გულანი
საცდელი · 1.11.1
24 იანვარი 1 / 6ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები…

24 იანვარი

თვენი

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები…

ტროპარი

ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღმრთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ღირსისა ქსენიასი (V)

ღირსისა ქსენიასი (V)

ღირსი ქსენია (ერობაში - ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპიოსისა (III)

მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპიოსისა (III)

წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა მაკედონისა, სირიელი მეუდაბნოისა (დაახ. 420)

ღირსისა მაკედონისა, სირიელი მეუდაბნოისა (დაახ. 420)

ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ - ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა.

უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (VII)

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (VII)

ანასტასი სპარსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია ძველი სტილით 24 იანვარს აღნიშნავს. როგორც იცით, მეფე ხოსროს ბრძანებით, წმინდა ანასტასი ჩამოახრჩვეს (+628). მეფეს კი მისი მოჭრილი თავი მიუტანეს. წმინდანის სხეული მისი სავანის ბერმა დიდძალ ფასად გამოისყიდა და დროებით წმინდა სერგის მონასტერში დაკრძალა. უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმინდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს.

ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX)

ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX)

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.