თავი 1
1:1–18
1. სიტყუანი ეკლესიასტესანი, ძისა დავითისა, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალჱმსა შინა.
2. ამაოებაჲ ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთაჲ, ყოველივე ამაო.
3. რაჲმე უმეტესობაა კაცისა ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ქუჱშე.
4. ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს და ქუეყანაჲ ჰგიეს უკუნისამდე.
5. აღმოჰჴდების მზე და დაჰჴდების მზე და ადგილადვე თჳსად მიიზიდავს.
6. ესე აღმოაბრწყინვებს, მუნ მივალს სამხრით კერძო და გარემოჰვლის ჩრდილოჲთ კერძო, გარემოჲს გარემოვლით ვალს სული და სიმგრგვლესა თჳსსა გარემოიქცევის სული.
7. ყოველი ღუარნი შესდიან ზღუასა და ზღუაჲ არა არს აღვსებულ, ადგილსა ზედა, სადაცა ღუარნი მივლენ, მუნ იგინი მიიქცევიან მისლვად.
8. ყოველნი სიტყუანი შრომისა, ვერშემძლებელ არს მამაკაცი თქუმად და არა აღივსების თუალი ხედვითა, და არა სავსე იქმნების ყური სმენისაგან.
9. რაჲ ქმნადი, ქმნილი იგი, და რაჲ ყოფადი, მყოფი იგი და არა არს ყოველივე ახალ მზესა ამას ქუჱშე.
10. ვითარცა თქუა და იზრახა, აჰა, ესე ახალ არს, აჰა, ეგერა, ქმნილ არს საუკუნეთა შინა ქმნილთაჲ წინაჲსწარ ჩუენსა.
11. არა არს ჴსენებაჲ პირველთაჲ მათ და უკუანასკნელთა ქმნილთაჲ, არა იყოს მათდა ჴსენებაჲ ყოფადთა თანა უკუანაჲსკნელ.
12. მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაჱლსა ზედა იერუსალჱმსა შინა.
13. და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განხილვად სიბრძნით ყოველთათჳს ყოფილთა ცასა ქუჱშე, რამეთუ ზრუნვაჲ ბოროტი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა მიმოტაცებად მას შინა.
14. ვიხილენ თანად ყოველნი ქმნილნი, ნაქმარნი მზესა ქუეშე, და, აჰა, ყოველი ამაოება და აღრჩევაჲ სულისა.
15. გარდაქცეული არა შესაძლებელ არს შემკობად და ნაკლული არა შესაძლებელ არს აღრიცხუვად.
16. ვთქუ მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, მე განვდიდენ და შევიძინე სიბრძნე უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს შინა და გული ჩემი მივეც ხედვად სიბრძნისა და მეცნიერებისა და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერებაჲ.
17. იგავნი და ჴელოვნებანი ვიცნენ მე, და რამეთუ ესეცა აღრჩევა სულისა.
18. რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისასა სიმრავლე მეცნიერებისა არს. და რომელმან შეიძინა მეცნიერებაჲ, შეიძინა ლმობაჲ.
თავი 2
2:1–26
1. ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა: «მოვედ უკუჱ აწ, რაჲთა გამოგცადო შენ სიხარულსა შინა და იხილე კეთილსა შინა». და, აჰა, ესეცა ამაოება.
2. სიცილსა ვარქუ: «მოღვაწება», და სიხარულსა - «რასა ჰყოფ ამას?»
3. და მან მოიზიდოს, ვითარცა ღჳნოჲ, ჴორცნი ჩემნი და გული ჩემი ძღუანვილ იქმნა დაპყრობად სიხარულისა, ვიდრე არა ვიხილო, თუ რომელი არს კეთილი ძეთა კაცთათჳს, რომელსა ჰყოფენ მზესა ქუჱშე რიცხუსა დღეთა ცხორებისაჲ მათისათასა.
4. განვადიდენ საქმენი ჩემნი, აღვაშენენ ჩემდა სახლნი, დავნერგე ჩემდა ვენაჴნი.
5. მოვქმნენ ჩემდა მტილნი და სამოთხენი, და დავჰნერგენ მათ შინა ხენი ყოვლისა ნაყოფისა.
6. შევქმენ ჩემდა საბანელნი წყალთანი, რომელნი რწყვად მათგან მაღნარ მორჩოანთა ხეთასა.
7. მოვიგენ მონანი და მჴევალნი და სახლისწულნი იქმნეს ჩემდა და მოგებაჲცა სამროწლისა და სამწყსო იქმნა ჩემდა მრავლისაჲ, უმეტეს ყოველთა პირველთა ჩემსა ყოფილთა იერუსალჱმს შინა.
8. შევკრიბე მე ვეცხლი და ოქროჲ და სიმდიდრე მეფეთა და ქუეყნისა, ვყვენ ჩემდა მემღერენი მამანი და დედანი და დასატკბობელად ძისა კაცისა, მეწდენი მამანი და დედანი.
9. და განვდიდენ და შევიძინე სიბრძნე უფროჲს ყოველთა, პირველთა ჩემსა იერუსალჱმს შინა, და სიბრძნე ჩემი დავადგინე ჩემდა.
10. და ყოველი, რომელი ითხოეს თუალთა ჩემთა, არა დავაკლე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა ჩემისა, რამეთუ გულმან ჩემმან განიშუა ყოველსა ზედა შრომასა ჩუენსა. და ესე იქმნა ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან შრომისა ჩემისა.
11. და მივიხილე მე ყოველთა ზედა, ნაქმართა ჩემთა, რომელნი ქმნეს ჴელთა ჩემთა, და რუდუნებისა, რომელი ვრუდუნე ქმნად. და, აჰა, ესეცა ამაო და აღრჩევა სულისა. და არა არს ნამეტნავობაჲ მზესა ქუეშე.
12. და მოვიხილე მე ხილვად სიბრძნისა და საცთურისა და უგუნურებისა, რამეთუ ვინ არს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად განზრახვისა ყოვლისა, რაოდენი ქმნა მას შინა.
