მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა, ფსალმუნთა მთქმელისა და იაკობისა, ძმისა უფლისა*
მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა, ფსალმუნთა მთქმელისა და იაკობისა, ძმისა უფლისა*
ქრისტეშობის დღესასწაულის შემდგომ ეკლესია იხსენიებს მართალ
იოსებს
- ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველს,
დავით მეფეს
, მეფსალმუნეს და
იაკობს
, უფლის ხორციელ ძმას.
წმიდა იოსებ დამწინდველი
დავით მეფის ჩამომავალი იყო. პირველი ქორწინებიდან მას ოთხი ძე და ორი ასული ჰყავდა. დაქვრივების შემდეგ წმიდანი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქალწულების აღთქმა დადო, მღვდელმთავრებმა მისი მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს. ნეტარს ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. იგი შეიქნა მოწმე მწყემსებისა და მოგვების მიერ ახალშობილი მესიის თაყვანისცემისა. ღვთისმშობელი და ჩვილი მაცხოვარი ჰეროდეს რისხვისთვის რომ განერიდებინა, წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, მათთან ერთად გაიქცა ეგვიპტეში, აქ კი ხუროს შრომით არჩენდა ყოვლადწმიდა დედას და მის ღვთაებრივ ძეს. ბოლოს, ასი წლის ასაკში, იოსებ დამწინდველმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ეკლესია მას მეორეჯერაც იხსენიებს - მამამთავართა კვირიაკეს).
წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე - სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულებისა მისისაჲთა“.
წმიდა დავითი იყო „კაცი. გულისხმის-მყოფელი, მჴნე ბრძოლასა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყჳთა და კეთილ საქმითა“ (I მეფ. 16, 18). ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმიდანი. ამან საული შურით აღავსო, მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს ნეტარს. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს - მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი, მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე: „არა მივყო ჴელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაჲ არს ესე“ (I მეფ. 24,11). საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს. მას შემდეგ კი, რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი შეიქნა. წმიდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი - იერუსალიმი („სახლი მშვიდობისა“), აქ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად მეფე სიმღერითა და ცეკვით მიაცილებდა სიწმიდეს. დავითს სურდა, მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო უფლისათვის, მაგრამ ზეგარდამო ეუწყა, რომ ამ სურვილის აღსრულება მას არ ეწერა - იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა.
ბოლოს წმიდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა. ამ დაცემისთვის იგი მწარედ დაისაჯა: სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმიდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო.“
ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმიდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე - აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა - არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი.
დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს, საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა.
წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. ცნობილია, რომ როცა იგი ამ საგალობლებს ქნარზე ამღერებდა, ეშმაკისგან ქენჯნილ საულს ბოროტი განეშორებოდა (მეფეთა 16,23). ბასილი დიდი ფსალმუნთა წიგნზე წერდა: იგი „წინასწარმეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც, იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას. კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ“.
დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა. სიკვდილის წინ მან ტახტი თავის ძეს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი.
წმიდა მოციქული იაკობი,
ხორციელი ძმა უფლისა, იყო იოსებ დამწინდველის უფროსი ძე მისი პირველი ქორწინებიდან სოლომონიასთან. ქრისტეშობის დღესასწაულის წმიდა დღეებში იაკობ მოციქულის ხსენება იმითაა განპირობებული, რომ, გადმოცემით, იგი თან ახლდა ეგვიპტეში ლტოლვილ წმიდა ოჯახს, ჩვილ იესოსთან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და იოსებთან ერთად ცხოვრობდა, ემსახურებოდა მათ, ბოლოს კი მათთან ერთადვე დაბრუნდა იუდეაში.
უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა და დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქრისტიანებს, ისე იუდეველებს შორის. ნეტარი მოწამეობრივად აღესრულა: ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის იერუსალიმის ტაძრის გუმბათიდან ჩამოაგდეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკლესია 23 ოქტომბერსაც იხსენიებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ათოთხმეტ ათასთა ჩვილთა მოწამეთა - ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა (I)
ათოთხმეტ ათასთა ჩვილთა მოწამეთა - ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა (I)
წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში.
როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი.
ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.
ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე - მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა ნინოსი, სამთავროს მონასტრის იღუმენიასი (ამილახვარი, 1904)
ღირსისა ნინოსი, სამთავროს მონასტრის იღუმენიასი (ამილახვარი, 1904)
თავადის ასული ანნა ამილახვარი (მომავალში მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო) სამთავროში იმ დროს მივიდა, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი დახურული იყო. სამთავროს მონასტერი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული, ხოლო საეკლესიო ქონება - განიავებული. თითქმის ორმოცწლიანი მმართველობის განმავლობაში ნინო ამილახვარმა შეძლო სამთავრო ექცია საქართველოს დედა-მონასტრად, მისი წინამძღვრობის პერიოდი კი, მონასტრის ისტორიაში ”ოქროს ხანად” შერაცხულიყო.
