ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა…
ტროპარი
ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ…
კონდაკი
მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა, ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.
მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა…
ტროპარი
მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა…
კონდაკი
მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკურის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.
სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი…
ტროპარი
სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა სახსენებელსა შენსა.
დიდმოწამისა მერკურისა (III)
დიდმოწამისა მერკურისა (III)
დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმიდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმიდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.
წმიდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმიდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 1 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
დიდმოწამისა ეკატერინესი (305-313)
დიდმოწამისა ეკატერინესი (305-313)
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.
ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა: „მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.
ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე (305-313) ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს.
იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.
მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა მასტრიდიასი
ღირსისა მასტრიდიასი
ღირსი მასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმიდა ცხოვრებას გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა, შინ გამოკეტილიყო - ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიეთ აცთუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმიდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცთუნებისაგან საკუთარი თავი და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმიდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გალია.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.