გულანი
საცდელი · 1.11.2
22 ოქტომბერი 1 / 6რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა…

22 ოქტომბერი

თვენი

7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინეს · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 11 წთ

რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა…

კონდაკი

რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა შენისა, მაცხოვარ, და უცხოდ დიდებულითა აღდგინებითა ყრმათა უჩვენე აღდგომა შენი, უმეცართა მისთა უხრწნელად, რა აჩვენენ სამოსელნი და სხეულნი მათნი და მეფესა არწმუნენ ღაღადებად: ვითარმედ ნამდვილვე არს მკუდართა აღდგომა, დიდებაი შენდა.

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე…

ტროპარი

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელ ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (167)

მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელ ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (167)

წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმიდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.

ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბერკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.

გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და…

შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და ექსაკუსტოდიანესი (250, 446)

წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქე, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე ცხოვრობდნენ ქალაქ ეფესოში. დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანების დევნისას მათ ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რომ ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. გამოქვაბულის შესასვლელი იმპერატორმა ქვებით ამოაქოლვინა, უფლის რჩეულებს კი მიეძინათ. ასსამოცდაათზე მეტი წლის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი მცირის (408-450) ზეობისას, ღვთის განგებით, მღვიმე გაიხსნა და საკვირველი სასწაული აღესრულა: იმ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ, ეფესელმა ყრმებმა გამოიღვიძეს (მათი ცხოვრება ვრცლად 4 აგვისტოს საკითხავშია მოთავსებული). ერთი ცნობით, წმიდანებმა პირველად 4 აგვისტოს მიიძინეს და 22 ოქტომბერს გამოიღვიძეს, სხვა გადმოცემით, 22 აგვისტო მათი მეორედ მიძინების დღეა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და…

მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III)

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელიზავეტამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა

დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა

რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ კეთილმა თესლმა მაშინვე როდი გამოიღო ნაყოფი. ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი შრომა და ლოცვა დასჭირდა იმას, რომ ყაზანის პირველ განმანათლებლებს ქვეყანა ურწმუნოებისგან განეწმინდათ და ღვთაებრივი ნაყოფი მოეწიათ. სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.

1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, ქალაქის კრემლის მიმდებარე ნაწილი და შემოგარენი ადგილები მოიცვა, კრემლს მოედო და მისი ნახევარი ფერფლად აქცია. ამ ხანძარში ქრისტიანებზე მოწევნული ღვთის რისხვა დაინახეს და „ქრისტეს რწმენა - ამბობს მემატიანე - წყევლისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა“. ქრისტიანებმა შეინანეს და სანაცვლოდ მათ უფალმა თავისი კაცთმოყვარება აჩვენა. ქვების გროვაზე, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად დაიწყო ხანძარი, იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა, - ხატი აქ არის მიმალულიო. გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას - „მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემსკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა: „თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები“. დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს. მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერი შალის ზედა სამოსის სახელოებში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახანს დაუწერიათო. ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა ახლადნაპოვნ ხატს, ყველა ლოცულობდა და ისწრაფოდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ამ საოცრების შესახებ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის ხელმძღვანელობას აცნობეს, მთავარეპისკოპოსმა გამოჩინებული ხატის მიმართულებით ლიტანია აღასრულა და ის დიდი პატივით გადააბრძანა შორიახლოს მდებარე წმიდა ნიკოლოზ ტულელის ეკლესიაში, რომელშიც იმჟამად მომავალი პატრიარქი, მღვდელი გერმოგენი მსახურობდა. აქ ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს, რის შემდეგაც ის საზეიმოდ წააბრძანეს ხარების ტაძარში, მან გზაშივე მოიმოქმედა პირველი სასწაული, განკურნა ვინმე ისები, რომელიც სამი წლის მანძილზე მხედველობას იყო მოკლებული, ხოლო ტაძარში მეორე ბრმამ, ნიკიტამ მიიღო კურნება. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულხერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიგიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმიდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ. მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი, ამ სიწმიდის მიერ მოქცეული მატრონა მონაზვნად აღკვეცა, ხოლო შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა. მალე კიდევ ერთი ეკლესია აშენდა, რომლის ტრაპეზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა, ხოლო მონასტრის მფლობელობაში ასი სული გლეხი გადავიდა. 1954 წელს მეფე თეოდორე იოანეს ძის ბრძანებით აღიმართა ღვთისმშობლის მიძინების დიდი ქვის ეკლესია, რომელიც 1595 წელს მიტროპოლიტმა გერმოგენმა აკურთხა. ამ დროისათავის მონაზონთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. მონასტერი მდიდრული ხატებით, შესამოსლებით და სხვა ნივთებით მოირთო, ხოლო სასწაულთმოქმედი ხატი - ოქროს პერანგით, სამეფო საგანძურის ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით; იმპერატრიცა ეკატერინემ, რომელიც ყაზანის დედათა მონასტერში დაესწრო ლიტურგიას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი და აღსავლის კარის მაცხოვრის ხატები ბრილიანტის გვირგვინებით შეამკო.

ორასი წლის შემდეგ გერმოგენის დროს აგებული ტაძარი უკიდურესად დაძველდა, ამიტომ იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ახალი ტაძრის გეგმა შეადგინა და საამისოდ 25000 რუბლი გაიღო. ძველი ტაძარი აგებიდან ზუსტად 201 წლის შემდეგ საფუძვლამდე დაარღვიეს და 1798 წლის 30 მაისს იმპერატორ პავლე პეტრეს ძის და დიდი მთავრების ალექსანდრე და კონსტანტინე პავლეს ძეთა თანასწრებით ახალ ეკლესიას ჩაუყარეს საფუძველი, ის დასრულდა და იკურთხა 1808 წლის 30 მაისს.

ყაზანის ხატის გამოჩინების დღესასწაული 8 ივლისს (ძვ. სტ.) - მასთან მიგებების დღეს და ასევე 22 ოქტომბერს (ძვ. სტ.) - მოსკოვის პოლონელთაგან განთავისუფლების დღეს აღესრულება.

გაზეთი „კანდელი“, №28 (112), 2004 წ.