საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს…
ტროპარი
საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო გრიგოლი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებულსა მღუდელ-მთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს…
კონდაკი
დიდებულსა მღუდელ-მთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ, აწ მწყემსსა და მოძღვარსა, გრიგორის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების ცხოვრებად ჩუენდა.
მღვდელმოწამისა გრიგოლ ეპისკოპოსისა, დიდი სომხეთის განმანათლებელისა (335)
მღვდელმოწამისა გრიგოლ ეპისკოპოსისა, დიდი სომხეთის განმანათლებელისა (335):
მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.
გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგრლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა“, რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.
ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმლებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა“, თრდატის დას, კუსაროდუხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ“.
სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.
გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა“ უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად“. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992)
მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992)
წმიდა მიხეილი - კიევის პირველი მიტროპოლიტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ ქრიზოვერგმა გაგზავნა რუსეთში საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად. ერთი ცნობით, იგი მღვდელმსახურთა დასთან ერთად მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) საცოლეს, მეფისწულ ანას ჩაჰყვა საბერძნეთიდან 988 წელს. სხვა ცნობით კი ვლადიმირის ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ, 989 წელს ჩავიდა თავრიდის ხერსონესის (თანამედროვე ყირიმის) დედაქალაქ კორსუნში (ხერსონში), კიევში გაემგზავრა წმიდა მთავართან ერთად, მონათლა მისი თორმეტი ძე და კიევის მთელი მოსახლეობა.
აქედან მოყოლებული სიკვდილის დღემდე წმიდა მღვდელმთავარი მოციქულებრივი შურით იღვწოდა რუსეთის ახალნერგი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმიდა მიხეილმა 992 წელს შეჰვედრა სული უფალს და პატივით დაკრძალეს კიევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დაახლოებით 1103 წელს.
იღუმენ თეოქტისტეს დროს მისი უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებში გადააბრძანეს, 1730 წლის 1 ოქტომბერს კი - პეჩორის მიძინების ტაძარში (სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით იხსენიებაიგი 30 სექტემბერს).
ცნობები ღირსი მამის შესახებ 15 ივნისის, მისი მიცვალების დღის საკითხავშიცაა მოთავსებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა მელეტი ალექსანდრიელ პატრიარქისა (1601)
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა მელეტი ალექსანდრიელ პატრიარქისა (1601)
წმინდა მელეტი (პიგასი) დაიბადა 1549 წელს კრეტაზე, კანდაკში. ყრმობიდანვე სწავლისადმი დიდი უნარი გამოიჩინა. მელეტი ვლასტოსთან განსწავლის შემდგომ მშობლებმა ჯერ ვენეციაში გააგზავნეს, შემდეგ კი პანდუანის უნივერსიტეტში. იქ ღვთისმეტყველების პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, რადგან ფლორენციის კრების დადგენი¬ლების მიღება არ უნდოდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა მონაზვნური ცხოვრებისათვის ანგარაფის მონასტერი აირჩია. ის გულმოდგინე მოშურნედ ასრულებდა ყველა დავალებას. მალე თანამემამულეთა თხოვნით მელეტიმ კანდაკის ბერძნული სკოლის ხელმძღვანელობა თავს იდო. ის თავისი მხურვალე ქადაგებებით მოწაფეებს და იქაურებს მართლმადიდებლობის ერთგულებას უნერგავდა, რომ ლათინი დამპყრობლებით დაშინებულებს არ ეღალატათ რწმენისთვის.
როცა ანგარაფის მონასტრის იღუმენი ალექსანდრიის პატრიარქად აკურთხეს, მის ნაცვლად წინამძღვრად წმინდა მელეტი აირჩიეს (1569 წ.). მისი მართლმადიდებლობის დაცვის მზრუნველობა კათოლიკე სასულიერო პირებს შეშურდათ და მოახერხეს წმინდანის ჩამოშორება.
მელეტიმ კრეტა დატოვა და ერთხანს სინას მონასტერში მშვიდად მოსაგრეობდა. როცა იერუსალიმის ახალი პატრიარქი აირჩიეს, წმინდა ქალაქში პატრიარქი სილვესტერიც (სილიბისტრო) ჩამოვიდა. მან დაარწმუნა მელეტი ალექსანდრიის ეკლესიის მართვაში დახმარებოდა პროტოსინკელის და ეპიტროპის ხარისხით. მაშინ უმძიმესი მდ-გომარეობა იყო, თურქებისგან ეკლესიის შევიწროებამ, მის წიაღში უღირსი მღვდლების გამრავლებამ, ხალხს იმედი გაუცრუა და სულიერად დასცა. მიუხედავად ამისა, წმინდა მელეტი უმეტესად ქადაგებებით ცდილობდა მრევლში რწმენისა და ქრისტიანული მორალის პრინციპების განმტკიცებას, ასევე სცადა მართლმადიდებლურ რწმენაზე კოპტების მოქცევა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მელეტიმ ააღორძინა მონაზვნური ცხოვრება ალექსანდრიაში, წმინდა საბას სავანე სამაგალითოდ აქცია და იქ სასულიერო სკოლა დააარსა. ის ამ დროს შეეჯახა ლათინურ პროზელიტიზმს, რომლებიც სკოლებს და საქველმოქმედო საზოგადოებებს ქმნიდნენ და ბევრი გაჭირვებული მართლმადიდებელი მიიმხრეს. მაშინ წმინდა მელეტიმ ტრაქტატი დაწერა კათოლიკეთა დოგმატურ ცდომილებებზე, ისეთი როგარიცაა "ფილოკვეა" (ანუ სულიწმიდის ძისაგანაც გამოსვლის დოგმატი), პაის პრიმატი და გრიგორიანული კალენდრის თავს მოხვევის მცდელობა. ის უფრო მეტად პროტესტანტებთან (რეფორმატორებთან) მეგობრობდა, თუმცა არაფერს უთმობდა სარწმუნოებრივი მოძღვრების საკითხებში.
