უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ:
უფალო, შეგვიწყალენ
მეუფეო უფალო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან განკურნე ყოველნი სენნი და უძლურებანი კაცთანი, ეგრეთვე დღესა ამას, რომელმან შვა ყრმაი ესე მხევალი შენი (სახელი) განკურნე და აღადგინე მდებარე სარეცელსა ზედა, სიტყვისაებრ დავით წინასწარმეტყველისა, რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა შვა. ამისთვის გევედრებით, დაიცევ ესე და ყრმაიცა ამისი, რომელ შვა დღეს და დაიფარენ ესენი საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა ამიერითგან ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა ღვთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ:
უფალო, შეგვიწყალენ
მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი იშევ ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან და ბაგასა მიიწვინე, ვითარცა ჩვილი, ეგრეთვე აწ მშობელი ყრმისა ამის შეიწყალე და შეუნდევ ნებსითნი და უნებლიეთნი ცოდვანი ამისნი, დაიცევ ესე ყოვლისა ეშმაკთა მძლავრებისაგან და ამისგან შობილი ესე ჩვილი აღაორძინე და განკურნე ყოვლისაგან სნეულებისა და მწამვლელობისაგან და ყოვლისაგან ღელვათა წინააღმდგომთა სულთა მათ ბოროტთასა დღისით ანუ ღამით. დამწყსე ესე ხელითა შენითა მტკიცითა და მოეც ამას მსწრაფლი აღდგომა და ნაბრძვილთა განწმედაი, ტკივილსა ამისსა ულხინე და ძალი და სიმრთელე სულთა და ხორცთა მიანიჭე და ანგელოსისა მიერ ბრწყინვალისა და ნათლისა დაიცევ, და დაიფარე ყოვლისა უხილავთა სულთა კვეთებისაგან. ჰე უფალო, დაიცევ ესე სენისაგან სნეულებათასა, მოშურნისა შურისაგან და თვალთაგან საცთურიანთა და შეიწყალე ესე და ყრმაი ამისი დიდითა შენითა წყალობითა, და განსწმიდე ესე ხორცთა მწიკვლევანებისაგან, პირად-პირადთა ამას ზედა მომავალთა ნაწლევთა ტკივილთაგან და განათავისუფლე ესე მსწრაფლ წყალობითა შენითა და დავრდომილი გვამი ამისი აღადგინე და ამისგან შობილი ჩვილი ღირს-ჰყავ თაყვანის ცემად ქვეყნიერისა ტაძრისა, რომელი განამზადე სადიდებელად წმიდისა სახელისა შენისა, რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ:
უფალო, შეგვიწყალენ
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სათნო იყავ გარდამოსვლაი ზეცით და იშევ წმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან, ჩვენ ცოდვილთა ცხოვრებად, რომელმან უწყნი სნეულებანი კაცთა ბუნებისანი, შეუნდევ მხევალსა ამას შენსა (სახელი), რომელმან შვა დღეს მრავლითა წყალობითა შენითა. რამეთუ შენ ხარ, რომელმან სთქუ, ვითარმედ აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა, და უფლებდით ქვეყანასა ზედა. ამისთვისცა ჩვენ, მონანი შენნი, გევედრებით, კადნიერ ქმნილნი კაცთმოყვარებისა შენისანი, და შიშით ვღაღადებთ წინაშე მეუფებისა შენისა და წმიდასა სახელსა შენსა ვხადით: მოიხილე ზეცით და იხილენ უძლურებანი ჩვენნი და შეუნდევ მონასა შენსა (სახელი) და ყოველთა სახლსა ამას შინა მყოფთა, რომელსა შინა იშვა ყრმა. და რომელთა ეპყრათ ხელითა, ყოველთავე შეუნდევ, ღმერთო, სახიერებისა და კაცთმოყვარებისა შენისათვის, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფება მოტევებად ცოდვათა, მეოხებითა წმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.