ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო…
კონდაკი
ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იმყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.
ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750)
ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750)
ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან (ხს. 27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორის აღსასრულამდე. ღირსი ბასილი მშვიდობით მიიცვალა 750 წელს.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457)
მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457)
მღვდელმოწამე პროტერიოსი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული ექვსი მოწამე.
ევტიქის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს (444-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერიოსი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერიოსი აღასაყდრეს.
მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღსდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერიოსს სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.
მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. წმიდა პროტერიოსმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: „დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე – დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.
მართლმადიდებლებმა მომხდარის შესახებ წმიდა იმპერატორს ლეონს (457-474) და კონსტანტინეპოლელ პატრიარქს ანატოლის (449-458) აუწყეს. ალექსანდრიაში დიდი მხედრობა ჩავიდა და ჩააცხრო შფოთი. ტიმოთე სამსჯავროს გადასცეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
მღვდელმოწამის აღსრულების შემდეგ მისი თანამედროვე ოთხი თრაკიელი ეპისკოპოსი წერდა: „უწმიდესი პროტერიოსი წმიდათა დასში გვეგულება და შევთხოვთ უფალს, წყალობა გარდამოგვივლინოს მისი ლოცვების მეოხებით“.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა ნესტორისა, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250)
მღვდელმოწამისა ნესტორისა, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250)
მღვდელმოწამე ნესტორი, მაგიდიელი ეპისკოპოსი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას ეწამა, 250 წელს. უფალმა მსხვერპლშესაწირად განმზადებული კრავის გამოცხადებით წინასწარ აუწყა ნეტარ მამას თავისი მომავალი. წმიდა ნესტორი საკუთარ სახლში შეიპყრეს ლოცვის დროს, შემდეგ კი ქალაქ მაგიდისის მმართველმა პერგიაში გაგზავნა იგი სამსჯავროზე. აქ მღვდელმოწამე სასტიკი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (დაახ. 450)
ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (დაახ. 450)
ღირსნი მარინე და კირა, ღვიძლი დები, IV საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში (მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმიდა ადგილებს არ მიეხალნენ, მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაურობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირ. იოანე კასიანე რომაელისა (435);*
ღირ. იოანე კასიანე რომაელისა (435);*
ღირსი იოანე კასიანე რომაელი წარჩინებულ და დიდებულ რომაელთა შვილი იყო. სიყმაწვილიდანვე სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამორჩეული ჭაბუკი ჯერ ასტრონომიასა და ფილოსოფიაში განისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მწერლობას ჩაუღრმავდა.
დაახლოებით 388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ იგი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა აქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 397 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინეპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.
ღირს იოანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მარსელში მან დაარსა მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანე, რომელმაც აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. თავის ნაწერებში ღირსი კასიანე მოსაგრე მამების სულიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი წერდა: „მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით“.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირ. იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპ. (V);*
ღირ. იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპ. (V);*
ღირსი იოანე დამასკელი, ბარსანოფად წოდებული დაიბადა პალესტინაში. იგი 18 წლის იყო, როცა მოინათლა, მცირე ხნის შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა. ასკეტ ბერს დამასკოს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მაგრამ განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ფარულად დატოვა ეპარქია და ალექსანდრიას მიაშურა ბარსანოფის სახელით. იოანე ნიტრიის უდაბნოს სავანეში დამკვიდრდა: დღისით მორჩილად ემსახურებოდა ბერებს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. მალე წმიდა თეოდორე ნიტრიელმა მდაბალ ბერში დამასკელი ეპისკოპოსი შეიცნო, რის შემდეგაც წმიდა მამა აქაურობასაც განერიდა, ეგვიპტეში წავიდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (V).
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწ. თეოქტირისტესი (VIII).*
მოწ. თეოქტირისტესი (VIII).*
წმიდა მოწამე თეოქტირისტე, პელიკითის იღუმენი, წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ეწამა უსჯულო იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს. ნეტარ მარტვილს ადუღებილი ფისი გადაასხეს. მასთან ერთად ეწამნენ წმიდა სტეფანე ახალი (ხს. 28 ივნისს) და სხვა კეთილმსახური ბერები.
წმიდა თეოქტირისტე ცნობილია, როგორც სასულიერო მწერალი.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.