გულანი
საცდელი · 1.37.0
15 დეკემბერი 1 / 8ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე…

15 დეკემბერი

თვენი

მღვდელმოწამე ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარქოსის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); ჟამნი („საღვთისმსახურო წიგნები“); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · მხოლოდ ტროპარ-კონდაკი და ცხოვრება · დღის განგება სრულად ჯერ არ არის დამატებული · დაახლ. 5 წთ

ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე…

კონდაკი

ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე ყოველთა მოღვაწეთა თანა ქებულ ხარ, გევედრებით შენ მღდელმოწამეო ელევთერი, ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი, მრავალფერთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ და ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს…

ტროპარი, ხმა 4

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელმთავარო ელევთერ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ვითარცა უხორცოთა თანამდგომსა, და ყოველთა ღირსთა თანასწორსა…

ტროპარი ღირსისა, ხმა იგივე

ვითარცა უხორცოთა თანამდგომსა, და ყოველთა ღირსთა თანასწორსა, ყოვლადქებულო პავლე, გაქებთ შენ, და გევედრებით: ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, რათა ვპოვოთ შენ მიერ დიდი წყალობაი.

სიყრმითგან ბრძენო, იღვწიდი ძლიერად სურვილითა ქრისტესითა, და…

კონდაკი, ხმა 8

სიყრმითგან ბრძენო, იღვწიდი ძლიერად სურვილითა ქრისტესითა, და სოფლისა შფოთთაგან სრულიად განეშორე, და იქმენ საღმრთოთა მოქალაქობითა სამებისა სადგურ, და განანათლებ სარწმუნოებით შენდა მომავალთა ყოველთა, ვინაიცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, პავლე, ყოვლად დიდებულო.

მღვდელმოწამისა ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარხოსისა (II)

მღვდელმოწამისა ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარხოსისა (II)

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივი ეპარხოსი. ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.

როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. ღვთის ძალით დაცული ელეფთერმა გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და ილოცა თავისი ჯალათების მოქცევისათვის.

როცა ადრიანემ იხილა, რომ ელეფთერს წამებით ვერაფერს ვნებდა, ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ იგი, მაგრამ ამჯერადაც ვერ ეწია საწადელს: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ჯალათების ხელიდან დაიხსნა წმიდა მოწამე და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა. ამის შემდეგ ნეტარი ელეფთერი მხეცებს შორის ცხოვრობდა. როცა ეს ადრიანემ შეიტყო, მხედრები გაგზავნა უფლის რჩეულის შესაპყრობად. წმიდა ელეფთერი თავად ჩაბარდა მეომრებს.

უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარხოსმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა პავლე ლატრელისა (955)

ღირსისა პავლე ლატრელისა (955)

ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამისა ელევთერისა (305-311)

მოწამისა ელევთერისა (305-311)

წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას (მოწამის ხსენებას ეკლესია 4 აგვისტოსაც აღნიშნავს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა პარდოს განდეგილისა (VI)

ღირსისა პარდოს განდეგილისა (VI)

ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.