13. და ვიხილე მე, რამეთუ არს უმეტესობაჲ არს სიბრძნისაჲ უფროჲს უგუნურებისასა, ვითარცა უმეტესობაჲ ნათლისაჲ უფროჲს ბნელისა.
14. ბრძნისა თუალნი მის თავსა შინა მისსა, და უგუნურისა ბნელსა შინა ვალს. და ვსცან მეცა, ვითარმედ შემთხუჱვაჲ ერთი შეემთხუჱვის ყოველთავე მათ.
15. და ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა: «ვითარცა შემთხუჱვაჲ უგუნურისაჲ, და მეცა. და რად განვბრძნდი მე უმეტეს?» ვიტყოდე მე გულსა შინა ჩემსა, რამეთუ: «ესეცა ამაოება», ვინაჲთგან უგუნური ნამეტავისაგან ზრახავს.
16. რამეთუ არა არს საჴსენებელი ბრძნისაჲ უგუნურსა თანა უკუნისამდჱ, რამეთუ აწ დღეთა შინა მომავალთა ყოველნი დავიწყებულ იქმნეს, და ვითარ მოკუდების ბრძენი უგუნურთა თანა?
17. და მოვიძულე ცხოვრება, რამეთუ ბოროტ ჩემდა ქმნულისა ქმნილნი მზესა ქუჱშე, ვინაჲთგან ყოველნი ამაო და აღრჩევა სულისა.
18. და მოვიძულე მე თანად ყოველი სოფლისა და შრომაჲ ჩემი, რომელსა ვშურები მზესა ქუჱშე, რამეთუ დაუტეობ მას კაცსა, ყოფადსა შემდგომად ჩემსა.
19. და ვინ უწყის, ბრძენ იყოს, ანუ უგუნურ და ჴელმწიფებად აქუს ყოველთა შრომათა ჩემთა, რომელთა დავშუჱრ, და ვბრძნობდი მზესა ქუჱშე, და ესეცა ამავოება.
20. და მივაქციე მე განყენებად გული ჩემი ყოვლისაგან შრომისა ჩემისა, რომელსა ვშუჱრ მზესა ქუჱშე.
21. რამეთუ არს კაცი, რომლისა შრომაჲ სიბრძნესა შინა და მეცნიერებასა შინა და სიმჴნესა შინა, და კაცი, რომელი არა დაშურა მისთჳს, მისცეს ნაწილი მისი, და ესეცა ამაოება და სიბოროტე დიდი.
22. რამეთუ იქმნების კაცისა ყოველსა შინა შრომასა მისსა და აღრჩევასა შინა გულისა მისისასა, რომელსა-იგი შურების იგი მზესა ქუჱშე.
23. რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობა და გულისწყრომა ზრუნვისა, რამეთუ დღესა შინა არა სძინავს გულსა მისსა, და ესეცა ამავოება არს.
24. არა რა არს კეთილ კაცისა, არამედ
25. თჳნიერ, რომელ ჭამოს და სვას და რომელ უჩვენოს კეთილი სულისა თჳსისა შრომასა შინა თჳსსა. და ესე ვიხილე მე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს, რამეთუ ვინ ჭამოს და სვას თჳნიერ მისა?
26. რამეთუ კეთილსა კაცსა წინაშე პირსა მისსა მისცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული და მცოდველთა მისცა ზრუნვა, რომელი შეძინებად და შეკრებად, რომელსა შინა მიცემად კეთილი წინაშე პირსა ღმრთისასა, რამეთუ ესეცა ამავოება და აღრჩევა სულისა.
თავი 3
3:1–22
1. ყოველთაჲვე ჟამი და ჟამი ყოვლისა ნივთისა ცათა ქუჱშე.
2. ჟამი შობად და ჟამი სიკუდილად, ჟამი დანერგვად და ჟამი აღმოფხურად დანერგულისა;
3. ჟამი წყლულებად და ჟამი განკურნებად, ჟამი დარღვევისა და ჟამი შენებად.
4. ჟამი ტირილად და ჟამი სიცილად, ჟამი გოდებად და ჟამი განცხრომად;
5. ჟამი განყრად ქვათა და ჟამი შეკრებად ქუათა, ჟამი გარდატევებად და ჟამი განშორებად გარდამტევებელისაგან.
6. ჟამი ძიებად და ჟამი წარწყმედად, ჟამი დამარხვისად და ჟამი აღმოთხრისად;
7. ჟამი არს განხევისად და ჟამი შეკერვისად, ჟამი დუმილისად და ჟამი მეტყველებისად;
8. ჟამი სიყვარულისად და ჟამი სიძულილისად, ჟამი ბრძოლისად და ჟამი მშჳდობისად.
9. რაჲ უმეტესობაჲ მოქმედისა, რომელსა შინა თჳთ იშრომის?
10. ვიხილე ზრუნვა ყოვლისავე, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთა, რომელ მიმოსწრაფება მათ შინა.
11. თანად ყოველნი, რომელნი ქმნა კეთილ ჟამსა თჳსსა და საუკუნოჲსა თანა მისცა გულსა შინა მათსა, რაჲთა არა პოოს კაცმან ქმნილი, რომელ ქმნა ღმერთმან დასაბამითგან ვიდრე დასასრულადმდე.
12. ვცან, რამეთუ არა არს კეთილი მათ შინა, თჳნიერ გახარებაჲ და ქმნაჲ კეთილისაჲ ცხორებასა შინა თჳსსა.
13. რამეთუ ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა თჳსსა, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს.
14. ვცან, ვითარმედ ყოველნი, რაოდენნი ქმნნა ღმერთმან, ესენი იყვნენ საუკუნო მათ ზედა, არა არს შეძინება და მათგან არა არს გამოჴუჱბაჲ, და ღმერთმან შექმნა, რაჲთა შეიშინონ პირისაგან მისისა.
15. ქმნადი, ეგერა, არს და, რაოდენი იქმნების, ეგერა, ქმნილ არს, და უფალმან იძიოს დევნული იგი.
