სახლი შენი სულიერი, წმიდაო, სამკურნალოდ უპოვნიეს ერსა…
კონდაკი
სახლი შენი სულიერი, წმიდაო, სამკურნალოდ უპოვნიეს ერსა, მოსწრაფედ მისსა მიმართ მილტოლვილთა და კურნებაი მთხოველთა მიენიჭების, და ხსნაი შეცოდებულთა ცხორებასა შინა, რამეთუ შენ ყოველთა ურვათა შინა მყოფთა შესავედრებელად გამოსჩნდი, პატაპი ღირსო.
ღირსისა პატაპისა (VIII)
ღირსისა პატაპისა (VIII)
ღირსი პატაპი დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად ქალაქის გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I)
მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I)
წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა (ლკ. 10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და ცნობები მათ შესახებ ამ დღის საკითხავებშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს.
წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად მოწამეობრივად დაასრულა (მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამეთა 62-თა ხუცესთა და 300-თა ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477)
მოწამეთა 62-თა ხუცესთა და 300-თა ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477)
წმიდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის (475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როცა მორწმუნეები ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე სამასი ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სამოცდაორი ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ, ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამისა ანთისა რომაელისა (V)
მოწამისა ანთისა რომაელისა (V)
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა. ამისათვის იგი აწამეს, და ბოლოს, ცეცხლში დაწვეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.