც ეს წესად ჰქონდა უწინ, როცა აბალახებდა მას, და აქლემებთან ერთად გაუძღვა მონასტერში. ლომი ვირის პოვნით დიდად იყო გახარებული. როცა ბერმა შეიტყო ამის შესახებ, მიხვდა რომ ლომი მართალი იყო და უსამართლოდ იყო დასჯილი. წმიდა მამამ ლომს სახელად დაარქვა იორდანე. ამის შემდეგ ლომმა ხუთი წელი დაჰყო ბერთან განუშორებლად.

გავიდა დრო და ბერი გარდაიცვალა, მამებმა პატივით დამარხეს იგი. ღვთის განგებით ლომი მაშინ არ იყო იქ. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა ლომი და იწყო ბერის ძებნა. ბერის მოწაფემ ამბა სამბატიოსმა სევდიანად უთხრა ლომს: იორდანე, დაგვტოვა ჩვენ ბერმა ობლად და წავიდა უფალთან, მოდი და მე გაჭმევ. ლომმა არ ისურვა საჭმლის მიღება, არამედ აქეთ-იქით იხედებოდა, რათა ახლობელი ბერისათვის თვალი მოეკრა. როცა ვერსად ნახა, იწყო დიდი ხმით ღმუილი. მამა სამბატიოსი და ბერის სხვა მოწაფენი ზურგს ფხანდნენ ლომს სიტყვებით: წავიდა ჩვენი მამა უფალთან და დაგვტოვა ჩვენ. სხვა დასამშვიდებელ სიტყვებსაც ეუბნებოდნენ მამები ლომს, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მისი ღმუილი და სახის გამომეტყველება დიდ შინაგან მწუხარებას მიანიშნებდა. მაშინ მამა სამბატიოსმა უთხრა მას: რადგან არ გჯერა ჩვენი ნათქვამის, წამოდი და გიჩვენებ იმ ადგილს, სადაც დავმარხეთ ჩვენი მამა. და წაიყვანა ლომი ბერის საფლავთან, სადაც მან მუხლი მოიყარა და ტირილით უთხრა ლომს: აი, აქ მარხია ჩვენი მამა. ლომი აღარ მოშორებია საფლავს, იწყო საფლავზე თავის რტყმა და ასე საფლავს დააკვდა. მამებმა ლომი გერსიმეს საფლავთან სიახლოვეში დაკრძალეს.

ეს საკვირველი ამბავი უფალმა დაუშვა იმისათვის, რომ ყველას წინაშე ედიდებინა მისი ჭეშმარიტი მადიდებელი წმიდა გერასიმე პალესტინელი არა მარტო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც კი. ამით უფალმა გაგვახსენა ისიც, თუ როგორ ემორჩილებოდნენ ადამს მხეცები, ვიდრე იგი უყო უცოდველი და ცხოვრობდა სამოთხეში.

წმიდა მამა გერასიმემ შეისვენა მარტის თვის ოთხში. ღმერთმა არ მოგვაკლოს მისი ლოცვა-კურთხევა და შეწევნა ზეციური.

უფალსა ჩვენსა იესუ ქრსიტეს დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდა მამა გერასიმეს ცხოვრება აღწერა

წმ. საბა განწმედილის ლავრის ხუცესმა კირილე ბესალიელმა.

ცხოვრება წმ. გერასიმესი, წილკნის ეპარქიის გამოცემა, თბილისი, 1995 წ.

მოწამეთა პავლესი და იულიანასი (დაახ. 273)

მოწამეთა პავლესი და იულიანასი (დაახ. 273)

წმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.

უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“ (ფს. 43,8).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა იაკობ მმარხველისა (VI)

ღირსისა იაკობ მმარხველისა (VI)

ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა, ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს, მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა იაკობს. იაკობი არ დარჩა, მაგრამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეივრდომა ლოცვებით განძლიერებული ბერი და კვლავ მიჰმადლა სასაწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქვე დაიმარხა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303)

კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303)

წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმიდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).

1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.

1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არც მისი მიწები მიუტაცნია. მას ერთხელაც არ აუღია ხელთ მახვილი თავისი სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისთვის უფალმა დააჯილდოვა ღირსი დანიელი: ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო მას გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი დააწინაურა სხვა სამთავროთა შორის, სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება.

1303 წელს წმიდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა დაესაფლავებინათ დანილოვის მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.

დიდი მთავრის იოანე III-ის (1462-1505) დროს ღირსმა დანიელმა თავი შეახსენა გულმავიწყ შთამომავლობას. ის ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი ვარ. ჩემი სახელია დანიელი, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით აქა ვარ დაფლული. უთხარი დიდ მთავარ იოანეს: დამივიწყე, მაგრამ არ მივიწყებს უფალი!“ ამის შემდეგ მთავარმა იოანემ, ეკლესიებში წინაპართა სულის საოხად, პანაშვიდების გადახდა დააწესა. იოანე მრისხანეს მეფობის დროს ღირსი დანიელის საფლავთან განიკურნა კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავი ვაჟი. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ბრძანა ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა. 1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმიდა ნაწილების აღმოყვანება.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.