16. და მერმეცა ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი საშჯელისაჲ, მუნ უმსახურებელი, და ადგილი მართლისაჲ, მუნ კეთილმსახური.
17. და ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა: «მართლისა და უმსახურთაცა შჯის ღმერთი, რამეთუ ჟამი ყოვლისა ნივთისაჲ და ყოველთა ზედა ქმნილსა».
18. მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა ზრახვათათჳს ძეთა კაცთაჲსა, რამეთუ განსჯის მათ ღმერთი, და რომელ უჩუჱნებს, რამეთუ ესენიცა საცხოარნი არიან.
19. რამეთუ მათცა ვითარცა შემთხვევა ძეთა კაცთასა, და შემთხვევა საცხოვართა, და შემთხვევა ერთი მათდა, ვითარცა სიკუდილი მისი, ეგრეთ სიკუდილი ამათი და სული ერთი ყოველთა შინა. და რაჲთა უმეტეს აქუს კაცს პირუტყუთა? არარავე, რამეთუ ყოველნი ამაო,
20. ყოველნივე მივლენ ადგილსა ერთსა; ყოველნივე შეიქმნეს მიწისაგან და ყოველნი მიიქცევიან მიწადვე.
21. და ვინ უწყის სული ძეთა კაცთაჲ, და უკუეთუ იგი აღვალს მაღლა და სული ძეთა საცხოვართაჲ, უკუეთუ შთავალს იგი ქუეყანად.
22. და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი იხაროს კაცმან ქმნილთა თჳსთა ზედა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი, რამეთუ ვინ მოაქციოს იგი ხილვად, რომელნიცა იქმნებიან შემდგომად მისა?
თავი 4
4:1–17
1. და მივიქეც მე და ვიხილე ყოვლისა თანა ცილისწამებისა, ქმნილისა მზესა ქუჱშე, და, აჰა, ცრემლნი ცილისმწამებელთანი, და არა არს ნუგეშინისმცემელი მათი, და ჴელისაგან ცილისმწამებელთა მათ ზედა ძალი, და არცა ნუგეშინისმცემელი მათი.
2. და ვაქენ მე თანადმკუდარნი, აჰა, ეგერა, მომკუდარნი უფროჲს ცოცხალთასა, რაოდენნი-იგი ცოცხალ არიან ვიდრე აქამოდმდე.
3. და კეთილ უფროჲს ორთავე ამათსა, რომელი მერმე არა იქმნა, რომელმან არა იხილა ყოვლისა ქმნილისა თანა ბოროტისა ქმნილნი მზესა ქუჱშე.
4. და ვიხილე მე ყოვლისა შრომისა და ყოვლისა სიმჴნისა ნაქმართაჲსა, რამეთუ ესე შური კაცისა მოყუსისაგან თჳსისა, და ესე ამაოებაჲ და აღრჩევა სულისა.
5. უგუნურმან გარემოისხნა ჴელნი თჳსნი და შეშჭამნა ჴორცნი მისნი.
6. კეთილ არს სავსებაჲ მჭელითა განსვენებასა უფროჲს სავსებასა ორთავე მჭელთა შრომისა და აღრჩევისა სულისა.
7. და მივიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ქუჱშე.
8. არს ერთი და არა არს მეორისა, ხოლო არცა ძე და ძმაჲ არა არს მისსა. და არა არს დასრულებაჲ ყოველთა შრომასა მისსა, და თვალნი მისნი არა განძღებიან სიმდიდრითა. და რაჲსათჳს ვშურები მე და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან? და ესეცა ამაოება და ზრუნვა არს ბოროტი.
9. უმჯობეს ორნი უფროჲს ერთისა, რომლისა არს სასყიდელი კეთილი შრომასა შინა მათსა.
10. რამეთუ უკუეთუ დაეცეს ერთი მათგანი, აღადგინოს მოყუასმან ზიარმან თჳსმან, და ვაჲ ერთისაჲ მის, რაჟამს დაეცეს და არა იყოს მეორე, აღმადგინებელ მისსა.
11. და უკუეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი, და ერთი ვითარ განტფეს?
12. და უკუეთუ განძლიერდეს ერთი, ორნი წინააღუდგენ მას, და საბელი სამკეცი არა მყის განწყდეს.
13. კეთილ არს ყრმა გლახაკი და ბრძენი უფროს მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან ვერ ცნა შეკრძალებად მერმეცა.
14. ვინაჲთგან სახლისაგან კრულთათა გამოვალს მეფე, და ვითარმედ მეფობასა მისსა შინა იქმნა გლახაკ.
15. და ვიხილენ ყოველნი ცხოველნი, მავალნი მზესა ქუჱშე ჭაბუკისა თანა მეორისა, რომელი აღდგეს ნაცვალად მისსა.
16. არა არს დასასრული ყოვლითა ერითა ყოველთაჲ, რაჲოდენი იქმნეს წინაშე მათსა, რამეთუ უკუანაჲსკნელნი არა იხარებდენ მათთჳს, და ესე ამაოება და აღრჩევა სულისა.
17. დაიცევ ფერჴნი შენნი, ოდეს უკუე ვიდოდი სახლსა შინა ღმრთისა, და მიეახლე, რომელ სმენად უფროს მისაცემელსა უგუნურთასა მსხუერპლი შენი, ვინაჲთგან არა უწყიან, რამეთუ ჰყოფენ ბოროტსა.
თავი 5
5:1–19
1. ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი რაჲთა სწრაფობდეს გამოღებად სიტყჳსა წინაშე პირსა ღმრთისასა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა მაღლა და შენ - ქუეყანასა ზედა ამისთჳს, რაჲთა იყვნენ სიტყუანი შენნი მცირე,
2. რამეთუ მოიწევის სიზმარი მრავალთა შინა განსაცდელთაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა.
3. ვითარცა უკუეთუ აღთქუა აღთქმა ღმერთსა, ნუ ყოვნი მიცემად მას, რამეთუ არა არს ნებაჲ უგუნურთა თანა, შენ უკუჱ რაოდენი უკუეთუ აღსთქვა, მიეც.
