გულანი
საცდელი · 1.11.2
3 ნოემბერი 1 / 6საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ…

3 ნოემბერი

თვენი

მოწამეთა აკეფსიმა ეპისკოპოსის, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ…

კონდაკი

საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ შემწყნარებელ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ ქრისტეს სასუმელი დიდებულად სუ, წმიდაო აკეფსიმა, თანა ვნებულთა შენთა თანა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსისა ნიკოლოზ ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308)

ღირსისა ნიკოლოზ ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308)

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული.

წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

ანტონ კათალიკოსი (1720-1788 წწ.) წერს, რომ ნიკოლოზი იყო „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიათ“ და ასახელებს მის ერთ თხზულებას: „ამან უზომოდ წჳმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგამოთქმით“. ეს აკოლოთია გვხვდება ქართულ კურთხევანში.

წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1308 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი (1809-1875) წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

წმიდა მამა 1308 წელს აღესრულა მშვიდობით.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონისა (IV)

მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონისა (IV)

წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.

არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმიდა მარტვილის ნახვა ისურვა. ქანცგამწყდარნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამე მხედართა: ატიკესი, აღაპისა, ევდოქსისა, კატერიოსისა, ისტუკარისა, პაქტოვისა, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა…

მოწამე მხედართა: ატიკესი, აღაპისა, ევდოქსისა, კატერიოსისა, ისტუკარისა, პაქტოვისა, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა (დაახლ. 320)

წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის უღმერთოებმა ისინი 320 წელს, ლიკინიუსის ზეობისას (307-324) ცეცხლში გამოწვეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა აკეფსიმესი (IV)

ღირსისა აკეფსიმესი (IV)

ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა სნანდულიასი (IV)

ღირსისა სნანდულიასი (IV)

ღირსი სნანდულია, კეთილმსახური სპარსელი ქრისტიანი ქალი, თავის სიმდიდრეს უხვად გასცემდა საპორ II-ის დროს სპარსეთის ციხეებში პყრობილ ქრისტიანთა დასახმარებლად. გარდაიცვალა დაახლოებით 350 ან 380 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.