გულანი
საცდელი · 1.11.1
21 იანვარი 1 / 8სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი…

21 იანვარი

თვენი

ღირსი მაქსიმე აღმსარებლის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 18 წთ

სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი…

კონდაკი

სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662)

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662)

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952)

წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952)

კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები თავდაპირველად სოფელ მტერჩვეულში ცხოვრობდნენ.

მისი მშობლები იყვნენ: მამა — მღვდელი მიხეილი და დედა — ეკატერინე გოგორიშვილი. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე. 1878-82 წლებში ის წირავდა სოფელ გომმუხაყრუას ტაძარში. კალისტრატეს ძმა ამფილოქე იყო მედავითნე კორმაღალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში.

წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრონამ შეასწავლა, ხოლო „ჟამნის“ შესწავლაში მამის შეგირდი დიაკვნები დაეხმარნენ. 1875 წელს ოჯახმა იგი ქუთაისის საულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. ამავე წელს 1882 წლის 8 თებერვალს მამა გარდაეცვალა 47 წლის ასაკში.

1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი იყო. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა: „ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.“ ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძროლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს. სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა.

1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.

კიევში გაიცნო მომავალი მეუღლე ოტილია ტომასი. ყმაწვილ კალისტრატეს პირველად მეგობართან ერთად სეირნობისას უნახავს მეუღლე, მეორედ კი საკუთარი პროფესორის ოჯახში სტუმრობისას, სადაც ოტილია პროფესორის შვილების აღმზრდელად მუშაობდა. ოტილიას მამა, ფერმერი, იოჰან ტომასი ძალიან მკაცრი კაცი ყოფილა. ყველა შვილს მისცა განათლება და სრულწლოვანები რომ გახდნენ, შინიდან გაუშვა, — თქვენი გზა თქვენვე მონახეთო. ასე მოხვდა ოტილია კიევში.

კალისტრატემ სამშობლოში ჩამოიყვანა ლუთერანი მეუღლე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. გაუჩნდათ ექვსი შვილი: ნინო, ეკატერინე, ანგელინა, მიხეილი, მარინე და მელანია. სამი შვილი ახალგაზრდა მოუკვდათ. შთამომავლები მხოლოდ სამი შვილისგან დარჩათ. უფროსი ქალიშვილი — ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი (დ. 1895 — გ. 1937) შემდგომში ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის მდივნად მუშაობდა და სტალინისტური რეპრესიების დროს დახვრიტეს.

1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ, თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთში, 1909 წლიდან დეკანოზია. 1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. 1924 წლის მარტში სასამართლო პროცესზე ის დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს პატიმრობა 3 წლით და ცხრა თვით, ასევე ქონების კონფისკაცია.

1925 წლის მარტში გათავისუფლდა ამნისტიით. 1925 წლის 1 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსიმ საქართველოს ეკლსიის მღვდელმთავართა თანამწირველობით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზი კალისტრატე აკურთხა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში, იმავე დღეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიანიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს – დავითსა და ქრისტეფორეს. მათ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიიღეს გადაწყვეტილება უწმიდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში წინამძღვრად. კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე. 1927 წელს გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

მეორე მსოფლიო ომის დროს კალისტრატეთი დაინტერესდა გესტაპო და ცდილობდა მის გადაბირებას, რადგან კალისტრატეს გერმანელი მეუღლე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, კალისტრატე სსრკ-ის რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შორის პირველი იყო, რომელიც ანტიფაშისტურ კოალიციას შეუერთდა.

1948 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმინდესი კირიონ II-ის, ლეონიდეს, ამბროსისა და ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.

კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 1894 წელს ჟურნალ „პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატეს სტატია „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. 1906 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“ რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა. მას ეკუთვნის „შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან“, „ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი“, „ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია“, „ივერიის საეკლესიო წესი“. „ქართული ოდიკისათვის“. მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930–1952 წლებში. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) წარდგინებისა და მოხსენების საფუძველზე, წმიდანად შეირაცხა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და მისი ხსენების დღედ ძველი სტილით 21 იანვარი - ახალი სტილით 3 თებერვალი დადგინდა.

მოწამისა ნეოფიტესი (303-305)

მოწამისა ნეოფიტესი (303-305)

წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. სიკეთის თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გამოიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ – ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა – მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.

დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა, უკვე არ იცოდნენ, რა მოემოქმედნათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III)

მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III)

წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ქალწულმოწამისა აგნიასი (დაახ. 304)

ქალწულმოწამისა აგნიასი (დაახ. 304)

წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა – უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრული ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!” ამ სასწაულის მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მოწამეობრივად აღესრულა წარმართთა ხელით.

წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს – კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). წმიდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ანასტასისა (662)

მოწამისა ანასტასისა (662)

წმიდა მოწამე ანასტასი ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან განიცდიდა დევნას მონოთელიტთა მხრიდან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება სწორედ წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა; გარდაიცვალა 662 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556)

ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556)

ღირსი მაქსიმე ბერძენი (XV-XVI), მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ (1505-15330) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართა თხოვნით, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა. პატრიარქმა ასეთად ბერი მაქსიმე ჩათვალა. მოსკოვში ჩასულ წმიდანს დაევალა, სლავურად ეთარგმნა ფსალმუნებისა და საქმე მოციქულთას განმარტება, აგრეთვე რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი.

ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია, თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა.

მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს ნაშრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; თარგმნა მათეს და იოანეს სახარებების იოანე ოქროპირისეული განმარტებანი, შექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულებაც.

როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ.”

ექვსი წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაანთავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარული ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდა მამამ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა.

ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია ტროიცკო-სერგიევის ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.