4. კეთილ არს, რომელ არა აღთქუმად შენდა, ვიდრე აღთქმასა შენდა და არა მისცემდ.
5. ნუ მისცემ პირსა შენსა, რომელ საცოდველად ჴორცთა შენთა და ნუ იტყჳ წინაშე პირსა ღმრთისა, რამეთუ: «უმეცრებაჲ არს», რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმისათჳს შენისა და განხრწნეს ქმნილნი ჴელთა შენთანი,
6. რამეთუ სიმრავლეთა შინა სიზმართაჲთა და ამაოებათაჲთა და სიტყუათა მრავალთაჲთა, ხოლო შენ ღმრთისა გეშინოდენ.
7. უკუეთუ ცილის-წამებაჲ დავრდომილისა და მტაცებელობა მსჯავრისა და სიმართლისა იხილო სოფელსა შინა, ნუ დაგიკჳრდების ნივთისათჳს, რამეთუ მაღალი ზედა მაღალსა სცავს და მაღალნი მათ ზედა.
8. და აღმატება ქუეყანისაჲ ყოველსა ზედა, არს მეფე აგარაკისა მოქნილისა.
9. მოყვარე ვეცხლისა ვერ განძღეს ვეცხლითა, და ვინ შეიყვარა სიმრავლესა შინა მათთა ნაყოფი? ესეცა ამავოება.
10. სიმრავლესა შინა კეთილისა განმრავლდეს მჭამელნი მისნი, და რაჲ სიმჴნე მყოფისა მისგან; რამეთუ დასაბამ, რომელი ხილვად თუალთა თჳსთა.
11. ტკბილ არს ძილი მონისაჲ, უკუეთუ მცირედ ანუ ფრიად ეჭამოს და განიძღოს, განმდიდრებად რამეთუ არა არს, რომელმან უტევოს მას ძილად.
12. არს სნეულებაჲ, რომელი ვიხილე მე მზესა ქუჱშე, სიმდიდრე დამარხული მისგან განბოროტებასა შინა მისსა.
13. წარწყმდების სიმდიდრე იგი ზრუნვასა შინა ბოროტსა; და შვა ძე და არა არს ჴელსა მისსა არა რაჲ.
14. ვითარცა გამოვიდა იგი მუცლისათ დედისაგან თჳსისა შიშუჱლი, მიიქცეს მისლვად, ვითარცა მოვიდაცა, და არა რაჲ მიიღოს შრომათა შინა მისთა, რაჲთა მივიდეს ჴელსა შინა მისთა.
15. და ესე სნეულებაჲ ბოროტი, რამეთუ, ვითარცა მოვიდა, ეგრეთვედა განვიდეს, და რაჲ მეტობასა მისსა, რომელსა შურების ქარისა ზედა.
16. რამეთუ ყოველნი დღენი მისნი ბნელსა შინა და ტირილსა და გულისწყრომასა შინა მრავალსა, და სნეულებასა შინა და რისხვასა შინა.
17. ესერა, ვიხილე მე კეთილი, რომელ არს კეთილ: რომელ ჭამაჲ და რომელ სუმაჲ და რომელ ხილვაჲ კეთილობისაჲ ყოველთა შინა შრომასა თჳსსა, რომელსაცა დაშურა მზესა ქუჱშე რიცხუსა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რომელნი მისცნა მას ღმერთმან, რამეთუ ესე ნაწილ არს მისი.
18. რამეთუ ყოვლისა კაცისა, რომლისა მისცა მას ღმერთმან სიმდიდრე და საქონელნი, და ჴელმწიფებაჲ მისცა მას ჭამად მისგან, და მიღებად ნაწილსა თჳსსა და მხიარულ-ყოფად ნაშრომითა თჳსითა, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს,
19. რამეთუ არამრავალთა ჴსოვნად აქუს დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინაჲთგან ღმერთი მიუხუამს მას მხიარულებასა შინა გულისა მისისაჲთა.
თავი 6
6:1–12
1. არს სიბოროტე, რომელი ვიხილე მზესა ქუჱშე და მრავალი არს კაცთა შორის.
2. კაცსა, რომელსა მისცეს ღმერთმან სიმდიდრე და საქონელნი და დიდებაჲ, და არა ნაკლულევან არს სული მისი ყოველთაგან, რომელთა გულმან უთქუა, და არა მისცემს მას ღმერთი ფლობად მისგან ჭამად, რამეთუ კაცმან უცხომან ჭამოს მისგან. და ესე ამაოება და სნეულება ბოროტი არს.
3. უკუეთუ შუნეს კაცმან ასი შჳლნი და მრავალთა წელთა ცხოვნდეს და ფრიად იყოს დღენი წელიწადთა მისთანი, და სული მისი არა განიძღოს კეთილთაგან, და დაფლვა არა იქმნა მისი, ვსთქვა: «კეთილ უფროჲს მისა განგდება».
4. რამეთუ ამაოებასა შინა მოვიდა, და ბნელსა შინა დაიფაროს სახელი მისი.
5. და მზე არა იხილა და არცა ცნა განსუჱნებაჲ მისი უფროჲს ამისსა.
6. და ცხომდა ათას წელ ყოვლისაებრ და კეთილობა არა იხილა, ნუ თუ არაერთსა ადგილსა თუ მივლენ ყოველნი?
7. ყოველი შრომაჲ კაცისაჲ პირსა შინა მისსა, და სული არა აღივსოს.
8. რამეთუ რაჲ უმეტესობა ბრძენთაჲ უფროჲს უგუნურთაჲსა მით, რამეთუ გლახაკმან სცნა სლვაჲ წინაშე ცხოვრებისა.
9. კეთილ არს ხედვა თვალთა უფროს მსლველისა სულითა, და, აჰა, ამავოება და აღრჩევა სულისა.
10. უკუეთუ რა იქმნა, ეგერა, წოდებულ არს სახელი მისი და, იცნობა, რომელი არს კაცი, და ვერშემძლებელ არს განსჯად უძლიერესისა თანა უფროს თავისა თჳსისა.