ნინო ამილახვრის ცხოვრება ადრეულ წლებშივე მჭიდროდ დაუკავშირდა მონასტერს. იგი დაიბადა 1815 წლის 26 იანვარს ქალაქ გორის სოფელ საამილახვრო ჭალაში. ადრე დაობლებულის აღზრდა მამიდამ, მცხეთის წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა ითავა. დედა ნინომ პატარა ანას მონასტერში საღმრთო წერილი შეასწავლა, მონასტრულად გაზარდა. ანა ამილახვარი მამიდის გარდაცვალების (1839 წლის 11 თებერვალი) შემდეგაც არ განშორებია მონასტერს; იგი აგრძელებდა მონოზვნებისთვის წმინდა წერილისა და ხელსაქმის შესწავლას და როგორც ერთ–ერთი საისტორიო წყარო მოგვითხრობს, "მონოზვნებმაც ძალიან შეიყვარეს იგი, რადგან ანა ამილახვარი იყო მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ჭირში და ლხინში, მაგალითი კეთილმსახურებისა, სიმშვიდისა და გამწვრთნელ–განმანათლებელი მათი გონებისა".
მაღალი ზნეობითა და სათნოებებით გამორჩეული ანა ამლახვარი 40 წლის ასაკში (1855 წლის 19 ივნისს) აღიკვეცა მონოზვნად სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, ნინოს სახელით. როდესაც ეგზარქოსმა იგი ერთ–ერთ დასთან ერთად შტატში აიყვანა, ნინო ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის, ხელფასზე კი თავაზიანი უარი თქვა: ”...ნიადაგ თითქმის შეპყრობილ უძლურებითა, არ ძალმიძს აღსრულება მონასტრულის სამსახურისა თანასწორ სხვათა დათა თანა. ამა მიზეზით სინდისი არ მაძლევს ნებას განცხადებად თანხმობისა მიღებასა ზედა მასსა”.
იღუმენია ნინო სამთავროს მონასტრის რიგით მეოთხე წინამძღვარი (დადგინდა 1863 წლიდან) და მესამე იღუმენია იყო. ისევე როგორც მისი წინამორბედნი, იღუმენია ნინოც დიდად ზრუნავდა მონასტრის აღდგენა–გამშვენებისთვის. მის მიერ განახლდა ”მაყვლოვანში” წმიდა ნინოს მინიატურული ეკლესია, აიგო წმინდა ნინოს გუმბათიანი ტაძარი, აშენდა კარიბჭე. გაპარტახებული მონასტრის აღსადგენად ვის აღარ უხმობდა წინამძღვარი. ერთ-ერთი მინისტრისადმი მიწერილ წერილში, იგი ბრძნულად მოუწოდებს მთავრობას კულტურული სიწმინდეების გადასარჩენად: ”მონასტერი არის არა მარტო ქართველ მონოზონთა თავშესაფარი-სავანე, არამედ ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი ქართველი ერის ქრისტიანიზაციისა და ამიტომ მისი სათანადო მოვლა და დაცვა უნდა შეადგენდეს არა მხოლოდ წმიდა სარწმუნოებრივ საქმეს. ქართველი ერის წარსულის დიდებული სახელით კიდევ მოგმართავთ, დაიცავით ეს ისტორიული ღვაწლშემოსილი შესანიშნავი არქეოლოგიური ნაშთი. ნუ დაუშვებთ, რომ ადგილი, სადაც 1600 წლის წინათ ქართველთ განმანათლებელმა წმიდა ნინომ პირველად დადვა კერა მაყვლის ბუჩქნარში, რომლიდანაც შემდეგ მოეფინა ქრისტიანობის ნათელი უკუნეთში მყოფ საქართველოს, გადაიქცეს ძღარბთა და ქვემძრომთა საყოფელად”.
იღუმენია ნინო ამილახვრის წინამძღვრობის პერიოდში მონასტერში განსაკუთრებით მოწესრიგებული იყო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა. სამონასტრო წესრიგის დამყარებისა და სამთავროში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობაზე ზრუნვისათვის უწმიდესმა სინოდმა ნინო ამილახვარი ოქროსჯვრიანი ბეჭდით დააჯილდოვა; 1865 წელს კი იღუმენიას ხარისხი ებოძა. ორი ჯვრის მატარებელი იღუმენია ნინო ამილახვარი თავისი დროის ტიტულოვანი დედაა დაჯილდოვებული ძვირფასი თვლებით შემკული კაბინეტის ჯვრით; 1883 წელს კი, ომში დაჭრილებისადმი გაწეული მზრუნველობისათვის - წითელი ჯვრით. იღუმენია ნინო ამილახვარი საქართველოს დიდი და სახელოვანი დედების საქმის ღირსეული გამგრძელებელია.
იღუმენია ნინოს ღვაწლი მხოლოდ სამთავროს დედათა მონასტერზე ზრუნვით არ ამოიწურება. მონასტრის წინამძღვარმა სამაგალითოდ შეუთავსა ერთმანეთს მკაცრი მონოზვნური ყოფა და საზოგადოებრივი საქმიანობა ეკლესიისა და მამულის სასიკეთოდ; ამის ნათელი დასტურია მის მიერ დაარსებული სასწავლებელი. იღუმენია ნინოს მეცადინეობითა და რუსეთის უწმიდესი სინოდის ბრძანებით, 1866 წლის 20 იანვარს სამთავროს დედათა მონასტერში სასულიერო წოდების გოგონათა სასწავლებელი გაიხსნა. მოგვიანებით, მცხეთიდან დედათა სასწავლებელი გადაიტანეს, წინამძღვარმა კი მის ნაცვლად მონასტერში დედათა სკოლა დაარსა.
