ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი…
კონდაკი
ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი მოციქულთა მიერ პირველ გამორჩეული ფილიპე დღეს სოფელსა კურნებასა მდიდრად მიმადლებს და იხსნის განსაცდელთაგან მაქებელთა თვისთა, ვინაიცა ერთხმით უღაღადებთ: გვაცხოვნენ ყოველნი მეოხებითა შენითა, მოციქულო.
მოციქულისა ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I)
მოციქულისა ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I)
წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც „ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“ (საქმე; 8,13).
უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი - ერმიონია (იხილეთ 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა თეოფანესი, ნიკეელ ეპისკოპოსისა და აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (850)
ღირსისა თეოფანესი, ნიკეელ ეპისკოპოსისა და აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (850)
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის (ხს. 27 დეკემბერს) უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.
ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამეთა ზინაიდასი და დისა მისისა ფილონილასი (I)
მოწამეთა ზინაიდასი და დისა მისისა ფილონილასი (I)
წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.