11. რამეთუ არიან სიტყვანი მრავალნი, განმამრავლებელნი ამაოებისა.
12. რაჲ უმეტეს კაცისა, რამეთუ ვინ უწყის კეთილი კაცისაჲ ცხორებასა მისსა შინა, რიცხუსა დღეთა ცხორებისა ამაოებისა მისისათასა. და ყვნა იგინი აჩრდილსა შინა, რამეთუ ვინ მიუთხრას კაცსა, რაჲ იყოს შემდგომად მისსა მზესა ქუჱშე?
თავი 7
7:1–29
1. კეთილ არს სახლი უფროჲს ზეთისა, კეთილ არს დღე სიკუდილისაჲ უფროჲს დღისა შობისა მისისასა.
2. კეთილ არს სლვად სახლსა შინა გლოვისასა ვიდრე სლვად სახლსა შინა სუმისასა, ვინაჲთგან ესე აღსასრული ყოვლისა კაცისაჲ, და ცოცხალმან მისცეს კეთილი გულსა შინა მისსა.
3. კეთილ არს გულისწყრომაჲ უფროჲს სიცილისა, რამეთუ შეჭმუნვასა შინა პირისასა ისანატრიელოს გული.
4. გული ბრძენთაჲ სახლსა შინა გლოვისასა, და გული უგუნურთაჲ სახლსა სიხარულისასა.
5. კეთილ არს სმენად შერისხვასა ბრძნისასა, უფროჲს კაცისა მსმენელისა სიმღერისა უგუნურთა.
6. ვითარცა ჴმაჲ ეკალთაჲ ქუეშე სიავისა, ეგრეთვე სიცილი უგუნურთაჲ, და ესეცა ამაოებაჲ.
7. რამეთუ ცილისწამებაჲ შეაშფოთებს ბრძენსა და წარსწყმედს გულსა კეთილშობილობისა მისისასა.
8. კეთილ არს უკუანაჲსკნელი სიტყუაჲ უფროჲს დასაბამისა მისისა, კეთილ არს სულგრძელი უფროჲს მაღლისა სულითა.
9. ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომაჲ წიაღთა შინა უგუნურთა განისუენებდეს.
10. ნუ იტყჳ: «რაჲ იქმნა, რამეთუ დღენი პირველნი კეთილნი იყვნეს უფროჲს ამათსა?» რამეთუ არა სიბრძნით იკითხეა მისთჳს?
11. კეთილ არს სიბრძნე დამკჳდრებით და აღმატება მხედველთა მზისათა.
12. რამეთუ აჩრდილსა შინა მისსა სიბრძნე, ვითარცა აჩრდილსა ვეცხლისასა, და აღმატება მეცნიერებისაჲ სიბრძნისაჲ ცხოველ-ჰყოფს, რომელია მისგან.
13. იხილენ ქმნილნი ღმრთისანი, რამეთუ ვის ძალ-უც შემკობად, არს შემკობად მათ, რომელიცა უკუეთუ ღმერთმან გარდააქციოს?
14. დღესა შინა კეთილობისა მისისა ცხონდი კეთილსა შინა და იხილე დღესა შინა ბოროტისასა, და იხილე ამით თანა შეთქმით, ესე ქმნა ღმერთმან თქმათათჳს, რაჲთა არა პოოს კაცმან უკანით მისა არარა.
15. ყოველნივე ვიხილენ დღეთა შინა ამაოებისა ჩემისასა; არს მართალი წარწყმედილი სიმართლესა შინა თჳსსა და არს არაწმიდა გებულ სიბოროტესა შინა თჳსსა.
16. ნუ იქმნები მართალი ფრიად და ნუ ჰბრძნობ ნამეტავად, ნუთუ არა ოდეს განცჳფრდე.
17. და ნუ არაწმიდებ ფრიად, ნუ იქმნები ფიცხელ, რაჲთა არა მოჰკუდე თჳნიერ ჟამსა შინა შენსა.
18. კეთილ არს დაპყრობად მისი, და ამისგან ნუ შეამწიკულებ ჴელსა შენსა, რამეთუ მოშიში ღმრთისაჲ მოასწრებს ყოველსა.
19. სიბრძნე შეეწევის ბრძენსა უფროჲს ათთა ჴელმწიფეთა ქალაქსა შინა.
20. რამეთუ არა არს კაცი მართალი ქუეყანასა ზედა, რომელმან ქმნეს კეთილი და არა ცოდოს.
21. ყოველთა შინა სიტყუათა, რომელთა აღმოიტყჳიან არაწმიდანი, ნუ დაიდებ გულსა შენსა, რაჲთა არა ისმინო მონისა შენისა მწყევარისა შენისა.
22. რამეთუ მრავალგზის ბოროტებს შენ ზედა და მოსლვითა განაბოროტოს გული შენი, და ვითარცა შენ სწყევ სხუათა მრავალთა.
23. ყოველნი ესე გამოვიცადენ სიბრძნესა შინა და ვთქუ: «განვბრძნდი».
24. და ესე განმეშორა ჩემგან შორს უფროჲს, ვიდრე იყვნეს და უფსკრულსა სიღრმისასა ვინ იპოოს იგი?
25. გარემოვიცევ მე და გულმან ჩემმან რომელ ცნობად, რომელ მიხედვად, და რომელ ძიებად სიბრძნისა და მეცნიერებისა, და რომელ ცნობად არაწმიდისა უმეცრებისა, და გულფიცხელობისა და საცთურისა.
26. და ვპოებ მე მას, ვარქუ: «უმწარეს უფროჲს სიკუდილისა დედაკაცისა, რამეთუ არს მომნადირებელ და საფრჴე გული მისი და საკრველი ჴელთა შინა მისთა», კეთილი წინაშე პირსა ღმრთისასა მიიღების მისგან და მცოდველი მიღებულ იქმნეს მისგან.