სასწავლებელმა სამაგალითო წესრიგით იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ”ბევრ ქართველ ქალს მიეცა ამ მონასტრის ქალთა სასწავლებელში ნამდვილი ქრისტიანული აღზრდა, დარბაისლური მიმართულება, რიგიანი განათლება, ცოდნა მშვენიერი ხელსაქმისა და მოუმზადა ჩვენს ქვეყანას შეგნებულნი მშობელნი, ჭეშმარიტნი დედანი”, - ბრძანებს იაკობ გოგებაშვილი სამთავროს სკოლის შესახებ. სასწავლებელში საქართველოს მომავალი დედები ეუფლებოდნენ: საღვთო სჯულს, ეკლესიის ისტორიას, საქართველოსა (ვრცლად) და რუსეთის (მოკლედ) ისტორიასა და გეოგრაფიას, ქართულ და სლავურ საეკლესიო გალობას, ხელსაქმეს, - ყველაფერს, რაც მათ ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდათ.
სამთავროს დედათა მონასტრის სახელოვანი წინამძღვარი დაკრძალულია სამთავროს ”მაყვლოვანში”.
ღირსისა მარკელესი, მღვიძარეთა სავანის წინამძღვრისა (485)
ღირსისა მარკელესი, მღვიძარეთა სავანის წინამძღვრისა (485)
ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეფესოში კარგი განათლება მიიღო. მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ნეტარმა გლახაკებს დაურიგა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო ეფესოში მოღვაწე გამოცდილი ბერის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ბიზანტიაში გაემგზავრა, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარ ღირს ალექსანდრესთან. იღუმენმა ბერად აღკვეცა ნეტარი. მარკელეს თავდადებული მოღვაწეობა სათნოეყო უფალს და სხვადასხვა სულიერი ნიჭებით, მათ შორის, განჭვრეტის მადლით დააჯილდოვა წმიდანი. ღირს მამას წინასწარ განეცხადა ამბა ალექსანდრეს აღსასრულის ჟამი და ისიც ეუწყა, რომ თავად გახდებოდა იღუმენი. ნეტარი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, ძმათა წინამძღვობისათვის თავი უღირსად ჩათვალა და დროებით დატოვა სავანე. იგი სხვადასხვა მონასტრებში მიმოდიოდა და ბერებისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.
წმიდა ალექსანდრეს მიცვალების შემდეგ იღუმენად ამბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაუბრუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახარა. ახალმა წინამძღვარმა წმიდა მამა უახლოეს თანაშემწედ გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. უფლის რჩეული სამოცი წელი განაგებდა სავანეს. შორეული ადგილებიდან მოეშურებოდნენ მასთან სულიერი რჩევების მისაღებად. წმიდანის ირგვლივ მყოფნი ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ მას. ღირს მარკელეს უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანი ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით. გადმოგვცემენ, რომ მან მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა. ასე მაგალითად, მარკელეს მიერ ანკარაში გაგზავნილი ერთ-ერთი ბერი მოულოდნელად მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა გონებით მოძღვარს მოუხმო შემწედ. ამ უკანასკნელმაც სულით გაიგო ბერის გოდება, ლოცვად დადგა და სნეული განკურნა. ნეტარის ლოცვამ აბობოქრებული ზღვა დააცხრო. ერთხელ უფლის რჩეულს აცნობეს, რომ კონსტანტინოპოლში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. მან კვლავ ცრემლებით ჰხადა უფალს და ქალაქს მოდებული ცეცხლი იმავ წამს ჩაქრა.
ნეტარი იღუმენი საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა და მონასტრის მარაგიდან უშურველად შეეწეოდა გლახაკებს. ერთხელ, საშინელი შიმშილობის ჟამს, შეშფოთებულმა მეკუჭნავემ მას აცნობა, რომ სულ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ხორბლის მარაგი იყო დარჩენილი. წმიდანმა დაამშვიდა ბერი, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, ძმებსაც ყოველდღიურად აძლევდნენ კუთვნილ ულუფას და მშივრებსაც აპურებდნენ. ბოლოს, როცა სათავსოები სრულიად დაცარიელდა, მეკუჭნავემ კვლავ მიაკითხა ნეტარ მარკელეს, ისინი ერთად წავიდნენ ბეღლისკენ და აღმოაჩინეს, რომ იგი კვლავ პირთამდე გავსებულიყო. ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობის დამთავრებამდე სავანეში პური არ გამოლეულა.
წმიდა მარკელე 485 წელს მიიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა თადეოზ აღმსარებელისა (818)
ღირსისა თადეოზ აღმსარებელისა (818)
ღირსი თადეოზ აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელის მოწაფე, ლეონ V-ის (813-820) მეფობაში ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ხატმბრძოლთა ზეობის ჟამს იგი სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.