გულანი
საცდელი · 1.11.1
11 თებერვალი 1 / 5საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ…

11 თებერვალი

თვენი

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 316) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 7 წთ

საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ…

კონდაკი

საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ, დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ და შენდამი მღაღადებელთა გვფარევდ ჩვუენ მარადის. სხვა

ორძილო საღმრთო, ყუავილო დაუჭკნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო…

კონდაკი

ორძილო საღმრთო, ყუავილო დაუჭკნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო, მრავალ ვნებულო ღმერთშემოსილო ვლასო, სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი სიხარულით აღგვავსენ და ავედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირ. ნინოსი, სამთავროს მონასტრის განმაახლებელისა (ამილახვარი, 1839)

ღირ. ნინოსი, სამთავროს მონასტრის განმაახლებელისა (ამილახვარი, 1839)

ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს სოფელ ჭალაში. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 ინვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს მის სახელზევე.

სამთავროს განახლების შესახებ ვკითხულობთ მცხეთის არქიმანდრიტ საბას, კანდელაკ იესე ბარისოვისა და შიომღვიმის ბერმონაზონ ათანასეს პატაკებს სამთავროში მოსულ დედათათვის შავი ანაფორის შთაცმის თაობაზე და ლოცვას ანაფორის შთაცმის შესახებ. ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მმართველობა დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება 1835 წლისათვის უკვე სამთავროშივე უფიქრიათ და თბილისის მთაწმინდის ფერისცვალების ეკლესიის მონაზვნებისთვის სამთავროში გადასვლა შეუთავაზებიათ. იმ დროს მთაწმინდაზე ოთხი დედა სახლობდა. Uუფროსი მონაზონი სალომე, თეკლე, ელისაბედი და ანასტაცია კობიევი. ოთხივე დედას უარი განუცხადებია და მთაწმინდაზე დარჩენილან (თუმცა Aანასტასია აზნაურ სვიმონ კობიაშვილის ასულს შემდეგ უკვე სამთავროში ვხვდებით).

1835 წელს გარდაიცვალა ორი მონაზონი, მარიამ გუდაბერიძე და თეკლე ბერიძე, ხოლო თეკლე ბიძინაშვილი წილკანს წასულა. მონაზვნებს თავიანთ წინამძღვრად კვლავ ნინო ამილახვარი აურჩევიათ, ხაზინადარად-მარიამ ეგაძე, "ბალაგოჩინად" - დარია ფაღავა, რომელიც მონასტერში 1831 წელს მოსულა. შვიდ დარჩენილ დედას 1835 წლისთვის თხუთმეტნი დამატებიან და ამგვარად სულ ოცდაორი გამხდარან (მათ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს".

ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.

ჟურნალი "კარიბჭე"

მღვდელმოწამისა ვლასისა, სებასტიელ ეპისკოპოსისა (316)

მღვდელმოწამისა ვლასისა, სებასტიელ ეპისკოპოსისა (316)

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მაცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს.

ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და კრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მოდიოდნენ წმიდანთან და მორჩილად ელოდნენ, როდის დაამთავრებდა ლოცვას, რომ მისგან კურთხევა მიეღოთ. დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ერთხელ, წმიდა მამის თავშესაფარს გადააწყდნენ უღმერთო მმართველის, აგრიკოლას მსახურები. აგრიკოლამ ბრძანა, შეეპყროთ გახიზნულები, მაგრამ მის გამოგზავნილებს მთაში მხოლოდ სებასტიელი ეპისკოპოსი დაუხვდათ. წმიდა მამამ ადიდა უფალი და თან გაჰყვა მეომრებს.

გზად ვლასი სნეულებს კურნავდა და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა. ერთგან გლახაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება -გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა: „არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება. “ და მართლაც, ყველას გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა თავისი ნადავლი.

აგრიკოლა პირფერობითა და ლიქნით შეხვდა წმიდა მამას და მას ღმერთების მეგობარი უწოდა. წმიდანმა მისალმებაზე მისალმებითვე უპასუხა, მაგრამ წარმართულ ღვთაებებს ეშმაკები უწოდა, ამისათვის იგი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

მეორე დღეს კვლავ აწამებს ნეტარი მარტვილი. როცა ნაწამები მღვდელმთავარი საპყრობილისკენ მიჰყავდათ, შვიდი დედა უკან მიჰყვებოდა მას და სისხლის წვეთებს აგროვებდა. მტარვალებმა შეიპყრეს და საშინლად აწამეს ისინი, მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა დედებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები. უფლის ნებით, ხილული სასწაულიც აღესრულა: მათი სხეულები თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი რძემ იფეთქა. ბოლოს, წმიდა მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

წმიდა ვლასი ისევ აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა კი ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმიდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილები ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დასავლეთში იქნა გადატანილი და დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაფანტული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მართლისა თეოდორა დედოფლისა, ხატთაყვანისცემის აღმდგენელისა (867)

მართლისა თეოდორა დედოფლისა, ხატთაყვანისცემის აღმდგენელისა (867)

მართალი დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.

როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.