27. «აჰა, ესერა, ვპოვე, - თქუა ეკლესიასტე, - ერთიერთისა რომელ პოვნად გულისსიტყჳსაჲ,
28. რომელი იძია სულმან ჩემმან და არა ვპოვე; და მამაკაცი ერთი ათასისაგან ვპოე და დედაკაცი ამათ ყოველთა შორის არა ვპოე,
29. გარნა ესე ვპოე, რომელი შექმნა ღმერთმან კაცისა წრფელისა. და ამათცა მოიძიეს გულისსიტყუათა მრავალნი, ვინ უწყნის ბრძენნი.
თავი 8
8:1–17
1. და ვინ უწყის აღჴსნაჲ სიტყჳსაჲ, სიბრძნე კაცისა განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲსა პირი მისი მოძულებულ იქმნეს.
2. პირი მეფისაჲ დაიცევ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისა ნუ ისწრაფი,
3. პირისაგან მისისა ნუ განხუალ, ნუ დასდგები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელიცა ინებოს, ქმნას.
4. ვითარცა მეფე ჴელმწიფებელი ზრახავს, და ვინ ჰრქუას მას: «რაჲ ჰყავ?»
5. და მცველმან მცნებისამან არა იცის სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი საშჯელისაჲ უწყის გულმან ბრძნისამან.
6. რამეთუ ყოვლისავე ნივთისა არს ჟამი და სასჯელისა, რამეთუ მეცნიერება კაცისა მრავალ არს მას ზედა,
7. რამეთუ არა არს მეცნიერი, რაჲ ყოფად, თჳნიერ ვითარცა იყოს, ვინ უთხრას მას?
8. არა არს კაცი მაჴელმწიფებელ სულითა, რომელ დაყენებად სულისა, და არა არს მოციქულობა დღესა შინა ბრძოლისასა, და არა ცხოვნდეს არაწმიდა მყოფი მათ შინა.
9. და ყოველივე ესე ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოვლისა შინა ქმნილისა, რომელი ქმნულ არს მზესა ქუეშჱ, ყოველსა რაოდენსა ეჴელმწიფა კაცი კაცსა შინა, რომელ განბოროტებად მისა.
10. და მაშინ ვიხილე არაწმიდა საფლავსა შინა მიყვანებულნი, და წმიდისაგან, და განვიდეს და ქებულ იქმნეს ქალაქსა შინა, რამეთუ ესრეთ ყვეს. და ესეცა ამავოება.
11. რამეთუ არა არს ცილებისა მყოფელისა მოქმედთაგან ბოროტისათა მსწრაფადსა შინა, ამისთჳს ირწმუნებს გული ძეთა კაცთა მათდა შინა, რომელ ქმნად ბოროტისა.
12. რომელმან ცოდა და ქმნა ბოროტი მიერითგან და სიშორისაგან მისისა, რამეთუ უწყი მე, რამეთუ არს კეთილი მოშიში ღმრთისა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მისისა.
13. და კეთილი არა ეყოს არაწმიდასა, და არა განაგრძობს დღეთა აჩრდილსა შინა, რომელი არა არს მოშიში პირისაგან ღმრთისა.
14. არს ამაოებაჲ, რომელი შექმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ არიან მართალნი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი არაწმიდანი, და არიან უღმრთონი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი მართალთაჲ, და ვთქუ: «ესეცა ამაოება».
15. და ვაქე მე შვებულება, რამეთუ არა კეთილი კაცისა მზესა ქუეშჱ, არამედ რომელ ჭამად და სუმად და რომელ შუჱბულებად; და იგი სასარგებლო მისი შრომასა შინა მისსა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისასა, რომელი მისცა მას ღმერთმან მზესა ქუჱშე.
16. რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და რომელ უწყებად ზრუნვაქმნული ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღესა შინა და ღამესა შინა ძილისა თუალთა შინა თჳსთა არა არს მხედველი.
17. და ვიხილე ყოველთა ქმნილთა ღმრთისათა, რამეთუ ვერ ძალ-უც კაცსა პოვნად ქმნილი, შექმნული მზესა ქუჱშე, რაოდენ უკუჱთუ დაშურეს კაცი ძიებად და არა პოოს, და რაოდენ უკუჱთუ თქუას ბრძენმან ცნობად, ვერშემძლებელ იქმნეს პოვნად.
თავი 9
9:1–18
1. რამეთუ ყოველი ესე მივეც გულსა შინა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ესე ყოველი, ვითარცა მართალნი და ბრძენნი, და საქმენი მათნი ჴელსა შინა ღმრთისასა; და სიყვარულისაცა და სიძულილისა არს მეცნიერ კაცი, ყოველნი წინაშე პირსა მათსა.
2. ამაოებაჲ ყოველთა შინა, შემთხუევაჲ ერთ მართლისა და უღმრთოჲსაჲ, კეთილისა და ბოროტისაჲ, წმიდისა და არაწმიდისაჲ, მემსხუერპლისა და არამემსხუერპლისაჲ, ვითარცა კეთილი, ვითარცა მცოდველი, ვითარცა მფუცავი, ვითარცა მოშიში ფიცისაჲ.
3. ესე ბოროტ არს ყოვლისა ქმნილისა შორის მზესა ქუჱშე, რამეთუ შემთხუჱვაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოკუჱთებაჲ გულსა შინა მათსა ცხორებასა მათსა და მათსა მკუდართა მიმართ.
4. ვინათგან ვინ არს, რომელი ეზიარების, ყოველთა მიმართ ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი იგი უკეთეს უფროჲს ლომისა მკუდრისა.
5. ვინათგან ცოცხალნი სცნობენ, რამეთუ მოკუდებიან, ხოლო მკუდარნი არა არიან მეცნიერ არარაჲსა, და არა არს მათდა მერმეცა სასყიდელი, რამეთუ დავიწყებულ არს საჴსენებელი მათი.
6. და სიყუარული და სიძულილი მათი და შური მათი, ეგერა, წარწყმდა და ნაწილი მათი არა არს მერმე საუკუნოდ ყოველსა შინა ქმნულსა მზესა ქუჱშე.
