გულანი
საცდელი · 1.37.0
ლიტია და პურთკურთხევა 1 / 27აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…

ლიტია და პურთკურთხევა

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 8 წთ

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…

თუ პურის კურთხევაა მღვდელმთავარი საკურთხეველში შეიმოსავს ოლარს, სამაჯურებს, მანტიას, მცირე ომოფორს და ბარტყულას, სტიქაროსნები დიკირ-ტრიკირით და რიპიდებით გადიან და ამბიონთან. გაიღება აღსავლის კარი გამოვლენ ჯერ დიაკონები, შემდეგ მღვდლები და ბოლოს მღვდელმთავარი და მიდიან ყველანი სტოაში. მღვდელმთავრიდან მარჯვნივ მღვდლების შემდეგ დგას პირველი დიაკონი მის გვერდით III დიაკონი. პირველი დიაკონის მოპირდაპირედ დგას II დიაკონი. დიკირ-ტრიკირი და რიპიდები დგანან მღვდელმთავართან. (ტრიკირი მღვდელმთავრიდან მარჯვნივ დიკირი-მარცხნივ.) დიაკვნები მღვდელმთავარს დაუხრინ თავს შემდეგ ერთმანეთს. პირველი დიაკონი:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარ-მეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღვდელთ-მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა, ( და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს ), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრება, და შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ 40 გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ 40 გზის.

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

II დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ 30 გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ 30 გზის.

მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

III დიაკონი:

მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენსა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს და, ყოვლისა სულისა ქრისტიანისა, ჭირვეულისა და დაწუნებულისა, მვედრებელისა წყალობისათჳს ღვთისა და შეწევნისათჳს, დაცვისათჳს წმიდისა ამის ტაძრისათა(მონასტრისა), მშჳდობისა და დაცვისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღვთისა ეკლესიათა, და ცხოვრებისა და შეწევნისათჳს, რომელნი მას შინა შიშითა ღვთისათა შვრებიან და მსახურებენ, მამანი და ძმანი ჩუენნი, და რომელნი ვერ მოვიხსენეთ, ანუ რომელნი განშორებულ არიან ჩუენგან, განკურნებისათჳს სნეულთასა, განსუენებისათჳს და მიტევებისა ცოდვათასა სანატრელთა და მარადის მოხსენებულთა ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა, აქა მდებარეთა და ყოველთაგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა, განთავისუფლებისათჳს ტყვეთასა და მშჳდობისათჳს მსახურთა და მსახურებულთა ძმათა ჩუენთათჳს, რომელნი აწ მსახურებენ და უმსახურებიან წმიდისა ამის ტაძრისათჳსა(მონასტრისა) ვსქუათ.

უფალო შეგჳწყალენ 50 გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ 50 გზის.

მერმეცა ვევედრნეთ რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან…

II დიაკონი:

მერმეცა ვევედრნეთ რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე ჩუენი და წმიდა ესე ტაძარი (მონასტერი) და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რათა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუა, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა ვევედრნეთ, რათა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ჴმაჲ…

აღმოსავლეთისაკენ შებრუნდებიან დიაკვნები. პირველი დიაკონი:

მერმეცა ვევედრნეთ, რათა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ჩუენ ცოდვილთასა და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

მღვდელმთავარი:

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ და მოწყალე ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მშჳდობა ყოველთა

დიაკვნები შებრუნდებიან დასავლეთისაკენ. მღვდელმთავარი:

მშჳდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონი:

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო…

მღვდელმთავარი:

მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარ-მეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა და წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინო ქართველთგანმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღვდელთ-მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინესითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა: იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, გრიგოლ ხანძთელისა, იოანე, ექვთიმე, გიორგი და გაბრიელ ათონელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისაჲთა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა, ( და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს ), და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითვალულ ჰყავ ვედრება ჩუენი, მოგვანიჭე ჩუენ შენდობა შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

ერთად ვსთქვათ (და ნელი ტემპით ხალხთან ერთად…

ასამაღლებლის შემდეგ სასულიერონი გადმოდიან შუა ტაძარში, ეპისკოპოსი დგება მაღალდასაჯდომელთან. წმიდაო ღმერთოს შემდეგ: პირველი დიაკონი ამბიონზე:

ერთად ვსთქვათ (და ნელი ტემპით ხალხთან ერთად იტყვის მამაო ჩუენოს, პირით მრევლისკენ).

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღვდელი:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ... (გ გზის) ან…

დიაკონი ასამაღლებლის დროს უბრუნდება თავის ადგილს. II დიაკონი მამაო ჩვენოს ასამაღლებელზე სასაკმევლეს აკურთხებინებს მღვდელმთავარს და ტროპრების დროს აკმევს გამზადებულ პურს ოთხივე მხრიდან სამ-გზის. გუნდი:

ამინ. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ... (გ გზის) ან ტროპარი დღესასწაულისა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მესამეჯერ კმევის შემდეგ აკმევს ანალოღიის ხატს და მღვდელმთავარს და უკმევს 9-გზის. პირველი დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხენ…

მღვდელმთავარი:

უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი და ხუთ ათასნი განაძღენ, ეგრეთვე აკურთხენ პურნიცა ესე, ხვარბალი, ღვინო და ზეთი, და განამრავლენ ესენი წმიდასა ამას ტაძარსა, და ქალაქსა ამას შინა, და ყოველსა ქვეყანასა და ერსა შენსა ზედა და რომელთა მიიღონ ამათგან სარწმუნოებით, მიეც მათ განწმედა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმენდ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. იყავნ სახელი შენი კურთხეულ ამიერითგან და…

გუნდი:

ამინ. იყავნ სახელი შენი კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე...

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და…

მღვდელმთავარი ამბიონზე ოცდამეცამეტე ფსალმუნის შემდეგ დასახავს დიკირ-ტრიკირით ჯვარს. მღვდელმთავარი:

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. დიდება მაღალთა შინა... გ გზის. უფალო…

თუ აღდგომის პერიოდია ქრისტე აღსდგა სამ-გზის. გუნდი:

ამინ. დიდება მაღალთა შინა... გ გზის. უფალო ბაგენი ჩემნი... ბ გზის.

მღვდელმთავარი და სამღვდელოება შემობრძანდებიან აღსავლის კარით საკურთხეველში…

მღვდელმთავარი და სამღვდელოება შემობრძანდებიან აღსავლის კარით საკურთხეველში და დადგები ტრაპეზთან. დიაკვნები გვერდითა კარით შევლენ საკურთხეველში, დიდება მაღალიანის შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი და განიმოსება მღვდელმთავარი.