1582 წელს წმინდა მელეტი ქაიროში გაემგზავრა, სადაც წარმატებით იღვაწა საეკლესიო ცხოვრების ასაღორძინებლად. ორი წლის შემდეგ ის რუსეთში მიიწვიეს ფლორენციის კრების დადგენილებების გადასათარგმნად. გზად კონსტანტინოპოლში შეჩერდა, რადგან სთხოვეს, ქრისტიანები ქადაგებებით გაეძლიერებინა. მელეტი ოთხი წელი (1584- 1587) ეკლესიის აღშენებისთვის იღვწოდა და მოწმე შეიქნა, როგორ წაართვეს მართლმადიდებლებს ყოვლადნეტარი (პამმაკარისტოს) ღვთისმშობლის საპატრიარქო ტაძარი. მიუხედავად უზარმაზარი სიძნელეებისა, მან შეძლო წინაღდგომოდა იეზუიტების პროზელიტიზმს და გადასახლებიდან დაებრუნებინა პატრიარქი იერემია.
რუსეთშიც ვეღარ წავიდა, რადგანაც როდოსში გამოიძახა ავადმყოფმა პატრიარქმა, რომელმაც შესთავაზა, მის ნაცვლად დაეკავებინა მოციქულ მარკოზის საყდარი. მელეტი სიმდაბლის გამო უარს ამბობდა, და ბოლოს დათანხმდა, რომ ეევიპტეში ეგზარქოსად დაბრუნებულიყო პატრიარქის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვილი. სილიბისტროს გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად მელეტის წინააღმდეგობისა, ის 1590 წლის 5 აგვისტოს ალექსანდრიის პატრიარქად აირჩიეს. მთელი ერი მიესალმა კეთილ მწყემსს, რომელიც მზად იყო, ცხოვართათვის თავი გაეწირა. ახალარჩეულმა პატრიარქმა უპირველეს მიზნად დაისახა ეკლესია ურიების და თურქების ვალისგან გაეთავისუფლებინა. შეძლო და სულთანს დადგენილება მიაღებინა, რომლის ძალითაც აღარ აპატიმრებდნენ საეკლესიო ქონებისთვის. წმინდა მელეტი მხოლოდ ალექსანდრიის ეკლესიისთვის კი არ იღვწოდა, გულმოდგინედ ზრუნავდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. 1593 წელს კვლავ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა დასწრებოდა კრებას, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს შექმნა დაამტკიცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კანონიკური წესრიგის აღდგენისათვის. იქიდან გაემგზავრა ქიოსზე, სადაც ბრწყინვალედ დაიცვა მართლმადიდებლობა. ალექსანდრიაში ახალი დაბრუნებული იყო, რომ კვლავ მოუწია კონსტანტინოპოლში წასვლა, რადგან გამოიძახეს ზოგიერთი კანონიკური და სამღვდელო საკითხების გადასაწყვეტად. ის ფიქრობდა კიდეც რუსეთსა და პოლონეთში ემოგზაურა და შეწინააღმდეგებოდა იეზუიტებს და უნიას. მაგრამ პატრიარქის მოვალეობის გამო ეს ვერ შეძლო და იმ ქვეყნებში თავისი ნათესავი კირილე ლუკარისი (ის გახლდათ მელეტის მემკვიდრე ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე და შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1572-1638)), ამ სახელმწიფოების მეთაურებთან წერილი გაატანა, და მოუწოდა სკოლები და სტამბა დაეარსებინათ, რომ წინ აღდგომოდნენ ლათინების პროზელიტიზმს.
წმინდა ბასილის და სხვა წმინდა აღმსარებლების გარდა, პატრიარქი მელეტი ყველა ეკლესიაზე ზრუნავდა. თავისი საქმიანობით ხალხის იმხელა პატივისცემა დაიმსახურა, რომ პატრიარქ იერემიას სიკვდილის შემდეგ კონსტანტინოპოლის საყდარზე ერთადერთ კანდიდატად აღიარეს (1596), მელეტიმ უარი თქვა, ქრისტიანულმა ეგვიპტემ განაცხადა, რომ პატრიარქს არ გაუშვებდნენ.
რადგანაც ახლად არჩეული პატრიარქი გაბრიელი მალე გარდაიცვალა, ორ თვეში გარდაიცვალა ათენის მიტროპოლიტი თეოფანეც, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მერე პატრიარქიც გახდა, წმინდა მელეტი დათანხმდა კონსტანტინოპოლის ეკლესია ემართა, როგორც მოსაყდრეს, ვიდრე ახალ პატრიარქს აირჩევდნენ. 1597-98 წლებში ასრულებდა ამ მოვალეობას. ამ პერიოდში მან შეძლო კონსტანტინოპოლის ეკლესიის მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლა გამოუცხადა "სვიმონიას" სასულიერო პირთა შორის და აღადგინა ქრისტიანული ზნეობა, ამასთან, ის მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძოდა. საქმეს რომ მორჩა, ალექსანდრიაში დაბრუნებას აპირებდა. გზად ქიოსში შეიარა და უკანასკნელი ბრძოლა გაუმართა ლათინებს. სნეული და შრომით დაღლილი პატრიარქი 52 წლისა გარდაიცვალა 1601 წლის 13 ოქტომბერს. ალექსანდრიის ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა 2002 წელს, წმინდა იოაკიმესა (17 სექტემბერი) და წმინდა გერასიმესთან (15 იანვარი) ერთად.