7. მოვედ და ჭამე სიხარულსა შინა პური შენი და სუ გულითა კეთილითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ, ეგერა, სათნო-იჩინა ღმერთმან ქმნილნი შენნი.
8. ყოველსა შინა ჟამსა, რაჲთა იყვნენ სამოსელნი შენნი სპეტაკ, და ზეთი თავსა შენსა რაჲთა ნუ მოაკლდების.
9. და იხილე ცხორებაჲ დედაკაცისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა შინა დღეთა ცხოვრებისა ამაოებისა შენისათა, რომელი მოგეცა შენ მზესა ქუჱშე, რამეთუ ესე ნაწილ არს შენდა ცხოვრებასა შინა შენსა და შრომასა შინა შენსა, რომელსა შენ შურები მზესა ქუჱშე.
10. ყოველნი, რაოდენნი უკუეთუ პოვნეს ჴელმან შენმან ქმნად, ვითარცა ძალ-გედვას, ქმნენ, რამეთუ არა არს ქმნილი და გულისსიტყუაჲ, და მეცნიერებაჲ და სიბრძნე ჯოჯოხეთსა შინა, სადაცა შენ წარხუალ, მუნ.
11. მოვიქეც და ვიხილე მზესა ქუჱშე, რამეთუ არა სუბუქთაჲ სრბაჲ, და არცა ძლიერთაჲ ბრძოლაჲ და არცა თჳთ ბრძენსა პური, და არცა გულისჴმისმყოფელთა სიმდიდრე, და არცა მეცნიერთაჲ მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუჱვაჲ შეემთხჳოს მათ ყოველთავე ამათ.
12. უკუჱ ვერ ცნა კაცმან ჟამი თჳსი, ვითარცა თევზნი მონადირებულნი ბადეთა შინა ბოროტთა, და, ვითარცა მფრინველნი შეპყრობილნი მახეთა შინა, ვითარცა ესენი მოინადირებიან ძენი კაცთანი, ჟამსა შინა ბოროტისასა, რაჟამს-იგი ზედადაეცეს მათ ზედა მეყსეულად.
13. და ვიხილე ესე სიბრძნე მზესა ქუჱშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.
14. ქალაქი მცირე და კაცნი მას შინა მცირენი, და მოვიდეს მას ზედა მეფე დიდი, და გარემოიცვას იგი და შეუქმნას მას ზედა საწერტელი დიდი.
15. და იპოვის მას შინა კაცი გლახაკი, ბრძენი და ამან აცხოვნის ქალაქი სიბრძნითა თჳსითა, და კაცმან არა მოიჴსენოს კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.
16. და ვსთქუ მე: «კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ძალისა და სიბრძნე გლახაკისაჲ შეურაცხ, და სიტყუანი მისნი არა არიან სმენილ».
17. სიტყუანი ბრძენთანი განსუჱნებასა შინა ისმინებიან უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფეთასა უგუნურებასა შინა.
18. კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ჭურჭელთა ბრძოლისათა და მცოდველმან ერთისამან წარწყმიდის კეთილი მრავალი.
თავი 10
10:1–20
1. მწერნი მწყდარნი ჰყოფენ ზეთისა სიტკბოსა, პატიოსან არს მცირედ ბრძნისა უფროს დიდებასა მას უგუნურებისასა.
2. გული ბრძნისაჲ მარჯუენით მისა და გული უგუნურისაჲ მარცხენით მისა.
3. და გზასა შინა რაჟამს ვიდოდის უგუნური, ნაკლულევან იქმნების გული მისი, და რომელთაცა განიზრახეს, ყოველივე უგუნურებანი არიან.
4. უკუჱთუ სული ჴელმწიფებისაჲ აღვიდეს შენ ზედა, ადგილსა შენსა ნუ მიუტევებ, რამეთუ კურნებაჲ დააცხრობს ცოდვათა დიდთა.
5. არს სიბოროტე, რომელი ვიხილე მე მზესა ქუჱშე, ვითარცა უნებელად გამოვიდა პირისაგან ჴელმწიფეთაჲსა.
6. მიეცა უგუნური სიმაღლეთა შინა დიდთა, და მდიდარნი სიმდაბლითა დასხდეს.
7. ვიხილენ მონანი ცხენთა ზედა, და მთავარნი მავალად, ვითარცა მონანი, ქუეყანათა ზედა.
8. აღმომთხრელი მთხრებლისაჲ შთავარდეს მას შინა, და დამარღუეველსა ღობისასა უკბინოს მას გუჱლმან.
9. მიმღებელი ქუათა ტკივნეულებს მათგან, მკოდელი შეშათა ჭირსა მიეცეს მათ შინა.
10. უკუეთუ განვარდეს მოკვეთილი და თჳთ პირითა შეაძრწუნის და ძალსა განაძლიერებს და აღმატება კაცისა სიბრძნე.
11. უკუეთუ უკბინოს გუჱლმან არა ჩურჩნით, და არა არს ნაკლულევანება მსახრვალისა.
12. სიტყუათა პირისა ბრძნისასა მადლი, და ბაგენი უგუნურთანი დაანთქმენ მას.
13. დასაბამი სიტყუათა პირისა მისთასა უგუნურებაჲ, და უკანასკნელი პირისა მისისაჲ საცთური ბოროტი.
14. და უგუნური განამრავლებს სიტყუათა; ვერ ცნა კაცმან, რაჲ არს ქმნილი და რაჲ ყოფადი, რა შემდგომი მისი, და ვინ მიუთხრას მას?
15. შრომამან უგუნურთამან განაბოროტის იგი, რომელმან ვერა სცნა მისლუვად ქალაქად.
16. ვაჲ შენ, ქალაქო, რომელსა შინა მეფე ჭაბუკ, და მთავარნი შენნი ადრე ჭამენ.
17. ნეტარ ხარ შენ, ქუეყანაო, რომლისა მეფე შენი, ძე აზნაურისა და მთავარნი შენნი ჟამიერად ჭამენ ძლიერებასა შინა და არა ჰრცხუენეს.
