გულანი
საცდელი · 1.11.1
27 ნოემბერი 1 / 5ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა…

27 ნოემბერი

თვენი

დიდმოწამე იაკობ სტარსელის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 3 წთ

ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა…

ტროპარი

ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა ყოველნი განაცვიფრენ, მრავალმოღუაწეო, და თითოეულთა ასოთა და ნაწევართა მოკვეთითა სამადლობელნი ვედრებანი უსაკვირველესად აღმოსთქუენ უფლისა მიმართ, ვინაიცა ღუაწლთა შინა შენთა გვირგვინი მოიღე და აღხედ ზეცათა შინა წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისათა, იაკობ, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.

ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო, სულითა და საშინელისა…

კონდაკი

ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო, სულითა და საშინელისა სამსჯავროსა მოშიშმან სპარსთა ბრძანებაი და შიში განერწყვე, იაკობ, და გამოსჩნდი მოწამედ საკვირველად, ვითარცა ვაზი, ხორცითა დაჭრილი.

დიდმოწამისა იაკობ სპარსისა (421)

დიდმოწამისა იაკობ სპარსისა (421)

წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. ამჯერად მეფის ვერანაირმა მუქარამ და შეგონებამ ვერ გადადრიკა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. იაკობს თითო-თითოდ მოჰკვეთეს ჯერ ხელისა და ფეხის თითები, შემდეგ კი ხელ-ფეხი. წმიდანი დაუდუმებლად ლოცულობდა და მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ჩადენილი ცოდვის ტანჯვით გამოსყიდვის საშუალება მიეცა. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა პალადისა (VI-VII)

ღირსისა პალადისა (VI-VII)

ღირსი პალადი თესალონიკში დაიბადა. იგი ალექსანდრიაში მოსაგრეობდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე და ღვთივსათნო ღვაწლით გაბრწყინებული მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებუ-ლობაში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა რომანოზისა (V)

ღირსისა რომანოზისა (V)

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.