ნათელ ცისკროვნად მტიებად მოგიგო დღეს ეკლესიამ, განაქარვენ…
კონდაკი
ნათელ ცისკროვნად მტიებად მოგიგო დღეს ეკლესიამ, განაქარვენ რა ყოველნი ბოროტმადიდებელთა ზრახვანი, ვინაცა გევედრებითა ხსენებისა შენისა აღმასრულებელნი: დაგვიფარენ ზეცისა მესაიდუმლეო დიდებულო პროკოფი.
ღირსისა პროკოფი აღმსარებელისა, დეკაპოლელისა (დაახ. 750)
ღირსისა პროკოფი აღმსარებელისა, დეკაპოლელისა (დაახ. 750)
ღირსი პროკოპი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის (მკ.7,31) ოლქში მოღვაწეობდა. წმიდა პროკოპი თავის თანამოსაგრესთან, წმიდა ბასილისთან (ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით, იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაანთავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით გალია; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს.
წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა თალალე სირიელისა (დაახ. 460)
ღირსისა თალალე სირიელისა (დაახ. 460)
ღირსი თალალე V საუკუნეში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი კილიკიიდან (მცირე აზია) იყო, ბერად იგი საბა განწმენდილის ლავრაში აღეკვეცა და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დაემკვიდრა კარავში. აქაურობას ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან შიგ დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. აი, ამგვარ ადგილას დაეყუდა ღირსი თალალე და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა თუ ამაზრზენი ჩვენებებით დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა, საბოლოოდ დათრგუნა და და თავიდან მოიშორა აბეზარი მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი აიშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და აქ იცხოვრა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.
უფალმა წმიდანს საკვირველთქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო, მის ადგილზე ტაძარი ააშენა და შიგ ყოველდღიური მსახურება განაწესა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახლოებით 460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში. იოანე მოსხის (+622) „ლიმონარში“ ღირს მამაზე ნათქვამია, 60 წელი იყო მონაზონი თალალე კილიკიელი და არასოდეს შეუწყვეტია ცრემლთა ღვრა, ამბობდა: ეს დრო ღმერთმა სინანულისათვის მოგვცა, ძმებო, და თუ მას დავკარგავთ, მკაცრად დავისჯებით.
წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.