18. მცონარებათა შინა დამდაბლდეს კრძალვაჲ და უქმობასა შინა ჴელთაჲთა წთოლად იწყებს სახლი.
19. სიცილსა ჰყოფენ პური და ღჳნოჲ და ზეთი, რომელი შვებულ-ჰყოფს ცოცხალთა, და ვეცხლსა თანა სიმდაბლით დაემორჩილონ ყოველსა.
20. და სჳნდისსა შინა უკუჱ შენსა ნუ სწყევ მეფესა და საუნჯესა შინა საწოლისა შენისათა ნუ სწყევ მდიდარსა, რამეთუ მფრინველმან ცისამან წარიღოს ჴმაჲ შენი და მქონებელმან ფრთისამან მიუთხრას სიტყვა შენი.
თავი 11
11:1–10
1. წარეც პური შენი პირსა ზედა წყლისასა, რამეთუ სიმრავლესა შინა დღეთასა ჰპოო იგი.
2. ეც ნაწილი შჳდთა და მერმე რვათაცა, რამეთუ არა უწყი, თუ რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა.
3. უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა, ქუეყანასა დამოადინებნ მას, და უკუეთუ დაეცეს ხე სამხარსა შინა და უკუეთუ ბღუარსა შინა, სადაცა დაეცეს ხე, მუნცა იყოს.
4. მომზირალი ქართაჲ არა სთესავს, და მხედველი ღრუბელთა შინა არა მოიმკის.
5. რომელთა შორის არა არს მეცნიერება, ვითარ არს გზაჲ სულისაჲ, ვითარცა ძუალნი მუცელსა შინა მიდგომილისასა, ეგრეთ არა უწყნი ქმნილნი ღმრთისანი, რაოდენ შექმნა თანად ყოველნი.
6. განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტეობნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, თუ რა მოჴდეს, ესე ანუ იგი, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ.
7. და ტკბილ არს ნათელი და კეთილ თუალთა ხედვად მზისა.
8. რამეთუ უკუეთუ და წელთა მრავალთა იცოცხლოს კაცმან და ყოველთათჳს იშვებდეს და იჴსენებდეს დღეთა ბნელისათა, რამეთუ მრავალ იყუნენ ყოვლისავე მომავალისა ამაოდ.
9. იხარებდ უკუჱ, ჭაბუკო, სიჭაბუკით შენითგან და კეთილ-ყავ გული შენი დღეთა სიჭაბუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა გულისათა უბიწოდ და ხედვასა თუალთა შენთასა და სცნობდ, ვითარმედ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.
10. და განაგდე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა, განაშორე სიბოროტე ჴორცისაგან შენისა, რამეთუ სიჭაბუკე და უგუნურება ამავო არს.
თავი 12
12:1–14
1. და მოგეჴსენედ დამბადებელი შენი დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, ვიდრემდის არა მოიწინენ დღენი ბოროტისა შენისანი და წარმოგიდგენ წელნი, რომელთა შინა სთქუა: «არა არს მათ შინა ნება ჩემი».
2. ვიდრემდე არა დაბნელდეს მზე და ნათელი და მთოვარე და ვარსკულავნი, და მიიქცენ ღრუბელნი უკუანაგან წჳმათა.
3. დღესა შინა, რომელსა შინა შეირყინენ მცველნი სახლისანი და იცვალნენ მამაკაცნი ძლიერებისანი და უქმ იქმნენ მფქველნი, რამეთუ შემცირდეს და დაბნელდეს მხედველნი ნაპრალთა შინა.
4. და დაეჴშნენ კარნი უბანთა ზედა უძლურებათა შინა ჴმისა მფქველთასა და აღდგენ ჴმათა ზედა სირისათა, და დამდაბლდენ ასულნი ჴმანელობისანი.
5. და მაღალთა ზედა გამოიხედენ და საკჳრველებათა გზასა ზედა, და აღყვავნეს ნუში და განსხუნეს მკალი და დაირღვეს კაპარი, რამეთუ წარვიდა კაცი სახლსა შინა საუკუნისა თჳსისა და მოიცვეს უბანთა ზედა მტყებართა.
6. ვიდრემდის არა შესცვალოს საბელი ვეცხლისა, და არა შეიმუსროს გამოცდა ოქროსა, და და შეიმუსროს სარწყული წყაროსა თანა, და შეიმუსროს ბორბალი მღჳმესა ზედა.
7. და მიიქცეს მიწაჲ ქუეყანასა შინა, ვითარცა იყო, და სული მიიქცეს ღმრთისა მიმართ, რომელმან მოსცა იგი.
8. ამაოებაჲ ამაოთაჲ, - თქუა ეკლესიასტე, - ყოველნივე ამაო.
9. და უმეტესად, რამეთუ იქმნა ეკლესიასტე ბრძენ და ასწავა მეცნიერებაჲ კაცთა არაგამოკულევად შემკობასა იგავთასა.
10. ფრიად იძია ეკლესიასტე პოვნად სიტყუათა ნებისათა და დაწერილთა სიწრფოებისა სიტყუათა ჭეშმარიტებისა.
11. სიტყუანი ბრძენთანი, ვითარცა ჴარისსაკუჱთელნი, და ვითარცა სამსჭუალნი განმსჭვალულნი, რომელნი შეწყობილებისაგან მოეცნენ მწყემსისა ერთისაგან და მრავალნი მათგან.
12. შვილო ჩემო, განეკრძალე ქმნად წიგნთა მრავალთა, რამეთუ არა არს დასრულება, და სწავლაჲ მრავალი შრომა არს ჴორცთაჲ.
13. დასასრული სიტყჳსა ყოველი ისმინე, ღმრთისა გეშინოდენ და მცნებანი მისნი დაიცვენ, მრავალი ესე ყოველსა კაცსა,
14. რამეთუ ყოველი ქმნილი მიიყვანოს ღმერთმან სასჯელსა ზედა და ყოველთათჳს შეცოდებისა, უკუეთუ კეთილი და უკუეთუ ბოროტი.